"ფარცხალაძე მეგობრობა-ახლობლობის ნიშნით არის შერჩეული"
11-11-2013
"ფარცხალაძე მეგობრობა-ახლობლობის ნიშნით არის შერჩეული"
"იმედია, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მონსტრი დაიშლება"

"არც კბილაშვილი ყოფილა წულუკიანის შერჩეული და არც ახლა ჰკითხეს ფარცხალაძის შესახებ აზრი"

"კბილაშვილმა საჭირო დროს ვერ აიღო ინიციატივა ხელში"


გასულ კვირას პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ მთავარი პროკურორის შემცვლელი ოთარ ფარცხალაძე, შემდეგ კი შს მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. რატომ დატოვა თანამდებობა მთავარმა პროკურორმა, რას გვიქადის მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები, ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება:

- კბილაშვილი წესიერი ადამიანი და კ
არგი ადვოკატი გახლდათ, მაგრამ ის არ იყო სისხლის სამართლის სპეციალისტი, ერთი საქმეც კი არ ჰქონდა გამოძიებული. ადვოკატისთვის დამახასიათებელ პრიზმაში განიხილავდა საქმეებს და არა სახელმწიფო ბრალდების თვალსაზრისით. ვფიქრობ, როცა მთავარ პროკურორად დაინიშნა, არ ჰქონდა პროკურატურის როლი კარგად გათვითცნობიერებული.

მხოლოდ დაპატიმრება არ არის პროკურატურის საქმე, ის სხვადასხვა უწყებას საპროცესო ზედამხედველობას უწევს, ამავდროულად,
სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერად გამოსვლა ევალება. კბილაშვილმა საჭირო დროს ვერ აიღო ინიციატივა ხელში, ვერ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ხელქვეითების "თვითშემოქმედება".

-  ლაშა ნაცვლიშვილთან მისი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გულისხმობთ?
- არა მარტო ნაცვლიშვილი, თვითონ პროკურატურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, რაიონების, ოლქის პროკურორები კბილაშვილს აღარაფერს ეკითხებოდნენ. შედეგად, პროკურატურამ კბილაშვილის პროკურორობის პერიოდში საზედამხედველო ფუნქცია დაკარგა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა შსს-სა და ფინანსურ პოლიციაში დაწყებული საქმეების გამოძიებაში. ფაქტობრივად, პროკურორმა ამ დაწესებულებებში ავტორიტეტი დაკარგა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას ძალზე რთულ პერიოდში მოუწია მუშაობამ...  

- ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის  პოსტზე ოთარ ფარცხალაძე დაასახელა. თქვენი აზრით, ის რა ნიშნით შეარჩიეს?
- ისევ იმ პრობლემასთან გვაქვს საქმე - არც ღარიბაშვილს აქვს პროკურატურის ფუნქციები გათვითცნობიერებული. ფარცხალაძე ახალგაზრდა კაცია, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ვფიქრობ, ის მეგობრობა-ახლობლობის ნიშნით არის შერჩეული.

- ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსია, რომლის სახელს გახმაურებული საქმეების გამოძიება უკავშირდება.

- დიახ, ტელეკომპანია "იმედის", რიყის გასხვისების საქმეები, ასევე, რასმუსენის ვიზიტისას მერიის თანამშრომლების დაკავება და შემდეგ მათი მობოდიშებით გათავისუფლება, რაც აშკარად ახალი მთავრობის დისკრედიტაცია იყო... მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილებაც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. ის საზოგადოებისთვის მთლად უცნობი პერსონა არ ყოფილა.

- თქვენი აზრით, მისი კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილთან არ იყო შეთანხმებული?
- არა მგონია, ივანიშვილს შეერჩია მისი კანდიდატურა. ალბათ, უთხრეს, ეს იქნება მთავარი პროკურორიო და აღარ ჩაერია.

- იუსტიციის მინისტრისთვისაც მოულოდნელი იყო ამ პოსტზე ფარცხალაძის დასახელება. თუმცა, თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ პროკურატურა მომავალში უკეთ იმუშავებს. ეს ხომ არ ნიშნავს ყოფილი მთავარი პროკურორის მუშაობით უკმაყოფილებას?
- უმჯობესი იყო, თეა წულუკიანს ეს ადრე გამოეხატა, ვიდრე კბილაშვილი გადადგებოდა. თუმცა მის განცხადებებში შეფარულად ადრეც იგრძნობოდა უკმაყოფილება. საზოგადოდ, იმას, რომ იუსტიციის მინისტრი წარადგენს მთავარ პროკურორს, მხოლოდ ფასადური ხასიათი აქვს - არც კბილაშვილი ყოფილა წულუკიანის შერჩეული და არც ახლა ჰკითხეს ფარცხალაძის შესახებ აზრი. დღეს პროკურატურა საკმაოდ გაუგებარ მდგომარეობაშია თავისი სტატუსით...

- და მაინც, საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას, გახმაურებული საქმეების გამოძიების დასრულებას ელოდება. თქვენი პროგნოზით, ამ საქმეებს ფარცხალაძე ჩაფარცხავს თუ საზოგადოების იმედს გაამართლებს?
- რას ჩაფარცხავს და რას არა, დრო გვიჩვენებს. მისი პირველი გადაწყვეტილებები ძალიან ინფორმაციული და მნიშვნელოვანი იქნება. მთავარია, ის პოპულისტური ნაბიჯებით, ქუჩის ან ტელედაჭერებით არ გაერთოს.  ერთი მხრივ, ეს საზოგადოებას გაახარებს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ წაყენებულ ბრალზე სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, ეს კვლავ მთავრობის დისკრედიტაციას გამოიწვევს. მით უფრო, რომ კოაბიტაცია უკვე დასრულებულია. ამიტომ პროკურატურას დიდი მუშაობა მართებს, კარგად გააზრებული მოქმედებები სჭირდება.

- პრემიერობის კანდიდატმა შს მინისტრობის კანდიდატად ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. რა იცით მის შესახებ?
- მრავლისმეტყველი ბიოგრაფია ნამდვილად არა აქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის მამა თავის დროზე შსს-ში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ შსს-ს რეფორმა არ სჭირდება, ძალიან ცდება. ის, რომ ეს უწყება პოლიტიზებული არ არის, შს მინისტრის ნების დამსახურებაა და არა რეფორმის, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მაგრამ ხომ შეიძლება შეიცვალოს შს მინისტრი და მისი ნებაც? არ უნდა დავუშვათ, რომ უწყება პოლიტიზებული, ერთი პარტიული ძალის მსახური…გახდეს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები ვინმეს გუნება-განწყობილებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. კარგად გვახსოვს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება შსს-სა და უშიშროების ერთმანეთისგან გამოყოფის თაობაზე. ცხადია, ასეთ გადაწყვეტილებას ორხელისუფლებიანობის დროს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ახლა იმედია, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მონსტრი დაიშლება.
mesazgvre
13 ნოემბერი 2013 16:59
ბატონო კახი,თქვენ აქ ახსენეთ წინასაარჩევნო დაპირება შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ერთმანეთისგან გამოყოფის შესახებ.საინტერესოა სასაზღვრო პოლიცია რომელს უნდა ექვემდებარებოდეს? 2004 წლიდან ვანომ გახადა ეს უწყება სასაზღვრო პოლიციად.ამჟამადაც მერაბიშვილის კადრები განაგებენ იქ ყველაფერს(ზნედაცემული ვანოს დროინდელი ქალები,უფროსი იქ ბუტაფორიაა!).ხალხი, რომლებიც თანამშრომლებს ქართული ოცნების მხარდაჭერისათვის გაყრით ემუქრებოდნენ,ისევ არხეინად გრძობენ თავს თანამდებობებზე ნაცებთან დამეგობრებულ ახლადმოსულ ყვარყვარეებთან ერთად!
4+1=5
13 ნოემბერი 2013 09:40
რა მნიშვნელობა აქვს ხალხო ვის სად და როდის ან ვისი მმართველობის დროს უმუშავია? მთავარია ემსახურო შენს სამშობლოს და ხალხს დაანახო რომ სამართლიანი ხარ. აბა ერთიდაიგივე სახეებია კარგი? ყველას რომ ერგებიან? კარგი ადამიანია ნამდვილად და იმედია ასეთიც დარჩება ბოლომდე
zura
12 ნოემბერი 2013 14:26
ადამიანს უამრავი მანკიერება ახასიათებს მათ შორის შეიძლება გამოიყოს:შური, სიხარბე, უმადურობა და სიმხდალე რომელი თვისებებებიც ადამიანის ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია და განაპირობებენ მისი აზროვნებისა და ქმედებების სტილს,როგორც ყოფაცხოვრებაში ასევე თანამდებობაზე ყოფნისას მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ცხოვრების წესითა და საქმიანობის სფეციკით გაპირობებული უნარ ჩვევები. ძველ მთავარ პროკურორს არ ვიცნობ და ვერაფერს ვიტყვი კანდიდატზე კი შემიძლია რამოდენიმე სიტყვა ვთქვა:ამ კაცმა სრულიად ახალგაზრდამ 18 წლის ასაკში 1994 წელს დაიწყო მუშაობა საბურთალოს რაიონის სისხლის სამართლის სამძებროში,რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. სამსახურში, სადაც გადიოდა თავაშვებულ კრიმინალთან ბრძოლის წინა ხაზი და საბურთალოს რაიონი წარმოადგენდა ამ ფრონტის ურთულეს უბანს.მახინჯი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე ხელოვნურად გართულებული კრიმინოგენური სიტუაციიდან გამომდინარე ამ დანაყოფშიმუშაობა უზარმაზარი რისკის ფაქტორთან იყო დაკავშირებული სახლიდან გამოსულ პოლიციის თანამშრომელს დიდი შანსი ქონდა უკან დაბრუნებულიყო ზემოთ ადამიანის უარყოფითი თვისებები ჩამოვთვალე და მინდა ვთქვა რომ საკმაო ხნის განმავლობაში ერთად მუშაობის პერიოდში მე ოთარისათვის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია; პირიქით ამ კაცში საოცრად იყო შერწყმული უკიდურესად ვაჟკაცური ხასიათი და სიკეთე გამოირჩეოდა მოქნილი სხარტი გონებითა და დახვეწილი იუმორის გრძნობით.მისი პიროვნებას კარგად ახასიათებს ერთი შემთხვევა;1998 წელს ჩემს სამუშაო ოთახში ვიჯექი 5 თანამშრომელთან ერთად ერთ ერთი იყო ფარცხალაძე მოულოდნელად დარეკა ტელეფონმა და ჩემმა ინფორმატორმა შემატყობინა ერთ ერთი ძებნილი, საშიში სისხლის სამართლის დამნაშავის ადგილსამყოფელი. თან გამაფრთხილა ფრთხილად იყავით იარაღი აქვს და მსროლელიაო; სამწუხაროდ ხმამაღლა საუბრობდა და ინფორმაციის შინაარსი ყველამ გაიგონა. რა თქმა უნდა დავაპირეთ მისამართზე გასვლა, მაგრამ ერთმა იქვე მოიმიზე რაღაც და დარჩა. მოკლედ როდესაც გაგარინის მოედნიდან საბურთალოს ქუჩამდე მივედით დამნაშავის საცხოვრებელი სახლის კართან ხუთი თანამშრომელიდან ხელში მხოლოდ ფარცხალაძეღა შემომრჩა; დამნაშვემ ნამდვილად დააპირა იარაღის გამოყენება მაგრამ შვძელით და განვაიარაღეთ.ასე რომ სისხლისამართლებრივი დევნა როგორც ამ ტერმინის პრიმიტიული ასევე იურიდიული გაგებით ფარცხალაძისათვის უცხო არაა
ვიღაცამ თქვა ცნობადი სახე არააო; ეს კაცი სულ ოპერატიულ სამსახურში მუშაობდა შოუმენი არასოდეს არ ყოფილა და რატომ უნდა იყოს ცნობადი? ტელეკამერების წინ კეკლუცობა სპეც სამსახურის თანამშრომლის საქმე არაა. თუ მაინცდა და მაინც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნისათვის ცნობადობა აუცილებელი წინაპირობაა აგერა გყავთ მაშინ ლომონოსოვის უნივერსიტეტის წარჩინებთ კურსდამთავრებულები ქართლოს ღარიბაშვილი და შალვა ნათელაშვილი ცნობადობით ჯეობარელ მულატკასა და ვანო ჯავახიშვილს რომ უსწრებენ და ისინი დანიშნეთ:))
და კიდევ რა შუაშია ნაციონალები ან საიდან მოიტანეთ ფარცხალაძის მათთან კავშირი? ვიმეორებ მან მუშაობა 1994 წელს დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ როცა მიშა ჰოლანდიის ბარებში დაეხეტებოდა გაბრუებული და თუ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ წმენდაში არ მოხვდა,რომელიც ძირითადად ასაკობრივი ნიშნით გახორციელდა; იმიტომ რომ იმ დროისათვის მხოლოდ 28 წლის გახლდათ.გია მეფარიშვიოლს ნამდვილად დიდ პატივსა ვცემ როგორც განათლებულ ჩამოყალიბებულ იურისტს მაგრამ ის რომ მას არ გაუგონია ფარცხალაძის გვარი ეს პროკურორობის კანდიდატისათვის სასიკვდილო ცოდვად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად სრული პროფესორობისა და მაღალი ინტელექტისა გია ერთ ერთი ყველაზე უღიმღამო პროკურორი იყო საქართველოს პროკურატურის ისტორიაში

რედაქტორის რჩევით