მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ნახვამდის, არჩილ!

მართალია, "სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ასაკი" გადალახული ჰქონდა, მაგრამ პროკურორობა მისთვის მაინც ნაადრევი აღმოჩნდა. რაღა ნაადრევად, აგერ ის კაცი, ვინც მალე სახელმწიფოს მმართველი იქნება, 31 წლისაა და სულაც არ მიაჩნია ეს ყველაფერი ნაადრევად, თუმცა რა ვიცით, რას იტყვის ისიც მომავალ წელს? თანამდებობაზე მოსვლის დროს კბილაშვილიც და მთელი საზოგადოებაც იმედიანად იყვნენ. მე დღესაც ვფიქრობ, რომ იგი საუკეთესო პროკურორი იყო, ვინც აქამდე მინახავს, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. მას ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა, მაგრამ ბევრი უარყოფითიც. დღეს მას ზედმეტ ადამიანურობას ბევრი ნაკლად უთვლის. არადა, სწორედაც რომ ადამიანად უნდა დარჩე ყველგან და ყოველთვის, ამას კი ბევრი ვერ ახერხებს. დღეს მისი საქმიანობის შეფასებისას ხშირად გაიგონებ, რომ პროკურატურას უფრო მკაცრი ხელი სჭირდება. ეს ტენდენცია ძალიან მაშფოთებს, მკაცრმა ხელმა სადამდეც მიგვიყვანა, კარგად ვხედავთ. კბილაშვილის მთავარი პრობლემა მკაცრი ხელის უქონლობა კი არა, არამედ ნაკლები პრინციპულობა იყო. მან პრინციპულობა მხოლოდ ერთ საკითხში გამოიჩინა - ბედუკაძის გათავისუფლებაში და ესეც სადავო გაუხდა. ყველამ უარყოფითად შეუფასა, მისმა თანაგუნდელებმაც კი. სხვა საკითხებშიც ასეთივე პრინციპული რომ ყოფილიყო, მაშინ პრობლემა არ ექნებოდა. თავად თქვა, რეფორმების ტემპის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა მე და ივანიშვილსო, მე უფრო სწრაფ ტემპს ვითხოვდიო.

ჰოდა, გამოეჩინა პრინციპულობა! თუ ივანიშვილს ვერ დაარწმუნებდა, ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, თანამდებობიდან გადადგომა იქნებოდა. ისედაც ხომ მოუწია წასვლამ და რა მიიღო? თანამდებობაც დაკარგა და სუსტი პროკურორის სახელიც შერჩა. "პალიტრის" ეთერში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა მითხრა: პირადად გადავეცი კბილაშვილს იმ პირის გვარი, ვისაც ევროსასამართლო წამებაში ადანაშაულებს, კბილაშვილიც აღშფოთდა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დაეჭირათ, ხელისუფლებამ ის კაცი მაღალ თანამდებობაზე დანიშნაო. კბილაშვილმა ისიც თქვა, ღარიბაშვილთანაც მქონდა აზრთა სხვადასხვაობაო. ჰოდა, თუ აზრთა სხვადასხვაობა გაქვს, შენი პოზიცია უნდა დაიცვა. შეიძლება გუნდში დაპირისპირებას მოერიდო, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ მერე პასუხს ყველა შენ მოგთხოვს. არადა, ბატონი არჩილი ძალიან მომწონდა. ნეტავ კიდევ როდის გვეღირსება მედიასთან ასე გულწრფელი მთავარი პროკურორი? მე ერთ რამეში ვეთანხმები: მართლაც ნაადრევად დანიშნეს. ის კარგი პროკურორი ერთი 10 წლის შემდგომ საქართველოში იქნებოდა. ამიტომ არ ვემშვიდობები და ვეუბნები, ნახვამდის.

პ.ს.  ერთი შეკითხვაც: თუ ყველა იმას გაიძახის, კბილაშვილის მაგივრად პროკურატურას ლაშა ნაცვლიშვილი მართავდაო და თუ ასევე ვთანხმდებით, რომ პროკურატურა ცუდად მუშაობდა, მაშინ ნაცვლიშვილმა არ უნდა აგოს პასუხი?

ისევ საბავშვო ბაღი და კითხვები ახალ პროკურორს

გახსოვთ, როგორ დავცინოდით სააკაშვილს, "ნორჩ" მინისტრებს რომ ნიშნავდა? სააკაშვილის მთავრობას საბავშვო ბაღს ვეძახდით. ახლა კი რა მივიღეთ: მთლად ქვეყნის მმართველი ხდება უასაკო (31 წელი ამ შემთხვევაში ჩემთვის უასაკობაა) და ხმას არავინ იღებს.  ის კი არა, ახლა გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 31 წლის მომავალმა პრემიერმა 28 წლის ალექსანდრე  ჭიკაიძე წარადგინა. მახსოვს, რა ამბავი ატყდა   28 წლის ბაჩო ახალაია რომ დანიშნა სააკაშვილმა. იმას კი არ ვამბობ, რომ ახალი მინისტრიც ისეთივე იქნება, მაგრამ ისევ საბავშვო ბაღს რომ ვიღებთ, ამას რა ვუყოთ?

უკვე ბევრი ტენდენციაა შემაშფო=თებელი. თუნდაც ახალი მთავარი პროკურორი ავიღოთ: ამ თანამდებობაზე ღარიბაშვილმა წარადგინა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც აქამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა და რომლის სახელსაც უკავშირდება თბილისში რასმუსენის ვიზიტის დროს მერიის მაღალჩინოსნების მასობრივად დაკავება. პოლიტიკურად წამგებიან ნაბიჯს რომ თავი დავანებოთ, იურისტების განმარტებით, ეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა იყო, რაც დანაშაულია. სწორედ ამ ადამიანის სამსახურს უკავშირდება ასევე სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

არ ვიცი, როგორი პროკურორი იქნება ბატონი ფარცხალაძე, მაგრამ ეს საქმეები კითხვებს უკვე აჩენს. ამას გარდა, კანონით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა პრემიერს იუსტიციის მინისტრმა უნდა წარუდგინოს. ეს ფორმალურად ასეც მოხდება, მაგრამ ეცლია ახალ პრემიერს, რეალურადაც თეა წულუკიანს შეერჩია ახალი პროკურორი. მაგრამ არა, ღარიბაშვილს ყველგან თავისი ხალხი სჭირდება. ეს შეიძლება ბუნებრივიცაა, მაგრამ მე  პროკურორი დამოუკიდებელი ფიგურა მირჩევნია.

შესრულებაში თუ დაგეგმვაში?!

მთავრობამ, როგორც იქნა, აღიარა, ბიუჯეტს პრობლემები აქვსო. უფრო სწორად, აღიარა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. რომ არა ის, ნოდარ ხადური, ალბათ, ჯიუტად გააგრძელებდა მტკიცებას, ყველაფერი კარგად არისო. კვირიკაშვილმა კი თქვა, რომ ბიუჯეტის განსაზღვრული ნაწილი შემოსავლების ნაწილში ვერ შესრულდება. ეს ვერშესრულება ციფრებში დაახლოებით 600 მილიონის დანაკლისს ნიშნავს. ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ ეკონომიკა დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 2%-ითაც არ გაზრდილა.

მართალია, მთავრობა გვარწმუნებს, ეს 600-მილიონიანი დანაკლისი პენსიების, ხელფასების გაცემასა და სხვადასხვა პროგრამის შესრულებაზე გავლენას არ მოახდენსო, მაგრამ ეს ფული რაღაცას ხომ დააკლდება? ნოდარ ხადური კი ბოლო დროს დახელოვნდა, თუ როგორ ახსნას მარტივად, რატომ ვერ შესრულდა პროგნოზი. მას რომ მოუსმენ, იფიქრებ, რას ერჩი, ობიექტური მიზეზები ყოფილაო. მინისტრი ამ მიზეზებს შორის ასახელებს უპირველესად წინა ხელისუფლებისგან გამოწურულ ეკონომიკას, მის აგრესიულ რიტორიკას, მიშას ცუდ ქცევას კოაბიტაციის პერიოდში. თუმცა ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ასეთი პირობები იყო, მაშინ თავიდან რატომ დაიგეგმა ასეთი მაღალი ზრდა? რომ არა 6%-იანი ზრდის პროგნოზი, ბიუჯეტიც ხომ ასე არ დაიგეგმებოდა? ამიტომ ჩავარდნა აშკარაა შესრულებაში ან დაგეგმვაში. ახლა მთავრობამ აირჩიოს, რომელი ურჩევნია.