ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ევროპის უკრაინული დილემა: რატომ არის ევროპისთვის ტიმოშენკოს თავი უკრაინის ევროინტეგრაციაზე ძვირფასი?

გასული კვირის დასავლური პრესა აჭრელებული იყო იმ ულტიმატუმზე საუბრით, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას წაუყენა: თუ უკრაინის ხელისუფლება "გაზის პრინცესა" იულია ტიმოშენკოს არ გაათავისუფლებს, უკრაინას პრობლემები შეექმნება ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ან ტიმოშენკო გამოუშვით (რომლის ბრალეულობასაც ხელისუფლება დაბეჯითებით ამტკიცებს), ან არა და რუსეთთან ბრძოლაში სიმწრით მოპოვებულ უფლებას, ხელი მოაწეროს ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას, დაემშვიდობეთო.

ძნელი ასახსნელია, რატომ არის უკრაინის მონაწილეობით ასაშენებელი ევროპის ახალ არქიტექტურაზე უფრო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის პირმშვენიერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც იმდენი არაფერი გაუკეთებია უკრაინის ევროპული ინტეგრაციისთვის, რამდენიც იმთავითვე პრორუსულად მიჩნეულ იანუკოვიჩს. საოცარია პირდაპირ, უკრაინა, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რუსეთის არაერთი მუქარა და ემბარგო გამოიარა, ტიმოშენკოს მოოქრულ ნაწნავებთან შედარებით ნაკლებად ღირებული ჩანს ევროპისთვის?! ბოლო ინფორმაციით, იანუკოვიჩი და უკრაინის რადა თანხმდება ამ ყოვლად უთანასწორო ბარტერს, რაც იანუკოვიჩის ნამდვილად დასაფასებელი ნაბიჯია, რადგან ციხიდან გამოსული და დასავლეთიდან უპირობოდ მხარდაჭერილი ტიმოშენკო მისი ხელისუფლების უპირველესი მტერი იქნება.

ჩვენთვის საინტერესო ეს ამბავი იმიტომ არის, რომ ის შეიძლება პრელუდიაც კი აღმოჩნდეს საქართველოში მოსალოდნელი პროცესებისა და ამ შემთხვევაში ჩვენს ემოციაზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები უნდა დავაყენოთ. თუმცა, დროს წინ ნუ გავუსწრებთ. მით უფრო, რომ წინ არანაკლებ მოვლენებით დატვირთული მარათონი გველის: საპრეზიდენტო არჩევნებიდან ადგილობრივ არჩევნებამდე.

მარათონი არჩევნებიდან არჩევნებამდე

მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საპრეზიდენტო არჩევნების საუკეთესო შედეგი მეორე-მესამე ადგილზე გასული კანდიდატების თითქმის თანაბარი პროცენტია, რაც საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილ დროში პოლიტიკურმა დისკუსიამ ამ ორი პოლიტიკური ძალის - ნინო ბურჯანაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრებზე გადაიაროს. იმისდა მიუხედავად, ვინ გავა მეორე ადგილზე, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დღევანდელი პარლამენტისგან განსხვავებით, მინიმუმ, სამწევრიანი იქნება: კოალიცია "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატები". თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევის არსებული მაჟორიტარული წესი ფორას სახელისუფლებო გუნდსა და "ნაციონალებს" ანიჭებს. რატომ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებისთვის ყოველთვის გაცილებით მარტივია მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება, ვიდრე პროპორციულში, ანუ პარტიული სიით. რაც შეეხება "ნაციონალებს", მათ დღემდე აქვთ შენარჩუნებული საქართველოს მასშტაბით ყველაზე გამართული და ორგანიზებული სტრუქტურები, რაც მათ მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს სხვა პარტიებთან შედარებით.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე "საპრიზო" ადგილი სწორედ იმიტომ იძენს, რომ ამ მნიშვნელოვანი მიღწევით იმედმიცემული მისი მომხრეები გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებენ თითოეული ადგილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ამ არჩევნებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ის ფაქტიც, რომ დაგეგმილი რეფორმის შედეგად იზრდება თვითმმართველი ქალაქების რიცხვი, ანუ იმ ქალაქების რაოდენობა, რომელსაც არჩეული მერი ეყოლება. ამდენად, თითოეული მერის ადგილს მომავალ არჩევნებში მონაწილე სუბიექტისთვის დიდი როლი ენიჭება, აღარაფერს ვამბობთ თბილისის მერზე, რომელმაც შეიძლება მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალარჩეულ, უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს.

მთავარი კი ის არის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ბრენდის გარეშე გავა, რაც ოპონენტების კვალიფიციური პიარის შემთხვევაში მმართველი კოალიციის შანსს, მოიპოვონ უპირობოდ წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ორგანოებში ან აიღონ არჩევითი მერების უმრავლესობა, ძალიან დასცემს. მით უფრო, რომ გამოკვეთილი ფალავანი, რომელსაც იგი მთავარი რინგის - თბილისის მოსაგებად წამოაყენებს, ასპარეზზე ჯერ არ ჩანს. შეიძლება თუ არა ეს როლი იტვირთოს ლევან ვასაძემ, რომელიც გიორგი მარგველაშვილი-პრეზიდენტის წონას პოლიტიკურ ლანდშაფტზე უდავოდ გაზრდის - ეს საკითხი ჯერ მხოლოდ ვირტუალური მსჯელობის დონეზე შეიძლება განვიხილოთ.

ცხადი დღეს მხოლოდ ის არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გარდამავალი ეტაპია ხელისუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლის გზაზე, რომელიც ტემპს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აკრეფს.