ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

„ხერხემალი“ - ვინ იქნება შემდეგი?!

დღეს საყოველთაო ინტერესის საგანია, თუ ვინ იქნება პრემიერი. თუმცა, სახელმწიფოს, ზოგადად და კერძოდ, ხელისუფლების სტაბილურობისთვის არანაკლები, თუ უფრო მნიშვნელოვანი არა - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტია. საქართველოში ასე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც: შევარდნაძის ხელისუფლების დასასრული კახა თარგამაძის პოსტიდან წასვლით დაიწყო, ხოლო ნუგზარ საჯაიას სიკვდილმა დაასრულა. მოვა დრო და, ალბათ, იმაზეც იმსჯელებენ, რომ ვანო მერაბიშვილის შს მინისტრის პოსტიდან გადაყენება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა: შედეგად მიიღო განაწყენებული მერაბიშვილი და დეზორგანიზებული შსს, რომლის ხელში აყვანაც ახალაიამ არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში ვერ შეძლო. ისიც გავიხსენოთ, რამდენი სახელმწიფო მინისტრი თუ პრემიერი გამოიცვალა, ერთი მხრივ, კახა თარგამაძემ, ხოლო მეორე მხრივ - ვანო მერაბიშვილმა. პრემიერები იცვლებოდნენ, ხოლო ხელისუფლება მყარად იდგა მანამ, სანამ ხელისუფლების „"ხერხემალს" რკინის ხელი მართავდა.

უშიშროების საბჭო - ზედმეტი რგოლი ახალი ხელისუფლებისთვის?!

შს სამინისტროს ფუნქციები, პირდაპირ თუ ირიბად, მით უფრო იზრდება დღეს, როცა უშიშროების საბჭოს მოსალოდნელი ცვლილებებით მაქსიმალურად ეკვეცება ფუნქციები და შესაბამისად - მონაწილეობა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საფრთხეების გამოვლენისა და პრევენციის საქმეში. ცვლილებების შემდგომი უშიშროების საბჭო ფუნქციონალურად დიდწილად თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალოგიური სტრუქტურა გახდება. სად წავა და ვინ შეასრულებს უშიშროების საბჭოსგან ჩამოჭრილ ფუნქციებს, მაგალითად, შიდა საფრთხეების პრევენცია-ლოკალიზების საქმეში, სახელმწიფო სტრუქტურების ორგანიზება-კურირებას?! იგივე ითქმის საგარეო რისკებზეც. ლოგიკურად, ეს ფუნქციები შსს-სა და დაზვერვის დეპარტამენტზე უნდა გადანაწილდეს.

შევარდნაძის ხელისუფლება ამას აკეთებდა ისე, როგორც შეეძლო; ხოლო სააკაშვილის დროს, რამდენადაც ამის სურვილი ჰქონდათ უმაღლეს ხელისუფალთ - უშიშროების საბჭო ასრულებდა არა მხოლოდ  მაკოორდინირებელ როლს სახელმწიფო საფრთხეების ანალიზსა და პრევენციაში, არამედ უნდა განესაზღვრა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და ხაზი. დღეს კი ამ მაკოორდინირებელ-დამაბალანსებელი რგოლის გარეშე დარჩენილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად რჩება განმსაზღვრელიც და პასუხისმგებელიც, სულ მცირე შიდა საფრთხეების გამოვლენა-ლოკალიზებაზე. რამდენად მართებულია ამ მონსტრი სტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერება და, ფაქტობრივად, სახელმწიფოდ სახელმწიფოში გადაქცევა - ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. თუმცა, ამჯერად ჩვენ სხვა რაკურსი გვაინტერესებს. ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო მერაბიშვილ-ახალაიების შემდეგ დემორალიზებულ-დეზორგანიზებული კოლოსის ხელში აყვანა ამნისტიის შედეგად ციხიდან გამოსული ათასობით კრიმინალის პირობებში.

ვეძიოთ პრემიერი გამორიცხვის მეთოდით

ახალი პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის პირობებში, როცა არც ერთის ავტორიტეტი ახლოსაც ვერ მოვა ბიძინა ივანიშვილის გავლენასა და ავტორიტეტთან, რეალურად კვლავ შსს დარჩება ქვეყნის სტაბილურობის გარანტად. წავა ივანიშვილი იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად გადაიყვანოს და ამით შსს, ახალი ხელმძღვანელით სათავეში, ექსპერიმენტის ობიექტად აქციოს? ანუ ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი და ახალი შს მინისტრი - ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილ ხელისუფლებას ეს ზედმეტად თამამი კომბინაცია? ალბათ, პირიქით. დიდი ალბათობით, ლოგიკურად, მომავალი პრემიერი პირველივე სამთავრობო კრიზისს გადაჰყვება. ღარიბაშვილს თუ შუალედურ ფიგურად გამოიყენებს, მაშინ ვინღა რჩება ივანიშვილის დასაყრდენ ფიგურათა სათადარიგო სკამზე?!

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ შსს დარჩება ახალი ხელისუფლების სტაბილურობის საკვანძო რგოლად და ზემოხსენებული „ავი“ ტრადიციის გათვალისწინებით - როცა ხელისუფლების რღვევა იწყებოდა შს მინისტრის საკვანძო ფიგურის დასუსტება-ხელისუფლებიდან ჩამოშორებით - უნდა ველოდოთ, რომ ღარიბაშვილის უწყება ოპოზიციისა და მათთან დაახლოებული არასამთავრობო სექტორის დარტყმისა და ზეწოლის მთავარი ობიექტი იქნება.

შესაძლოა, თავად მმართველ კოალიციაშიც ბევრს გაუჩნდეს ცდუნება, შეეთამაშოს“ღარიბაშვილს,

მაგრამ წესით, მათ საღმა აზრმა უნდა უკარნახოს, რომ ღარიბაშვილის დასუსტება მათი ხელისუფლებასთან დამშვიდობების დასაწყისად შეიძლება იქცეს. მით უფრო, რომ წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. სწორედ ამიტომ არის მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში პირველზე არანაკლებ მნიშვნელოვანი - მეორე საპრიზო ადგილი. რადგან მეორე ადგილზე გასული კანდიდატის ელექტორატი და გარემოცვა, გულმოცემული ფაქტობრივი გამარჯვებით, თითოეული რაიონის საკრებულოსა და ქალაქის მერობისთვის თავგამოდებით იბრძოლებს.

ჭრელი პარლამენტი, მაქსიმალურად შემცირებული ფუნქციების პრეზიდენტი და ახალი პრემიერი, პოლიტიკური ბექგრაუნდის გარეშე და ამასთან, მომავალი მრავალპარტიული ადგილობრივი თვითმმართველობა - ყველაფერ ამის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამდენად მასშტაბური იქნება შს მინისტრის როლი. ვნახოთ, რამდენად წარმატებული და ხანგრძლივი იქნება ღარიბაშვილის ეპოქა სახელმწიფოს თუ ხელისუფლების ხერხემლის პოსტზე.