"ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ" - კვირის პალიტრა

"ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ"

"საბჭოთა კავშირი მონაგონია იმასთან, რადაც შეიძლება გადავიქცეთ", - პროგნოზირებდა ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას. მაშინ, ალბათ, მარგველაშვილისთვის ვინმეს რომ ეთქვა (ისევე როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის), რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლება დიდი ექსცესების გარეშე შეიცვლებოდა და მეტიც, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი მმართველი ძალის კანდიდატი თავად მარგველაშვილი იქნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის თვალით შეხედავდა. ცხოვრება მართლაც სავსეა მოულოდნელობებით.

მოულოდნელობაზე გამახსენდა - ბევრისთვის, ალბათ, "სიურპრიზი" დებატებისას ყოველთვის გაწონასწორებული და კონსტრუქციული მარგველაშვილის მიმართვა იყო ოპონენტ გიორგი თარგამაძისადმი - "მოისვენე, თორემ მოგასვენებ". სიმართლე გითხრათ, გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუს დაწყებას სწორედ ამ ეპიზოდის გახსენებით ვაპირებდი, თუმცა რესპონდენტმა განაცხადა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს, ვიდრე ტელეეთერში კამათია. ამიტომაც საუბარი იმით დავიწყეთ, დაახლოებით რამდენი ხმის მიღებას ვარაუდობს არჩევნებზე "ოცნების" კანდიდატი:

- თუ 27 ოქტომბერს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მივა საარჩევნო ყუთთან, ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ.

- დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პრემიერის განცხადებას, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. მეორე ტური რომ დაინიშნოს, ვურჩევ, არ მიიღოს მონაწილეობაო. ვთქვათ, მართლაც დაინიშნა მეორე ტური.

- მე და ბიძინა ივანიშვილს ერთი პოზიცია გვაქვს. პარტნიორები იმიტომ კი არ ვართ, რომ პრეზიდენტი გავხდე. ეს ქვეყნის მშენებლობაში პარტნიორობაა. სხვათა შორის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ზემოხსენებულ თემაზე საუბრობდა, აქცენტი იყო იმაზე, რომ მეორე ტური არ იქნებოდა. მოდი, პროცედურულად კი არა, პოლიტიკურად შევაფასოთ, რას ნიშნავს მეორე ტური. შარშან ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ და მის მიერვე დაწყებულმა პოლიტიკურმა პროცესმა დაამთავრა ცხრაწლიანი პოლიციური რეჟიმი. სააკაშვილი ქვეყანას მართავდა ავტოკრატიული მეთოდებით, რათა საზოგადოება მუდმივად წნეხში ყოფილიყო. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შანსი არ ჰქონდა, ყველა ოჯახში შესული იყო პოლიციის უხილავი ხელი - პრობაციონერის, ნაწამები და დაპატიმრებული ხალხის, კონტროლირებადი მედიის თუ ეკონომიკური ბერკეტების სახით. ქვეყანა იყო ეკონომიკურად წელში გაწყვეტილი, ომში დამარცხებული და შეურაცხყოფილი. შარშან სრულიად მშვიდობიანად, ხალხის ნებით, ჩვენმა კოალიციამ შეუძლებელი შეძლო - ხელისუფლება წაართვა ქვეყნის დამტერორებლებს. რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში? სახელმწიფო შემოვატრიალეთ ადამიანისკენ, მისი გაჭირვებისკენ.

ეს გამოიხატა პოლიციის სრულ დეპოლიტიზებაში. ის აღარ არის დათრგუნვის მანქანა; ეს გამოიხატა მედიის, ბიზნესის გათავისუფლებაში; სახელმწიფომ არნახული სიუხვით დააფინანსა სოციალური პროგრამები - უფასო ჯანდაცვა 2,5 მილიონი საქართველოს მოქალაქისთვის, დაზღვევა, გაზრდილი პენსიები და შემწეობები, მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა, გაძლიერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, უპრეცედენტო სოფლის მეურნეობის პროგრამა, ორგანიზებული რთველი კახეთში და ა.შ. რაც მთავარია, ეს ხდება ერთი წლის განმავლობაში, კოაბიტაციის რეჟიმში, როდესაც მთელი საპრეზიდენტო ინსტიტუტი და უმცირესობა ხელისუფლების დისკრედიტაციით იყო დაკავებული და ხან რევოლუციებს აანონსებდნენ და ხან კონსტიტუციურ კრიზისებს. ამ ფონზე კითხვის დასმა: უნდა თუ არა მოსახლეობას უკან, ცხრაწლიან ტანჯვასა და სააკაშვილის რეჟიმში დაბრუნება, მოდელირებული "ქრონიკის" კითხვაა. შესაბამისად, კითხვა: არჩევნებში უნდა მიიღოს თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატმა 50%-ზე მეტი, არარეალური, სიურრეალისტურია.

ბიძინა ივანიშვილიც და მეც ნათლად ვაცხადებთ: პრაქტიკულადაც და თეორიულადაც შეუძლებელია, რომ მოსახლეობას სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება უნდოდეს. შესაბამისად, როდესაც გეკითხებიან, იქნება თუ არა მეორე ტური, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: თუ ასე ძალიან ვცდებით შეფასებებში, თუ ბიძინა ივანიშვილსაც და მეც ასე ძალიან გვეშლება და გვგონია, რომ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას, მაშინ ასევე არასწორად დაგვიგეგმავს რეფორმები და ქვეყნის განვითარება. ბიძინა ივანიშვილის თვითმიზანი რომ არ არის თანამდებობა, ყველამ კარგად იცის. არც ჩემთვის არის თვითმიზანი, რომ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს მოვუგო. ჩემი მიზანია, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ვოცნებობთ და თუ არ არსებობს საამისო საზოგადოებრივი კონსენსუსი და ჩვენს მოსახლეობას არ სურს აყვავებული და განვითარებული ქვეყნის აშენება, მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ეკარგება.

- თქვენ კოაბიტაცია ახსენეთ, რომლის 27 ოქტომბერს დასრულებაც თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო სლოგანია. რას გულისხმობთ კოაბიტაციის დასრულებაში?

- კოაბიტაცია გულისხმობს, რომ ხელისუფლებაში არ არის კონსოლიდირებული ძალა და ხელისუფლების ერთ შტოს აკონტროლებს ერთი პოლიტიკური ძალა, მეორე შტოს კი - მეორე. პრეზიდენტს ჰქონდა ბევრი ბერკეტი, რომ ხელი შეეშალა პარლამენტისა და მთავრობის მუშაობისთვის. მისი სულისკვეთება მიმართული იყო ჩვენი პროგრამებისა და მუშაობის საბოტირებისკენ. ეს დასრულდება. პრეზიდენტი იქნება გამაძლიერებელი ხალხის საკეთილდღეოდ მიმართული სახელისუფლებო პროექტებისა და დამბალანსებელი პოლიტიკური დისკუსიებისა. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს პროცესი მიმდინარეობს ისევე, როგორი პოლიტიკური ძალაც ვართ, ანუ თანამედროვე ევროპულ სამართლებრივ რეჟიმში. საქართველოში სამართლიანობა აღდგა იმ მომენტიდან, როდესაც ქვეყანაში შეწყდა პოლიციური რეჟიმი და ადამიანთა დევნა. სამართალდარღვევები გამოსწორდება ნელ-ნელა და სამართლებრივად. ნებისმიერი იდეოლოგია, რომ თურმე ჩვენ სასამართლოს გზით კი არა, არამედ სააკაშვილის მსგავსი სამარცხვინო ფორმით უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, სააკაშვილის, საბჭოთა მენტალიტეტის გამეორებაა. ჩვენ ვართ ცივილიზებული, ევროპული ძალა - ეს კი სამართლის უზენაესობას გულისხმობს. ისე, ღმერთმა დამიფაროს და, უკანონობისა და ლინჩის წესის მომხრეც რომ ვიყო, კონსტიტუციით ამის შესაძლებლობა არ არის.

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების მომდევნო დღეებში? მაგალითად, ვანო მერაბიშვილის პროგნოზით ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა არეულობის მოწყობას გეგმავს.

- დააკვირდით, რა საინტერესო ვითარებაა. საქართველოში დავასრულეთ პოლიციური რეჟიმი, მაგრამ მივიღეთ უფრო კანონმორჩილი საზოგადოება. ამაში დიდი როლი მიუძღვის როგორც შსს-ს, ისე ქართველ საზოგადოებას. შარშანდელთან შედარებით თვისებრივად იკლო დანაშაულმა იმ ფონზე, რომ უპრეცედენტო ამნისტია გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ანტიკონსტიტუციური ქმედება შეუძლებელია იმიტომ, რომ მას მხარს არ დაუჭერს ხალხი. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება კრიზისების შესახებ მხოლოდ მოდელირებული მენტალიტეტის შედეგია.