"ნაციონალურ მოძრაობას" არ დასცალდა, თორემ ჩინურ კედელს შემოავლებდა დედაქალაქს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობას" არ დასცალდა, თორემ ჩინურ კედელს შემოავლებდა დედაქალაქს"

კობა კობალაძე:"უპირველესი ამოცანა პრეზიდენტის დაცვა იყო. სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე ამ ზღუდეების აგებას"

ირაკლი სესიაშვილი: "სააკაშვილმა  პრეზიდენტობის ბოლო სამი დღეც საკუთარი "შავი" პიარისთვის გამოიყენა"

დავით დარჩიაშვილი: "არ იცით, რომ ქვეყანაში მე-5 კოლონაა და ვინც რუსეთის აგენტი იყო, ყველა გამოუშვეს ციხიდან?!"

თანამდებობიდან წასვლის წინ სააკაშვილმა ტელეეთერით საკუთარი მთავრობის მიღწევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და 2008 წლის ომის შემდგომ თბილისის ირგვლივ აგებული საფორტიფიკაციო ობიექტების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება. მთავარსარდალმა მსოფლიოს დასანახად დეტალურად აღწერა, სად რა თავდაცვითი ზღუდეები აიგო თბილისის უსაფრთხოებისთვის. მისი ემოციურობა და საიდუმლო საკითხებზე საჯაროდ საუბარი ახალი ამბავი არ არის, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო და პარლამენტი მაინც აღშფოთდნენ, პრეზიდენტი კი მხიარულად პასუხობდა ჟურნალიტებს, რუსებმა ისედაც იციან ჩვენი საიდუმლოებები და რაღა აზრი აქვს დამალვასო.  "კვირის პალიტრა" პოლიტიკოსებსა და სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა.

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: - გაუგებარია სააკაშვილის არგუმენტი, რუსებმა ისედაც იციან ყველაფერიო... სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ბოლო სამი დღეც საკუთარი "შავი" პიარისთვის გამოიყენა. მისი გამოხდომა მთავრობის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და ვერ ხვდება, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ქვეყნის ინტერესები ზარალდება.

- მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დაწყებული პროექტები აღარ გრძელდება, რაც საეჭვოს ხდის მთავრობის დასავლურ ორიენტაციას.

- თუ პრეზიდენტს გული სტკივა, რომ პროექტები გაჩერდა, დაჰკავშირებოდა თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას. პროექტები არ შეჩერებულა. ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებლად ჩავთვალეთ, ბოლომდე მივიყვანეთ. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ფინანსები უმისამართოდ დახარჯოს.

- სწორი გადაწყვეტილება იყო თავდაცვითი ზღუდეების გაკეთება თბილისის გარშემო?

- თბილისი სავარაუდო ფრონტის ბოლო ხაზია. თუ დედაქალაქში გავმაგრდებით და მხოლოდ მისი დაცვა იქნება პრიორიტეტული, მაშინ კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ, რომ ქვეყნის კი არა, თბილისის თავდაცვა გვევალება. როცა ზღუდეებს აშენებდნენ, რას უპირებდნენ რეგიონებს ან რატომ აქცევდნენ დარტყმის ობიექტად თბილისს?..

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: - პრეზიდენტი წუხს, რომ  ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის დაწყებული ყველა პროექტი შეაჩერა. მან ხალხს აუხსნა, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება და რას ითხოვდა ივანიშვილის მთავრობისგან. გაუგებარია, რატომ ატყდა ამაზე ერთი ამბავი.

- მთავარსარდალი საიდუმლო ინფორმაციას რომ ასაჯაროებს, მართებულად მიგაჩნიათ?

- ყველამ ყველაფერი იცის, სად რა არის აშენებული. საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?! არ იცით, რომ ქვეყანაში მე-5 კოლონაა და ვინც რუსეთის აგენტი იყო, ციხიდან გამოუშვა ივანიშვილის ხელისუფლებამ?!

- მხოლოდ თბილისის ირგვლივ რატომ აშენდა საფორტიფიკაციო ნაგებობები?

- თუ გინდა ქვეყანა სუვერენული იყოს, სადაც სახელისუფლებო ინსტიტუტები და პოლიტიკური გულია, იმ ცენტრზე განსაკუთრებით უნდა იზრუნო.

- ფიქრობთ, რომ აგრესორს ამ თავდაცვითი ზღუდეებით შევაკავებდით?

- საფორტიფიკაციო ნაგებობების საჭიროება სპეციალისტებმა გადაწყვიტეს. ვფიქრობ, მათ ჩვენზე მეტი ესმით.

- ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის გარანტია.

- ერთს გაგახსენებთ: როცა პრეზიდენტმა უსაფრთხოების საკითხებზე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება და მინისტრებთან შეხვედრა მოისურვა, პრემიერს არ ესიამოვნა. ივანიშვილს არ ესმის, რამდენად აუცილებელია უშიშროების საბჭოს მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

- სომხეთის ხსენებისას პრეზიდენტმა დიპლომატიურობა ნამდვილად ვერ გამოიჩინა. ხომ არ გაღიზიანდება ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომ ომში ლამის რუსეთის მხარდამჭერად დაასახელეს?

- სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც რუსებს ბაზები აქვთ, ადგილობრივი ხელისუფლების დაუკითხავად შეუძლია მისი გამოყენება. გონიერმა პოლიტიკოსმა ყველანაირი საფრთხე უნდა გაითვალისწინოს. თუ გგონიათ, პრეზიდენტმა სომხეთის სახელმწიფოზე თქვა რამე ცუდი, ძალიან ცდებით.

კობა კობალაძე, სამხედრო ექსპერტი:

- შეცდომა იყო თბილისის გარშემო მანერჰაიმის ხაზის გაკეთება. რას ვიცავთ და ვის ვიცავთ, მხოლოდ თბილისს თუ ქვეყანას?! ეს არის ფსიქოლოგიურად წარსულ საუკუნეებში დაბრუნება, როცა ბარიერად სიმაღლე თუ კედელი ითვლებოდა. ნაგებობები შენიღბულიც არ არის, ტრასაზე მიმავალი ბავშვებიც კი  ეკითხებიან მშობლებს, ეს რა გვირაბებია ფერდობებზეო.

- მაშ, რა საჭირო იყო ამხელა ნაგებობების აშენება და დიდი ფულისა და ენერგიის დახარჯვა?

- 2008 წელს ყველამ ვნახეთ, როგორ გადმოიყვანეს მოწინააღმდეგის შეხების წერტილებიდან ყველა სამხედრო ნაწილი თბილისში. ჩანს, უპირველესი ამოცანა პრეზიდენტის დაცვა იყო. სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე ვერც ამ ზღუდეების აგებას და ვერც ომის დროს მათ მოქმედებას.

- ადმინისტრაციული ქალაქის დაცვას ვცდილობდითო, ეს არის მათი პასუხი.

- მხოლოდ თბილისში ცხოვრობს ხალხი? ვინ განსაზღვრა, რომ აქ უნდა აშენებულიყო თავდაცვითი ზღუდეები? რადგან დედაქალაქია, იმიტომ? მით უფრო უნდა მოერიდო ასეთ ქალაქს და არ უნდა გახადო საერთო-საჯარისო პოლიგონად. კიდევ კარგი, "ნაციონალურ მოძრაობას" არ დასცალდა, თორემ ჩინურ კედელს შემოავლებდა დედაქალაქს.

უტა ბიწაძე