"მოსკოვში მორბენალ პოლიტიკოსებზე ხალხი იმსჯელებს - კვირის პალიტრა

"მოსკოვში მორბენალ პოლიტიკოსებზე ხალხი იმსჯელებს

"ის, რომ 2009 წელი მშვიდობიანად დასრულდა, ქართველი საზოგადოების დამსახურებაა”

"საქართველო არათუ გადარჩა და გაუძლო, არამედ ფეხზეც დადგა", - ასე  შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გასული წელი და ვეფხვის წლის პროგნოზიც გააკეთა: "ვეფხვი ყველაზე ძლიერია და მონადირეზე ჭკვიანიც. ჩვენი ვეფხვი ჩასაფრებულია და ნახტომისთვის ემზადება". ქვეყნის პირველი პირი და ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს ოპოზიციაზე მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ. "სანამ ეგენი ურდოში გზას იპოვიდნენ, მე უკვე ნასიარულები ვიყავი", -  განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა და არც იმის თქმა დავიწყებია, ოპოზიციამ რუსეთში სიარულს იმიტომ მოუხშირა, ფული იყნოსაო.

როგორია ქვეყნის მეორე პირის, დავით ბაქრაძის თვალით დანახული გასული წელი და რას ელის მომავალი წლისაგან, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- 2009 წელი რთული გამოცდების წელი იყო, უპირველესად კი საქართველოს ეკონომიკისთვის. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ძალიან დააზარალა რუსულმა აგრესიამ ჯერ კიდევ კრიზისამდე, ეს იყო გადამწყვეტი წელი იმის საჩვენებლად, განაგრძობდა თუ არა საქართველოს ეკონომიკა "მუშაობას", შესრულდებოდა თუ არა ბიუჯეტი და აქედან გამომდინარე, გადარჩებოდა თუ არა ქვეყანა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ეს წელი ისე გავიარეთ, რომ უარი არ გვითქვამს არც ერთ სოციალურ ვალდებულებაზე. სიმბოლურად, მაგრამ მაინც გაიზარდა პენსია, მასწავლებლების ხელფასები. უარი არ გვითქვამს არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე.მართალია, ვერ შევქმენით იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც გვინდოდა, მაგრამ ის მაინც ავიცილეთ თავიდან, რომ არ გაკოტრებულა მთელი რიგი სექტორები და ხალხს სამუშაო ადგილები მასობრივად არ დაუკარგავს.

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური მდგრადობის თვალსაზრისითაც. ასეთი ინტენსივობისა დ ხანგრძლივობის პოლიტიკური აქციები არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ აქციებით ბოლო 20 წლის განმავლობაში "განებივრებული" ვართ. ცხადი შეიქნა, რომ ქართული პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფო უკვე საკმარისად მდგრადია იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თავის ტრადიციულ სენს - ქუჩის პოლიტიკას. იმისათვის, რომ პოლიტიკური სისტემა მდგრადი იყოს და ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, აუცილებელია პროტესტი ქუჩიდან პოლიტიკურ ინსტიტუტებში გადავიდეს. ამ მხრივ 2009 წელი მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით შედეგს ვერ მიიღებ.

- ეს ოპოზიციის სისუსტის ნიშანი იყო თუ ხელისუფლებამ იმოქმედა გონივრულად?

- უნდა დავაფასოთ ოპოზიციის გონიერება და ის, რომ შეეცადა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდენოდა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. ასევე დასაფასებელია ხელისუფლების გონიერებაც, რომელიც აქციების პერიოდში გამოიჩინა. რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ვითარება დაძაბული იყო, სახელისუფლებო სტრუქტურებსა და აქციის მონაწილეებს შორის პროვოკაცია და ინციდენტი რომ არ მომხდარიყო, ხელისუფლებამ გააზრებული და გონივრული პოლიტიკა შეიმუშავა. ეს ორივეს, ოპოზიციისა და ხელისუფლების, დიდი პლუსია, მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ქართველ საზოგადოებას ეკუთვნის. ის, რომ 2009 წელი მშვიდობიანად დასრულდა, ქუჩის აქციებიდან პოლიტიკა პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყეში გადადის, უპირველესად ქართველი საზოგადოების დამსახურებაა. იგი ის აღარ არის, რაც იყო 17 წლის წინ.

- ამბობთ, ოპოზიციას პლუსები აქვსო, მაგრამ ხელისუფლება ძალიან კრიტიკულია იმ ოპოზიციონერებისადმი, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობასა და სეპარატისტებთან დიალოგს მართავს.

- ოპოზიციის პლუსი შიდაპოლიტიკური პროცესების გამო ვახსენე. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთის აქტივობის შედეგად იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც აშკარად თუ ფარულად შეეცდებიან, დაიკავონ ის ნიშა, რასაც "რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის" დამყარება ჰქვია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, აქ კანონის ფარგლებში ყველა იმას გააკეთებს, რაც უნდა, მაგრამ მსჯავრს საზოგადოება გამოიტანს. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უსათუოდ მოგვარდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აღიქვამს სახელმწიფოდ და არა ტერიტორიად, რომელიც უნდა გააკონტროლოს.

ურთიერთობა აღდგება მაშინ, როდესაც რუსეთი შეწყვეტს საქართველოს დაქუცმაცებას, როდესაც ჩვენი დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლებში. საბოლოოდ ხალხი გადაწყვეტს, რამდენად მორალური და მიზანშეწონილია ოპოზიციის ვიზიტები მოსკოვსა თუ ცხინვალში.

მიმაჩნია, რომ მოსკოვში სირბილი და რუსეთთან ურთიერთობის უპირობოდ აღდგენის მცდელობა არასწორია, მაშინ როდესაც რუსეთს ჩვენი ქვეყანა აქვს ოკუპირებული. პოლიტიკური ლიდერი ვალდებულია, ქვეყნის ინტერესი თავისი პოლიტიკური ძალის ინტერესზე მაღლა დააყენოს. იმედი მაქვს, ოპოზიციის უდიდეს ნაწილს კავშირი არა აქვს იმ ძალებთან, რომელთაც საქართველოს ოკუპაცია დაგეგმეს და მოახდინეს, მაგრამ ყველამ უნდა იფიქროს, რომ არ ითამაშოს ქვეყნის არაკეთილმოსურნის თამაში.

- პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეას ქუთაისში მსხვერპლი მოჰყვა. მართალია, პრეზიდენტმა გუბერნატორი დასაჯა, მაგრამ მშენებელთა აჩქარებას სწორედ ქვეყნის პირველ პირს მიაწერენ.

- ტრაგედია მოხდა. თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახს. მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი... ქუთაისში პარლამენტის გადატანა აუცილებელია საქართველოს თანაბარი განვითარებისთვის. ჩემი ინფორმაციით, მშენებლები არავის დაუჩქარებია. ერთი-ორი თვის განმავლობაში ყოფილი მემორიალის ტერიტორიაზე მშენებლობა არ დაიწყება, რადგან ჯერ პროექტიც არ არის დასრულებული და ამიტომ დაჩქარების საჭიროება არც იყო. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ფაქტების ინტერპრეტაციასა და სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. ეს ტრაგედიაა და ის არავინ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის.

- "დიდების მემორიალის" დანგრევის შემდეგ რუსეთის პრემიერმა გადაწყვიტა, ანალოგიური მოსკოვში ააგოს. პუტინის ეს ჟესტი რას ნიშნავს?

- პუტინის იდეა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. რუსეთი ნებისმიერ ფაქტსა და მოვლენას იყენებს, რომ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში და დააფიქსიროს თავისი უფლებები, დააფიქსიროს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა და შეცვლა უნდა. ეს ჩემს ყველა კოლეგას უნდა აფიქრებდეს. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, პირველი რეაქცია იმაზე, რომ მემორიალი მოსკოვში აღდგება, შეურაცხყოფის განცდა იყო.

მემორიალის დემონტაჟს ზოგი ვეტერანების შეურაცხყოფად აღიქვამს. ვეტერანების პატივისცემა 30-მეტრიანი ბეტონის სტელა არ არის. ეს გახლავთ მათზე ზრუნვა, პენსიების გაზრდა და ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფა. იმ სტელასთან ვეტერანების 99% არათუ არასოდეს მისულა, არამედ თვალითაც არა აქვს ნანახი. ჩემი ორივე ბაბუა ებრძოდა ფაშიზმს. ეს არის თაობა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ.

- ახალ წელს როგორი განწყობით ხვდებით?

- 2009 წელი იყო პრობლემების თავიდან აცილების წელი და ვისურვებდი, რომ 2010 წელი პროგრესისა და წინსვლის წელი იყოს.

- რაკი ახალი წელი კარნავალთანაც ასოცირდება, ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი?

- მართლაც საახალწლო კითხვაა... ბავშვობიდანვე ჩემთვის გამორჩეული პერსონაჟი ბაში-აჩუკი იმ წუთიდანვე გახდა, როდესაც გავიგე, მისი გვარი ბაქრაძე ყოფილა. ამით ძალიან ვამაყობდი. საკუთარ თავს ვუსურვებდი, ისევე შემეძლოს ქვეყნისთვის თავის გამეტება, როგორც ბაში-აჩუკს და ჩვენს ბევრ წინაპარს.

დასასრულ, "კვირის პალიტრის" ყველა მკითხველს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, ვუსურვებ მშვიდობას! ყველა ოჯახს ეგრძნოს მეტი კეთილდღეობა!