"9-წლიანი სისხლის კალოს" დასასრული?! - კვირის პალიტრა

"9-წლიანი სისხლის კალოს" დასასრული?!

"რაზე ესაუბრა იგორ ივანოვი "ვარდების რევოლუციის" ლიდერებს"

"ჟვანია ადეიშვილს "ჩემს მიკი მაუსს" ეძახდა"

როგორ მუშაობდა "ღამის ტროიკა" - ადეიშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი...

"თუ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდა, არავინ აღიარებს, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა"

"2007 წელს სააკაშვილი ცხინვალში ივანიშვილმა შეაჩერა"

რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს? მისი პრეზიდენტობის ცხრაწლიან პერიოდს, რომელსაც ერთმა ჩემმა ნაცნობმა პოლიტოლოგმა "9-წლიანი სისხლის კალო" უწოდა! "მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის გამგეობის" თავმჯდომარე, პეტრე მამრაძე აფასებს:

- შეფასებისას არ ავყვები ემოციას, სიმპათიებს ან ანტიპათიებს. პირდაპირ გეტყვით, რომ 2003 წლისთვის მასობრივმა კორუფციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ საქართველო აღიარეს არშემდგარ სახელმწიფოდ, რომელიც არ უხდიდა ხელფასებს სამართალდამცველებს, მოსამართლეებს და ა.შ. ბიუჯეტი არ ივსებოდა. საქართველოს ზოგიერთ ადგილას პენსიონერებს სამი წელი იყო, პენსიაც არ აეღოთ. ამიტომაც მოხდა "ვარდების რევოლუცია". ეს ისტორიულად გარდაუვალი მოვლენა იყო და დასავლეთის როლი ამაში გადაჭარბებულია.

უბრალოდ, იმ დროს საქართველოს ჰაერივით სჭირდებოდა მოდერნიზაცია ყველა სფეროში. პირველი 4 წელი მართლაც ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: აღმოიფხვრა მასობრივი კორუფცია, შედეგი დაუჯერებელი იყო. სხვათა შორის, უზარმაზარ თანხებს იხდიდა ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი, რომ ნორმალური ხელფასები დარიგებულიყო სახელმწიფო სამსახურებში. მაშინ რატომღაც ყველას ეგონა, რომ ამას სოროსი აკეთებდა. კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია საბაჟოზე, სადაც კორუფცია თვალში საცემი აღარ იყო. თუმცა რეფორმების არანორმალური სისწრაფე და ეფექტიანობა განპირობებული იყო არა სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური ნებით, რაც ხშირად უკანონოდ კეთდებოდა.

სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედება ძალიან ჰგავდა მუსოლინის მმართველობის პირველ წლებს, ვგულისხმობ ყოფილი მოხელეების დაკავება-დაკითხვას, იძულებას, რომ ხაზინასა და "ნაციონალების" "ობშჩიაკში" ფული შეეტანათ. ამით გაძლიერდა ეს პოლიტიკური ძალა. იმავდროულად, ხელისუფლების პოლიტიკური ნების შესაბამისად იცვლებოდა წესები და კანონები. ერთი იყო, როცა ადამიანი აღიარებდა, მე ქურდი ვარო და ამიტომ ისჯებოდა, მეორე კი, როცა ნებისმიერს აღიარებინებდნენ იმას, რაც უნდოდათ. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბანკმა თავის ანგარიშში ჩაწერა, რომ ახალი ხელისუფლების შემოტანილი ცვლილებები უპრეცედენტოდ ეფექტიანი იყო, საქართველოს ბიუჯეტი 8-ჯერ გაიზარდა, პენსიების დარიგება დროულად დაიწყო. ამ ყველაფერმა შექმნა საფუძველი იმისა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლებაში 9 წელი გაძლო.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სრულიად თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 94 თუ 95% მიიღო, კონკურენტად აღარც ბურჯანაძეს განიხილავდა და აღარც ჟვანიას. თუმცა ჟვანია, როგორც მის და ასევე უცხოელი მეგობრების წრეში, სააკაშვილის კონკურენტად და ძლიერ ფიგურად განიხილებოდა. ბურჯანაძის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნომინალური იყო, რიგით დეპუტატებს (მაგალითად, ნიკა რურუას, გივი თარგამაძეს, გიგა ბოკერიას და ა.შ.), რომლებიც სააკაშვილის გარემოცვაში ტრიალებდნენ, მასზე მეტი გავლენა ჰქონდათ. ჟვანიას მიშა ბევრს არაფერს ეკითხებოდა. უფრო მეტიც, მაშინ შეიქმნა "ღამის ტროიკა" - ადეიშვილი, მერაბიშვილი და ოქრუაშვილი, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტთან საჭირბოროტო საკითხებზე შუაღამისას მსჯელობდნენ. დილაადრიან მისულ პრემიერ-მინისტრს კი სიახლეები ხვდებოდა.

ასეთ სიტუაციებში ჟვანიას თავის დაჭერა კარგად ეხერხებოდა, იცოდა, ჟურნალისტებისთვის როგორი პასუხი გაეცა, მერე კი ელოდებოდა, კანცელარიაში როდის მოვიდოდა გამოძინებული პრეზიდენტი, რათა მას დალაპარაკებოდა. საერთოდ, ჟვანიას პოლიტიკური წონა უფრო ეკონომიკურ საკითხებში იგრძნობოდა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დაიცვა ეკონომიკური ამნისტიის კანონი, რომელიც პარლამენტში "ჩაჩეხეს". გახსოვთ, ალბათ, ჟვანიას ცნობილი განცხადება: "ამ კანონში, რაც თქვენ მიიღეთ, ისეთი პირობებია, რომელსაც მხოლოდ ნეტარი ავგუსტინე თუ დააკმაყოფილებდაო". რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, სწორედ პოლიტიკური "ტროიკის" გადაწყვეტილებით გადაწყდა აჭარის "გათავისუფლების" საკითხი. სააკაშვილი მაშინ ბათუმის დაბომბვასა და პრობლემის უფრო სწრაფად მოგვარებას გეგმავდა, თუმცა ეს არ დასჭირდა, რუსეთმაც არ შეუშალა ხელი. ჟვანიაც სწორად ჩაერია ამ ყველაფერში.

ეს იციან როგორც ნინო ბურჯანაძემ, ასევე "ღამის ტროიკის" წევრებმა. საერთოდ, მიშასთვის კარგი პოლიტიკოსი იყო ის, ვინც უსიტყვოდ ასრულებდა მის ნებისმიერ დავალებას. სწორედ ამ თვისებით დაწინაურდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ჟვანიას აპარატში მუშაობდა. ჟვანია მაშინ ადეიშვილს ხუმრობით "ჩემს მიკი მაუსს" ეძახდა. ამბობდა, "ჩემს მიკი მაუსს" დავავალებ და ერთ დღეში კანონს შემიცვლისო. აჭარის აბაშიძისგან გათავისუფლების შემდეგ მიშამ ცხინვალის დაბრუნების იდეაც აიკვიატა და "ტროიკამ" ამ საკითხზე დაიწყო ზრუნვა.…

- ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამბობს, რომ "ვარდების რევოლუციის" დროს რუსეთის გენერალური შტაბიდან დარეკეს და ერთ-ერთი ქართველი გენერალი გააფრთხილეს - Власть меняется на Абхазию. და ამ გარიგების შედეგი იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობაში. იმავეს ადასტურებს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე, რომელიც აზუსტებს, რომ ასეთი ინფორმაცია რუსი გენერლისგან, კვაშნინისგან მიიღო. თქვენი ინფორმაციით, რაზე ესაუბრა იგორ ივანოვი "ვარდების რევოლუციის" ლიდერებს, როცა საქართველოში ჩამოვიდა? მართლაც იცვლებოდა თუ არა ახალგაზრდა რეფორმატორების ხელისუფლებაში მოსვლა ტერიტორიებზე?

- რუსეთის ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები სამხედრო ოპერაციის გზით ტერიტორიების დაბრუნების მომხრენი იყვნენ და ასეთი განცხადებები გაფრთხილების შემცველი იყო, კარგად ვიცით, ვინც ხართ და რაც გინდათ, გადადგამთ ამ ნაბიჯს და დაკარგავთ ტერიტორიებსო! რაც შეეხება ივანოვს, ის მხოლოდ სიტუაციის დასაზვერად გამოგზავნეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი ელოდა, რომ "ვარდების რევოლუციის" გზით ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალისმიერი მეთოდით შეეცდებოდა. თუმცა 2004 წლის თებერვალში ვითარება ოდნავ განიმუხტა, სააკაშვილი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე საუბრისას პუტინმა საქართველოს პრეზიდენტს მშვიდობიანი მეთოდებით მოქმედების გზა შესთავაზა: იქნებ ერთად ავამუშაოთ სოციალურ-კულტურულ-ეკონომიკური პროექტები, რომლის შედეგადაც გაიზრდება თბილისის ნდობა, მერე კი შეიძლება სტატუსზეც ვილაპარაკოთ. აფხაზეთთან საკითხში ეს ყველაფერი უფრო რთული იქნებაო. პუტინი ამ საუბრით კმაყოფილი დარჩა, თუმცა ორიოდე თვეში სააკაშვილმა დაკეტა ერგნეთის ბაზრობა და… მაშინ პრესით გავრცელდა პუტინის სიტყვები: "სააკაშვილმა გადამაგდო". მახსოვს, მაშინ თომას დე ვაალი წერდა: "ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო, ის საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეექმნა, რადგან როგორც ცხინვალის, ასევე დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ოსების ურთიერთობას ხელს უწყობს".

ერთადერთი, რაც ამ ბაზრობის გადაკეტვამ მოიტანა, იყო ის, რომ რამდენიმე მილიონი ლარით გაიზარდა ლარსის საბაჟო პუნქტის შემოსავალი. მაგრამ რა იყო ეს მილიონები იმ უბედურებასთან შედარებით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ იწვნია? ერგნეთის ბაზრობის გადაკეტვამდე იქ დღეში ორჯერ დადიოდა ავტობუსი წარწერით - "თბილისი-ცხინვალი", რაც მერე წარმოუდგენელი იყო. ქართველი ექიმები თავისუფლად ჩადიოდნენ ცხინვალში, მკურნალობდნენ ავადმყოფებს. ეს ყველაფერი მოიშალა. თანდათან ვითარება დაიძაბა. 2006 წელს კოდორის კრიმინალური ბანდებისგან გასაწმენდი ოპერაცია ჩატარდა, რაც დადებითი მოვლენა იყო, თუმცა ამასაც მოჰყვა უარყოფითი შედეგი. ნაცვლად იმისა, კოდორი ჩვენთვის, გაეროს წარმომადგენლებისა და აფხაზებისთვის ურთიერთობისა და მეგობრობის პლაცდარმი გამხდარიყო (რასაც ამერიკელები ითხოვდნენ), აფხაზეთის დე იურე მთავრობის ადგილსამყოფლად გადააქციეს, რათა სააკაშვილს ეთქვა, აქედან ხელის ერთ გადაწვდენაზეა სოხუმი და მალე იქ გადავალთო. კოდორს ზემო აფხაზეთი დაარქვეს, კიდევ არაერთი სისულელე გააკეთეს და საბოლოოდ ეს ტერიტორიაც დაკარგეს. პარალელურად, ცხინვალის საკითხშიც სრულიად გაუგებარი პოლიტიკა შეიმუშავეს. წარმოუდგენელი ავანტიურა იყო სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა, მისი ქურთაში დასმა და "კოკოითი ფანდარასტის" ძახილით ცნობილი კამპანია. მოგვიანებით კი ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ ფე-ეს-ბეს დავალებით ყოფილა ჩამოსული, საქმე გააკეთა და წავიდა. ასე მოვედით 2007 წლამდე.

- რა შეცვალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ ხელისუფლებაში?

- 2004 წელს, როცა ოქრუაშვილმა ცხინვალის სიმაღლეების დაკავება განიზრახა, აჭარაში წარმატების მიღწევით ეიფორიაში შესულმა სააკაშვილმა ცხინვალის დაბრუნება განიზრახა და ეს საქმე ოქრუაშვილს მიანდო. გახსოვთ, ალბათ, ამას რაც მოჰყვა, - ჩვენი პოლიციელები დააჩოქეს შუა ცხინვალში, მაშინ იქ ლოკალური სისხლის ღვრაც მოხდა. სააკაშვილმა კი განაცხადა, დაგომისის ხელშეკრულებიდან გავალო, რამაც აღაშფოთა ამერიკელი პარტნიორები. ყოველივე ამას მოჰყვა ის, რომ 19 აგვისტოს რუსეთის 51-ე არმია უკვე მარშით გამოემართა როკის გვირაბისკენ.

მაშინვე დავურეკე ჟვანიას და ვუთხარი, მგონი, ვიღუპებით-მეთქი, მან კი ჩურჩულით მითხრა (როგორც ჩანს, იმ დროს პრეზიდენტთან იყო), ახლა მიშა გააკეთებს განცხადებას და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებაო. მიშამ მართლაც თქვა: "უდიდეს გამარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ ახლა უპირობოდ გავდივართ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო მთლიანად ალში გაეხვევა". როგორც მოგვიანებით გავიგე, მაშინ ბიძინა ივანიშვილს შეუჩერებია. მიშას ცხინვალის დაბრუნება ხალხში დაკარგული ნდობისა და რეიტინგის ასამაღლებლად სჭირდებოდა. მან ჩაიფიქრა "ოპერაცია 070707", მაგრამ მაშინ ივანიშვილმა შეაჩერა, რაც იმ წელს არ გამოუვიდა და ამიტომ მომავალ წელს "ოპერაცია 080808" ჩაატარა. თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა მიშას ჯერ კიდევ 2007 წელს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, როცა ვანო მერაბიშვილს წერილობით მიმართა:

"გახსოვს, ვანო, როგორ დავყევი სააკაშვილის თხოვნას, შეგხვდით და 40 წუთში დავუმტკიცე ბოკერიას, რომ მისი გეგმა, შეიარაღებული ძალებით შესულიყავით ცხინვალში იმ იმედით, რომ რუსები გაიწეოდნენ, სრული პროვოკაცია და ავანტიურა იყო. შენ მაშინ არ მალავდი ჩემი საუბრით გამოწვეულ აღტაცებას, თუმცა სააკაშვილმა უცბად მკითხა: "კი მაგრამ, ბიძინა, თვითონ რუსებმა რომ შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, როგორ მოვიქცეთ?" აქ იმალებოდა ძაღლის თავიც და სააკაშვილის მოქმედების გასაღებიც. მე მას ვუპასუხე: ვიდრე რუსეთის მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე არ გააკეთებს საჯარო განცხადებას მთელი მსოფლიოსთვის და არ იტყვის, რომ სამშვიდობოები ცხინვალიდან გაჰყავს, მანამ არ უნდა დაუჯეროთ! ეს სრული კატასტროფის ტოლფასი იქნება. მაშინ კი შევძელი თქვენი შეჩერება, მაგრამ წელიწად-ნახევრის შემდეგ ზუსტად ამ გეგმით იმოქმედეთ".

ფაქტია, რომ ამ ავანტიურისა და რუსეთისავე პროვოკაციაზე წამოგების შედეგად დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი და კოდორი. ნამდვილი მარაზმი იყო, რომ 8 აგვისტოს გიგი უგულავამ ცხინვალისკენ წასვლა განიზრახა ორი ტრიბუნითა და ასაწყობი სცენით, რადგან კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გვარს არ დავასახელებ, ვიღაცის შიზოფრენიულ თავში დაიბადა ცხინვალში აღლუმის ჩატარების იდეა. იმ დღეს რუსებმა გორი დაბომბეს.

- 2007 წელს, როცა პრეზიდენტი გადადგა, არავის ეგონა, თუ ის მეორე ვადასაც დაასრულებდა.

- 2007 წლის ნოემბერში უსამართლობამ და ძალადობრივმა პოლიტიკამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. "ბი-ბი-სიმ" პარლამენტის შენობასთან 120 ათასი კაცი დათვალა, აქციის დარბევის შემდეგ, რაც სააკაშვილის ფსიქოპათიური გადაწყვეტილების შედეგი იყო, ზურაბ ადეიშვილმა თქვა, მარტო სააკაშვილი კი არა, ყველანი უნდა გადავდგეთო(!). უცხოელებმა ამის გამო ადეიშვილი ჭკვიან კაცად აღიარეს. ამის შემდეგ სააკაშვილი გადადგა და ხალხს დემოკრატიის, დეცენტრალიზაციის, სასამართლოებისა და მედიის თავისუფლების შესახებ უხვად მისცა დაპირებები, თუმცა ამაოდ, არჩეულ ძალადობრივ გზას აღარ გადაუხვია.

ჯერ კიდევ მაშინ ვუთხარი მიშას, რომ ან შეასრულებდა დაპირებებს, ან ისიც და მისი გარემოცვაც ციხეში მოხვდებოდა. სამწუხაროდ, მეორე გზა აირჩია. დღეს ციხეში არიან: მერაბიშვილი, ახალაია, კეზერაშვილი საფრანგეთში დაიჭირეს, ძებნაშია ადეიშვილი, უდესიანი. მიშაც აუცილებლად მოხვდება ციხეში, თანაც ძალიან მალე. თუ ასე არ მოხდა, არავინ აღიარებს, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, შედგა. არც უცხოეთიდან აღუდგებიან წინ მიშას დაპატიმრებას. თუმცა შესაძლოა, ეს არა სამშობლოს ღალატის, არამედ სულ სხვა ბრალდებით მოხდეს. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ პრეზიდენტმა დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ფულით ბოტოქსი გაიკეთა, შვილის სწავლა დააფინანსა კერძო სკოლაში, მარიამ საჯაიას სამკაული უყიდა და ა.შ. ჯამში ასი ათასზე მეტი ოდენობის თანხა აქვს გაფლანგული. თავის დროზე, როცა ალკაპონე დაიჭირეს, მისთვის წაყენებული ბრალდებები ამერიკას სასაცილოდაც არ ეყო, რადგან ალკაპონეს 500-მდე კაცი მაინც ჰყავდა მოკლული, ის კი ისეთი ბრალდებით დაიჭირეს, რაც ყველაზე ადვილად დაუმტკიცეს.

"კარგი ხელისუფლების უპირველესი კანონიერი ამოცანაა, ადამიანის ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის ზრუნვა და არა ნგრევა"

თომას ჯეფერსონი