ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
04-11-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
გამოწვევები ახალი პრეზიდენტისთვის

კონსტიტუციით, პრეზიდენტისთვის ფუნქციების მაქსიმალური შემცირების ფონზე ძირითადი არეალი, სადაც ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი თავი უნდა დაიმკვიდროს - საგარეო პოლიტიკაა.  
რა სტატუს კვო დახვდა მარგველაშვილს და რა ძირითადი გამოწვევები ელოდება მას საგარეო პოლიტიკურ არეალზე?!

ამერიკა, რომლის ძირითადი ინტერესი „არაბული გაზაფხულის“ქვეყნების, სირიის, ირანისა და წყნარი ოკეანის აუზისკენაა მიმართული.

ევროკავშირი, რომელთანაც ვილნიუსში სამ კვირაში ასოცირების შეთანხმების ინიცირებას ვახდენთ, მაგრამ რომლის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუფარავად გვეუბნება, რომ
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის სახელმწიფოების თუ რეგიონული გაერთიანებების პოლიტიკა რუსეთთან ბალანსის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და არავის, მათ შორის, არც საქართველოს არ მისცემენ ამ ბალანსის რღვევის უფლებას. პრინციპში, საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ გერმანულ პირდაპირობასა და რაციონალიზმს იზიარებს, როცა ინტენსიურად ცდილობს შეამციროს რუსეთთან დაძაბულობის
მუხტი.

იმავე ევროკავშირთან შეთანხმების ინიცირებიდან ხელმოწერამდე გასავლელია ერთი საკმაოდ დაძაბული წელი, როცა ოქროს შუალედი უნდა იპოვო: რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ზეწოლა ისე უნდა გაანეიტრალო, რომ კონფრონტაციული მუხტი არ გაზარდო და ამით საკუთარ თავსაც და იმავე ევროკავშირსაც დისკომფორტი არ შეუქმნა.

საკითხავია ისიც, თანხვდება კი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში საქართველოს როლზე იმავე აშშ-ისა და ევროკავშირის ხედვა?! თუ აშშ-ის გეგმებში საქართველო კვლავ დემოკრატიის ფლაგმანის როლში გამოდის, რომელიც მთავარი სტიმულატორი თუ მოტივატორი უნდა გახდეს ევრაზიის თვალუწვდენელ სივრცეებზე დემოკრატიის გავრცელებისა, რაც კონფრონტაციულ ფონს თავისთავად არ გამორიცხავს?! ან თავად რა როლში ხედავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას?! ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა საქართველოს რაციონალური საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის აუცილებელია.

საოცრად გაურკვეველი სიტუაციაა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე ჩვენი ბედის მოზიარე ქვეყნებში, იმავე უკრაინაში, რომლის პრეზიდენტიც იანუკოვიჩი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც კი არ გამორიცხავს, მიუერთდეს რუსეთთან საბაჟო კავშირის ზოგიერთ იმ მუხლს, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მისთვის მომგებიანი იქნება, რაც თავისთავად ნაკლებრეალისტურია, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინა ან თავად ვერ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული საკუთარ არჩევანში, ან კატათაგვობანას ეთამაშება რუსეთს. ასეთივე უცნაურია, თავად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსურნე უკრაინის მხრიდან საქართველოს დსთ-ში დაბრუნების სურვილი, რომელიც სულ ახლახან გააჟღერა ვიქტორ იანუკოვიჩმა. აქედანაც ჩანს, რომ უკრაინა საკუთარი მოქმედებების არეალს არ იზღუდავს და მრავალვექტორიან თამაშზე უარს არ ამბობს, იცის რა, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ევროკავშირს არ უჩენს ვალდებულებას, დაიწყოს ხელმომწერი ქვეყნის წევრად მიღების პროცედურა. თურქეთს უკვე 50 წელია მოწერილი აქვს ხელი ასოცირების შეთანხმებაზე, თუმცა ევროკავშირში გაწევრება დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება.
ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს რუსეთთან და დასავლეთთან გრძელვადიან სტრატეგიაში მთავარი კითხვა მაინც მსოფლიოში ასე ანგაჟირებული ენერგეტიკული რევოლუციაა ანუ გაზისა და ნავთობის მოპოვების ახალი ტექნოლოგიების (ფიქალი გაზის და ა.შ.) კვალობაზე მსოფლიოში ჭარბი იაფი ენერგორესურსების გამოჩენა - მითია თუ რეალობა და როგორ შეიძლება აისახოს ეს ერთი მხრივ, დასავლეთისა და რუსეთის, ხოლო ჩვენი მხრივ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. ეს უაღრესად საინტერესო თემა საქართველოს საგარეო სტრატეგიის გამჭოლ საკითხად უნდა იქცეს.
glaxuna
04 ნოემბერი 2013 14:34

,,...უკრაინა ან თავად ვერ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული საკუთარ არჩევანში, ან კატათაგვობანას ეთამაშება რუსეთს...,,

დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება ჩამოყალიბებული არის რამეში ?! ...


მალე გამოჩნდება ყპველივე!!!

ჩვენ, ჩვენი მტკიცე მიზანი უნდა გაგვაჩნდეს და რას იტყვის ,,ევროკავშირის,, ერთ ერთი,თუნდაც წამყვანი ქვეყანა,ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს...


უკან ფაშისტურ-ოლიგარქიული ( იყო ბოლშევიკური...) რუსეთია,რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, კიდევ ერთხელ შეწყვიტოს ...საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება!!!

რედაქტორის რჩევით