მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
18-11-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
მშვიდობით, მიშა

ბატონო მიხეილ, როდესაც ეს გაზეთი გამოვა, თქვენ უკვე პრეზიდენტი აღარ იქნებით.  უკვე საბოლოოდ იქნება დასრულებული თქვენი ეპოქა, ეპოქა, რომელიც დიდი იმედით იწყებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ ადამიანები, ვისაც თქვენი იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ მახსოვს, როგორ დავცინოდი მათ და დაბოღმილებს ვეძახდი (მერე უკვე ისინი დამცინოდნენ). მიუხედავად იმისა, რომ იმედი მწარედ გამიცრუეთ, დღესაც ვფიქრობ, რომ "ვარდების რევოლუცია" პროგრესული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ შეიძლებოდა ასჯერ პროგრესული ყოფილიყო. დღეს
ხშირად კითხულობთ, არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე ათი წლის წინ იყოო. პასუხი ცალსახაა: არის, მაგრამ ეს თქვენთვის შეღავათი ვერ იქნება. ასე შევარდნაძესაც შეუძლია იკითხოს: იყო თუ არა 2003 წელს საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე 1992 წელს?

რა თქმა უნდა, იყო, რადგან მაშინ სამოქალაქო ომი
მძვინვარებდა, "მხედრიონი" დათარეშობდა, კონსტიტუციაც კი არ გვქონდა და არც დასავლური პერსპექტივა. შევარდნაძემ სამოქალაქო ომიც დაასრულა, "მხედრიონიც" ალაგმა,  მივიღეთ კონსტიტუცია, ქვეყანა გამოჩნდა დასავლეთის მხედველობის არეში, რადგან ნავთობსადენის პროექტი განხორციელდა, პირველად დავაკაკუნეთ ნატოს კარზე, დავიწყეთ რუსეთის ბაზების გაყვანა, თუმცა როდესაც შევარდნაძეს შეუვარდით ყვირილით: "გადადექი, გადადექი!" - ეს ყველაფერი არ გაგხსენებიათ. მაშინ თქვენ არ ლაპარაკობდით შევარდნაძის დამსახურებებზე. მაშინ თქვენ, როგორც ოპოზიციის ლიდერი, და მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მხოლოდ ჩაბნელებულ ქუჩებს, ტოტალურ კორუფციას და 14-ლარიან პენსიას ვიხსენებდით. თქვენ არც გაპრეზიდენტების შემდეგ გისაუბრიათ შევარდნაძის დამსახურებებზე. მას მუდმივად ლანძღავდით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს მისი გუნდის წევრი იყავით. მაშინ რატომ ითხოვთ, რომ დღეს ყველამ მხოლოდ თქვენს დამსახურებაზე ილაპარაკოს და დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რაც გააკეთეთ?

ყველა პოლიტიკოსს აქვს კარგი და ცუდი მხარე, კარგი საქმეები და ცუდი საქმეები. მისი მოღვაწეობა იმით ფასდება, რომელი გადაწონის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. თქვენ, რა თქმა უნდა, ბევრი გააკეთეთ, ისევე როგორც შევარდნაძემ, მაგრამ ბევრიც დააშავეთ, ისევე, როგორც შევარდნაძემ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვენზე ძალიან ცუდი წარმოდგენის ვარ, არასოდეს ვიტყვი, რომ შევარდნაძე უკეთესი პრეზიდენტი იყო, ვიდრე თქვენ, მაგრამ თქვენ ბევრ რამეში დაემსგავსეთ მას. მასავით ვერ თქვით უარი არჩევნების გაყალბებაზე, ვერ შეელიეთ სასამართლოს გაკონტროლებას, ვერ დაამკვიდრეთ სამართლიანობა, მასზე უფრო მეტადაც კი აკონტროლებდით მედიას (მედიის კონტროლის თვალსაზრისით შევარდნაძეს აშკარად აჯობეთ) და კიდევ, მასავით დაკარგეთ ტერიტორიები. დღეს თქვენ ამაყობთ იმით, რომ დასავლელი ლიდერები დადებითად აფასებენ თქვენს მოღვაწეობას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შევარდნაძის მოღვაწეობასაც დადებითად აფასებდნენ, თუმცა როდესაც დრო მოვიდა, ნათლად აგრძნობინეს, რომ უნდა წასულიყო, ისევე როგორც თქვენ.

მაშინ როდესაც თქვენ მოდიოდით, ჩვენ შევხაროდით საქართველოს შევარდნაძის გარეშე, ახლა თქვენი წასვლა გვიხარია. მშვიდობით, მიშა!

გამარჯობა, გიორგი


ბატონო ახალო პრეზიდენტო, თავიდანვე რომ ეჭვით გიყურებთ, არ უნდა გეწყინოთ, პირიქით, უნდა გაგიხარდეთ, რადგან ასე იმდენი შეცდომის დაშვების საშუალება აღარ გექნებათ, როგორც თქვენს წინამორბედს. არადა, შეცდომებს, ჩემი აზრით, უკვე უშვებთ. მაგალითად, შეცდომა მგონია პრეზიდენტის სასახლეზე უარის თქმა. ეს შენობა უკვე აშენებულია, როგორც სამთავრობო დაწესებულება მთელი თავისი დაცვითი სისტემებით. არგუმენტი, რომ სასახლის შენახვა ძვირი ჯდება და ის ხალხს უნდა გადაეცეს, იაფფასიანი პოპულიზმი მგონია, ან მოკრძალებული ინაუგურაცია გადავიხადეთ, მდიდარი ქვეყანა არა ვართო. ვიწრო წრეში ქორწილის გადახდა გამიგია, მაგრამ ინაუგურაციაც თუ კეთდებოდა ვიწრო წრეში, არ ვიცოდი. ამით ძალიან ემსგავსებით ბატონ სააკაშვილს. ისიც ასეთივე პოპულისტურ განცხადებებს აკეთებდა, ახალი გაპრეზიდენტებული რომ იყო. პირველ ვიზიტზე ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა, მდიდარი ქვეყანა არა ვართ, პრეზიდენტს საკუთარი თვითმფრინავი რომ ჰყავდესო. მერე ხომ გახსოვთ, რასაც აკეთებდა. იმედია, გაგრძელებაში მაინც არ დაემსგავსებით.

ასევე ზედმიწევნით ჰგავხართ პირველი პერიოდის სააკაშვილს რუსეთთან დამოკიდებულებაში. ისიც ასე ეფერებოდა 2004 წელს რუსეთს, როგორც თქვენ რუსული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, ისიც საუბრობდა კულტურულ და სულიერ კავშირებზე. უბრალოდ, თქვენ პუშკინი ახსენეთ, მან - ესენინი. მერე ეს ყველაფერი როგორც გაგრძელდა, ხომ გახსოვთ?

ერთი უფასო რჩევა: როდესაც რუსი ჟურნალისტი თქვენთან საუბარს ხალხთა შორის მეგობრობაზე იწყებს, ამ რიტორიკაში კი არ უნდა აჰყვეთ, არამედ უნდა უთხრათ, რომ ხალხთა შორის მეგობრობა არ არსებობს, რომ ეს ტერმინი საბჭოთა გადმონაშთია, რომელიც დამონებული ერების "დასაბოლებლად" მოიგონეს. ასევე უნდა უთხრათ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის არასდროს ყოფილა, რამეთუ შეუძლებელია კეთილმეზობლური ურთიერთობა ყოფილიყო იმპერიასა და გუბერნიას შორის (როგორ ვიმეზობლებდით, თუ ერთი ქვეყანა ვიყავით?). არსებობს ორი ტიპის რიტორიკა: პირობითად მათ შეიძლება ვუწოდოთ "მიშას რიტორიკა" და ვთქვათ, "რეზო ჩხეიძის რიტორიკა". ერთი ითვალისწინებს შექმნილ მტრის ხატზე საღებავების უფრო ჩამუქებას; მეორე კი მუდმივად ხალხთა შორის მეგობრობასა და„კეთილმეზობლობას უმღერის და ა.შ. ორივე უკიდურესობაა. ველოდი, რომ მარგველაშვილი რაღაც ახალს შემოიტანდა ამ სივრცეში - არც სააკაშვილივით გალანძღავდა რუსეთს, მაგრამ არც მხოლოდ ფსევდოსულიერ თუ კულტურულ კავშირებზე ილაპარაკებდა და დახატავდა რეალურ სურათს ურთიერთობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, თუმცა მისი ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯერ "რეზო ჩხეიძის რიტორიკას" ირჩევს, რასაც სააკაშვილიც ირჩევდა პრეზიდენტობის დასაწყისში, ანუ წრეზე მივდივართ?!

ბატონო ახალო პრეზიდენტო, ნუ დაემსგავსებით წინამორბედს, რადგან მას, წინამორბედ შევარდნაძის დამსგავსებამ სასიკეთო არაფერი მოუტანა. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, რადგან თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატება იქნება.
ლოთი ქობალია
23 ნოემბერი 2013 16:30
აბსოლუტურად გეთანხმები ბლოგის პირველ ნაწილში მერაბ!
მეორეში ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს ,მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება.მაინც მგონია რომ ქვეყანა წინ მიდის(ტერიტორიების დაკარგვის გარდა.ამ ტერიტორიების დაბრუნების დროც მოვა აუცილებლად და მაგ მომენტს ქართველები მომზადებული უნდა შევხვდეთ,ემანდ რაიმე მორიგი სისულელე არ ჩავიდინოთ).გამსახურდიაც,შევარდნაძეც და სააკაშვილიც ძლიერი პიროვნებები იყვნენ.მეორე საკითხია რამდენად მოგვწონდა ისინი.სამივემ ადგილი დაიმკვიდრა არა მარტო ქართულ,არამედ მსოფლიო ისტორიაში.მე ვფიქრობ ისინი ისეთი დიდი ქვეყნების სათავეში რომ ყოფილიყვნენ როგორიც,რუსეთი,ამერიკა ან თუნდაც საფრანგეთია...ისტორია შეცვლიდნენ.(ერთმა შეცვალა კიდევაც......მოასწო სსრკ-ს შემადგენლობაში მინისტრად მსახური).დანარჩენს ისტორია იტყვის.ისე სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტი იმედგაცრუება ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი იყო.ყველაზე მეტი ტკივილი ზვიადი.
tvalsazrisi
22 ნოემბერი 2013 11:21
რა ვიცი, რა ვიცი..........
მარგველაშვილი დიდი ფილოსოფოსების სიბრძნეებს არის ნაზიარები და ალბათ(!) გამიზნულად არასდროს ჩაიდენს ავ საქმეებს.

სააკაშვილი კი ძალიან ავი და კაცთმოძულებრივი, ეგოისტური, ავანტიურისტული დოქტრინებით იყო გაზრდილი(და არა,- აღზრდილი) , რამაც მწარე კვალი დაამჩნია ქვეყანას.

გასაოცარი ისაა, რომ მონანიების ნაცვლად აქეთ უტევს საზოგადოებას და ახალ მთავრობას.
რა ქნას, ძალიან არ სურს ციხის ხეხვა.
ციხისთვის მთელი დედამიწა ემეტებოდა თავისთავის გარდა.
ნაძირალა!
gela
21 ნოემბერი 2013 20:24
"ერთი ითვალისწინებს შექმნილ მტრის ხატზე საღებავების უფრო ჩამუქებას; მეორე კი მუდმივად ხალხთა შორის მეგობრობასა და„კეთილმეზობლობას უმღერის და ა.შ. ორივე უკიდურესობაა".

და ამ ორი უკიდურესობიდან მაინც რომელია კიდევ უფრო უკიდურესი - რუსეთისათვის მტრის დარქმევა თუ მეგობრად მიჩნევა?!!

ტაქტიკურ სვლებს არ ვგულისხმობ, რომლებიც, თქვენც ამას
ამბობთ, არა ერთხელ იყო საქართველოს მხრიდან გამოყენებული და, ალბათ, დამეთანხმებით, ივერიის გაბრწყინებით არ დამთავრებულა! და ახლა რა გაგვაბრწყინებს - მარგველაშვილის მიერ სოჭის ოლიმპიადაზე პუტინთან ჩირაღდნით მიახლება?!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები