"საქართველოს ტერიტორიაზე 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაზვერვა მუშაობს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ტერიტორიაზე 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაზვერვა მუშაობს"

"ვიკილიქსმა" თბილისი მსოფლიოს იმ ქალაქების რიცხვში შეიყვანა, სადაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო მოქალაქეებს უსმენდა. საქართველოში მიყურადება ცოტას თუ გააკვირვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები რიგითი მოქალაქეების გარდა სახელმწიფო მეთაურების სატელეფონო საუბრებსაც უსმენდნენ.

"ვიკილიქსმა" 73 ქალაქი დაასახელა და სხვადასხვა ფერით მონიშნა: წითლით ის ქალაქი, რომელიც დიდი საფრთხის შემცველია, მწვანით ტექნიკური აქტივობით გამორჩეული ქალაქები, რუხით - პოტენციური დაკვირვების ქალაქები, ყვითლით - დაბალი მიყურადების ხარისხის. "ვიკილიქსის" მიხედვით, თეთრით მონიშნული ქალაქები, რომელთა შორის თბილისიც მოხვდა, სპეცსამსახურების ლოკაციის ადგილად ითვლებიან. რატომ უსმენდა აშშ მოკავშირეებს?

ბესო ალადაშვილი, ექსპერტი უშიშროების საკითხებში: - ეს სტრუქტურა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი არ არის. ეს არის სტრუქტურა, სადაც ბინძურ საქმეებსაც აკეთებენ. ამერიკა თავის მოკავშირეებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში უსმენდა.

- აშშ-ს რომ უახლესი მოსასმენი ტექნოლოგიები აქვს, რა გასაკვირია, საინტერესო ის არის, საელჩოები რა ფორმით არიან ჩართული ამ საქმეში?

- ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ამას თანამგზავრული სისტემითა და საელჩოების მეშვეობით აკეთებს. შეგიძლიათ ნებისმიერ საელჩოს დააკვირდეთ - ყველა შენობა უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, დამონტაჟებულია უახლესი ელექტრონული აპარატურა, რაც დაზვერვისთვის არის საჭირო.

- როგორ გაჟონა ამ საიდუმლო ინფორმაციამ?

- ეს აშშ-ისა და ევროპის დაპირისპირებაზე მიუთითებს. რასაკვირველია, ინფორმაციის გაჟონვა სპეცსამსახურების შეცდომის ბრალია. აშშ-მაც დიდი შეცდომა დაუშვა "ვიკილიქსის" საქმეში, მოგვიანებით იგივე გაიმეორა სნოუდენთან მიმართებაში და თავსატეხიც გაიჩინა.

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი: -  ტერორისტებისთვის არ არის ძნელი კონკრეტულ ადგილზე დაგეგმილი ტერაქტის სხვა ქვეყნებში გადატანა და უსაფრთხოებისთვის შეიძლება ლოგიკურიც კი არის მოსმენები. ჩრდილო კავკასიაში ვაჰაბიტური დაჯგუფებების ძლიერი რგოლი მოქმედებს. ისინი აშშ-ს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ერთი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ თავად აშშ-ს სთხოვა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვაში ჩართვა. ეს იმით აიხსნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტები გახშირდა. ამერიკელებს ჩრდილოკავკასიური ისლამისტური მოძრაობები ძალიან აშფოთებს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ტერორისტებს შორის სატელეფონო ზარები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირდა, მათ შორის პანკისის ხეობიდანაც. ეს რეგიონი ამ მხრივ აქტიურ ზონად არის აღიარებული.

- გასაგებია, მაგრამ უსმენდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირსაც, მათ შორის საქართველოშიც.

- ამერიკელები ხვდებოდნენ, რა თამაშს თამაშობდა სააკაშვილი. საინტერესოა, რატომ არავის უკითხავს, ვითომ პროდასავლურმა პრეზიდენტმა როგორ გადააქცია ეს რეგიონი არაბულ ისლამურ სამყაროსთან აქტიური თანამშრომლობის ეპიცენტრად. გახსოვთ, ალბათ, ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის გახშირებული ვიზიტები. ვფიქრობ, მან ახალ ხელისუფლებას ძველის შავბნელი საქმეები გააცნო. გააფრთხილეს სააკაშვილიც, შეტოპეო.

- რას გულისხმობთ?

- ამერიკელებს აშფოთებდათ ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ისლამურ ქვეყნებთან ფინანსური ტრანსაქციები დაიწყო.  გარდა ამისა, ძალიან ბევრი საიდუმლო საქმე არსებობს სააკაშვილის, კეზერაშვილისა და თემურ ალასანიას შესახებ. მათ ჰქონდათ ერთობლივი იარაღის ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში. საბოლოოდ ეს იარაღი ტერორისტების ხელში ხვდება, რაც, პირველ რიგში, აშშ-ის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - აშშ-ში ასეთი სკანდალი იშვიათი არ არის, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებთან მისი თანამშრომლობა, რომ ასეთი საკითხები დიდ გავლენას ვერ ახდენს.

- რატომ გადაწყვიტა მოკავშირე სახელმწიფოებისა და მით უმეტეს, ლიდერების მოსმენა ამერიკამ?

- ზესახელმწიფოები ხშირად იყენებენ ამ მეთოდს. რუსეთს ევროპაში ყველა სფეროში ჰყავს გავლენის აგენტები. ჩვენს ხელისუფლებაშიც ყოველთვის იყვნენ რუსეთის ინტერესის გამტარებლები. ჩვენთან არა მარტო აშშ-ის სპეცსამსახურები აქტიურობენ, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაზვერვა მუშაობს. ამერიკის დაზვერვის წარმომადგენლობას დააფიქრებდა მერაბიშვილის შეხვედრები ბელორუსიის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან. შეიმანი დსთ-ის სივრცეში ერთ-ერთი გავლენიანი უსაფრთხოების მაღალჩინოსანია. იმისთვის, რომ მოკავშირე ქვეყნების ორმაგი თამაშები ამოხსნა, მოსმენა საუკეთესო საშუალებაა.

უტა ბიწაძე