"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"
14-10-2013
"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"
"ჩვენ დღეს პოლიტიკურ აქტორთა დემითოლოგიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ"

რატომ არ ჰგავს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ადრე ჩატარებულ სხვა არჩევნებს? განსხვავებულია თუ არა ერთმანეთისგან საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, დაპირებები და პოლიტიკური ხედვები - ამ საკითხებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება:

- ეს არის არჩევნები მკაფიოდ გამოხატული ლიდერების გარეშე, რაც განაპირობებს ამომრჩევლის დაბნეულობას და შესაძლოა მეორე ტურის საზღვარზე აღმოვჩნდეთ. პრეზიდენტობის სამ გამორჩეულ კანდიდატურას განვიხილავ: მათგან მარგველაშვილს საკუთარი თავი პოლიტიკურ ლიდერად არ შემოუთავაზებია და არც
მის დასახელებას ჰქონია რამე საინფორმაციო პრელუდია. იგი ჯერაც ივანიშვილის კრეატურად (პირი, რომელიც დაწინაურებულია არა თავისი პირადი ღირსება-დამსახურების მიხედვით, არამედ გავლენიანი პერსონის წყალობით) აღიქმება და ახლა  ამ დანაკლისის ანაზღაურებას ცდილობს. ბაქრაძე გარდამავალი ფიგურაა, ვფიქრობ, მისი დღევანდელი როლი მაქსიმალური ზღვარია, რასაც იგი ოდესმე შეასრულებს ქართულ პოლიტიკაში. რაც
შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული არგუმენტი არსებობს, რომელთა დაძლევაც გაუჭირდება.

კანდიდატებს შორის არ არსებობს ისეთი პირი, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უპირობო ავტორიტეტი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ დღეს საზოგადოებაში ნაკლებად არის არმაგედონის, კეთილი და ბოროტი ძალების საბოლოო შეჯახების მოლოდინი (თუმცა ცდილობენ ვნებების გაღვივებას, განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების იდეის მეშვეობით). შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამის მიზეზი კანდიდატების არაქარიზმატულობაა, თანაც თითქოს წინასწარვე ცხადია, რითი დამთავრდება არჩევნები. ეს ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამომრჩეველი თანდათან იაზრებს პოლიტიკისადმი მითოსურ-პოეტური დამოკიდებულების მთელ მანკიერებას. მეტიც, ყველანი უფრო ნათლად ვგრძნობთ, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი თავად ჩვენ ვართ. და კიდევ: ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკოსს იმთავითვე ეჭვმიტანილის მდგომარეობაში ვაყენებთ. სხვა საქმეა, რომ თავად პოლიტიკოსები ვერ ეჩვევიან ამას. მთავარია, ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვიმარჯვოთ რაციონალური ეჭვი საიმისოდ, რომ ნებისმიერმა არ მოინდომოს ჩვენი მართვა.

ამით საზოგადოება თანდათან ძნელი სამართავი გახდება პოლიტიკური კლასისათვის და ეს უკანასკნელიც ეცდება, ჩვენთან ურთიერთობისთვის უფრო ადეკვატური ენა გამოიმუშაოს. ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება. ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" კრიზისისათვის თავის დაღწევა გაუჭირდება. მან ვერ დათმო თავისი ლიდერი და მისი გარემოცვა, საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა მხოლოდ პიარის ენაზე შეუძლია და სხვ. იგი დაუსრულებლად იმეორებს საკუთარ თავს და ვერ გრძნობს, თუ როგორ კარიკატურულ სახეს იღებს მისი მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს კეთილი სიტყვა არ მითქვამს "ნაციონალურ მოძრაობაზე", დარწმუნებული ვარ, მისი ტოტალური განადგურება მძიმე შეცდომა იქნება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ... მთავარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება გამოცდილებას იძენს. ცხადია, ჩვენში დღესაც მრავლად არიან ეგზალტირებულები, რომლებისთვისაც სამიტინგო-რევოლუციური თრობა აუცილებელია, რათა საკუთარი მნიშვნელობა იგრძნონ. მრავლად არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, ვინც ვერ გამოსულა 1989 წლის 9 აპრილის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობიდან. საბედნიეროდ, საკმაოდ მრავალნი არიან ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ რაციოს სასწორზე შეაგდონ პირები და მოვლენები და ასეთების რიცხვი თანდათან იზრდება. ალბათ, ოდესმე შესწავლის საგანი გახდება, თუ რა გავლენა მოახდინა ჩვენს ისტორიაზე სოციალურმა ქსელებმა.

არაბულ ქვეყნებში თუ სოციალურმა ქსელებმა რევოლუციური ვნებების გაღვივებას შეუწყო ხელი, ჩვენთან, პირიქით, მათ შექმნეს ის საზოგადოებრივი სადისკუსიო რეჟიმი, რომელიც ასე გვაკლდა. თანაც ამ რეჟიმში ჩართულნი არიან ისინი, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ამ ქსელების ათვისებასა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებას, ამას ბოლომდე  მაინც ვერ ახერხებენ. ამ თაობის რაციონალიზმი და დამოუკიდებლობა მაღალი ხარისხისაა. დღეს უკვე ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად იზრდება მისი საზოგადოებრივი როლი და ამიტომაც ჩქარობენ რუსები ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ფეხის მოკიდებას. მათ კარგად იციან, რომ ამ თაობასთან საერთო ენის გამოძებნა გაუჭირდებათ. ამას ემატება სოციალურ ქსელებში გავრცელებული რუსული ვიდეორგოლები, სადაც დასავლური ცხოვრების წესი ზედმიწევნით საბჭოთა პროპაგანდის ხერხებით არის აღწერილი. ერთ მათგანში ნაჩვენები იყო სრული აბსურდი: თურმე გერმანიაში სექსოლოგიის გაკვეთილის გაცდენის გამო ბავშვებს უმკაცრესად სჯიან. ცხადია, ეს ფილმები გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისი წამოგებაც პროპაგანდისტულ ხრიკებზე იოლია. ყველაფერი ეს მაძლევს საშუალებას, ვივარაუდო, რომ ძველი სცენარებით აღარაფერი წარიმართება და ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, პოსტსაარჩევნო სიტუაციაში დაძაბულობა და სამიტინგო-რევოლუციური განწყობა შეიტანონ, მარცხს იწვნევს.

- ხშირად პოლიტიკოსების წინასაარჩევნო კამპანია ტაშ-ფანდურით მიმდინარეობს. ამჯერად რომელი საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო კამპანიაა ეფექტიანი?
- საქართველოში პოლიტიკური აზრი ჯერაც არადიფერენცირებულია და ხალხს უჭირს პროგრამების ნიუანსებში გარკვევა. ამიტომაც ამომრჩეველი მეტ ყურადღებას უთმობს იმას, თუ ვინ წარმოადგენს ამ პროგრამებს. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ ეტაპზე ეს ნორმალურიცაა. ჩვენში ჯერაც არ ამუშავებულა ის მექანიზმები, რომლებიც პროგრამებს რეალურ ისტორიულ ძალას შესძენს. თანაც ვინ თქვა, რომ რომელიმე, თუნდაც არქიდემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით, გარდამავალ ეპოქებში, პიროვნება არ აინტერესებთ და მის მიმართ ნდობას მნიშვნელობა არა აქვს? ნებისმიერ შემთხვევაში წინასაარჩევნო პროგრამა კანდიდატის სოციალური პორტრეტის,  მისი ქარიზმის მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს პიროვნების როლის გადაჭარბებასთან, თითქოს "მან უკეთ იცის" ყველაფერი, ხოლო თუ რა იცის, ბევრს აღარც აინტერესებს. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც იცვლება ვითარება - ჩვენ დღეს პოლიტიკურ აქტორთა დემითოლოგიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსები ძნელად ეგუებიან ამას, ჩვენი საზოგადოების რიგითმა წევრმა კი საკუთარ ბედზე იწვნია პოლიტიკოსთა მითოლოგიზებისა თუ დემონიზების ყველა შედეგი.

სხვათა შორის, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან ორიოდე კვირა იყო გასული, როცა ახალი ხელისუფლების გაკრიტიკებამ იმატა, თანაც მას აკრიტიკებდნენ არა "ნაციონალები", არამედ სწორედ ისინი, რომლებიც სულ ცოტა ხნით ადრე ამ ძალისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილი. იმედია, ივანიშვილი უკანასკნელი პოლიტიკოსია, ვისზეც ქართული ელექტორატის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არარეალისტური იმედი დაამყარა და შემდეგ მოითხოვა კიდეც ამ იმედის ასრულება. ჩვენ თანდათან მივდივართ იმ მდგომარეობისკენ, როდესაც პროგრამასა და პოლიტიკურ აქტორს შორის ერთგვარი ბალანსი დამყარდება. მთავარია, ისტორიამ გვაცალოს…- სამოცდათწლიანი უმძიმესი ისტორიული სტრესის შემდეგ სულ რაღაც ოციოდე წელიწადში ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ.

- და მაინც, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაა ეფექტიანი?.
- წინასაარჩევნო პერიოდში სანახაობრივად გადაჭარბება ბევრ ქვეყანას ახასიათებს, რათა ამომრჩეველი მაქსიმალური ემოციური მუხტით მიიყვანონ საარჩევნო ყუთთან. ეს ტექნოლოგია იმ პირებზეა გათვლილი, ვისთვისაც არჩევნები კოლექტიური ენთუზიაზმისა და სოლიდარობის გამოხატვის და არა ქვეყნის პრობლემების რეალური გადაწყვეტის საშუალებაა. გარდა ამისა, თუ კანდიდატი ვერ ახერხებს საინფორმაციო სივრცის დაუფლებას, ვერ მოექცევა ყურადღების ცენტრში და ამისთვის არც  კარგი საპროგრამო დოკუმენტი და არც მხარდამჭერთა  დიდი რაოდენობა გამოადგება. ტაშ-ფანდური კი სწორედ საინფორმაციო სივრცის ათვისებისა და საკუთარი თავის შეთავაზების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენთან, უბრალოდ, ტაშ-ფანდური თითქმის მთლიანად განდევნის ხოლმე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონკრეტულ ხედვას. თუმცა ბოლო დროს პოლიტიკოსებიც სწავლობენ, რომ წარმატება მხოლოდ სამიტინგო-რევოლუციური თეატრონით არ მიიღწევა და რომ მათ უკვე საქმე სხვა ტიპის ელექტორატთან აქვთ.
yuriburi
15 ოქტომბერი 2013 12:55
როცა ამ სტრიქონებს წერს ბ-ონი ზ. ფირალიშვილი , შთაბეჭდილება რჩება რომ თვითონ ვერ გამოსულა საბჭოთა საქართველოს ნოსტალგიიდან! ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს რომ 9 აპრილი იყო ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მშვიდობიანი დეკლარირება, რომელსაც რუსულმა იმპერიამ შევარდნაძისა და გორბაჩოვის ბრძანებით სისხლითა და მახვილით უპასუხა! ამას მოყვა ერის უპრეცედენტო ერთობა თავისუფლებისთვის, რომელიც 1990წ. 28 ოქტომბრის მართლაც ერთადერთი სამართლიანი არჩევნებითა და 1991წ. საყოველთაო რეფერენდუმით, ბ-ნი ზვიად გამსახურდიას თავკაცობით მოპოვებული იქნა!!! ამას აკნინებს ზ. ფირალიშვილი ზემოთ მოყვანილ თავის ციტატაში! ვიმეორებ ზემორე ციტატა ეს ზ. ფირალიშვილის მკრეხეელობა და ეროვნული სულის დაკცინვაა!!!
Beka
14 ოქტომბერი 2013 23:55
გაზეთი რომელიც მომწონს და მიუხედავად იმისა რომ ონლაინზე იყო ვყიდულობდი, თუმცა მონეტიზაციამ ცხადი გახადა ჩემთვის თქვენი რეალური ფასეულობები.

გილოცავთ...

რომ იცოდეთ რამდენი უცენზურო სიტყვა მომდის გუნებაში თქვენი ამ ნაბიჯის გამო.
nino
14 ოქტომბერი 2013 22:36
ვინ დაგაცდის ბოლომდე ისიამოვნო. თქვენ ასწავლით მარკეტინგს/? ნელნელა იკითხეთ არ დაიღალოთო. ზრუნავენ ხალხზე. ისე თუ წაიკითხავს ვინმე რედაქციაში და გაითვალისწინებენ ცოტა სიყვითლე შეეპარა საყვარელ პალიტრას და არ ეკადრება. და კიდევ რეკლამებიიიც.მე მგონი არ აწყენდათ ცოტა გადახალისება

რედაქტორის რჩევით