ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

ენერგეტიკული რევოლუცია - რუსეთის მარწუხების შესუსტების წინა პირობა?!

შეიძლება თუ არა საქართველო გადაიქცეს მსოფლიო ახალი ენერგეტიკული რევოლუციის ნაწილად - ზოგიერთი ინფორმაციით ფიქალი ენერგორესურსების მარაგები საქართველოშიც უნდა მოიპოვებოდეს. თუმცა, მიმდინარეობს თუ არა კვლევა-ძიება ან როგორ შეიძლება აისახოს ეს ჩვენს ეკოსისტემაზე, ჩვენთვის უცნობია.

სპეციალისტების აზრი ორად გაიყო: შეცვლის თუ არა მსოფლიოს ენერგეტიკულ რუკასა და გეოპოლიტიკას რთულად მოპოვებადი გაზისა და ნავთობის მოპოვების ინოვაციური და იაფი ამერიკული ტექნოლოგია? ერთნი ფიქრობენ, რომ ვერც ფიქალი ენერგორესურსების არსებული მარაგები და ვერც მოპოვების ახალი ტექნოლოგია არსებითად ვერ შეცვლის მსოფლიოში დღეს არსებული ენერგეტიკული იმპერიების და მათ შორის, რუსეთის გავლენას. მეორენი კი, პირიქით, დღეს ენერგორესურსების მოპოვებისა და გასაღების ლიდერ ქვეყნებს დასუსტებას უწინასწარმეტყველებენ. არსებობს შუალედური პოზიციაც, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა იტალიური ენერგეტიკული გიგანტ  ENI-ს პრეზიდენტის შეხედულებები ევროპის ენერგეტიკული მომავლის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება სამომავლოდ ორ რესურსს: ტრადიციულს - დიდწილად რუსულ ენერგომარაგებსა და ინოვაციურს - ფიქლის გაზისა და ნავთობის ათვისება-გამოყენებას უნდა დაეყრდნოს. ესეც არ იყოს, თავად რუსი ენერგეტიკოსების გათვლებით, რუსეთი შეიძლება ლიდერი გახდეს ფიქალი ენერგორესურსების მარაგებით. თუმცა, ისინი იმდენად რთულად მოსაპოვებელ ლანდშაფტებშია, რომ მათი მოპოვება დღეს წამგებიანია დიდი ხარჯის გამო.

მთავარი კითხვა, რის გამოც ჩვენი ინტერესი გამუდმებით დასტრიალებს ენერგორესურსების მოპოვების ინოვაციურ ტექნოლოგიებს, საქართველოსთვის შემდეგია: თუ მითი გაზისა და ნავთობის მოპოვების ახალი ტექნოლოგიების შესახებ მართალია, რამდენად დამანგრევლად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე მსოფლიოში ჭარბი იაფი ენერგორესურსების გამოჩენა მაშინ, როცა რუსეთის ბიუჯეტის მესამედზე მეტი სწორედ ენერგორესურსების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე მოდის? თუ რუსეთი მცოცავი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია, როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე? და თუ რუსეთი რეგრესის რელსებზე დგას, მაშინ რა უნდა იყოს ჩვენი გამჭოლი, სტრატეგიული ხაზი რუსეთთან ურთიერთობაში? რა როლი შეიძლება, ან უნდა შეასრულოს საქართველომ? ან რა როლში დაინახავს მას დასავლეთი?! კერძოდ, რა შეიძლება მოჰყვეს ამ კრიზისს - რუსეთის დასუსტება?  ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია, თუნდაც ჩრდილო კავკასიაში ამ სავარაუდო სცენარებში საქართველოს როლის, სულ ცოტა, ორი ხედვა შეიძლება განვიხილოთ: დაეხმაროს რუსეთს სტაბილურობის შენარჩუნებაში ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ბენეფიტების სანაცვლოდ ან დაელოდოს რუსეთის საბოლოოდ დასუსტებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხელის აღების იმედად.

თუმცა, სანამ მსოფლიო ვერ გარკვეულა ჯერ კიდევ ნახევრად მითური ენერგეტიკული რევოლუციის ავკარგიანობაში და სანამ თავად დასავლეთიც რუსეთთან ურთიერთობის მრავალვექტორიან პოლიტიკას არჩევს, საქართველოსთვის ოპტიმალური გამოსავალია მინიმალური დანაკარგების გზით სიარული. ამ ტაქტიკას მე დავარქმევდი რუსეთის შეკავების პოლიტიკას, ანუ უკეთეს მომავლამდე თუ პერსპექტივამდე რუსეთის შეკავება იმ ფარგლებში, რაც მან უკვე წაიღო, პარალელურად ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის ფონზე.

მაშინ, როცა თავად ამერიკელი მკვლევარები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში არსებული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ის ერთიანი სტრატეგიის უქონლობას ასახელებენ, საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალია დრო მოიგოს რუსეთთან ურთიერთობაში. "როცა საქმე რუსეთს ეხება, აშშ-ის უჭირს განსაზღვრა, თუ რას ელის ამ ურთიერთობისგან: გვინდა რუსები ჩვენი მსგავსნი გახდნენ, ან იქნებ მათი მხარდაჭერა გვჭირდება ჩინეთთან, ირანთან, "ალ-ქაიდასთან" კონფრონტაციაში? თუ მათი იზოლირება და დასუსტება გვსურს? როგორც ჩანს, ამერიკული პოლიტიკა ხშირად ყველა ამ სტრატეგიას ერთობლივად იყენებს: ავითარებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს რუსეთში, იყენებს მის მხარდაჭერას ირანის წინააღმდეგ სანქციებში და ხელს უწყობს უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას", - გვიზიარებს თავის საინტერესო თვალსაზრისს "ფორბსის" ავტორი მარკ ადომანისი. სტრატეგიათა და ხედვათა ასეთ ეკვილიბრისტიკაში საქართველოს რაღა დარჩენია რაციონალური და აქტიური ლოდინის პოლიტიკის გარდა: აქტივობა, ამ შემთხვევაში, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების გონივრულ განეიტრალებაში უნდა გამოიხატოს უკეთესი მომავლის შენების იმედად.