"ჩემ გარდა სხვა კანდიდატურა არც განიხილებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩემ გარდა სხვა კანდიდატურა არც განიხილებოდა"

"ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იმდენად სწორი არჩევანი იყო, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაც არ ყოფილა"

"პოლიციაში რომ მემუშავა, ვიქნებოდი პოლიციის გენერალ-მაიორი"

საკადრო ცვლილებების თაობაზე პირველი ცნობა ირინე იმერლიშვილთან დაკავშირებით იყო -+ მას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზეს. საზოგადოებისთვის არაერთ საინტერესო საკითხზე, რაც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს და გახმაურებულ საქმეებს შეეხება, "კვირის პალიტრას" ირინე იმერლიშვილი ესაუბრა.

- უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ჩემ გარდა სხვა კანდიდატურა არც განიხილებოდა. გიორგი მარგველაშვილმა ეს თანამდებობა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთანავე შემომთავაზა. თუმცა, ინფორმაციის გახმაურებისგან თავი შევიკავეთ, ვინაიდან გიგა ბოკერია ჯერ კიდევ ამ პოსტზე გახლდათ.

ამ თანამდებობამ მასმედიის დიდი  ინტერესი ალბათ იმიტომ გამოიწვია, რომ ის ზედმეტად პოლიტიზებული იყო. 17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება და ის უფლებამოსილი გახდება, დანიშნოს უშიშროების საბჭოს მდივანი.

- უპირველესად რა საკითხებით დაინტერესდებით ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ?

- უპირველესად, აუცილებელია უშიშროების საბჭოს შესახებ მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანა, ვინაიდან კონსტიტუცია იცვლება და ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის. ამდენად, უშიშროების საბჭოს ფუნქციებიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კონსტიტუციას. უშიშროების საბჭოს ვეღარ ექნება მთავრობის მაკოორდინებლის ფუნქცია. თავისთავად, პრეზიდენტიც არ არის მთავრობის მეთაური. ამ ცვლილების პროექტზე, ვახტანგ ხმალაძესა და ირაკლი სესიაშვილთან ერთად, მეც ვიმუშავე. ასე რომ, საკუთარი უფლებამოსილების შეზღუდვის ინიციატორი თავად ვარ. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით რჩება ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება საერთაშორისო უსაფრთხოებას. უშიშროების საბჭოსაც რჩება ფუნქციები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო ძალების აღმშენებლობას, საგარეო უსაფრთხოებას უკავშირდება.

- დაიწერა, რომ თქვენ ერთადერთი ქალი გენერალი ხართ და ეს წოდება მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში მოგენიჭათ.

-  მე ეს წოდება როლანდ გილიგაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მივიღე. სხვათა შორის, ეს სპეციალური სახელმწიფო წოდებაა, რომელიც გამოითქმის, როგორც  იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. თუმცა პროკურატურაში რომ მემუშავა, ვიქნებოდი იუსტიციის გენერალ-მაიორი, პოლიციაში კი ეს წოდება პოლიციის გენერალ-მაიორობასთან იქნებოდა გათანაბრებული. არც ჩემამდე და არც ჩემს მერე ქალისთვის ეს წოდება არ მიუნიჭებიათ.

- გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს სარეზერვო ფონდიდან 10 თვეში ათი მილიონი დაუხარჯავს და ახლა ინაუგურაციისთვის ფული მთავრობამ უნდა გამოყოს.

- ამ შემთხვევაში ამ ხარჯის ამსახველი დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროს აქვს. ეს საბუთები მე არ მინახავს, თუმცა, როგორც მეუბნებიან, ეს ფულიც არამიზნობრივად არის დახარჯული.

- ადრე თქვენ გაასაჯაროეთ დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად ფულის ხარჯვის ფაქტები. რატომ არ დასრულდა ამ საქმეზე გამოძიება?

- ამ საქმის გამოძიება შს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს. ყოველ დახარჯულ თეთრზე შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს. გარდა ამისა, დაიკითხნენ ის თანამშრომლები, რომლებიც გადარიცხვებსა და შესყიდვებს თავად ახორციელებდნენ. გამოძიების დასრულებას ხელს უშლიდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც არ თანამშრომლობდნენ პროკურატურასთან და ჩვენებების მიცემას თავს არიდებდნენ. მათ უნდა უპასუხონ კითხვებს, თუ რატომ იხარჯებოდა  დაცვის სპეციალური სამსახურის ფული მათ დასვენებაზე, გართობასა თუ საჩუქრებზე.

- აქამდე ვერც სააკაშვილის დაკითხვა მოხერხდა, რათა გამოძიებას გაერკვია ბოტოქსებსა თუ სხვა სიამოვნებებზე გაწეულ ხარჯებზე მისი პასუხისმგებლობა.

- ვერ დავიჯერებ, ქვეყნის პირველ პირს არ სცოდნოდა, ეს თანხები ასე არამიზნობრივად რომ იხარჯებოდა,…თუმცა საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას. მე, შესაძლოა, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ამისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ყველაზე "კეთილშობილური ხარჯი", რაც მან ამ შემთხვევაში გასწია, საკუთარი შვილების სწავლის დაფინანსება იყო, თუმცა "დაავიწყდა", რომ ეს დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან არ უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ამ საქმის გამოძიება მალე დასრულდება.

- დაბოლოს, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა ივანიშვილმა, როცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა?

- ეს იმდენად სწორი არჩევანი იყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაც არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი თავს კარგად გაართმევს თავის უფლება-მოვალეობას და წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება.