"მე ვიცი, რომ არჩევნები მოგებული მაქვს"
21-10-2013
"მე ვიცი, რომ არჩევნები მოგებული მაქვს"
"დავით ბაქრაძე ახლოსაც ვერ მოვა ჩემთან"

საარჩევნო გარემო იმასთან შედარებით, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო, გაცილებით ჯანსაღია, ასე დაიწყო საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ:

-  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში იყო ზეწოლის მცდელობა, მაინც აშკარაა, რომ ამას ცენტრალიზებული ხასიათი არა აქვს. ბევრად დაბალანსებულია მედიაც. უთანასწორობას ქმნის ის, რომ ჩვენი პარტია და მე ვართ ერთადერთი, რომლებიც არ ვიღებთ დაფინანსებას სახელმწიფოსგან. მთელი საარჩევნო კამპანია შემოწირულობებით ჩავატარეთ, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელმაც კრედიტიც კი
აიღო იმ უზარმაზარი ფინანსური რესურსის პარალელურად, რაც მას აქვს. ჩვენ კი არც ერთმა ბანკმა არ მოგვცა კრედიტი. ასევე ხელის შემშლელია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ყველაფერი აუცილებლად პირველ ტურში დასრულდება და მათი კანდიდატი მაღალი მაჩვენებლით გაიმარჯვებს. ივანიშვილის პრესის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, მისი განცხადება, რომ მარგველაშვილმა
აუცილებლად ხმების 60% უნდა მიიღოს, აღიქვეს როგორც დავალება და რამდენიმე რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა თათბირებზე ხალხს გამოუცხადეს, 60%-ზე ნაკლებს თუ აიღებს მარგველაშვილი, სამსახურებიდან წახვალთო.

- როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თუ მეორე ტური გახდება საჭირო, მარგველაშვილს მონაწილეობას არ ურჩევს, შემდგომ ეს გიორგი მარგველაშვილმაც გაიმეორა. რას იტყვით ამ განცხადებებზე?
- ეს არის უპრეცედენტო განცხადება, რომელსაც, ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება. პარლამენტის თავმჯდომარემ კორექტივის შეტანა სცადა, თუმცა მაინც ძალიან გაუგებარია ეს ყველაფერი. მე არც პირველი და არც მეორე ტურის არ მეშინია. რომ ყოფილიყო აბსოლუტურად თავისუფალი საარჩევნო გარემო, დიდი შანსი მქონდა, არჩევნები პირველივე ტურში მომეგო, მაგრამ მეორე ტურში ნამდვილად მოვიგებ.

- სოციოლოგიური კვლევების შედეგები სხვაზე მეტყველებს. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმაც შეგახსენათ, რომ ამ შედეგების მიხედვით მეორე პოზიციაზე დავით ბაქრაძეა.
- პრემიერს კარგად უნდა ახსოვდეს ის კვლევები, რომელსაც შარშან, 1-ელ ოქტომბრამდე აქვეყნებდნენ და იმჟამად თვითონაც არ ენდობოდა. 1-ელმა ოქტომბერმა ცხადყო, რომ რეიტინგები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ახლა რატომ სჯერა ივანიშვილს ამ კვლევების?
დავით ბაქრაძე ახლოსაც ვერ მოვა ჩემთან.

- საზოგადოებრივ მაუწყებელში დებატებში მონაწილეობაზე უარი რატომ თქვით?
- მე  ფარსში მონაწილეობაზე ვთქვი უარი.

არ დამიშვეს დებატების იმ ნაწილში, რომელშიც მარგველაშვილი, ბაქრაძე, თარგამაძე და ხარატიშვილი იყვნენ და მჟავიასთან, ჯავახაძესა და დავითაშვილთან მიმიჩინეს ადგილი. თქვენ რა, ასეთ დებატებს სერიოზულად აღიქვამთ?! მარგველაშვილი არაერთხელ გამოვიწვიე დებატებში, ახლაც იმავეს ვთავაზობ, მაგრამ ეშინია. როგორ უნდა ელაპარაკოს მარგველაშვილი პუტინსა და ობამას, თუ მას ბურჯანაძესთან დებატებისა ეშინია?  მე ვიცი, რომ არჩევნები მოგებული მაქვს. შევხვდი ასიათასობით მოქალაქეს და ვხედავ მათ განწყობას. გარწმუნებთ, მათ ხმებს დავიცავ და არავის ვურჩევ არჩევნების გაყალბებას. ჩვენ გვყავს უამრავი დამკვირვებელი. შესაბამისად, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი შედეგი არჩევნების შედეგისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამას არ შევურიგდებით.

- გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბრის პირველ ორ კვირაში თქვენმა პარტიამ 400.000 ლარის შემოწირულობა მიიღო, აქედან 60.000 ლარი პირადად თქვენ გაიღეთ.
- მერე რა, ვის გაუკვირდა, რომ ნინო ბურჯანაძეს 60.000 ლარი აქვს, რომელიც თავის საპრეზიდენტო კამპანიას შესწირა? რაც შეეხება 400.000 ლარს, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შემოიტანა პარტიაში.

- თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში როგორი იქნება ქვეყნის საგარეო კურსი?
- ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე, ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ვიზრუნებთ  ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის აღდგენაზე.

- და ეს ყველაფერი მოხდება რუსეთთან დაახლოებისა და ევროინტეგრაციაზე უარის თქმის ხარჯზე?
- ევროპასთან ურთიერთობა გაგრძელდება, მაგრამ აუცილებლად დამყარდება ინტენსიური, მყარი და მჭიდრო ურთიერთობა რუსეთთან. საკითხის ასე დაყენება: დასავლეთი თუ რუსეთი - არასერიოზულია და სააკაშვილისა და მისი დამქაშების მოგონილია.

P. S. ჩვენ გვსურდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველა ანგარიშგასაწევ კანდიდატთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძესთან ეს ვერ მოხერხდა. მან მოუცლელობა მოიმიზეზა და ჩვენთან საუბარს თავი აარიდა.

ნათია დოლიძე
MRJC
24 ოქტომბერი 2013 18:09
კარგით რა, რისი გამკეთებელია ეს?
ხელისუფლებაში იყო და მკვლელებს ხელი აფარა, ხალხის დამრბევებს მედლები ურიგა და რო გამოაპანღურეს მაშინ გაახსენდა ხალხი?
26 მაისსაც ამან არ შეაკლა ხალხი დარბევას? სისხლი სწყუროდა ამასაც და მიშასაც და ხალხი შეეწირა შედეგად

მოღალატეა ეს ქალი ქვეყნის
რევაზი
24 ოქტომბერი 2013 16:55
7 ნოემბერს ხალხი რომ დაგვარბიეს ბატონმა ივანიშვილმა თავისი და მიშიკოს სპეცნაზი პრემიებით დააჯილდოვა
liliko
23 ოქტომბერი 2013 17:31
ოცნებას კაცი არ მოუკლავს და რაღა ნინოს მოკლავს იოცნებე

რედაქტორის რჩევით