საქართველო 2009 წლის მსოფლიო რეიტინგებში - კვირის პალიტრა

საქართველო 2009 წლის მსოფლიო რეიტინგებში

ქვეყნებს შორის შეჯიბრებისთვის თვალყურის დევნება არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ადამიანთა შორის. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველწლიურად აფასებენ ვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ცხადია, საქართველოშიც. გთავაზობთ ამონარიდს რამდენიმე რეიტინგიდან, საიდანაც შევიტყობთ, რომელი ადგილები ერგო წლეულს საქართველოს და რა პოზიციები ჰქონდა შარშან.

თავისუფლების ხარისხი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი", რომელიც დემოკრატიის, პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობს, ყოველწლიურად აფასებს, როგორი მდგომარეობაა ქვეყნებში საზოგადოებრივი თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით. ცალ-ცალკე აფასებენ საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, ბოლოს კი მონაცემები შეჯამდება. ქულების მიკუთვნების ნაცვლად, "ფრიდომ ჰაუსი" ვითარებას აფასებს, როგორც თავისუფალს, ნაწილობრივ თავისუფალსა ან არათავისუფალს.

2009 წელს მდგომარეობა საქართველოში, წინა წლის მსგავსად, განისაზღვრა როგორც ნაწილობრივ თავისუფალი.

KvirisPalitra.Geმედიის თავისუფლების ხარისხი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებგარეშე" ყოველწლიურად ადგენს მედიის თავისუფლების ხარისხის რეიტინგს ქვეყნების მიხედვით. ამისთვის ორგანიზაცია ჟურნალისტთა გამოკითხვებს ატარებს. 175 ქვეყანას შორის 2009 წელს საქართველო 81-ე ადგილზე აღმოჩნდა და გაუსწრო უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს. 2008 წლის შედეგი კი 120-ე ადგილი იყო 173 ქვეყანას შორის.

ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი

KvirisPalitra.Geქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, ტრადიციულად, ერთობლივი კვლევით არკვევენ პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი "ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი" და ეკონომიკური გამოცემა "უოლ-სტრიტ ჯორნელი". ეს მაჩვენებელი რამდენიმე კრიტერიუმის ერთობლიობას წარმოადგენს. ბიზნესის, ვაჭრობის, საგადასახადო თავისუფლების, მონეტარული, ინვესტიციების, ფინანსური თავისუფლების, კერძო საკუთრების დაცულობის, კორუფციისგან თავისუფლების, შრომის თავისუფლების ხარისხების შეფასების შემდეგ მკვლევრებს საშუალო ინდექსი გამოჰყავთ.

ჯამური მონაცემებით, 179 ქვეყანას შორის 2009 წელს საქართველო 32-ე ადგილზეა 69,8 ქულით. შარშანაც საქართველო 32-ე პოზიციაზე იყო, თუმც კი 0,5-ით ნაკლები ქულა ჰქონდა.

ცხოვრების ხარისხი (ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი)

KvirisPalitra.Ge2009 წელს გამოქვეყნებულ გაეროს მოხსენებაში ადამიანის განვითარებისა და მობილობის შესახებ, მრავალ სხვა საკითხთან ერთად, შეფასებულია გაეროს წევრ ქვეყნებში ადამიანთა კეთილდღეობის დონე (სხვა სიტყვებით, ცხოვრების ხარისხი). საქართველო 89-ე ადგილზეა 182 ქვეყანას შორის, 0,778 ქულით (მოხსენებაში ინდექსი შედგენილია 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით). 2006-2007 წლების მოხსენებაში კი (რომელიც 2006 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა), საქართველო 0,768 ქულით 91-ე ადგილზე იმყოფებოდა.

კორუფციის ინდექსი

KvirisPalitra.Geსამოქალაქო საზოგადოების გლობალური ორგანიზაცია "ტრანსპარენსი ინტერნეიშენელი", რომლის ამოცანაა კორუფციასთან ბრძოლა, ყოველწლიურად ადგენს კორუფციის აღქმის ინდექსს.

წლეულს საქართველომ 66-68-ე ადგილები გაიყო ხორვატიასა და ქუვეითთან ერთად, 180 ქვეყანას შორის, 4,1 ქულით. 2008 წელს საქართველო ასევე 66-68-ე ადგილებს იყოფდა, ოღონდ ამჯერად სალვადორსა და განასთან ერთად, 3,9 ქულით.