მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
14-10-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
წასვლა-არწასვლა

წინა კვირას მთელ პოლიტიკურ, არასამთავრობო თუ ჟურნალისტურ წრეებს ერთი სალაპარაკო ჰქონდათ: უნდა წავიდეთ თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე. ვინ არ ჩაერთო ამ საკითხის განხილვაში, ვინ არ დაირტყა გულზე მჯიღი, თუმცა ერთ აზრამდე მაინც ვერ მივედით. საკითხი ღიად რჩება. წასვლა-არწასვლა - საკითხავი, აი, ეს არის! რომ გითხრათ, პირადად მე დღეს ზუსტი პასუხი მაქვს- მეთქი, მოგატყუებთ. რა თქმა უნდა, მარტივია გულზე ხელის დარტყმა და ყვირილი: როგორ უნდა წავიდეთ ოკუპანტების ოლიმპიადაზე, ვერ ხედავთ,
ერთ-ერთ მეჩირაღდნედ ის პილოტი დააყენეს, ვინც ჩვენ გვბომბავდა. ღირსება აღარ შეგვრჩა?! და ა. შ. ჩემი რა მიდის? პატრიოტად გამოვჩნდები, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ. პოლიტიკა და მით უმეტეს, საერთაშორისო, დიდი თამაშია. ხომ ცხადია, ყველა იმ ნაბიჯით, რომელსაც ბოლო
დროს რუსეთი დგამს, პუტინი მორიგ პარტიას გვეთამაშება: იქნება მავთულხლართების გაბმა თუ მეჩირაღდნედ რუსეთ-საქართველოს ომის "გმირის" არჩევა და მასზე ცალკე სიუჟეტების მომზადება. ჰოდა, ჩვენც ვეთამაშოთ დინჯად და აუღელვებლად. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ეს რთულია, მაგრამ რამდენჯერაც ემოციას ავყევით, თამაში ყოველთვის წავაგეთ.

თუ ბანქოს ანალოგიას მოვიყვანთ, და წარმოვიდგენთ, რომ რუსეთი, მაგალითად, "ჯოკერს" გვეთამაშება, დღევანდელი ვითარება ასე შეგვიძლია აღვწეროთ: რუსეთს ხელში ჯოკერი და რამდენიმე კოზირი აქვს. ჩვენ კი მხოლოდ ექვსიანები და ერთი ჯოკერი, რომელსაც ოლიმპიადის ბოიკოტი ჰქვია. ჰოდა, ახლა უნდა გადავწყვიტოთ, ამ ერთადერთი ღირებული ბანქოთი როდის ვიაროთ - ახლა თუ პარტიის ბოლოსთვის შემოვინახოთ. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: ახლა რომ იარო, მასაც აქვს ხელში ჯოკერი და შეიძლება ხელცარიელი დარჩე. მოკლედ, ამ დროს მხოლოდ სვლები უნდა გათვალო და ემოციას არ აჰყვე. ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება ყოველთვის შეიძლება, თუნდაც წინადღეს. ის კი არა, შეიძლება წახვიდე და თუ სოჭში კიდევ რაიმე სიურპრიზი გამოაგდო რუსეთმა, გამოაცხადო ბოიკოტი და წამოხვიდე. ამას შეიძლება საერთაშორისო არენაზე მეტი რეზონანსიც ჰქონდეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, იქნებ არ ღირდეს ახლავე ამ ჩვენი ერთადერთი ღირებული ბანქოს გახარჯვა? ან იქნებ ისეთი ვითარება შეიქნეს, რომ ოლიმპიადაზე წასვლა უკეთესი გამოსავალი გამოდგეს, ანუ იქნებ ჯოკერის "ნიჟე ამოდებით" თავისი ჯოკერი შევტენოთ პუტინს...

ჩვენ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ორი საუკუნე არ გვქონია, რუსეთს კი ჭიპი აქვს მოჭრილი ასეთ საქმეებში. შენ მისთვის ხშირად ისეთი იოლი ლუკმა ხარ, რომ ზოგჯერ "ჯოკერსაც" კი არ გეთამაშება და "დურაკას" გთავაზობს. მაგალითად, 2008 წელს "დურაკა" გვეთამაშა და გაგვადურაკა. ახლა მაინც ნუ  გავდურაკდებით!


მეთოდები დაგიძველდა, მიშა!

საპატიმროში გარდაცვლილი გოგა ძველაიას ოჯახში პრეზიდენტის მისვლა რომ ვნახე, გავბრაზდი. სააკაშვილი ან თავად ვერაფერს ხვდება, ან ხალხი ჰგონია სულელი. არ ვიცი, არსებობს თუ არა რაიმე ძალა, რომელიც მას შეცვლის ან იმას მაინც მიახვედრებს, რომ ასე მოქცევა ხალხს მხოლოდ აღიზიანებს. ცინიზმი იყო, აბა, რა, ძველაიას ოჯახში მისვლა და იქ ცრემლების ღვარღვარი. მისი მმართველობის პერიოდში ციხეებში რვაასამდე პატიმარი დაიღუპა და რომელიმეს ოჯახში მისული გინახავთ ვინმეს?
"ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეში აღარ იყვნენ. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვისაც სინდისი არა აქვს და დღედაღამ ლაპარაკობს, რომ ხალხს სისხლს სწოვდნენ ციხეებში. ჯალათი და ადამიანის უფლების დამრღვევი ფსიქოლოგიის ადამიანები შეიძლება ყველა მთავრობის დროს იყვნენ. მთავარია, მთავრობა რა რეაქციას მოახდენს. ციხის ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს შეპარული კრიმინალური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბედუკაძეა. დაკანონებული ქურდები და მაყურებლები იყვნენ მხოლოდ შევარდნაძის დროს და არიან მხოლოდ ივანიშვილის დროს - ჩემს დროს ისინი არ იყვნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რა თქმა უნდა, არც  ძველაიასა და არც კორტავას მშობლებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, მათი შვილი ციხის ადმინისტრაციის ძალადობას შეეწირებოდა თუ პატიმრების. რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების სამინისტრო ვალდებულია, ყველა პატიმარი დაიცვას, მაგრამ ციხეებში ინციდენტები ყველგან ხდება. აქ განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ ის არის, რაზეც თავად პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას: მთავრობა ხელს დააფარებს, წაახალისებს დამნაშავეს თუ დასჯის. სწორედ მანდა ვართ ჩვენც, ბატონო პრეზიდენტო. თუ დამნაშავეებს ხელს არ დააფარებ, დანაშაულს ცალკეული შემთხვევის სახე ექნება, თუ დააფარებ და არ დასჯი, დანაშაული სისტემური ხდება. ეს თქვენც კარგად იცით, ამიტომ ვერ ამბობთ, რა რეაქცია ჰქონდა თქვენს მთავრობას "შემოპარულ ნაძირალებზე", როგორც თავად უწოდებთ. სწორედ იმიტომ, რომ თქვენს მთავრობას ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, ვფიქრობთ, რომ ისინი შემოპარულები კი არა, სწორედ თქვენი მაღალჩინოსნების ხელდასხმულები იყვნენ. ახლა კი ცრემლებს ღვრით და 16 წლის ბიჭის გარდაცვალებას პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებთ. თქვენი მეთოდები კი არ დაძველდა, ამაზრზენი გახდა!

VIP-ი ბაჭიით


ეს სოციალური ქსელები დაღუპავენ პოლიტიკოსებს. ხომ გახსოვთ, VIP-ქოლგით - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე? რა ამბავი ატყდა მისი სურათის გამო, უკან ქოლგის დამჭერი რომ მიჰყვებოდა, მერე რომ ბრძანა, დიახაც VIP-ი ვარო. ჰოდა, ახლა ეს კაცი ინტერნეტში უკვე წელზემოთ შიშველი და მკლავზე ბაჭიით გამოჩნდა. არ ვიცი, ფოტო თავად ატვირთა თუ სხვამ გამოუქვეყნა (იმედია, სხვამ), მაგრამ შაყირის ობიექტად კიდევ ერთხელ რომ იქცა, ცხადია. მოკლედ, კაცს შინ თავის ნებაზე ვეღარ უნებივრია, ბაჭიას ვერ მოჰფერებია და ღიპზე ხელი ვერ დაუტყაპუნებია. ბოლოს და ბოლოს, VIP-ია და ღიპიც VIP-ური აქვს. და საერთოდ, ეს ფოტო წინა ფოტოსგან განსხვავებით ამ ადამიანზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს: კაცი, რომელსაც ბაჭიები უყვარს, ცუდი ვერ იქნება (იმედია, შეჭმას არ უპირებს).
ZUBA
21 ოქტომბერი 2013 14:37
მიშას გადაეიკდა რა ეს მერაბჩიკა იავნად
Toko
20 ოქტომბერი 2013 15:28
მერაბ, კარგი, დავუშვათ მიშას საქციელი არ არის მოსაწონი და მეთოდები დაუძველდა. სხვა პოლიტიკოსებზე რატომ არაფერს ამბობ, ყველგან და ყველაფერში მიშას "მოძვველებულ" მეთოდებს რომ იყენებენ? მაგალითად გიორგი თარგამაძე ("ქრისტიან დემოკრატი" - მეცინება, პარტიის სახელს რომ ვამბობ, რამდენად შორს არიან ესენი თავიანთი პარტიული იდეებისგან) - ვითომ პენსიონერებს რომ ეხმარება სახლის საქმეებში, გეგონება ყოველდღე აკეთებს ამას! მეოცნებეებზე და მათ უსინდისო დემაგოგიაზე აღარაფერს ვამბობ. იცი კიდევ რა არის ამაზრზენი შენს ამ სტატიაში? პატიმრისა და მისი ოჯახის ტრაგედიის ხარჯზე კიდევ ერთი სტატია რომ გამოაცხვე, სადაც შენი მოკლე ჭკუით ვითომ სხვებს არიგებ ჭკუას და ამას "ფიქრებს" ეძახი!... სად ხარ, რატომ არ იღებ ხმას, როცა მეოცნებე მთავრობა ხალხს ყოველდღე დასცინის და აბუჩად იგდებს? რატომ არ ლაპარაკობ მათ "მეთოდებზე"? თუ მარტო ნაციონალების წინააღმდეგ მოქმედებს შენი "სინდისის ძახილი" და მეოცნებეებზე და სხვებზე არ ვრცელდება?! მოკლედ, მაგარი გართულება გქონია მიშაზე და ნაციონალებზე, და გულწრფელად გისურვებ, რომ ეს ავადმყოფობა რაც შეიძლება მალე მოიხადო და დღევანდელობას გაუსწორო თვალი, და მოეშვა გაუთავებლად წარსულზე და ნაციონალებზე საუბარს!
.
19 ოქტომბერი 2013 03:20
ეგ შენ მოგიძველდა მეთოდები მიშას კი არა, რატო უნდა შეიცვალოს? მიშა ასეთი იყო და ასეთადვე უნდა დარჩეს, კაცი მედროვე არ უნდა იყოს და სხვის დაკრულზე არ უნდა ცეკვავდეს.

რედაქტორის რჩევით