მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
04-11-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ნათელაშვილის მასტერკლასი

მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა და თითქმის მთელი მსოფლიო დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს გვილოცავდა, გამოჩნდა ერთადერთი კაცი, ვინც ამ არჩევნების კეთილსინდისიერებაშიც შეიტანა ეჭვი. ეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყო.  მან, როგორც ადრე,  გულზე მჯიღის ცემით დაგმო ეს არჩევნები. მაშინ, როდესაც პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედით და ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველაფერი შეიცვალა, ნათელაშვილი "იგივეა მარად და მარად" - იგივე რიტორიკა, იგივე კლიშეები. არჩევნები გაყალბდა, თორემ მე მოვიგებდიო. ყველა არჩევნებზე ამას
ამტკიცებს ეს კაცი, ყველა არჩევნებზე უჭირს დამარცხების აღიარება, თუმცა გაუგებარია, ვის ატყუებს - საკუთარ თავს თუ საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც უკვე ორ პროცენტამდე შემცირდა. თუმცა წელს მისი რიტორიკა ცოტა განსხვავებული იყო: თუ ადრე ამბობდა, მე გავედი პირველ ადგილზეო, ახლა გამოაცხადა: მე ვარ პირველ-მეორე ადგილებზეო. აი, ეს
ნამდვილად მიღწევაა! ჯერ მსოფლიოში ვერავინ მოახერხა, არჩევნებში ერთდროულად ორ ადგილზე გასულიყო. დროა, ნათელაშვილი სხვა ქვეყნებში მივავლინოთ, რათა პოლიტიკოსებს მასტერკლასები ჩაუტაროს თემაზე: "როგორ შევინარჩუნოთ მხარდაჭერა სისულელეების ლაპარაკით".

პლუსები და მინუსები

ესე იგი ივანიშვილი ცოტა ხანი გვეთამაშა, გვაწვალა და შაბათს გვითხრა, ვინ იქნებოდა მისი მემკვიდრე. ჯერ ის გაგვიმხილა, მინისტრთა კაბინეტიდან იქნებაო, შემდეგ გვითხრა, ქალი არა, მომავალი პრემიერი კაციაო. მოკლედ, პოლიტიკა კი არა, თამაში - "რა? სად? როდის?" იყო. პრინციპში, ბევრმა გამოიცნო, რომ ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნებოდა. რა შეიძლება მასზე ვთქვათ ახლა?

დავიწყოთ პლუსებით: მან  მართლაც მოახერხა კრიმინოგენული სიტუაციის დაჭერა. მისი პლუსია ის, რომ  მცირე დროში შეძლო პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება, ეტყობა, რომ არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. დანარჩენს დრო გამოაჩენს, მაგრამ მას რამდენიმე მინუსიც აქვს: პირველი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ძალიან ახალგაზრდაა - 31 წლის. არის კი ეს ისეთი ასაკი, როდესაც შეიძლება ადამიანს ქვეყნის მართვა ანდო? ახალი კონსტიტუციით ხომ პირველი პირი ქვეყანაში პრემიერი გამოდის? ვიდრე პრეზიდენტი იყო პირველი პირი, მაშინ კონსტიტუციით არსებობდა ასაკობრივი შეზღუდვა და 35 წლამდე ადამიანი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. ახლა პრეზიდენტის პოსტი სიმბოლური ხდება, ქვეყნის მმართველი კი პრემიერია და ასაკობრივი შეზღუდვაც აღარ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის.
ღარიბაშვილს კიდევ ერთი მინუსი აქვს: ჩემი დაკვირვებით, პიროვნული თვისებების გამო მას აქვს პოტენციალი, იქცეს ბელადად. თუმცა, პოტენციალის ქონა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება. ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული, მივცემთ თუ არა მას ამის საშუალებას. მოკლედ, წილი ნაყარია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.


შვებულება, თუ პენსია?

მოკლედ, მიშამ, ბოდიში, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთო... მისი გრძელი გამოსამშვიდობებელი სიტყვიდან ხალხს ყველაზე მეტად ეს ბოდიში დაამახსოვრდა, რომელსაც ეტყობოდა, რომ სწორედ იმიტომ იყო ნათქვამი, ხალხს დამახსოვრებოდა. ამ საკითხზე პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი სასახლიდან ხალხს უკანასკნელად მიმართა, დიდხანს არ შეჩერებულა. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით თქვა: "გვქონდა შეცდომები, ვიყავით სულსწრაფები და ხშირად ზედმეტად მკაცრებიც. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. ვნანობ, რომ ხშირად ზედმეტად ვენდობოდი შს სამინისტროსა და პროკურატურის თანამდებობის პირებს". სამწუხაროდ, არ დაუკონკრეტებია, ვინ იყვნენ ეს თანამდებობის პირები. თუ მათში, მაგალითად, მერაბიშვილი იგულისხმება, მაშინ რატომ იცავს ასე თავგამოდებით? თუ არა, მაშინ გვითხრას, ვინ არიან ეს ჩინოვნიკები, რომელთაც ქვეყანა დაღუპეს, მაგრამ სათქმელს ბოლომდე მაინც არ ამბობს. თავისი გამოსვლით მან თითქოს პატარა ნაბიჯი გადადგა შეცდომების გააზრების გზაზე, მაგრამ მხოლოდ პატარა.

ეს ნაბიჯი ისეთი პატარაა, რომ ჯერჯერობით რთულია, შეცდომების გააზრება ვუწოდოთ. თუ მას სურს, ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების რაიმე შანსი ჰქონდეს, მაშინ წინ გააზრებების გრძელი გზა უდევს.   მანამდე კი დაგვიბარა: გთხოვთ, ნუ დააბრუნებთ რუსეთის აგენტებსო (ვითომ ჩვენ ამაზე ვოცნებობდეთ). დაიტრაბახა: ათი წლის შემდეგ მინისტრები და პრეზიდენტი აბსოლუტურად განსხვავებულ კაბინეტებში შედიანო (დაავიწყდა, რომ არ შედიან - მისი სასახლეც კი უფუნქციოდ რჩება). ჩემმა მთავრობამ ააშენა ქვეყანა, სადაც მთავრობა იცვლება არჩევნებით და არა - გადატრიალებებითო. მოკლედ, მე ბევრი რამე გავაკეთე, თქვენ კი ვერ ხედავთ. აბა, ერთი საკუთარ თავს ჰკითხეთ: არის თუ არა დღევანდელი საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ათი წლის წინ იყო, ასე არ არისო?.. ეჰ, ბატონო ჯერ კიდევ პრეზიდენტო, თქვენ ისევ ვერაფერი გაიგეთ: ხალხი იმას კი არ გედავებათ, რომ არაფერი გააკეთეთ. იმას გედავებათ, რომ რაც კარგი გააკეთეთ, ყველაფერს მერე თქვენივე ქმედებებით გადაუსვით ხაზი.

სააკაშვილი, აქ რომ კითხვებზე სასურველი პასუხი ვერ მიიღო, ბრიუსელში გაფრინდა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ხოსე მანუელ ბაროზოს ეახლა, შენ მაინც მითხარი, რომ ქვეყანა ავაშენეო. იმანაც დაუდასტურა, საქართველო უწინდელზე უკეთესი ქვეყანააო. ჰოდა, მეტი რა უნდოდა მიშას, ისე გაუხარდა, იმის მერე აღარც გამოჩენილა. სად არის, კაცმა არ იცის. მანამდე კი დაგვიბარა: ახლა დაისვენეთ ჩემგან. მე არ დავღლილვარ, მაგრამ მოვიდა დრო, თქვენ დაგასვენოთო, ანუ ნებით მივდივარ და ადრე თუ გვიან, მაინც დავბრუნდებიო... რამდენი ხნით გვასვენებს ნეტავ? კიდევ პრეზიდენტო, იმის აღიარებაც გიჭირთ, რომ თავად კი არ მიდიხართ, ამომრჩეველმა გაგისტუმრათ. უბრალოდ, ახლა იმას ვარკვევთ, ეს შვებულებაა თუ პენსია.  

Tazo
06 ნოემბერი 2013 13:48
ოდალა რა მნიშვნელობა აქვს 2% იქნება 3%?. შალიკოს ტაკიმასხარობას ამით რაიმე მოაკლდება?!
goga
05 ნოემბერი 2013 19:37
ამ კვირაში ვერ გიფიქრია ბ-ნო მერაბ საინტერესოდ,ისევ შალიკოს ხარჯზე გამოდიხარტ ჟურნალისტები.მიშას პენსიაზე გასვლა კიდევ ნაადრევია,აცალეტ კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს ტავს,მისი წასვლა უფრო ანაზღაურებულ შვებულებას გავს რომელსაც დასასრული არ აქვს,ისევ ჩვენ არ ვიხდიტ პრენა-ჭიკჭიკის ფარნგულ გასეირნებებს?
ოდალა
05 ნოემბერი 2013 12:52
მერაბ ელემენტარული ალგებრა გისწავლია? აბა დაამრგვალე ნათელაშვილის 2.88% უახლოეს მეასედამდე. 2 იქნება თუ 3? სად მიიღეთ ხალხო განათლება?

რედაქტორის რჩევით