"ბატონო ბიძინა, ნუ გახდებით ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულის თანამონაწილე!" - კვირის პალიტრა

"ბატონო ბიძინა, ნუ გახდებით ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულის თანამონაწილე!"

"დრო მიდის და ფაქტობრივად, ჩვენი ქონების გასხვისება ხდება"

"კავკასუს ონლაინის" ახლანდელ მფლობელს გამოძიების გაჩერება ხელს აძლევს, ის დროს არ კარგავს და კომპანიას დღითი დღე აკოტრებს"

"ბატონო ბიძინა, ნუ გახდებით ყოფილი ჩინოვნიკების დანაშაულის თანამონაწილე!" - მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს "კავკასუს ონლაინის"  დამფუძნებელი მამია სანადირაძე. როგორც ამბობს, წართმეული ბიზნესის მისთვის დაბრუნება ვერ ხერხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გამოძიება პოლიტიკური მოტივით შეჩერებულია. "კვირის პალიტრა" "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელს, მამია სანადირაძეს ესაუბრა:

- მთელი სახელმწიფო სისტემა მებრძოდა, ერთი მხრივ, "სილქნეტი" და "ელექტროკავშირი" ცდილობდნენ "კავკასუს ონლაინის" ჩაძირვას, რომელთა უკან "ზარალა" (იგივე გიორგი რამიშვილი) იდგა. მეორე მხრივ, ყოფილი ხელისუფლება მაიძულებდა, კომპანიაში წილი დამეთმო. "ზარალას" "ელექტროკავშირზე" დამოკიდებული ვიყავით, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა მიწისქვეშა კანალიზაცია, ასევე ავტომატური სატელეფონო სადგურები და სპილენძის წყვილები, რომლებიც აბონენტებთან მიდიოდა. ამგვარად, ის ხელოვნურად გვიქმნიდა პრობლემებს. თუმცაღა, ჩვენი მომხმარებლისთვის ბოჭკოვანი ინტერნეტის შეთავაზებით მაინც გადავურჩით განადგურებას.

ამის შემდეგ შსს-ს დაქირავებული კრიმინალები გვიჭრიდნენ კაბელებს, შს სამინისტროს მიყურადებისა და თვალთვალის დეპარტამენტის უფროსი ბორის მიტიჩაშვილი პირადად მესაუბრა და მთხოვა, ჩვენი ტექნიკოსების ნაცვლად, სამინისტროს თანამშრომლები მისულიყვნენ აბონენტებთან "ინტერნეტხარვეზის გამოსასწორებლად" და დაემონტაჟებინათ მოსასმენი ან სათვალთვალო აპარატურა. რასაკვირველია, უარი ვუთხარი და კომპანიაში საგადასახადო სამსახური შემოვიდა და სრულიად აბსურდული ბრალდებით (თითქოს ინტერნეტს საბაზრო ფასზე იაფად ვყიდდი და ამით ბიუჯეტს თანხებს ვაკლებდი) 11 მილიონი ლარის გადახდა დამაკისრა. ამავე დროს გამოჩნდა "ჯიემსი ჯგუფიც", რომელიც პრეზიდენტის ბიზნესებს მართავდა - სხვებისთვის წაგლეჯილ დაახლოებით 700 კომპანიას. მოკლედ, სხვა გზა აღარ დამრჩა და დავთანხმდი 50%-იანი წილის 18 მილიონ დოლარად გასხვისებას, ბე 3 მილიონი გადამიხადეს, დანარჩენი თანხა კი აღარ მომცეს. მოგვიანებით 30%-იანი წილიც დამათმობინეს და 10 მილიონი დოლარი დამიმატეს. მოვკიდე ჩემს ცოლ-შვილს ხელი და ინგლისში გავიქეცი. მთავრობის შეცვლის შემდეგ კი პროკურატურას მივმართე და დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავება მოვითხოვე. ხელთ მქონდა მამხილებელი დოკუმენტაცია, მუქარისა და შანტაჟის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერები. ჩემ მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიება შეჩერდა. სამჯერ შევხვდი მთავარ პროკურორს, რომელმაც სამჯერვე მითხრა, ახლა ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ მალე ამ საქმესაც მივხედავთო.

ქონების დაბრუნების არაერთ საქმეზე დაწყებული გამოძიება რომ გაჩერებულია, პრემიერ-მინისტრმა ასე ახსნა: ბიჭებმა (ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იგულისხმება) ნაძარცვი ფულით დაიქირავეს ლობისტები და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენესო. რა გამოდის? საერთოდ, ყველა დამნაშავე ნაძარცვი ფულიდან ნაწილს ხარჯავს იმისთვის, რომ როგორმე დაუძვრეს კანონს. ბატონი ბიძინა ყოფილი ხელისუფლების ლობისტების ზეგავლენით ძალიან სახიფათო თამაშში ჩაება. დრო მიდის და ფაქტობრივად, ჩვენი ქონების გასხვისება ხდება. სამარცხვინოა, როცა მთავარი პროკურორი საჯაროდ ამბობს, ქონების დაბრუნების საკითხების გადაწყვეტა სახელმწიფო ბიუჯეტს მილიარდობით ლარით დააზარალებს და ამაზეც უნდა ვიფიქროთო. ეს არა მისი, არამედ ეკონომისტებისა და სპეციალისტების საფიქრალია, ვისაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად მართებს გზების გამონახვა. თუკი პრემიერი ერევა გამოძიების შეჩერებასა და სამართლიანობის აღდგენაში, ესე იგი, თავადაც ადგას დანაშაულებრივ გზას, ვინაიდან ბოროტმოქმედებისთვის ხელის დაფარება დანაშაულში თანამონაწილეობად ითვლება.

"კავკასუს ონლაინის" ახლანდელ მფლობელს გამოძიების გაჩერება ხელს აძლევს, ის დროს არ კარგავს და კომპანიას დღითი დღე აკოტრებს. საკრედიტო დავალიანებებს ხელოვნურად ზრდიან, ბანკებიდან აღებულ თანხას კი არადანიშნულებისამებრ იყენებენ, სხვა კომპანიებთან ყალბ ხელშეკრულებებს დებენ, ზოგიერთ შემთხვევაში სხვისდება აქტივები. კომპანიიდან გააქვთ აპარატურაც და რას ველოდო, ვინმემ გამაგებინოს.