მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - პელე და გარინჩა?!
21-10-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - პელე და გარინჩა?!
ქება თუ კრიტიკა?

გული მწყდებოდა, წინა შეხვედრაზე ხუდონჰესზე ივანიშვილისთვის შეკითხვის დასმის საშუალება რომ არ მომეცა. ჰოდა, ხუთშაბათს თავად დაუსვა ეს შეკითხვა საკუთარ თავს ჩემი სახელით. თან განაცხადა, ამ მეტრეველს მაგრად ვაპიარებო. ძნელია, ამაში არ დაეთანხმო. ვერც იმაზე კარგ რეკლამას ინატრებ, ლამის ყველა პრესკონფერენციასა თუ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი რომ გახსენებს. ამ დროს რა მნიშვნელობა აქვს, გაკრიტიკებს თუ გაქებს? თუმცა, ბოლო დროს ხშირად ამბობს, კარგი ბიჭიაო. თან ოპონენტს მეძახის, თან მსაყვედურობს რაღაც-რაღაცებს, თან
მაქებს. ეს ცუდია თუ კარგი, აღარ ვიცი.
თუმცა ჟურნალისტებზე ისევ აღრენილია.

ამჯერად ცოტა შეცვლილი ფორმატი აირჩია. პრემიერი პრესის და რადიოს ხელმძღვანელებს ციტატებით შეიარაღებული აღარ დახვდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რამდენიმე ჩემი კოლეგა გაეკრიტიკებინა. კრიტიკას ვინ ჩივის - პირდაპირ იარლიყები მიაწება. განაცხადა, რომ "მაესტროს" ჟურნალისტები
დაგოიმდნენ, რადგან ჰგონიათ, რომ ყველა სიტუაციაში მთავრობა უნდა აკრიტიკონ, რომ მათ მიშა მოენატრათ... ვფიქრობ, ძალიან სასაცილოა, ან დიანა ტრაპაიძეს, ან თეონა გეგელიას მიშას მონატრება დააბრალო და ამაზე ლაპარაკი არც ღირს, უბრალოდ, ერთი ცუდი ტენდენცია გამოიკვეთა. თუ თავად უყურა იმ გადაცემას, რომლის მიხედვით შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ ჟურნალისტებს მიშა ენატრებათ, გამოდის, რომ რაღაც ხელს უშლის, სურათი სრულად აღიქვას და მას მხოლოდ ფრაგმენტულად ხედავს (რა არის ეს რაღაც, ჩემთვის გაუგებარია), თუმცა თუ ასეა, ეს ძალიან ცუდია. თუ ასეთ განცხადებებს იგი სხვის მონაყოლზე დაყრდნობით აკეთებს, საქმე კიდევ უფრო ცუდად გვქონია, რამეთუ ენდობა ადამიანს, ვისაც ნათქვამის აზრის გაგება უჭირს ან შეგნებულად ამახინჯებს ინფორმაციას. ვინ არის ეს ადამიანი, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდო. ორივე შემთხვევა ცუდია პირველ რიგში თავად ივანიშვილისთვის. რაც შეეხება "მაესტროს" ჟურნალისტებს, ისინი ამას როგორმე გადაიტანენ.

პელე და გარინჩა?!

მარგველაშვილმა ივანიშვილს რომ უთხრა, პელე ხარო, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ამ ამბის გახმაურების დღეს სოციალურ ქსელებში პელეს შიშველი ფოტო თუ გამოქვეყნდებოდა და ყველა ამაზე ილაპარაკებდა. მარგველაშვილმა კი შეადარა პრემიერი ფეხბურთის მეფეს, მაგრამ პასუხად რა მიიღო? რჩევა, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას. "ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია მეორე ტური, მაგრამ თუ ეს მოხდა, ცოტა უხერხულია. რომ შედგეს მეორე ტური, მე პირადად, მარგველაშვილს ვურჩევდი, რომ არ მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა ივანიშვილმა. წარმოგიდგენიათ, პელეს რომ ეთქვა გარინჩასთვის - თუ მაყურებელმა კარგად არ გვიგულშემატკივრა და ძირითად დროში ვერ მოვიგეთ, დამატებით დროში თამაშზე უარს ვამბობთო, გარინჩას რა სახე ექნებოდა? თუმცა გაკვირვება სულაც არ დასტყობია ბატონ მარგველაშვილს. პირიქით, სიამოვნებით დაეთანხმა პრემიერს. "მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ივანიშვილი ყველა შეხვედრაზე სთხოვს ჟურნალისტებს, თქვენი პოზიცია გქონდეთო და აჰა, ჩემი პოზიცია: მე არ მომეწონებოდა პრეზიდენტი, რომელიც პრემიერის საეჭვო რჩევას ასე უაპელაციოდ იღებს. მესმის, რომ მარგველაშვილის კანდიდატობა ივანიშვილის დამსახურებაა, მაგრამ ამის გამო ყველაფერში კი არ უნდა დაეთანხმო! რა გამოდის - სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მეორე ტური რომ ტარდება და მასში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები მონაწილეობენ, უთავმოყვაროები არიან? რას ნიშნავს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა? თუ პირველ ტურში მხარი მოსახლეობის 49 პროცენტმა დაგიჭირა, ეს შეურაცხმყოფელია? ამ ხალხს პატივი არ უნდა სცე და უნდა მიატოვო? ის კი არა, ივანიშვილმა ისიც თქვა, 55 პროცენტიც კი ჩემთვის უსიამოვნო იქნება, მინიმუმ 60-65 პროცენტი უნდა ავიღოთო, თუ არა და, ენთუზიაზმი დამეკარგებაო. ეს რაღაა? ხალხს უნდა გაებუტო? გასაგებია, ფიქრობ, რომ ქვეყანას დიდი სამსახური გაუწიე, როდესაც მიშა მოაშორე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შენს დასახელებულ კანდიდატს მათ უსიტყვოდ უნდა დაუჭირონ მხარი ან რასაც იტყვი, სიტყვის შეუბრუნებლად გააკეთონ? თუ 65% დაუჭერს მხარს ჩემს კანდიდატს, მეტი ენთუზიაზმი მექნებაო. და 51%-ის შემთხვევაში ეს ენთუზიაზმი რატომ გაქრება? ხომ შეიძლება, ამ ხალხს ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაც არ მოეწონა, ან შენი დასახელებული კანდიდატი არ მოსწონს ვიღაცას? თუ მხარდამჭერების რაოდენობა შემცირდება, მაშინ უფრო არ უნდა იმუშაო მონდომებით?

მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილის ეს განცხადება ამომრჩევლების გააქტიურებას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, ეშინია, რომ მისი მხარდამჭერები იზარმაცებენ და არჩევნებზე არ მივლენ, ამიტომაც თამასა ასწია - აქაოდა, ხალხს შეეშინდება, პრეზიდენტი ბაქრაძე ან ბურჯანაძე არ გახდეს და კისრისტეხით გაიქცევა არჩევნებზეო. ზოგმა ამას ამომრჩევლის დაშანტაჟება უწოდა. ეს ხალხის მობილიზების იმდენად უცნაური მეთოდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც კი გაოგნებული დარჩა და მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, მის სიტყვებს პირდაპირ ნუ გაიგებთ, მეტაფორა იყოო. ჰოდა, თუ აქამდე რუსთაველის მეტაფორები ითვლებოდა ყველაზე ორიგინალურად, ახლა მარგველაშვილი აშკარად სჯობნის!..
david67
25 ოქტომბერი 2013 04:36
ისე პელეც გარინჩაც სლავა მეტრეველიც ყველანი მაგარი ფეხბურთელები იყვნენ.მაგრამ ამ მერაბს რა უნდა ვერ გავიგე? დიახაც ბატონო თუ ძირითად დროში ვერ უგებ სუსტ გუნდს ეს სამარცხვინოა, თანაც პენალტებამდე რომ მიგყავს საქმე. აქაც ეს იგულისხმება და არა ის რომ მაინცადამაინც გაბუტვა. დიახაც ვერ ყოფილა ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი თუ მეორე ტური დასჭირდა ამ არჩევნებს. თქვენ ვაი ჟურნალისტებო სულ ყურადღების ცენტრში გინდათ იყოთ. მოეშვით ამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. თქვენი საქმეა ინფორმაციის ობიექტური გადმოცემა და არა პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა. თქვენი აზრები ისევ თქვენ გქონდეთ
ქართველი
24 ოქტომბერი 2013 14:54
მერაბი ყოველთვის წერდა და წერს სიმართლეს! ამიტომაც არც ნაციონალებს მოსწონდათ და არც ოცნება წყალობს. მის კალა
.
24 ოქტომბერი 2013 12:31
ძალათი პროფესორი სულ ჭკუას გვასწავლის..შენ მავანისა და მავანის რამდენი "მეტაფორა" გაგიპრავებია?რამდენი სისულელისთვის და ტყულისთვის მიგიძღვნია დითირამბები?თავი შეგვაწყინე ვითომ ჟურნალისტო,ვითომ პროფესორო

რედაქტორის რჩევით