მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ისტორიული არჩევნები

როდესაც ამ სტატიას წაიკითხავთ, ახალი პრეზიდენტის ვინაობა უკვე გეცოდინებათ. დამთავრებული იქნება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემის პრეცედენტი, რომელიც საბოლოოდ ინაუგურაციის დღეს გაფორმდება. მანამდე კი უკვე მოვესწარით კოაბიტაციას, რომელიც საქართველოში სალანძღავ სიტყვად იქცა; მოვესწარით ოპოზიციონერ  პრეზიდენტს, რომლის სახელი და გვარიც ბევრისთვის ასევე სალანძღავია და რომელიც, ბოლო დღეებია, თავადაც ისე ილანძღება, თითქოს პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდეს, თუმცა რაღა თითქოს! ამას რას მოვესწარით - მიშა მიდის! ჯერ კიდევ შარშან ამას ვინ წარმოიდგენდა?!

შევარდნაძე რომ წავიდა, მისი მომხრეები გვემუქრებოდნენ, მოგენატრებათ მამათიო. მოენატრება თუ არა ვინმეს ცხრუკვეთი, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი ჩვენ მოვესწარით ისეთ წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც თავ-პირს არავინ არავის ამტვრევს და პრეზიდენტს, სულაც, ვიღაცის ხათრით ვირჩევთ. მოვესწარით იმასაც, რომ ქვეყნის მმართველს ეხვეწებიან, დარჩიო და ის მაინც მიდის, თან ირწმუნება, კი არ მივდივარ, მოვდივარო. ანუ რა გამოდის? მიშა მიდის და ბიძინაც მიჰყვება. მოვიდა, დაამარცხა, წავიდა. მოვესწარით იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა ის კი არ არის, ვინ გახდება პრეზიდენტი, არამედ - ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი და ახალმა პრემიერმა თანამდებობაზე არჩევამდე ერთი თვით ადრე თავადაც არ იცის, პრემიერი რომ უნდა გახდეს.

სავარაუდოდ, რასაც მინიმუმ კიდევ ხუთი წელი ვერ მოვესწრებით, ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. სავარაუდოდ-მეთქი, ვამბობ იმიტომ, რომ გამორიცხული არაფერია და შაბათს, როდესაც ამ სტატიას (გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე) ვწერ, არჩევნების შედეგები არ ვიცით. ისე, მე ძალიან მინდოდა, ამ არჩევნებზე კიდევ ერთი პრეცედენტი შექმნილიყო და პირველად ჩვენს ისტორიაში გვქონოდა მეორე ტური. აქამდე ხომ პრეზიდენტებს მსუყე-მსუყე პროცენტებით ვირჩევდით და მერე მსუყე პანჩურით ვისტუმრებდით.

პრემიერის პრემიერა

უკვე ვთქვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა ის კი არ არის, ვინ იქნება პრეზიდენტი, არამედ - ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილიც ხალხს არაფრით ეუბნება მის სახელს.  მინიშნებებსაც ულუფებად გვაწვდის. ჯერ გაირკვა, რომ კვირიკაშვილი არ იქნება, კვირის ბოლოს კი ისიც გაგვიმხილა, მომავალი პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრიაო. მოკლედ, ეს კაცი მგონი "რა? სად? როდის?" გვეთამაშება. წრე სულ უფრო დავიწროვდა და ორი სავარაუდო კანდიდატი დარჩა: ღარიბაშვილი და სერგეენკო. დანარჩენები სხვადასხვა მიზეზით გამოირიცხა, თუმცა სიურპრიზებსაც ველოდებით.

როგორც დაგვპირდნენ, პრემიერის პრემიერა ამ კვირის სამშაბათს ან ოთხშაბათს შედგება, თუმცა ივანიშვილი, როგორც ჩანს, პრემიერის კანდიდატურის დასახელებით არ დაკმაყოფილდება. ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ წასვლამდე შეიძლება თბილისის მერის კანდიდატურაც დაასახელოს. პრემიერ-მინისტრის დასახელება ხომ ბადებს კითხვებს (თუ პოლიტიკიდან მიდის, თავად რატომ ასახელებს, მისცეს გუნდს თავისუფალი არჩევანის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მემკვიდრის დატოვებას ემსგავსება) და მომავალ წელს გასამართი არჩევნებისთვის მერობის კანდიდატის დასახელება მთლად გაუგებარია. თუ  არასამთავრობო სექტორში მიდის, მაშინ თავად რატომ უნდა გადაწყვიტოს, ერთი წლის შემდეგ მერობის კანდიდატად კოალიცია ვის დაასახელებს? რა თქმა უნდა, მას აზრის გამოთქმას ვერავინ დაუშლის, მაგრამ მთავარი კითხვა სწორედ აქ ჩნდება: იქნება ეს მხოლოდ აზრის გამოთქმა?

შემოდგომის ბუზი

როცა ივანიშვილი წავა, ვიტყვით, ჩააპრემიერა (ჩა- მისი საყვარელი ზმნისწინია) ან წაბიძინდა, ხოლო როცა მიშა წავა, ვიტყვით - წამიშდა, თუმცა ეს წამიშება ჯერ არ მოხდება. ის ინაუგურაციამდე კიდევ პრეზიდენტია, მაგრამ როგორც ჩანს, რაც უფრო ახლოვდება მისი წასვლის დღე, მით მეტად ნერვიულობს. წინა კვირას ივანიშვილი  გვარიანად გალანძღა, სულ წერა-კითხვის უცოდინარი ეძახა. მოკლედ, შემოდგომის ბუზივით იკბინება. ის კი არა, უკვე სახელმწიფო საიდუმლოების გათქმაც დაიწყო. ვიდეოკამერით მიიჭრა თბილისის ირგვლივ გაკეთებულ თავდაცვით ნაგებობებთან და მთელ მსოფლიოს აჩვენა ისინი -  რუსებმა მაინც იციანო.

თუმცა კვირის დასაწყისი სულაც არ იყო ცუდი. სახელმწიფოს მიერ მისთვის დაქირავებულ სახლში მივიდა და ცოლთან ერთად თავად ჩაალაგა ბარგი და კომპოტები, დედაჩემთან გადავდივარ საცხოვრებლადო. ყველაფრის პიარისთვის გამოყენება ვერ მოიშალა ამ კაცმა. ამით აჩვენა მთელ ქვეყანას, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში პირადი ქონებისთვის არაფერი შემიმატებია და როგორი უქონელიც მოვედი ხელისუფლებაში, ისეთი უქონელი მივდივარო.(!)

ყველაზე დიდი საოცრება კი მაინც მისი და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანის შებმა იყო. სწორი იყო თუ არა ჩახალიანის გამოშვება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის, რაც ახალქალაქში მოხდა, ნამდვილად იყო უნიკალური მოვლენა. ქვეყნის პრეზიდენტი ლანძღვა-გინებით დაედევნა  რამდენიმე მოქალაქეს. ისინი გარბოდნენ ყვირილით: მთავარსარდალი კი მისდევდა ძახილით: "სეპარატისტებო!" ოჰ, რა გულადი იყო ამ დროს! მართალია, ამ ვაჟკაცობას მეტწილად დაცვის თანამშრომლების თანხლება განაპირობებდა, მაგრამ მაინც დასაფასებელია ასეთი სიმამაცე. მერე რა, რომ ერთხელ გორში შეეშინდა, სამაგიეროდ, სეპარატისტებს ბდღვირი ადინა. ამ ეპიზოდს მემატიანე, ალბათ, ასე აღწერს: "და აოტნა მთავარსარდალმან საქართველოისა ურდონი სეპარატისტთანი, ბელადი რომელთა იყო ვაჰაგან ჩახალიანი."