"არა ვარ ის კაცი, რომ თავი წინასწარ გამარჯვებულად გამოვაცხადო" - კვირის პალიტრა

"არა ვარ ის კაცი, რომ თავი წინასწარ გამარჯვებულად გამოვაცხადო"

"ჩემთვის სამართლიანობა არ აღმდგარა"

"უცხოელების გვეშინია და საკუთარი მოქალაქეები ფეხებზე გვკიდია?"

"ფული თუ გაქვს, 80%-იან რეიტინგს გამოაცხობ"

"ჩემზე ამბობენ, სოლიდური პრეზიდენტობის კანდიდატი არ არისო. სოლიდურობა ის იქნებოდა, ბევრი ფული მომეპარა და შავი "ჯიპებით" დავდიოდე?", - აცხადებს "ხალხის პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი:

-  ჩემი მიზანი ოპოზიციონერობა კი არა, ხელისუფლებამდე ხალხის აზრის მიტანაა. Mმე ყოველთვის იმ ძალასა და კოალიციასთან ვარ, რომელიც ხალხის ინტერესს ყველაზე უკეთ გამოხატავს. სამწუხაროდ,  როდესაც პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოდის, მერე ავიწყდება ის, ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა და ივიწყებს საარჩევნო დაპირებებსაც. მე კი არც ერთი საარჩევნო დაპირება არ დამვიწყებია. მათ შორის არც "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი: ანაბრების დაბრუნება, პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათები.

- ცოტა ილუზორული ხომ არ არის ანაბრების დაბრუნების დაპირება?

- ვამზადებ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ ქართველებს ჰქონდეთ. ასეთ შემთხვევაში უცხოელებს მიწების გაყიდვა მოუწევთ და როდესაც ბევრი გაყიდის მიწას, მისი ფასი დავარდება და  ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ. მიწებს კი შეიძენენ სალაროს წიგნაკების საფუძველზე. ეს თანხა რეალურად გამოიმუშავა ამ ხალხმა, მაგრამ მათ მოჰპარეს და დროა, მათ მოპარული დაუბრუნონ.

- ეს არ დააზარალებს სახელმწიფოს?

- ეს არ გამოიწვევს არც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას და არც ინფლაციას. ქვეყნისა და ხალხისთვისაც უკეთესი იქნება, ჩვენი მიწა-წყალი ქართველების ხელში რომ იქნება და არა გადამთიელების.

- სამართლიანობის აღდგენას როგორ აპირებთ?

- უცხოელების გვეშინია და საკუთარი მოქალაქეები ფეხებზე გვკიდია? ჩანს, ხელისუფლებას არა აქვს კეთილი ნება, რომ სამართლიანობა აღადგინოს. მე მაქვს.

დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ცოცხები და ხელკეტები გააგდებინა ხელიდან, მაგრამ ისინი ისევ თანამდებობებზე დატოვა.

ამბობენ, რომ კეთილსინდისიერ მყიდველებზე გადაფორმებულ ქონებას ვერ ჩამოართმევენ მფლობელებს. კეთილსინდისიერ შემძენს გადახდილი თანხა უნდა აუნაზღაურდეს და საკუთრება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს,Y ყველა უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანი სამსახურში უნდა აღდგეს. სამართლიანობის აღდგენა უსამართლოდ გათავისუფლებული მოსამართლეების სამსახურში აღდგენით უნდა დაიწყოს.

7 ნოემბერს რეზინის ტყვიების გამოყენების გამო რატომ არა აქვს დღემდე ბრალი Aწარდგენილი ვანო მერაბიშვილს? ამას გამოძიება არ სჭირდება, რადგან კანონდარღვევა აშკარაა. სამართლიანობის აღდგენა ბატონი ბიძინასთვის,  როგორც ჩანს, დასრულდა "ქართუ ბანკის" მიმართ განხორციელებული უსამართლობის ლიკვიდაციით და თამაზაშვილის დამჭერების დასჯით. ჩემთვის სამართლიანობა არ აღმდგარა. სამი კაცი, რომლებიც თავს დამესხნენ, რატომ მუშაობს დღემდე ფინანსურ პოლიციაში?

- რეიტინგებში მარგველაშვილი და ბაქრაძე ლიდერობენ, თქვენ კი მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არა ხართ.

- ბატონი ნავაროს რეიტინგების არ მჯერა. შარშან მან "ნაციონალებს" 65% დაუწერა, მათ კი გაყალბებიანად 40% აიღეს. 2010 წელს ნავარომ ეროვნულ საბჭოს 1% დაუწერა, მაგრამ 7% ავიღეთ. სოციოლოგიური გამოკითხვა კანდიდატთა ფინანსურ მდგომარეობას ასახავს და არა ხალხის მხარდაჭერას.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- არა ვარ ის კაცი,  რომ თავი წინასწარ  გამარჯვებულად გამოვაცხადო. არჩევნები პიროვნებების განსჯაცაა და შეაფასონ ჩემი და სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების განვლილი გზა. ვის რა უკეთებია და როგორ მოქცეულა კრიზისულ შემთხვევაში. როდესაც არჩევანი იდგა სკამსა და ხალხს შორის, ყოველთვის ხალხს ვირჩევდი და ამიტომ ყველა კანდიდატზე მეტად ვიმსახურებ პრეზიდენტობას.