"რატომ უნდა აიღო ხელფასი იმაში, რომ "ნაცმოძრაობა" გაისტუმრო ხელისუფლებიდან" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა აიღო ხელფასი იმაში, რომ "ნაცმოძრაობა" გაისტუმრო ხელისუფლებიდან"

სოსო ცისკარიშვილი: "პრემიერს შეეშალა, როცა ექსპერტთა კლუბი ახსენა"

ვაჟა ბერიძე: "ზნეობრივი გმირის მანტია მოვირგო და მშიერი დავეცე ბრძოლის ველზე?"

მამუკა არეშიძე: "როგორც ექსპერტს, ივანიშვილის კაპიკი არ ამიღია"

ლინკოლნ მიტჩელი: "მიკვირს, რატომ ვდაობთ ამ საკითხზე..."

ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მის ბიზნესცენტრთან ისტორიას მიბარებული პოლიტიკოსებისა და ცნობილი თუ უცნობი ექსპერტების რიგი დადგა. ყYველა, ვინც რეზიდენციიდან გამოდიოდა, ამტკიცებდა, რომ ქვეყნის გადარჩენა გაერთიანებით შეიძლებოდა. მოსახლეობის ნაწილი ამ ხალხის აქტიურობას ივანიშვილის ფინანსებს უკავშირებდა და როგორც ბოლოს გაირკვა, თურმე თავად პრემიერიც ასე ფიქრობდა.

მან ჯერ ერთად შეკრიბა ექსპერტები და დატუქსა, მერე კი საერთო საქმის საკეთებლად აღებული ხელფასებიც შეახსენა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ გიორგი მარგველაშვილმა არ მიიღო გასამრჯელო. ექსპერტები ივანიშვილის განცხადების ორ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. პირველი: წინასაარჩევნოდ მარგველაშვილის რეიტინგის ასამაღლებლად პრემიერმა მისი ღირსებები შეგვახსენა და მეორე: ექსპერტებს მიანიშნა, რომ დამოუკიდებლობა ბევრმა მაშინ დაკარგა, როცა მის ხელფასს იღებდნენ და ამიტომ მათგან კრიტიკასაც არ მიიღებდა. "კვირის პალიტრა" ექსპერტებს დაუკავშირდა.

სოსო ცისკარიშვილი: - ჩემი სახელი პრემიერს პირველად არ უხსენებია. მას არ ჰყავს ცენზორი ისევე, როგორც დამოუკიდებელი კლუბის წევრებს, ამიტომ აკრძალვებს ვერ დავემორჩილებით. ექსპერტი თავისუფალი ადამიანია, მას კლუბის წინაშე ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია და კლუბის საძიებელი არ არის, ლუკმაპურს ვინ სად შოულობს. ვფიქრობ, პრემიერს შეეშალა, როცა ექსპერტთა კლუბი ახსენა; ალბათ, მრჩეველთა ჯგუფი იგულისხმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის დროს თავად შექმნა და ხელფასებიც დაუნიშნა.

როგორც ჩანს, ბატონი ბიძინას პიარტექნოლოგებმა ჩათვალეს, თუ პრემიერი მოეფერება ზურაბ ადეიშვილს, განადიდებს ლაშა ნაცვლიშვილს და დატუქსავს სოსო ცისკარიშვილს, ამით მარგველაშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზრდება.

ვაჟა ბერიძე: - მარგველაშვილი რატომ ახსენა, ყველასთვის ცხადია. ვფიქრობ, მას უნდოდა, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ღირსებები წარმოეჩინა. ეს იყო პიარი და ვფიქრობ, მიზნად არ ისახავდა ექსპერტთა კლუბის დისკრედიტაციას. მით უმეტეს, გავარკვიეთ, რომ მრჩეველთა ჯგუფი უგულისხმია. თუ ადამიანი ასრულებს სამუშაოს და ამისთვის გასამრჯელოს იღებს, რატომ არის ეს საჩოთირო? ხელფასზე უარის თქმა საზოგადოების შეურაცხყოფაა. როცა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ბევრ საკითხზე ჩვენი აზრი მისას დაემთხვა და დავთანხმდით, შეგვესრულებინა მრჩეველთა ფუნქცია. წარმოიდგინეთ, მიდიხარ დილით ოფისში, მუშაობ გვიან საღამომდე და სხვა საქმეს ვეღარ აკეთებ... ასეთ დროს რა უნდა ქნას ჩემნაირმა ადამიანმა, რომელიც ყოველდღიური შრომით აღებული ხელფასით ცხოვრობს? ზნეობრივი გმირის მანტია მოირგოს და მშიერი დაეცეს ბრძოლის ველზე? გასამრჯელო რომ არ აგვეღო, ეს მისაბაძი საქციელი იქნებოდა? ასეთი იყო კომუნისტური მენტალიტეტი - საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე ანაზღაურების გარეშე უნდა გეკეთებინა.

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონოდა, ეყოლებოდა ამხელა მრჩეველთა საბჭო?

- სააკაშვილის რეჟიმს თუ ვინმე ებრძოდა, მათ შორის მეც ვიყავი. მაგრამ როცა პოლიტიკაში მოდის ადამიანი, ვისაც აქვს ფული მრჩეველთა დასაქირავებლად, შენი შრომის საფასურს გთავაზობენ და არ იღებ, ეს კეკლუცობაა.

მამუკა არეშიძე: - თუ პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა ექსპერტთა კლუბს, რომელსაც სოსო ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს, იქ მას ხელფასი არავისთვის მიუცია. როგორც მახსოვს, კლუბს რამდენჯერმე ოფისის გადასახადის გადახდაში დაეხმარა და ერთხელ გრანტი გამოუყო ჟურნალის გამოსაცემად. მე რეგიონული სამსახურის უფროსი ვიყავი და საზოგადოებრივი გაერთიანება "ქართული ოცნებიდან" ვიღებდი ხელფასს. როგორც ექსპერტს, ივანიშვილის კაპიკი არ ამიღია.

როგორც ჩანს, პრემიერმა მარგველაშვილის უანგარობას გაუსვა ხაზი, ეს გასაგებია, დანარჩენ ექსპერტებს კი კიდევ ერთხელ მისცა შენიშვნა. შეიძლება ის იგულისხმა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ის ფულს უხდიდა, მისი კრიტიკის უფლება არ აქვთ.

კახა კახიშვილი: - არც ივანიშვილის ხელფასი ამიღია და არც სხვა პარტიიდან მიმიღია რამე. ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ფულს მიხდიდა. ცხადია, პრემიერმა ყურადღება იმ ექსპერტებზე გაამახვილა, რომლებიც მისი მრჩევლები იყვნენ, როცა ოპოზიციაში იყო. ისე, ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ უნდა აიღო ხელფასი იმაში, რომ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებიდან გაისტუმრო. მე საერთო ბრძოლაში, სადაც მხოლოდ ივანიშვილის საქმე არ კეთდებოდა, ფულს არ ავიღებდი.

"კვირის პალიტრა" კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ლინკოლნ მიტჩელსაც დაუკავშირდა, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მისი მრჩეველი გახლდათ. კითხვების დასმისას ბატონი მიტჩელი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - მისთვის გაუგებარია მრჩეველებისადმი გამოთქმული პრემიერის საყვედური.

ლინკოლნ მიტჩელი: - მე არაოფიციალური მრჩეველი ვიყავი და ყველაფერს შორიდან ვადევნებდი თვალს. საქართველოზე მანამდეც ვწერდი, სანამ ივანიშვილს შევხვდებოდი. მიკვირს, რატომ ვდაობთ ამ საკითხზე... და არ მესმის, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური.

უტა ბიწაძე