"ევროპის სტაბილურობას საქართველოს გულისთვისაც ვერ შეველევით" (ექსკლუზივი)
28-10-2013
"ევროპის სტაბილურობას საქართველოს გულისთვისაც ვერ შეველევით" (ექსკლუზივი)
"ეს ისტორიული ევოლუციაა და ქვეყნის დემოკრატიზაციაზე მიგვანიშნებს"

"პატრიარქი ძალზე შთამბეჭდავი ფიგურა, ერთობ წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატია"

"გერმანია არ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმისმიხედვით, რა ესიამოვნებათ რუსებს"

"მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლისა"


"საქართველოში კოაბიტაცია არ შედგა, რადგან ქვეყანა არც მენტალიტეტით და არც ინსტიტუციონალურად არ იყო ამისთვის მზად", - აცხადებდა რამდენიმე თვის წინ "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი. ახლა, როცა კოაბიტაციის წელიწადი იწურება, "კვირის
პალიტრა" ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გერმანიის ელჩს ექსკლუზიურად ესაუბრა:


- ჰერ ჰენიგ, განაცხადეთ, რომ კოაბიტაცია არ შედგა. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
- "დოიჩე ველესთან" ინტერვიუ რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა. ახლა
რომ იგივე შეკითხვა დაესვათ, ასეთი კატეგორიული აღარ ვიქნებოდი, რადგან უკანასკნელ თვეებში დავრწმუნდი, რომ ავად თუ კარგად, კოაბიტაცია შედგა. კოაბიტაცია ევროპისთვისაც კი უჩვეულო მდგომარეობაა და იმის გათვალისწინებით, რომ არც მენტალიტეტითა და არც ინსტიტუციონალურად არ იყავით ამისთვის მზად, გასაკვირი არ არის, რომ თავიდან გაგიჭირდათ. სიტუაციის გამოსწორებაში დიდი წვლილი მიუძღვით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს.

- რას იტყვით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კოაბიტაციაზე?
- ჰო, აი, აქ კი კოაბიტაციამ ნამდვილად მარცხი განიცადა. ვფიქრობ, ამის მიზეზი იყო როგორც პოლიტიკური, ისე პირადი უთანხმოებები.

- შევაჯამოთ. რა მოგვცა კოაბიტაციის ერთმა წელმა?
- ვფიქრობ, კოაბიტაციის გაკვეთილი წაგადგებათ. თქვენთან პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ შავ-თეთრია, მტრებად და მეგობრებად ხართ დაყოფილი.
ქართული პოლიტიკა მუშაობს პრინციპით: "გამარჯვებულს ყველაფერი".
ეს უნდა დასძლიოთ, დემოკრატიის ასაშენებლად უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს დიალოგსა და მის შედეგს - კომპრომისს. თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია და ერის ცნობიერებაში დანერგვას წლები სჭირდება. ეს არც ევროპას გაუთავისებია ერთ დღეში.

- ვისი მაგალითის გამოყენებას გვირჩევთ?
- სხვა ქვეყნების პოლიტიკური მოწყობის გადმოღება არ გჭირდებათ. თქვენ ქართველები ხართ, საქართველო კი უძველესი ქვეყანაა, საუკუნოვანი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით - თქვენვე უნდა ააშენოთ საკუთარი დემოკრატია. თქვენ თქვენი მოდელი უნდა იპოვოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეთ. 

- წინა ინტერვიუში თქვენ პატრიარქის, როგორც მედიატორის როლიც ახსენეთ. რამდენად ეფექტური იყო მისი ძალისხმევა და საზოგადოდ, რას ფიქრობთ მის როლზე?
- ქართველთა უმრავლესობის მსგავსად, პატრიარქს მეც დიდ პატივს ვცემ. ძალზე შთამბეჭდავი ფიგურაა და ვიტყოდი, ერთობ წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატიც. ამასთან, ყველასთვის აშკარაა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყანაში მართლმადიდებლურ ეკლესიას.

- ეკლესიას ჰყავს ოპონენტებიც, რომელთა არგუმენტი ის არის, რომ ეკლესია სახელმწიფო საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
- ეს მეტად ფაქიზი საკითხია, მაგრამ როგორც ვიცი, ქართველები უმეტესწილად ენისა და რელიგიის მეშვეობით ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკლესიას აკისრია როგორც სოციალური, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. უფრო მნიშვნელოვნად ის მიმაჩნია, რომ ეკლესიის გავლენა დადებითად აისახოს ქვეყნის პრობლემებზე, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

- კვლავ პრეზიდენტსა და პრემიერს დავუბრუნდეთ. უახლოეს მომავალში ორივე თანამდებობას დატოვებს. როგორ ფიქრობთ, რა მემკვიდრეობა რჩებათ სააკაშვილს და ივანიშვილს და როგორ შეაფასებს მათ ისტორია?
- შორიდან მოვუვლი და ვიტყვი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე დომინირებდნენ ქარიზმატული ლიდერები, იქნებოდა ეს გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ბოლოს ივანიშვილი. უკანასკნელი ორის წასვლით ეს ერა მთავრდება. ეს ისტორიული ევოლუციაა და ქვეყნის დემოკრატიზაციაზე მიგვანიშნებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეაფასებს მათ ისტორია, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თითოეული მათგანის ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ქვეყანაში არსებულმა დრამატულმა სოციალურ-პოლიტიკურმა პრობლემებმა, რომელთანაც მათ გამკლავებამ მოუწიათ. რამდენად წარმატებით გაართვეს ამას თავი, სხვა საკითხია. თუმცა, არც ერთ მათგანს არ უნდა დავუვიწყოთ დამსახურება. გამსახურდიას სახელთან ასოცირდება დამოუკიდებლობის მოპოვება, რაც ისტორიული მიღწევაა, შევარდნაძე ისტორიაში დარჩება როგორც ხელისუფალი, ვინც საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მსოფლიოს გააცნო  და ევროპისაკენ საგარეო კურსი დაუსახა. რაც შეეხება სააკაშვილს, მან შევარდნაძისგან მემკვიდრეობით მიიღო სანახევროდ შემდგარი სახელმწიფო, რომელიც სტრუქტურულად გამართულ, ფუნქციონირებად ქვეყნად გადააქცია. ივანიშვილის მთავარ დამსახურებად კი ქვეყნის ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება მესახება, რაც უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია.

- დამსახურებებზე ვისაუბრეთ, თუმცა, ვეჭვობ, ისტორიას ეს ლიდერები უარყოფითი მხარეებითაც დაამახსოვრდება... ამაზე რას იტყვით?
- მაინც ვერ გამოვძვერი (იცინის). კარგი, ამაზეც ვისაუბროთ. გამსახურდიამ ვერ მოუნახა საქართველოს რეალისტური როლი თანამედროვე სამყაროში. მისი პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში შეიძლებოდა უფრო დიპლომატიური ყოფილიყო. რაც შეეხება შევარდნაძეს, ვფიქრობ, მიუხედავად საგარეო პოლიტიკაში წარმატებისა, ვერ შეძლო ქვეყნის შიგნით პროცესების მართვა და განვითარების უზრუნველყოფა. სააკაშვილის პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ მართლაც აუცილებელი რეფორმები მან არცთუ დემოკრატიულად გაატარა და მოდერნიზაციის შესახებ საკუთარი ხედვა დასავლეთს დემოკრატიზაციად "შეასაღა".
დასავლეთში ბევრს დღემდე სჯერა, რომ სააკაშვილის ყველა რეფორმა დემოკრატიული იყო, ეს კი მართალი არ არის.

რაც შეეხება ივანიშვილს, იდეალური არავინაა და, ალბათ, შეცდომები მანაც დაუშვა, მაგრამ წელიწადი მაინც ძალზე ცოტაა საიმისოდ, რომ შევაფასოთ.

- არჩევნების შემდეგ საპარლამენტო წყობაზე გადავალთ. რას მოგვიტანს ეს?
- პრობლემა ის კი არ არის, რომ ქვეყანას ჰყავდა ძლიერი და ქარიზმატული ლიდერი, არამედ ის, რომ არ გქონდათ მისი გამაკონტროლებელი ბერკეტები, მათ შორის - ძლიერი ოპოზიციაც. აუცილებელია, ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ერთი კაცი არ იღებდეს. საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლით, იმედია, ეს პრობლემა მოიხსნება.

- სოჭის ოლიმპიადაზეც გკითხავთ. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ოლიმპიადაზე წასვლის საკითხი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეჩირაღდნედ დანიშნეს პილოტი, რომელიც 2008 წელს გორს ბომბავდა. როგორ შეაფასებთ რუსეთის ამ ნაბიჯს და როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია?
- ეს ძალიან მწვავე საკითხია. ალბათ, მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლისა, განსაკუთრებით მეჩირაღდნის პრეცედენტის შემდეგ, რადგან ამას პროვოკაციად და შეურაცხყოფად ჩავთვლიდი. ასე რომ, თანავუგრძნობ იმ ქართველებს, ვინც ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვენ, მაგრამ მე ქართველი არა ვარ და შემიძლია ამ საკითხს ნაკლები ემოციით შევხედო. ისტორიას ახსოვს ოლიმპიადის ბოიკოტის მაგალითები, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ამან რეალური პოლიტიკური შედეგი მოიტანა. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებას ერთბაშად არ მიიღებთ. დააკვირდით საერთაშორისო საზოგადოებრიობის რეაქციას და ფხიზელი გონებით გადაწყვიტეთ.

- დასასრულ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზეც გკითხავთ. ხშირად ამბობენ, რომ გერმანიის ფრთხილი დამოკიდებულება საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრების საკითხისადმი ენერგოპოლიტიკური ინტერესებით, კერძოდ, რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებით აიხსნება...
- ამას ვერაფრით დავეთანხმები და მინდა, გავაქარწყლო მათი ეჭვი, ვინც ასე ფიქრობს. გერმანია არ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, თუ რა ესიამოვნებათ ან გაუხარდებათ რუსებს. ის, რომ საქართველო ჯერაც არ არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ევროკავშირისა და გერმანიის ბრალი არ არის. დიახ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ვართ რუსეთის პარტნიორებიც. საქართველომ უნდა გააცნობიეროს ორი რამ: პირველი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთთან ჩამოყალიბებული სტატუს კვო და პოლიტიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისათვის. ეს ურთიერთობა მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტიაა დასავლეთ ევროპაში და მას ევროპის პოლიტიკური ელიტა თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც ჩვენ არ ვაპირებთ, ეს ყველაფერი ქარს გავატანოთ. შეხედეთ რუკას დასავლეთ ევროპის გადმოსახედიდან და გაიხსენეთ, რად დაუჯდა დასავლეთ ევროპას ორი მსოფლიო ომი და რუსეთის როლი ამ ომებში. ახლა, როცა ეს ყველაფერი მოგვარდა და ევროპაში სტაბილურობამ დაისადგურა, ბუნებრივია, ამას საქართველოს გულისთვისაც კი ვერ შეველევით. მეორე - თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს.

არ დაუჯეროთ იმ პოლიტიკოსს, რომელიც გეუბნებათ, ნატოს წევრები გავხდებით და მათი ჯარების დახმარებით რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გავდევნითო.

ასეთი მიდგომით საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველო ვერ გამთლიანდება რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ხარჯზე, ეს არარეალურია. ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთის გვეშინია ან მისი თოჯინები ვართ. პირიქით, რამდენადაც ჩვენ ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, იმდენადვეა იგი დამოკიდებული ევროკავშირზე, როგორც მის მთავარ მომხმარებელზე. ასე რომ, ჩვენი პარტნიორობა რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია. თუ ვინმეა დამოკიდებული რუსეთზე, ეს საქართველოა, რადგან რუსეთს აქვს საამისო როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკონომიკური ბერკეტები. წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში, პუტინმა ერთ დღეს ფინანსურ ტრანზაქციებს რომ ყადაღა დაადოს: მილიონამდე ქართველი, რომლებიც ამჟამად რუსეთში არიან, ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ამას კი, სულ მცირე, შიდა არეულობა მოჰყვება.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
ავთო
06 დეკემბერი 2013 13:20
ტყემალზე რომ ზის მისი ნებაა მაგრამ ჩვენ რომ გვესვრის ბლის კურკებს რა დავუშავეთ
patrioti
04 დეკემბერი 2013 21:09
aragveli ori-ს შეფასებას ვიზიარებ!
patrioti
04 დეკემბერი 2013 21:07
ბევრ რამეში ვეთანხმები, თუმცა არა ყველაფერში, რაც არ უნდა იპირფეროს, გერმანიისათვის- რა თქმა უნდა "გაზი თბილია"! (და ამიტომ აკეთებს ორაზროვან რევერანსებს ჩვენთან და რუსეთთან) მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ რომ 1921 წელს რომ წაუყრუა მსოფლიომ საქართველოსა და კავკასიის ოკუპაციას,(თუმცა მაშინ დამოუკდებელ საქართველოს გერმანია ედგა გვერდში), გაღლეტილი რუსეთი შემდგომ გაძლიერდა და იქეთ შეუტრიალდა მსოფლიოს, ისე რომ ლამის ნახევარი ევროპა გააწითლა! ეხლაც უნდა დაფიქრდნენ, თუ დაუშვებენ "ხვალ"საქაართველოს ხელახალ ოკუპაციას(რა ფორმითაც არ უნდ იყოს ის, თუნდ შეფარული ევრაზიული კავშირი)ისევ ევროპას შეუტრიალდება "ზეგ"! და საეთოდ რატომ გვგონია რომ ჩვენი გასაკეთებელი სხვამ უნდა აკეთოს? ჩვენ წაგვართვეს მიწები და ჩვენ არ უნდა მ
ივდიოდეთ ოლიმპიადაზე, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც საქართველოს სჭირდება და არა როგორც გერმანიას, ის თავისი ინტერესებიდან გამოდის, ამჟამად ჩვენი მიწები აქვს წათმეული მისი კი არა!ვიღაცეები წერენ რომ რუსეთთან ომმა ბოლო საუკუნეებში არაფერი არ მოიტანა და მათ ვეკითხები მეგობრობამ კი რა მოგვიტანა? ანდა როდის იყო ომი? მხოლოდ 1921წ და 2008წ, (დანარჩენი შეფარული ბრძოლებია-აფხაზეთი, სამაჩაბლო, 1992 წ. გადატრიალება) 2008წ დამსახურებაა რომ ბოლობოლო რუსეთს დაერქვა თავისი სახელი მთელი 3 საუკუნის მანძილზე მსოფლიოს თვალში!ის ვერ მოუნელებია რომ ოკუპანტი ეწოდება და ეს სტატუსი არ უნდა შევარბილოთ! პირდაპირ ბრძოლას არ ვგულისხმობ, თუ მაინდამაინც ხელახლა არ დაგვესხა თავს , მაგრამ უნდა გვხსოვდეს რომ მეგობრობით და თვალის დახუჭვით, ბაბაიას ძახილითაც არაფერი გამოდის! თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს უნდა გვახსოვდეს!მოვიშოროთ მონური აზროვნება და უაზრო კოჭის გორება, სულერთია ეს არ "მოულბობს" მაინც გულს!არც დღევანდელი ხელიუფლების "დამთბარი" რიტორიკა აჩერებს მავრთულხლართებს, გაიგეთ ხალხო!

რედაქტორის რჩევით