”ვიღაც შეგნებულად ცდილობს, სვანეთი დაგვაკარგვინოს” - კვირის პალიტრა

”ვიღაც შეგნებულად ცდილობს, სვანეთი დაგვაკარგვინოს”

ხუდონჰესი - ახირება თუ სარგებლიანი პროექტი?!

”ხუდონჰესის აშენებით საქართველო კიდევ ერთ ტერიტორიას დაკარგავს”

”ხუდონჰესს ჰესების კასკადების გამალებული მშენებლობა მოჰყვება სვანეთში და რეგიონის უდიდეს ნაწილს წყალი დაფარავს. გადარჩენილ სვანეთს ისედაც მკაცრ ზამთარში გაორმაგებული სინესტე მოუღებს ბოლოს და აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. წყალსაცავი უარყოფითად იმოქმედებს ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობაზე. სვანეთი აღარ იარსებებს, ეს მხარე დაცარიელდება...”

”ხაიშში ჰესი არ აშენდება!” - მოსახლეობამ სვანური წესით შეჰფიცა ხატს, რომ ამ იდეას განხორციელება არ ეღირსება. ”ვიღაც-ვიღაცების ენით გვაგონებენ, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას არ დათანხმდებით, ყველას მოგეძებნებათ თითო ისეთი ცოდვა, რომ ამ თამაშიდან გამოგთიშოთო. რა, მოვლენ და შეთხზული ბრალდებით დაგვიჭერენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა? არ გვეშინია. თუ ხუდონი აშენდება სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის თვალსაზრისით გამოუსწორებელ შეცდომას ჩავიდენთ. ხუდონჰესის აშენებით კიდევ ერთ ტერიტორიას დავკარგავთ!” - ჩივიან ხაიშელები.

აკაკი ზუმაძე, ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიკოსი:

საკმარისია, სულ მცირე ინციდენტი ჩრდილოელ მეზობელთან, რომ ხუდონჰესს თათს დაადებს და ისე დავკარგავთ სვანეთის უზარმაზარ ტერიტორიას, როგორც ”ნაციონალების” მიერ ”ზემო აფხაზეთად” მონათლული დალის ხეობა დავკარგეთ. ხაიში მიმდებარე ტერიტორიებით ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში იქცევდა ბიზანტიისა და სპარსეთის ყურადღებას. იმარჯვებდა ის, ვინც სვანეთში თავის გარნიზონს განათავსებდა, რათა კავკასიონის უღელტეხილები, განსაკუთრებით მდინარეების - ნენსკრისა და ნაკრის სათავეებთან, მოხერხებულად გამოეყენებინა მოწინააღმდეგეთა დასამარცხებლად. სავარაუდოდ, გარნიზონები სოფელ ჭუბერში იდგა, რომელიც კავკასიონის ერთ-ერთ მთავარ უღელტეხილს ზურგით ებჯინება და სვანეთის სხვა სოფლებთან შედარებით ახლოს არის ზღვასთან. ჭუბერამდე უხსოვარი დროიდან სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, სოფელი ტობარია. გადმოცემების თანახმად, ამ ადგილზე რელიეფის გამო 100 კაცს 1000-ის წინააღმდეგ შეეძლო ბრძოლა. 554 წელსაც, როდესაც ბიზანტიელებმა ხობისწყლის სანაპიროზე ეგრისის მეფე გუბაზი მოკლეს, აღშფოთებულმა სვანებმა ბიზანტიელთა გარნიზონი სწორედ ტობარში გაანადგურეს. 1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს გასაბჭოების გამო აჯანყებულმა სვანებმა რუსული გარნიზონის ერთი მებრძოლიც არ გაუშვეს ცოცხალი. 2008 წელს ”ზემო აფხაზეთად” მონათლული დალის ხეობა რომ დავკარგეთ, იქ განლაგებულმა ქართულმა საჯარისო ნაწილებმა უკან დახევის ბრძანების მიღების შემდეგ ტობარის გავლით ერთ ღამეში გაასწრეს ზუგდიდიდან ტანკებით წამოსულ რუსებს და 9 აგვისტოს სოფელი ტობარი, როგორც უმნიშვნელოვანესი სამხედრო-სტრატეგიული პუნქტი, რუსულმა საჯარისო ნაწილებმა დაიკავეს.

დალის ხეობასთან ხაიშის დამაკავშირებელ, ”ნაცმოძრაობის” გაყვანილ გზას მცირე შეკეთება სჭირდება და აფხაზებმა და მათ ზურგს ამოფარებულმა რუსმა ოკუპანტებმა რომ მოინდომონ, ხაიშის შემოგარენს უმოკლეს დროში ჩაგვიკეტავენ ენგურზე მდებარე ერთადერთი, სტრატეგიული მნიშვნელობის საგერგილის ხიდიდან, თან თვალის დახამხამებაში გამოგვირთავენ ხუდონისა და ენგურის ჰესებს.

აფხაზეთის გასწვრივ მდებარე ასეთი სტრატეგიული ტერიტორიიდან თუ მოსახლეობა აიყრება, მეორე დღესვე მას უცხო ძალა დაეპატრონება. აფხაზები ისედაც იბრალებენ მწვერვალ უშბის პატრონობას, ჩვენებური სახელი ჰქვიაო და იმოწმებენ აფხაზურ გვარებს: ეშბა, ავიძბა, არძინბა და სხვა. ამასთან, პრეტენზიას აცხადებენ ენგურის მარჯვენა სანაპიროზეც. თუ მათ თავიანთი ინტერესების დასაცავად გაიწიეს, ვითომ გაუჭირდებათ ჰესის აშენების შემთხვევაში დაცლილი ტერიტორიების დაკავება? დიცსა და დვანში მავთულხლართს დილა-საღამოს უცვლის ადგილმდებარეობას რუსი და ის ვერ გაუკონტროლებია ხელისუფლებას. დავიჯეროთ, სვანეთის დაკარგვის საფრთხე აქვს გააზრებული?

ზურაბ ჟვანიამ და ზვიად გამსახურდიამ კატეგორიული უარი თქვეს ხუდონჰესის აშენებაზე. ისინი დღევანდელ პოლიტიკოსებზე ნაკლები პატრიოტები იყვნენ?

ხუდონჰესს ჰესების კასკადების გამალებული მშენებლობა მოჰყვება სვანეთში და რეგიონის უდიდეს ნაწილს წყალი დაფარავს. გადარჩენილ სვანეთს ისედაც მკაცრ ზამთარში გაორმაგებული სინესტე მოუღებს ბოლოს და აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება. წყალსაცავი უარყოფითად იმოქმედებს ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობაზე. სვანეთი აღარ იარსებებს, ეს მხარე დაცარიელდება. ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე სტრაბონი წერდა, რომ სვანეთს შეეძლო გამოეყვანა 20 000 მოლაშქრე, დღეს კი ქალიან-ბავშვიან-კაციან-მოხუციანად 25 000-ს- არ აღემატება სვანების რაოდენობა.

დადოს ხელისუფლებამ ყველა მასალა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების უმძიმეს სურათს წარმოადგენს, გაანალიზდეს, სამხედრო თვალსაზრისით უპრიანია თუ არა ხუდონჰესის მშენებლობა და ჩვენ უკან დავიხევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ვიღაც შეგნებულად ცდილობს, სვანეთი დაგვაკარგვინოს. როგორც მთის კამკამა წყარო უერთდება ჯერ მდინარეს, შემდეგ ზღვას და სამუდამოდ კარგავს სახელსაც და თვისებებსაც, ბარში ჩასახლებული სვანებიც ასევე კარგავენ სახეს და უძველეს კულტურას, ენას”.

სვანები პრემიერ-მინისტრს 2012 წლის 29 ივლისს ხაიშში შეხვედრის დროს ნათქვამს ახსენებენ. ”ანტიკური ხანიდან ცხოვრობენ აქ სვანები, ეს არის ისტორიული ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა შენახვა, მოფერება და მოვლა და არა - განადგურება ერთი ჰესის აშენებისთვის და სოფლების ჩაძირვა”. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა და დასძინა, თუ როგორ სთხოვა ხუდონისა და ხდის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე უარის თქმა პატრიარქმა, მაგრამ თანხმობაზე ვერ დაიყოლია...

ხაიშელები მხოლოდ ერთი საკითხის დათმობას აპირებენ: თუ ჰესი მაინც უნდა აშენდეს, შესაძლებელია, ის იყოს დაბალზღურბლიანი კაშხლით, რომელიც არ გამოიწვევს ეკლესიების, სასაფლაოების დატბორვას და მოსახლეობის გადასახლებას.

მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე იურიდიული თანხმობა არ გაუციათ, მაგრამ აშენების შემთხვევაში სამუდამოდ გადაიჭრება ენერგოდეფიციტის პრობლემა.

ირაკლი ხმალაძე:

- ამჟამად ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით არსებულ დეფიციტს ძვირად ღირებული იმპორტირებული ელექტროენერგიით ვავსებთ. შარშან ზამთარში 700 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შევიძინეთ რუსეთისგან. ეს არის წლის განმავლობაში მოხმარებული ელენერგიის დაახლოებით 7%. 1 კვტ.სთ იმპორტირებული ელენერგია 6 ამერიკულ ცენტზე მეტი ჯდება. 2019 წლიდან, როდესაც ხუდონჰესი შევა ექსპლუატაციაში, იმპორტს ჩაენაცვლება ხუდონის მიერ გამომუშავებული შედარებით იაფი, 5.84 ცენტად ღირებული ელექტროენერგია.

- ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 2 თეთრიც არ ჯდება, 5.84 ცენტი ძალიან ძვირი არ არის?

- ენგურჰესი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს. სახელმწიფოს დახარჯული თანხის ამოღების ან მოგების მიზნით არასდროს უცდია ელექტროენერგიის გაყიდვა. ხუდონჰესს ექნება კაშხალი და წყლის საკმაოდ დიდი რეზერვუარი, რაც დინებაზე მომუშავე სადგურებთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს. ხუდონში ერთი მილიარდი ინვესტიცია ჩაიდება. ხალხი დასაქმდება, სახელმწიფო სარგებელს მიიღებს ადგილობრივ ბიუჯეტში მოგების და ქონების გადასახადების შედინებით.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე დაახლოებით 5%-იდან 10%-მდე იზრდება და ელექტროსისტემა მეტი პრობლემის წინაშე დგება. ხუდონჰესის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ საბოლოოდ მოგვარდება დეფიციტის პრობლემა.

- ჰოლანდიელმა ექსპერტებმა დაიწუნეს გარემოზე ზემოქმედების პროექტი...

- მათ თქვეს, რომ კიდევ ერთი წელი დასჭირდება იმ კვლევებს, რომელთაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე არ გაცემულა პროექტის განხორციელების სამართლებრივი ნებართვა, რადგან განიხილება გარემოზე ზემოქმედების პროექტი. უცხოელმა ექსპერტებმა გვირჩიეს მოსახლეობის დაყოლიება, თორემ გარემოს დაცვის თვალსაზრისით არ ყოფილა ისეთი შენიშვნები, რომელმაც უნდა შეაშინოს საზოგადოება და უარი ათქმევინოს ამ პროექტზე. ენერგეტიკის სამინისტროსთვის იდეფიქსი ის კი არ არის, რომ ჰესი აშენდეს, მან წარმატებითაც უნდა იმუშაოს. ამიტომაც მოვუწოდებთ ექსპერტებს, გაგვიზიარონ თავიანთი მოსაზრებები, რათა ყველა რისკი გავითვალისწინოთ.

- გარემოს დამცველების თქმით, ენგურჰესმა მძიმე შედეგები მოუტანა სვანეთის რეგიონს, ხუდონჰესი უფრო დაამძიმებს მდგომარეობასო...

- ხუდონჰესი კი არა, ხუთმეგავატიანი სადგური რომ ავაშენოთ, ისიც მოახდენს გარემოზე ზემოქმედებას. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად სერიოზულია საფრთხე, თუ საჭირო გახდება, სახელმწიფო მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ინვესტორმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მიიღოს მშენებლობისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ისე არ გაიგოთ, თითქოს ენერგეტიკის სამინისტრომ დაიჟინა პროექტის განხორციელება და უარს ვამბობთ კვლევებზე. ჩვენ მოვიწვიეთ ჰოლანდიელი ექსპერტებიც.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)