პრეზიდენტმა პრეზიდენტს 5 000-ლარიანი "საჩუქარი" დაუტოვა
04-11-2013
პრეზიდენტმა პრეზიდენტს 5 000-ლარიანი "საჩუქარი" დაუტოვა
როგორ გაანიავა 10-მილიონი სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე კიდევ ერთი სიურპრიზი დაახვედრა თავის შემცვლელს - გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც ამ წლის ბიუჯეტის ამარა ყოფნა კიდევ ორი თვე მოუწევს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში მხოლოდ 5 ათასი ლარი დახვდა. 10-მილიონიანი ფონდით სააკაშვილმა დააფინანსა სხვადასხვა ღონისძიება, ყოფილი თანამდებობის პირების სწავლა უცხოეთში და სხვ. რაში დახარჯა სააკაშვილმა 10 მილიონი, ფინანსთა მინისტრი გვესაუბრება.

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი:
- პრეზიდენტი დღეს მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილია, ერთპიროვნულად განკარგოს პრეზიდენტის
სარეზერვო ფონდი, განსხვავებით მთავრობის სარეზერვო ფონდისგან... რაც შეეხება პრეზიდენტის ფონდის მიზნობრიობის საკითხს, რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით ეს შეზღუდვა მოიხსნა.

- გასულ წლებში პრეზიდენტის ფონდი 50 მილიონს შეადგენდა. ახალმა ხელისუფლებამ მას  10 მილიონი დაუტოვა. შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის მოთხოვნა?!

- იმის
გამო, რომ ამ ფონდიდან სოლიდური თანხები ნიავდებოდა, 2013 წელს ფონდი განისაზღვრა 10 მილიონი ლარით. გარდა ამისა, ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული იყო დამატებით 10 მილიონი.

- ახალ პრეზიდენტს ორი თვე ძველი ბიუჯეტის ამარა მოუწევს ყოფნა. 5. 000 ლარით რას უნდა გასწვდეს?
- წლის დარჩენილ პერიოდში ახალი პრეზიდენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ხარჯები გამოიყოფა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ეს ფონდი წელს მომჭირნედ იხარჯებოდა და ფინანსდებოდა მხოლოდ გადაუდებელი ღონისძიებები. 50 მილიონი ლარიდან დარჩენილია 15 მილიონ ლარზე მეტი. სწორედ ამ თანხას გამოიყენებს ახალი პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში.

დავით ონოფრიშვილი, პარლამენტის ფინანსთა და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე:
- მიუღებელია, რომ სარეზერვო ფონდი ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და ყოფილი თანამდებობის პირების სწავლის თუ ჯერ კიდევ ჩვენთვის უცნობი მიზნებისთვის დაიხარჯა.

- პრეზიდენტს თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის რამე პასუხისმგებლობა ხომ არ დაეკისრება?
- ეს ფონდი მას ეკუთვნის და უფლება აქვს, დახარჯოს, მაგრამ ხალხის ფული უმისამართოდ არ უნდა გაფლანგულიყო. ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია:
- ადრე მოქმედი კანონით შეიძლებოდა განგვესაზღვრა, მიზნობრივად იხარჯებოდა თუ არა პრეზიდენტის ფონდი. დასახული იყო პრიორიტეტები, მაგალითად, სტიქიური უბედურება, ბუნებრივი კატასტროფები... მაშინ ზედმეტ ხარჯებზე დავაც შეგვეძლო. კანონის გაუქმების შემდეგ პრეზიდენტს უფლება მიეცა, სურვილისამებრ განკარგოს ფონდის თანხა.

- როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა სამაგისტრო პროგრამები უცხოეთში. სწავლის თანხა გადაუხადეს ყოფილ თანამდებობის პირებს...

- ასეთი ხარჯები არ უნდა გაიღოს სარეზერვო ფონდმა. კარგია, რომ სახელმწიფო აფინანსებს სტუდენტების სწავლას უცხოეთში, მაგრამ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: თუ განათლების სამინისტროს აქვს ასეთი პროგრამები, რაღა საჭიროა, პრეზიდენტის ფონდიდან ცალკე ფინანსდებოდეს სტუდენტების სწავლა უცხოეთში? გარდა ამის, მიუღებელია, რომ დაფინანსება ყოფილმა ჩინოვნიკებმაც მიიღეს. ასევე გაუგებარია, რატომ ფინანსდებოდა ღვინის ფესტივალები და მსგავსი ღონისძიებები. უკვე სახელწოდება სარეზერვო ფონდი  მიანიშნებს, რომ ეს თანხა ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას უნდა გამოიყენო.

უტა ბიწაძე
.
05 ნოემბერი 2013 03:03
მიშას არაკანონიერად არაფერი არ დაუხარჯავს, საიდან მოიტანეთ ეს? მე არ და ვერ დავიჯერებ მიშასთან ,,კრიჭაში,, ჩამდგარი სხვადასვა ჯურის ჩინოვნიკის უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გაჯერებულია მიშას მიმართ სიძულვილით, შურით და არანაირ ფაქტებით არ არის დასაბუთებული.
l
04 ნოემბერი 2013 23:16
რატომ არ მიკვირს ნეტა?
ლაშა
04 ნოემბერი 2013 16:48
სააკაშვილს ყველა უკანონობა დაკანონებული ჰქონდა, ის ხომ მეფე იყო, _ ეს იყო ჭირი.

რედაქტორის რჩევით