"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!"
04-11-2013
"თუ ყველა დამნაშავეს არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს!"
"ეს მისი ბანდაა, მათ წინაშე ვალდებულად თვლის თავს, ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იციან და თუ პირი გააღეს, მიშა სამართალს სად გაექცევა?"

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დაასახელა და პოლიტიკური საბჭოს თანხმობა მიიღო, ხუმრობენ, რომ "ქართული ოცნების" ოფისიდან "თეთრი კვამლი" ამოვიდა. როგორ აფასებს განვლილ ერთ წელს, რა იქნება ხვალ, კვამლივით გაქრება თუ აღსრულდება "ქართული ოცნების" მთავარი საარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა, აგებენ თუ არა სააკაშვილი და მისი გუნდი პასუხს
უკანონო ქმედებებზე, ამ და სხვა საკითხებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო დავით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა.

- ფორმატი ასეთი იყო: თუ მოქმედი პრემიერის დასახელებული პირველი კანდიდატურა გამოიწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაშინ სხვა კანდიდატების განხილვა იქნებოდა აუცილებელი. პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილის
კანდიდატურა საუკეთესოდ მიიჩნია და განხილვა აღარ გაგრძელებულა.
მანამდე ლაპარაკი იყო დავით სერგეენკოზე, ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილზე...

- შს მინისტრი ვინ იქნება?
- ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ახალ პრემიერ-მინისტრს გადაულოცა.

- ლაპარაკი იყო შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურზე..
- ძალიან საინტერესო კანდიდატურაა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება ამ თანამდებობაზე.

- მინისტრთა კაბინეტში ვინ დარჩება და ვინ წავა?
- არც ამაზე ყოფილა ლაპარაკი. ახალი პრემიერი თვითონ წარადგენს გუნდს, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება.

- თქვენ, როგორც მრავალი არჩევნების მონაწილე და ხშირად გამარჯვებულიც, როგორ ფიქრობთ, როგორი იყო საპრეზიდენტო არჩევნები: ცუდი, კარგი, იდეალური თუ იდეალურთან მიახლოებული?

- ყველაფერი ფარდობითია და წინა არჩევნებთან შედარებით ეს იყო ნამდვილად იდეალურთან მიახლოებული. მიმაჩნია, რომ წინა წლებში არჩევნებში კი არა, ომში ვიყავით, სადაც მოწინააღმდეგე ყველა ხერხს იყენებდა: ძალადობას, ხალხის დაშინებას, საარჩევნო უბნებიდან ყუთების გატაცებას, ნიღბიანების ძალას და ა.შ. ამჯერად ამომრჩეველი გაოცებული იყო, რომ არავინ აიძულებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემას, მხარდამჭერთა სიების მიტანას, არავინ ემუქრებოდა სამსახურიდან გაგდებით ან ოჯახის წევრების დასჯით, ამიტომაც ხალხი თითქოს დაბნეულიც კი იყო. 

- თუმცა, ამ არჩევნებში იყო დაბალი აქტივობა...
-  შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რადგან გადამწყვეტი ეტაპი ედგა სახელმწიფოს. შარშანდელთან შედარებით ელექტორატის აქტივობა 12%-ით დაბალი იყო, რაც იმან გამოიწვია, რომ სიები ხელოვნურად გაბერილი არ იყო. ჩვენ მკვდარი სულებისგან თითქმის გავწმინდეთ სიები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგისტრირებულია აქ, მაგრამ ცხოვრობს უცხოეთში. დაბალი აქტივობა იყო ქვემო ქართლშიც, სადაც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებს საარჩევნო ხმების ბეღელს ეძახდნენ. იქ ბევრი ამომრჩეველი კი არ მიდიოდა არჩევნებზე, მათ ხმებს აყალბებდნენ. წელს არჩევნები არ გაყალბდა და აქტივობაც, წინა წლებთან შედარებით, დაბალი გამოჩნდა.

- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა კახა ლომაიამ, ფაქტობრივად, წყევლა შემოგითვალათ, მიშა არსად წასულა და ის დაწერს თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგსო.
- თუ იცით, ყვავის ფრთა ხომ არ დაუწვავს, როდესაც იწყევლებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ფანატიკურად უყვარს სააკაშვილი, მიშიზმი და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა. დასასრული ორგვარი შეიძლება იყოს - ერთი, როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ და ყველას ანადგურებ, ისე, როგორც ეს "ნაციონალებმა" გააკეთეს, დარჩნენ მხოლოდ თვითონ და შევარდნაძის გუნდის წევრები ან დაიჭირეს, ან სხვა ხერხებით გაანადგურეს და მეორე: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარგინალურ ძალას კულტურულად, არჩევნების გზით აძლევ ყოფნა-არყოფნის შესაძლებლობას, შენ კი ატარებ რეფორმებს. Bბუნებრივია, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ვერაფერი კეთილად დასამახსოვრებელი ვერ დაუტოვა საზოგადოებას, თანდათან ქრება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ არჩევნების დროს ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, "ნაციონალური" ნარჩენების გვერდით გვიწევდა არჩევნებისთვის მზადება, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ ქალაქის მერები, საკრებულოები, გამგებლების დიდი ნაწილი.

წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი თითქმის ასპროცენტიანი გამარჯვების შემდეგ ხმების 20%-ს რომ მიიღებ და თან ეს რაოდენობა სამომავლოდ გეიმედება, სამარცხვინო პოზიციაა. ეგ 20% ხვალ ხუთი გახდება და მერე ის დაემართებათ, რაც სხვებს დამართეს.  

- მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე პატიმრები გაათავისუფლა, ამბობენ, ბაჩო ახალაიასაც შეიწყალებსო...
- სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად გვაკრიტიკებდა, როდესაც მივიღეთ კანონი პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით; ამტკიცებდნენ, თითქოს საშიში დამნაშავეები გამოვუშვით და თვითონ რას სჩადის? თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზეც Eნუ დარჩენილაო, - ამ პოზიციით გვაგრძნობინა, რომ სურს, ქვეყანაში პრობლემები გაჩნდეს და მერე ხალხმა თქვას, მიშას დრო რა კარგი იყოო. მისი არყოფნისას ბევრი რამ შეიცვლება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქვეყანას. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ეს იურიდიული საკითხია. ვერ გეტყვით, შეძლებს თუ არა ციხიდან მის გამოყვანას, მაგრამ სააკაშვილი, ალბათ, შეეცდება ახალაიას შეწყალებას. ეს მისი ბანდაა, მათ წინაშე ვალდებულად თვლის თავს, ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იციან და თუ პირი გააღეს, მიშა სამართალს სად გაექცევა?

- ბოლო დროს საზოგადოება მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილს და მის რეჟიმს არ გაასამართლებთ, დაბრუნდება და თვითონ გაგასამართლებთ.

- ეგ ვერ გაგვასამართლებს, მაგრამ თუ ყველა დამნაშავეს პასუხს არ ვაგებინებთ და არ გავასამართლებთ, ხალხი ჩვენ გაგვასამართლებს.
უნდა მოეკითხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც ბინძურ საქმეებშია გარეული, მაგრამ თუ სამართლებრივი საფუძველი მტკიცე არ იქნება, ანგარიშსწორებას დაემსგავსება.

- არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა პარლამენტის ქუთაისში ყოფნა-არყოფნის საკითხი.
- ეს საკითხი ისევ აქტუალურია, მაგრამ ამ ეტაპზე მას არ განვიხილავთ. გადაწყვეტილება რომც მივიღოთ, მარტამდე ვერ გადმოვალთ. შენობა მხოლოდ თებერვლისთვის იქნება მზად.

- პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას რა ბედი ელის?
- სავარაუდოდ, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეთმობა, იქვე გაკეთდება საგამოფენო დარბაზი, ხელნაწერთა გამოფენები, შეხვედრების დარბაზი. ეს ყველაფერი იქნება ხალხის და არა - ერთი კაცის სამსახურში, გიორგი მარგველაშვილი კი იქნება ათონელზე მდებარე რეზიდენციაში, რომელსაც ახლა არემონტებენ. მოგეხსენებათ, ამ შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო ვანო მერაბიშვილმა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა. დღეს ვნახე შენობის ხარჯთაღრიცხვა. მილიონ-ნახევარი ლარი იყო გამოყოფილი მხოლოდ ელექტრონული, კოდირებული საკეტებისთვის, რომელიც ხმა და ტყვიაგაუმტარი კარებისთვის უნდა მოერგოთ. 300-400 ათასი ლარი ჰაერის ფილტრებისთვის - მერაბიშვილს სუფთა ჰაერი უნდა ესუნთქა.  მოკლედ, ვანო ნირვანას იმზადებდა. ეს თანხა აღარ დაიხარჯება, რადგან საქართველოს ახალ პრეზიდენტს არ სჭირდება ასეთი ფუფუნება. ნახეთ, ერთი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 170 ადამიანი  რომ იყო დასაქმებული, რას აკეთებდნენ და რა ხელფასი ჰქონდათ. უნდა შემცირდეს გაბერილი საშტატო ერთეულები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აპარატი უნდა იყოს  მოქნილი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას  მოემსახურება.
amirani
07 ნოემბერი 2013 23:59
იქეთურ-აქეთური და ერთი რამ ცხადია: დაუნდობელს თუ დაინდობ, მობრუნდება და ზურგში დაუნდობლად ჩაგცემს მახვილს!

მაგ გულმხეცთა დანდობა როგორ შეიძლება?!

მათი დანდობა იქნება არა ჟესტი ჰუმანიზმისა, არამედ სიბრიყვე და იმ უამრავი ადამიანის დაცინვა, რომელთა ცხოვრებაც მიწასთან გაასწორა ნეონაცისტთა ხროვამ!
დაცინვა იქნება მათიც, ვინც სამართლის დამკვიდრების იმედით აირჩია ახალი მთავრობა!

გაიხსენეთ, რა დააბრეხვა ერთმა ნაცმა ახალაიას პროცესზე: ყველაფერი რომ თავიდან იწყებოდეს, ისევე მოვიქცეოდიო!(ანუ, ვაწამებდი, დავასნეულებდი, სულს ამოვხიდიო)

ტყიდან გამოვარდილო, თითი თითზე დაგიკარებია იმისთვის, რომ არავის ექურდა, არ ენარკომანა?!
დაჭერაზე ადვილი რა არის?
ჯერ პირობები შეუქმენი, რომ არავის სჭირდებოდეს ქურდობა!
ეს ძნელია, სამაგიეროდ დაჭერაა ადვილი!ჰოდა იჭერდით და იჭერდით, თავად მილიონების მომპარავებო სხვებს კაპიკებისთვის ხდიდით სულს ციხეებში!

თქვენი დანდობა იქნება საკაცობრიო დანაშაული!
ზოგს ერთი დანაშაული არ ეპატია ნორმალურ ქვეყნებში და თქვენ რა წითელი კვერცხები ხართ?
ტი-ტე
07 ნოემბერი 2013 11:54
ეშინიათ რომ გაასამართლონ? ნუ გაასამართლებენ! მოაგროვონ მტკიცებულებები და გადაუგზავნონ საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში! ვოტ ტაკ! ვნახოთ როგორ გამოძვრებიან!
ელგუჯა ფორჩხიძე
05 ნოემბერი 2013 10:28
სრულ სიმართლეს ბრძანებთ ბატონო დავით-თუ,ყველა დამნაშავეს არ გაასამართლებთ, მაშინ თქვენ გაგასამართლებენ!!-ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სახით, და ამაში მხოლოდ ხალხის დაბალ პოლიტიკურ კულტურას ნუ დაადანაშაულებთ-თქვენი მინუსებიც დაინახეთ! რაც ამ ხალხმა სიმწარე და უსამართლობა განიცადა ბოლო 22 წლის განმავლობაში, ნუ გაგიკვირდებათ თუ ასეთი შეფასება მიიღეთ! თუ ვინმეს მოჭარბებული ჰუმანურობა აწუხებს დამნაშავეების მიმართ-სხვა მისია მოძებნონ და ნერვებს ნუ უშლიან ისედაც გაუბედურებულ ადამიანებს! თქვენ კი არ უნდა იძახოთ-რა მაგარი მთავრობა ვყავსო, ხალხმა უნდა თქვას კარგი მთავრობა გამოგვადგაო!

რედაქტორის რჩევით