პოლონეთის ე.წ. სპეცბანაკებში ასეულობით ქართველი ელოდება "განაჩენს" - კვირის პალიტრა

პოლონეთის ე.წ. სპეცბანაკებში ასეულობით ქართველი ელოდება "განაჩენს"

ბევრ მათგანს ბანაკში დაბრუნებას ციხეში მოხვედრა ურჩევნია

2009 წლის 15 დეკემბერს, პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე პოლონელმა სამართალდამცავებმა მატარებელი გააჩერეს. 200-მდე უბილეთო მგზავრი, რომელთაც არც შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნდათ, მატარებლის დატოვებას არ აპირებდა. მეტიც, რამდენიმე ათეულმა სასოწარკვეთილმა მგზავრმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობაც კი გაუწია.

ინციდენტში მონაწილეთაგან 32 საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი კი რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოური რესპუბლიკებიდან.

ევროპულმა მედიამ შემთხვევა მატარებლის გატაცების მცდელობად წარმოაჩინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ "დამნაშავეთა" ერთადერთ მიზანს გერმანიის საზღვარზე გადასვლა წარმოადგენდა.

პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს 10 მოქალაქეს (მათ, ვინც წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს) დეპორტაცია ემუქრება. სამშობლოში გამომგზავრებამდე მათ ქალაქ შჩენჩინთან, ე.წ. დახურულ ბანაკში მოუწევთ ყოფნა. დანარჩენები, რომელთა უმრავლესობას ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ, კვლავ საემიგრაციო ბანაკში დაბრუნდებიან და იქ დაელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლონეთის ხელისუფლება მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სავარაუდოდ, მათაც გრძელი გზა ელით სამშობლომდე.

უკვე რამდენიმე თვეა, საზღვარგარეთ წამსვლელი ქართველები პოლონეთის საზღვარს "უტევენ", რადგან აქედან ევროპის სხვა ქვეყნებში მოხვედრა გაცილებით იოლია. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, დღესდღეობით პოლონეთის ე.წ. სპეცბანაკებში ასეულობით ქართველი ელოდება "განაჩენს". მათ შორის ბევრი თაღლითობის მსხვერპლია. მაგალითად, ბათუმში "მოქმედი" ოფისები მოქალაქეებს პოლონეთში ჩაყვანას 2.200 ევროდ ჰპირდებიან.

როგორც პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებიდან დაბრუნებულები აცხადებენ, ამ ბანაკებში გაუსაძლისი პირობებია და ადამიანის უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა.

სწორედ ამის გამო იყო, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში ერთ-ერთი სპეცბანაკის ბინადარმა ქართველებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა გამოაცხადეს (ჩვენმა საზოგადოებამ ეს ფაქტი ტელევიზიის საშუალებით გაიგო).

როგორც ამბობენ, ასევე ხშირია ეთნიკური დაპირისპირებაც. ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს ინციდენტი, რომელიც ორიოდე თვის წინ პოლონეთის საემიგრაციო ბანაკში მოხდა. გაუგებრობა, რომელიც ქართველებსა და ავღანელებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა, უკვე ღამით ღია კონფლიქტში გადაიზარდა. მძინარე ქართველებს ავღანელები დაესხნენ თავს, არეულობა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბანაკის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, პოლიცია გამოეძახებინა. დაშავებულები ორივე მხარეს იყვნენ.

როგორც 15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის მონაწილენი ამბობენ, სწორედ ბანაკებში არსებულმა მძიმე სიტუაციამ და თვეობით მომაბეზრებელმა ლოდინმა გადააწყვეტინათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ბევრ მათგანს ბანაკში დაბრუნებას ციხეში მოხვედრა ურჩევნია.