"არჩევნებში ყოველთვის იქნებიან დამარცხებულები და გამარჯვებულები" - კვირის პალიტრა

"არჩევნებში ყოველთვის იქნებიან დამარცხებულები და გამარჯვებულები"

"დაუნდობელი ვიქნები მათ მიმართ, ვინც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ

მიმითითებს"

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწამ და ამომრჩეველთა მიერ საკუთარი ხმების დაცვამ ნაყოფი გამოიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა საეჭვო აღარ გამხდარა, არც ხელისუფლების, არც ოპოზიციისა და არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ნდობის მოპოვება მთავარი არ არის, მისი შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. "კვირის პალიტრას" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ესაუბრა:

- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება იმან მიმაღებინა, რომ ყველა მხარემ ნდობა გამომიცხადა.

- მოახერხებთ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან თავის დაღწევას, რაც ვერ შეძლეს თქვენმა წინამორბედებმა?

- ჩემი მთავარი იარაღი კანონი იქნება. ზედმიწევნით დავიცავ წესებს, მოეწონება ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ არა.

- რომელიმე ძალისგან უკვე ხომ არ გიგრძნიათ პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა?

- როცა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ხშირად მქონდა ასეთი ეჭვი. ვფიქრობდი, რომ პოლიტიკოსები ცესკოზე გავლენის მოპოვებას ცდილობდნენ. თუმცა, რაც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გავხდი, არ ყოფილა არც ერთი მოთხოვნა ან მცდელობა, რომ აზრი შემეცვალა რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. დაუნდობელი ვიქნები მათ მიმართ, ვინც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიმითითებს.

- საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიერ არჩევნების აღიარების პრობლემა ყოველთვის იყო. თქვენ თუ ხართ მზად ამ გამოწვევისთვის?

- არჩევნებში ყოველთვის იქნებიან დამარცხებულები და გამარჯვებულები, მაგრამ მნიშვნელოვანია, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. რთულია პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევიან ერთმანეთის კონკურენტი პოლიტიკოსები. მათ ნებისმიერი შეფასების გაკეთების უფლება აქვთ, მაგრამ როდესაც აღიარებას სერიოზული საფუძვლები ექნება, ვფიქრობ, ისინიც ამას გააკეთებენ.

- თუ ელოდებით მეორე ტურს და ხართ მზად ამისთვის როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსებით?

-   თუ მეორე ტური ჩატარდება, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები ახალ წლამდე გაგრძელდება. მერე თვითმმართველობის არჩევნებიც მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი საარჩევნო ფაზიდან მეორეში გადავალთ. ამისთვის მზად ვართ.

- რამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა იმით, რომ თვალყური ადევნოს საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში?

- თუ შევადარებთ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებულთა რაოდენობას, საპრეზიდენტო არჩევნებით ჯერჯერობით ნაკლები დაინტერესდა. გასულ წელს 126 მედიაორგანიზაცია აშუქებდა საპარლამენტო არჩევნებს, ჯერჯერობით, 54-ია დარეგისტრირებული.

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მედიაორგანიზაციების მუშაობა შეზღუდული იყო. ამ მხრივ შეიცვალა რამე?

- ამ საკითხს განვიხილავთ სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. არსებული აკრძალვები აუცილებლად უნდა გადაიხედოს.

- საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ იგეგმება ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი?

- დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა საპილოტე პროექტის ჩატარების საშუალებას არ იძლევა - ამისთვის ნორმატიული აქტია საჭირო. დაგეგმილი გვაქვს არჩევნების შემდეგ ჩავატაროთ ინსცენირებული არჩევნები, ეს იქნება პირველი ცდა ელექტრონული დათვლის პროგრამის შესამოწმებლად.

უტა ბიწაძე