ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
28-10-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ქართული პოლიტიკის ტრანსფორმირება სააკაშვილის ჰალსტუხიდან სერგეენკოს ჰალსტუხამდე

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური ეპოქა დასრულდა. ჩვენ ეს შევძელით: გავარღვიეთ რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების, გაყალბებული არჩევნების 20-წლიანი მოჯადოებული წრე და 2 წლის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ ჩავატარეთ მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები. დამოუკიდებლობის მოპოვების 24 წლისთავზე შეგვიძლია ისტორიას ვუპატაკოთ, რომ სამართლიანი არჩევნების გზით ავირჩიეთ პარლამენტიც და პრეზიდენტიც. და რაც მთავარია, ავირჩიეთ ისეთები, რომლებიც წავლენ ისევე, როგორც მოვიდნენ: მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით.

რითი შევა მიხეილ
სააკაშვილის პოლიტიკური ეპოქა საქართველოს ისტორიაში?! ამჯერად, მინდა ვიხელმძღვანელო პრინციპით: წარსულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, თანაც ამ ეპოქის სიმწარე და სიმწვავე ყველამ საკუთარ მხრებზე გამოვცადეთ, ამიტომ ორიოდე სიტყვით იმის შესახებ, რაც წლებს გაუძლებს და პოზიტივად ჩაიწერება.

მიხეილ სააკაშვილის შეცდომაც და დანაშაულიც ის იყო, რომ მან
ძალაუფლების სიმძიმეს და ცდუნებას ვერ გაუძლო. ის აშენებდა სახელმწიფოს, მაგრამ არა მოქალაქისთვის, არამედ მოქალაქის ხარჯზე. მისთვის ამომრჩეველი იყო მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება და არა მიზანი, რომლის საკეთილდღეოდაც უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში. და ამის მიუხედავად, რა იქნება ის პოზიტიური მხარე, რითაც დაამახსოვრდება ის ობიექტურ შემფასებელს?! მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში ჩამოყალიბდა დასავლეთზე ორიენტირებული ახალგაზრდობის მთელი თაობები, რომელთა არსებობა ქართველ საზოგადოებაში ქმნის იმის მყარ ნიადაგს, რომ საქართველო აღარასდროს გახდება აღარავის მონა და კუჭის მოსატყუებელ სასუსნავზე არ გაცვლის ქვეყნის დამოუკიდებლობას.

და მეორე: ალბათ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თავდაპირველ განზრახვად, რომ შარშან საპარლამენტო არჩევნებზე მთელი საქართველო „ხაშურად“ ექცია, ანუ მთელ საქართველოში მიგვეღო ის, რაც ვნახეთ 1-ელ ოქტომბერს, არჩევნების დასასრულს ხაშურში, საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმის შეცვლით, მაგრამ, როგორც ჩანს, მასში რაციონალიზმმა იმძლავრა და ამერიკის უპრეცედენტო ზეწოლით და ბიძინა ივანიშვილის უპირობო დამსახურებით, ჩვენ მივიღეთ გამსახურდიას შემდეგ პირველად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაბარებული ხელისუფლება.

შეიძლება ბევრი ვიდავოთ ტერმინებზე, თუ როგორ შევაფასებთ სააკაშვილის ამ ნაბიჯს: ის მიხვდა, რომ საკუთარ ხალხთან სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში ჩაბმით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანდა; რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და სხვა, მაგრამ შედეგი ერთია: მან ეს შეძლო - უარი თქვა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება. თუმცა, ამ საკითხში მთავარი ინტრიგა წინ გვაქვს: ბოლო პერიოდში ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოვა დრო და იტყვის, როგორ მოახერხა ის, რომ სააკაშვილს მშვიდობიანად დაათმობინა ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდოთ ივანიშვილის აღიარებას, რომლის ღია პოლიტიკაში ყოფნის ორწლიანი ეპოპეაც ალბათ, ასევე რამდენიმე დღეში დასრულდება და უკვე შემდგომ ვისაუბროთ მის დამსახურებებზე ქართული პოლიტიკის განვითარებაში.

მისი უდიდებულესობა საქართველოს ამომრჩეველი

ამჯერად კი, როცა მიხეილ სააკაშვილი საკუთარი შეცდომების გრძელ ნუსხას თვალს გადაავლებს, ბოლო შეცდომების რიგში მწარედ გაახსენდება, როგორ მიუვარდა ანდრო ბარნოვი კონფლიქტისპირა ზონის სოფლებში მოსახლეობის დასახმარებლად ჩასულ დავით სერგეენკოს. რომ არა პიარმოსურნე ბარნოვის ეს ამჩატებული ნაბიჯი, მთელი საქართველო ვერ ნახავდა, როგორ სინჯავდა თავად, საკუთარი ხელით ჯანდაცვის მინისტრი გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს. და აი ასე, თავისი პრეზიდენტობის დასასრულს კიდევ ერთი ლეგენდის აგორებას შეუწყო ხელი თავისდა უნებურად სააკაშვილმა - ამჯერად, ლეგენდა დავით სერგეენკოსი.

დაბოლოს, რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია: როცა ხელისუფლებამ სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ გამოაცხადა, მაშინვე ვთქვი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილს დაასახელებდნენ, იმდენად მსუყე ნიადაგი იყო სახელმძღვანელოების თემა მარგველაშვილის პიარისთვის. ამ ერთი თვის წინ კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ისტორია სერგეენკოს ჰალსტუხის შესახებ: თუ როგორ გადააწყდა შემთხვევით ჯანდაცვის მინისტრი ქუჩაში ტრავმამიღებულ მოქალაქეს და როგორ გადაუჭირა ჭრილობა, პირველი, რაც ხელში მოხვდა იმით, ანუ თავისი ჰალსტუხით, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მიუსწრებდა. როცა ეს ისტორია წავიკითხე, მაშინვე ვიფიქრე, თუ როგორი კარგი ნიადაგი იყო ამჯერადაც ეს თემა  უკვე საზოგადოებრივი განწყობის სერგეენკოს პრემიერობისთვის შესამზადებლად. ამ ისტორიას მალევე ბარნოვის „მიხტომა“ თუ ჩახტომაც“ ზედ დაერთო და მას მერე გორგალივით აგორდა სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი. ვნახოთ, რამდენად გამიმართლებს ამჯერადაც ჩემი ანალიზის უნარი თუ ინტუიცია.

და თუ დავით სერგეენკო მოგვევლინა პრემიერად, დამეთანხმებით, საინტერესო იქნება ქართული პოლიტიკის ტრანსფორმირება სააკაშვილის ჰალსტუხიდან სერგეენკოს ჰალსტუხამდე?!
და ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურებით: მისი უდიდებულესობა საქართველოს ამომრჩევლის.
lalo
30 ოქტომბერი 2013 10:15
ხათუნა, მომეწონა სტატია. ქართულმა პოლიტიკამ უკვე განიცადა ტრანსფორმირება, რადგან ადრე თუ ჰალსტუხი საკვებთან ან ღეჭვასთან ასოცირდებოდა, ახლა იგი ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტასთან იგივდება) მგონი, დიდი და მძიმე გზა გამოიარა ამ აქსესუარმა, ეს ხუმრობით, ისე კი ცხადია, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება და ღმერთმა ქნას, ღირსეულჰალსტუხიანები მართავდნენ ქვეყანასაც და პოლიტიკასაც!

რედაქტორის რჩევით