ამფეთქებლებს პროექტი არ ჰქონდათ?! - კვირის პალიტრა

ამფეთქებლებს პროექტი არ ჰქონდათ?!

ქუთაისში ტრაგედიის დატრიალების შემდეგ ითქვა, რომ მემორიალის ამფეთქებელ ორგანიზაციას "საქფეთქმრეწვს" ხელისუფლებიდან აჩქარებდნენ, როგორმე 21 დეკემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტის დაბადების დღემდე მოესწროთ ობიექტის აფეთქება. ამბობენ, რომ დაბადების დღეზე პრეზიდენტი ქუთათურებს ეწვეოდა, სიამაყით წარუდგენდა ახალი პარლამენტის შენობის პროექტს, რომელიც მემორიალის ადგილზე უნდა აშენდეს. მოარული ხმების თანახმად, თითქოსდა ამფეთქებლები იხვეწებოდნენ, ჯერ სამუშაოს შესასრულებლად მზად არ ვართ და ნუ დაგვაჩქარებთო. ამ ინფორმაციის გადამოწმება ჯერ "საქფეთქმრეწვში" ვცადეთ, სადაც პასუხს არანაირ კითხვაზე არ იძლევიან! ამის შემდეგ ექსპერტებს ვთხოვეთ კომენტარი. მათი თქმით, ამფეთქებლებს დახვრეტითაც რომ დამუქრებოდნენ, საქმისთვის ხელი არ უნდა მოეკიდათ.

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრა" შეეცადა მოეკვლია, რამ გამოიწვია ტრაგედია და ვინ და სად დაუშვა შეცდომა. ექსპერტებს ვთხოვეთ განემარტათ, როგორ უნდა დაგეგმილიყო აფეთქების პროექტი: აფეთქებამდე შეისწავლება ობიექტი, დადგინდება, სად უნდა დაიბურღოს, რომელ მხარეს უნდა წაიქცეს ნაგებობა, დაითვლება ფეთქებადი ნივთიერების ოდენობა, ამის შემდეგ პროექტში გაითვლება უსაფრთხო ზონა გატყორცნილ ნატეხზე, ჰაერის დარტყმით ტალღაზე და სეისმოლოგიაზე. გათვლა ხდება სხვადასხვანაირად, ადამიანის, ცხოველისა და შენობა-ნაგებობებისთვის. ყველაფერი პროექტში გაითვლება ერთიანი უსაფრთხოების წესების საფუძველზე. ექსპერტთა თქმით, ეს ისეთი წესებია, რომელსაც ვერც ერთი ამფეთქებელი ვერ გაექცევა. მათივე განმარტებით, მემორიალის ტიპის ნაგებობის აფეთქების დროს უსაფრთხოების რადიუსი სამას მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობის და აფეთქების ტალღის მიხედვით შესაძლოა ეს მანძილი გაიზარდოს 2 კილომეტრამდეც (უსაფრთხოების მანძილიც ასევე პროექტის გათვალისწინებით დგინდება). ამის გარდა, აუცილებელია ასაფეთქებელ ობიექტზე მიღებულ იქნას დამატებითი უსაფრთხოების ზომები, ანუ ობიექტი დამცავი ფენებით უნდა შეიფუთოს. შეფუთვა იწყება ასაფეთქებელი ნივთიერების ე.წ. "შკურებში" ჩასმის შემდეგ, რათა დაცული ვიყოთ კენჭის გამოვარდნისგანაც კი. შესაფუთად გამოიყენება ლითონის ბადის რამდენიმე ფენა, რომლის შიგნითაც გამოიყენება ტენტის ან ბრეზენტის მსგავსი მასალა. შესაფუთად ასევე გამოიყენება თივის დაპრესილი შეკვრა. ასეთი შეფუთვის პირობებში უსაფრთხოების რადიუსის სამასი მეტრით განსაზღვრა სრულიად მიღებული იქნებოდა. როგორც გაირკვა, "საქფეთქმრეწვის" სპეციალისტებს ობიექტის შესაფუთად მსგავსი მასალა არ გამოუყენებიათ, გამოსხლეტილი ქვის ასარიდებლად ისინი მხოლოდ მიწაყრილებს დასჯერდნენ, რომელიც ექსპერტთა თქმით, ეფექტიანი არ არის, ამასთან, აუცილებელია მიწაყრილი გორების სიმაღლის ზუსტად განსაზღვრა. ექსპერტების ვარაუდით, მიწაყრილების სიმაღლე შემთხვევის ადგილზე 9-10 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. პროკურატურის მასალებში კი აღნიშნულია, რომ ხელოვნური გორაკები სამ მეტრს არ აღემატებოდა, რაც აფეთქების ხაზზე დაბლა მდებარეობდა და შესაბამისად, დამცავ ფუნქციასაც ვერ შეასრულებდა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების ზომების დარღვევის გრძელი ნუსხა ამით არ შემოიფარგლება. 300 მეტრის ნაცვლად ამფეთქებლებმა უსაფრთხოების რადიუსი რატომღაც 211 მეტრით განსაზღვრეს და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და პოლიციას სთხოვეს, რომ მითითებულ რადიუსში ხალხი არ გაეჩერებინათ. ტრაგედია აფეთქების ადგილიდან 273,5 მეტრში მოხდა.

გენერალური პროკურატურა სენსაციურ განცხადებას აკეთებს. ამფეთქებლებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დარღვევასთნ ერთად არ ჰქონდათ საქმის წარმოების პროექტი, სადაც ზედმიწევნით უნდა ყოფილიყო გაწერილი ტექნიკური გეგმა, დადგენილიყო უსაფრთხოების ზონა და დაგეგმილიყო უსაფრთხოების ღონისძიებები. ექსპერტი ამფეთქებლები არადამაჯერებლად მიიჩნევენ ამ ინფორმაციას. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ათეული წლების გამოცდილების მქონე "საქფეთქმრეწვს" უბრალოდ "ბავშვური თამაშის დონეზე" აეფეთქებინა შვიდასტონიანი ნაგებობა.

სამთო ინსტიტუტის ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქების ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი სერგო ხომერიკი: - მომხდართან დაკავშირებით ექსპერტის კვალიფიკაციით სამუშაოდ სამთო ზედამხედველობის სამსახურიდან დაგვირეკა ჩვენმა კოლეგამ, მიშა გოგრიჭიანმა და პროკურატურის თანამშრომელთან ერთად მოგვაკითხა. გვეგონა ქუთაისში მივდიოდით შემთხვევის ადგილზე, მაგრამ პროკურატურაში მიგვიყვანეს. გვთხოვეს, აგვიხსენით, ასეთი ობიექტის ასაფეთქებლად რა უნდა გაკეთებულიყოო. მეც ავუხსენი და ისიც დავამატე, რომ ჩვენს ნათქვამს არ შეიძლებოდა ექსპერტის დასკვნა დარქმეოდა, რადგან ექსპერტი მუშაობს მხოლოდ კონკრეტულ მასალებსა და ფაქტებზე. მე კი არაფერი მქონდა ხელთ, მათ შორის, არც სამუშაოს შესრულების პროექტი. როდესაც ეს დოკუმენტი მოვითხოვე, გამომძიებლებმა მიპასუხეს, რომ ასეთი რამ საქმეში არ არსებობსო. გამიკვირდა, როგორ თუ არ არსებობს-მეთქი. კიდევ უფრო გამაოცა პასუხმა, დიახ, ამფეთქებელი დოკუმენტების გარეშე მუშაობდაო. ამასთან, გამოგვიცხადეს, რომ მოწმის სტატუსით უნდა დავკითხულიყავით და დაკითხვის ოქმი შემდგარიყო. ძალიან გავღიზიანდი და ამიტომაც საუბარზე უარი განვაცხადე.

- არც ერთ ექსპერტს არ შეუსწავლია შემთხვევის ადგილი?

- მეორე დღეს ქუთაისში "სამთო ზედამხედველობის" სამსახურის ჯგუფი გაემგზავრა. აფეთქების ტერიტორიაზე არ შეუშვეს ("კვირის პალიტრა" "სამთო ზედამხედველობასაც" ეწვია, სადაც განგვიცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები შემთხვევის ადგილს არავინ მიაკარა, მხოლოდ შორიდან დათვალიერების უფლება მისცეს(?!). ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში გვიპასუხეს, რომ "შკურებში" დარჩენილი იყო ამონიუმი და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იქ არავის შეუშვებდნენო. არადა, ექსპერტიზა ცხელ კვალზე ხდება და არა დროის გასვლის შემდეგ.

- პროექტის უქონლობა რაზე მეტყველებს?

- საქმის შემსრულებლის არაპროფესიონალიზმზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ავთანდილ დარსაველიძეს, "საქფეთქმრეწვის" ტექნიკურ დირექტორს, რომელსაც პროექტის კონტროლი ევალებოდა, არაპროფესიონალიზმს ვერავინ დასწამებს. მარტო ქობულეთში შვიდი სასტუმრო ააფეთქეს ისე, რომ უსაფრთხოების ზონის 60-მეტრზე არავინ და არაფერი დაშავებულა. აფეთქების შემდეგ პროექტისა და შესრულებული სამუშაოს შედარება ხდება და იმის მიხედვით ირკვევა, რა შესრულდა სწორად და რა არა.

ავთო დარსაველიძე მაღალი კლასის პროფესიონალია და ამიტომაც მიკვირს, რამ გააგიჟა, რომ პროექტი არ გააკეთა.

- ვიდრე აფეთქება განხორციელდება, არავის ევალება პროექტის შემოწმება?

- ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, არადა, უნდა შეიქმნას, რათა კოორდინაცია გაუწიოს ამგვარი პროექტების კონტროლს. მოკლედ, ახლა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი ვარაუდის დონეზე განიხილება, რადგან არ არსებობს პროექტი. იგი კი ბევრ რამეს მოჰფენდა ნათელს. ვერ დავიჯერებ, რომ პროექტი არ ჰქონდათ. ვიმეორებ, აბა რის საფუძველზე გამოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერებები საწყობიდან?

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ზაზა ქაჩიბაია აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნები ჯერ ნაადრევია, მაგრამ უკვე დადგენილია გარემოებები, რომლის მიხედვითაც სამი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მათი დაკავების საფუძველი გახდა ჩვენებები, რომელიც თავდაპირველად მოწმის სახით მისცეს გამოძიებას. ჩვენებებში აღნიშნულია, რომ ასაფეთქებელი სამუშაოების შესრულების დროს არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები. აღნიშნული ბრალდებით არიან დაკავებული "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე და ამავე ორგანიზაციის ქუთაისის უბნის ხელმძღვანელი გაბადაძე. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მესამე დაკავებულს, თბილისის უბნის ხელმძღვანელს, თენგიზ დარახველიძეს, რომელიც ასევე უშუალოდ მონაწილეობდა სადემონტაჟო სამუშაოებში, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

ზაზა ქაჩიბაია: - დაკავებულებმა მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნეს, რომ ასაფეთქებელი სამუშაოების შესრულებისას დაირღვა რამდენიმე დეტალი, რაც აუცილებელი იყო უსაფრთხოების დაცვისათვის. კერძოდ, პირველ რიგში მათ არ გაუკეთებიათ ტექნიკური გათვლები, ანუ ტექნიკური პასპორტი, რაც აუცილებელია.

- ზედამხედველობას ვინ ეწეოდა უსაფრთხოების ზონებში?

- კანონმდებლობის მიხედვით, ეს უნდა გაეკეთებინა სწორედ დაკავებულ ავთანდილ დარსაველიძეს.

ამფეთქებლებს შეეძლოთ უსაფრთხოების ზონის რადიუსად 211 მეტრიც დაეშვათ და ნაკლებიც. მათ ამაზე ვერავინ მიედავებოდა, მაგრამ ასაფეთქებელი ნაგებობა უნდა შეეფუთათ ისე, რომ იქიდან კენჭიც არ გამოვარდნილიყო. იმის გამო რომ ასეთი შეფუთვები უფრო ხარჯიანია და მეტ შრომას მოითხოვს, სიძუნწემ და დაუდევრობამ მიგვიყვანა ასეთ შედეგამდე. იფიქრეს, მაინც არაფერი  მოხდება, აფეთქების ტალღა 200 მეტრზე შორს ქვას არ გაისვრისო. შესაბამისად, მოაწყვეს დამცავი მექანიზმები, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო მოსახლეობა.

- პოლიციამ როგორ იმუშავა, როცა მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე არ გაიყვანა?

- რა ნიშნულიც ამფეთქებლებმა მისცეს, პოლიციამ ხალხი იმ მანძილზე გაიყვანა.

- ბატონო ზაზა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დანაშაული თუ გამოიკვეთა ამ საქმეში?

- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართალდარღვევა ამ დანაშაულში არ იკვეთება.

- აბა, რის საფუძველზე გაათავისუფლა პრეზიდენტმა გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე?

- ვერ გეტყვით, ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება.

P.S მემორიალის მეზობლად მცხოვრებ რამდენიმე ქუთაისელს ტელეფონით ვესაუბრე და ერთი საინტერესო დეტალიც შევიტყვე: ამფეთქებელმა კომპანიამ მემორიალთან მუშაობა თვეზე მეტი ხნით ადრე დაიწყოო. ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარში მუშებს უთქვამთ, აქ დიდი მიწაყრილები უნდა გაკეთდეს, რომ ქვები შენობებისკენ არ გამოფრინდეს და ფანჯრის მინები არ ჩალეწოსო. ვითომ ელემენტარული უსაფრთხოების ზომები არ დაიცვეს "საქფეთქმრეწვის" სპეციალისტებმა? ვინ აჩქარებდათ მათ? ან ვის იმედად მუშაობდნენ პროექტის გარეშე? იქნებ პროექტი არსებობდა კიდევაც და გაქრა? როგორც ჩანს, "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლების ალაპარაკებამდე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა.

ეკა ლომიძე