"მიშა სააკაშვილთან ვიყავი და პუტინთან სალაპარაკოდ რატომ არ წავალ?" - კვირის პალიტრა

"მიშა სააკაშვილთან ვიყავი და პუტინთან სალაპარაკოდ რატომ არ წავალ?"

"ხალხი იმდენად გამწარებულია, ყველაფერია მოსალოდნელი"

"ისიც თქვეს, გია 6 მაისს ღობეს რომ გადაევლო და სპეცრაზმმა სცემა, სააკაშვილთან ჩაწყობილი იყოო"

"მინდა, ლევან მიქელაძე 2009 წლის ადამიანად ვაღიარო"

"ოპოზიციისთვის გაზაფხულზე ბოლო ბრძოლა იქნება და არა მგონია, ეს ბრძოლა ტირანიის გამარჯვებით დასრულდეს", - აცხადებს "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. სანამ განვლილი პოლიტიკური წლის შეფასებას ვთხოვდით, ლევან გაჩეჩილაძეს ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ვკითხეთ, რომელიც ხელისუფლებამ ლამის შეთქმულებად მონათლა:

- ოპოზიციამ ორი გზა გამოკვეთა: დაუმორჩილებლობა, მიტინგებისა და შეუპოვარი ბრძოლის გზა და ადგილობრივი არჩევნებით სააკაშვილისთვის თბილისის წართმევა და არსებული რეჟიმის დემონტაჟი. ეს ორივე გზა ერთ მიზანს ემსახურება. დღეს თავისუფალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუ გაზაფხულამდე ფორსმაჟორი არ შეიქმნა, არჩევნები იქნება ის ბოლო წერტილი, სადაც ხალხს კიდევ ერთხელ თავს ლაფს დაასხამენ და ამას საზოგადოება ადეკვატურად უპასუხებს. ხალხი იმდენად გამწარებულია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

საზოგადოებისა და ოპოზიციის  შეხვედრა დაემთხვა ქუთაისში მემორიალის აფეთქებას და ამან უკიდურესად აღგვაშფოთა ყველა. საზოგადოების წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია და ამას ემსახურებოდა აღნიშნული შეხვედრაც. ერთი კაცის ახირების გამო ხალხის ბედითა და სიცოცხლით მანიპულირება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ავადმყოფობის გამო ქუთაისში ჩასვლა ვერ მოვახერხე და თქვენი გაზეთის საშუალებით სამძიმარი მინდა ვუთხრა ჯინჭარაძეების ოჯახს.

- "ქრონიკის" ჟურნალისტს ამბავი გამოუტანია, რომ შეხვედრაზე რადიკალური განცხადებები გაკეთდა. მართლა იყო ლაპარაკი ხელისუფლების კომბლებით გარეკვაზე?

- საზოგადოებამ მეტი სიმტკიცე და ენერგია მოითხოვა ოპოზიციისაგან. ითქვა, ნუღარ იქნებით ინერტულები. დავსახოთ შეუპოვარი, გეგმაზომიერი ქმედებები სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასამხობადო. რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გვითქვამს, რომ ეს ხელისუფლება წყნარ და კონსტრუქციულ ლაპარაკს არ იმსახურებს. რა იყო აქ ახალი?! უნდა ვაღიარო, რომ ენერგიულობა ნამდვილად გვაკლდა შემოდგომაზე. ეს უპირველესად საზოგადოების განწყობის ბრალია და ოპოზიციაც ხომ ამ საზოგადოების ნაწილია? იმის გამო, რომ გაზაფხულის მძვინვარე აქციების შემდეგ სააკაშვილი ისევ სკამზე დარჩა, ხალხს გულგატეხილობა დაეუფლა. ოპოზიციის ინერტულობის მიზეზი ფინანსური სიდუხჭირეც იყო. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოპოზიციის ხელში ერთი გროშიც არ მოხვდეს. კიდევ ერთი მიზეზი ოპოზიციის პასიურობისა ის იყო, რომ ერთობას ვერ მივაღწიეთ და ბრძოლის სხვადასხვა გზას ვანიჭებდით უპირატესობას. ოპოზიცია დღესაც არ არის ერთიანი, მაგრამ რადგან საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, პოლიტიკური ძალებისა და პირების ინტერესებმა უკან უნდა გადაიწიოს. ოპოზიცია ძალიან დააზარალა მედიის შეზღუდვამაც.  ვიმედოვნებ, ეროსი კიწმარიშვილის "მაესტროში" მისვლით ახალი მუხტი გაჩნდება.

ეს საპროტესტო ტალღა ან ოპოზიციური სპექტრისთვის იქნება  ბოლო, ან სააკაშვილის რეჟიმისთვის.

- აქამდეც არაერთხელ გითქვამთ, რომ ბოლო ბრძოლას იწყებდით.

- ეს უკანასკნელი ძალის მოკრება იქნება. ყველა შეცდომას გავითვალისწინებთ. ამ რეჟიმს ელიტური კორუფციის წყალობით უდიდესი ფინანსური რესურსი, ბიზნესების წართმევით კი უდიდესი მედიასაშუალებები აქვს. ჰყავს შეიარაღებული ზონდერჯგუფები და პოლიტიკური პოლიცია. ასეთი რეჟიმის დამარცხება ხელის ერთი მოსმით შეუძლებელი იყო. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უპირობოდ უჭერდა მხარს.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკნების აქცია ეფ-ეს-ბეში დაწერილი სცენარი იყო.

- ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია და მერწმუნეთ, საკნები არც ერთი ქვეყნიდან არ გადმოგვიღია. ეს არის ქართული ნოუ-ჰაუ, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა. ოპოზიციის ბრძოლას დასავლეთის ყურადღება აკლდა. დღეს დასავლეთი ქართველ საზოგადოებასთან ერთად მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად. ამ მთავრობამ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც აიღო დასავლეთისა და ქართველი ხალხის წინაშე. სააკაშვილი 3-4 წლის წინ მსოფლიო პოლიტიკის კაშკაშა ვარსკვლავი იყო და უდიდესი კრედიტი ჰქონდა. დღეს კრედიტი განულებულია.

- ზემოთ ოპოზიციის მწირი ფინანსური რესურსი ახსენეთ, მაგრამ მახსოვს, მიტინგზე განაცხადეთ, ევროპაში ფული ვიშოვეო.

- ის ფული საქართველოში ვერ შემოვიტანე. ამ განცხადების შემდეგ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მდიდარი ქართველების ტერორი დაიწყო. დაიწყო ოპოზიციის  სატელეფონო მოსმენები, რომ ფული არ მიგვეღო. ამიტომ ფიზიკურად გაჭირდა თანხის მიღება.

- ბოლო დროს გააქტიურდა ოპოზიციისა და რუსეთის ურთიერთობის თემა. როგორ შეაფასებთ ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლას?

-  რუსეთი ამით სააკაშვილის რეჟიმის იგნორირებას აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ნოღაიდელი ქვეყნის ინტერესებზე ილაპარაკებდა პუტინთან და არა საქართველოს საწინააღმდეგოდ. საქართველოს ინტერესების სასარგებლო ყველა დიალოგს მივესალმები.

- რომ მიგიწვიონ, რუსეთში ჩახვალთ?

- რა თქმა უნდა, თუკი დავრწმუნდები, რომ ჩემს ქვეყანას სიკეთეს მოვუტან. მიშა სააკაშვილთან ვიყავი და პუტინთან სალაპარაკოდ რატომ არ წავალ?

- გოკა გაბაშვილი აცხადებს კონკურსს ოპოზიციისთვის სერგო ორჯონიკიძის დიდი მედლის მისაღებად.

- სულ არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ისინი, რომელთაც საკუთარი ჯიბისთვის ქვეყნის ინტერესები გაყიდეს და მიწები დაკარგეს. საქართველოს სხვაგან ვერ გადავიტანთ, რუსეთის მეზობლები ვართ. სადაც უფალმა გვარგუნა ყოფნა, იქ უნდა განვვითარდეთ და ამისთვის მეზობელთან ურთიერთობა აუცილებელია. ვისი აგენტიც უნდა მიძახონ, მაინც ჩემი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოვიქცევი. ჩემი ქვეყნის ინტერესში კი მისი ისტორიული ფუნქციის აღდგენა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ეკონომიკის განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. რუსეთთან უდიალოგოდ კი ამის გაკეთება შეუძლებელია. სააკაშვილს რომ დათანხმდნენ, თავის პაჭაპუჭა გარემოცვასთან ერთად დღესვე შეხვდება რუსეთის ხელისუფლებას, მაგრამ არ ხვდებიან, რადგან არასერიოზულად უყურებენ.

საქართველოს დეოკუპაციაზე რუსეთთან ახალი ხელისუფლება ილაპარაკებს.

- სხვადასხვა ვერსიაა იმის თაობაზე, თუ რატომ შეწყვიტა უცნობმა პროექტი "საკანი #5". რა მოხდა სინამდვილეში?

- პროექტი გიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყდა. იგივე ავადმყოფობა გაუმეორდა, რის გამოც ევროპაში იყო. კიდევ ერთხელ გაიკეთა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა. გია ახლა რეაბილიტაციას გადის და მალე დაგვიბრუნდება ახალი იდეებით. პროტესტი მხოლოდ ტელეკამერების წინ, საკანში ჯდომა არ არის. პროტესტის ფორმაა შინაპატიმრობაც. ამ ზაფხულს, როდესაც გია საგურამოში იყო, პროტესტი არ შეუწყვეტია, თავისი შვილის ქორწილსაც კი არ დასწრებია. მათ, ვინც არ იციან გიას საქართველოდან გასვლის მიზეზი, ქილიკს მაინც დაანებონ თავი. რაც შეეხება გიას ბოლო გადაცემას და კადრზე წარწერას - "პირდაპირი ეთერი", როგორც მამუკა ღლონტმა მითხრა, ეს ტექნიკური შეცდომა იყო. გიამ ბოლო დღეს გადაწყვიტა საოპერაციოდ წასვლა. რადგან თვითმფრინავის რეისი ღამით იყო, ვერ მოასწრებდა გადაცემის წაყვანას და მერე გამგზავრებას, ამიტომაც ჩაწერა ბოლო გადაცემა. ტექნიკური შეცდომის გამო არა მგონია, საზოგადოების განწყობა შეიცვალოს. ყველას მოსაწონად ვერავინ მოიქცევა. ზოგმა ისიც კი თქვა, სააკაშვილთან ჩაწყობილი იყო, გია 6 მაისს ღობეს რომ გადაევლო და სპეცრაზმმა სცემაო. ასე ავადმყოფურად აზროვნებას, სჯობს ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით. ვისაც მეტი გამბედაობა და მეტი "ერთი ადგილი" აქვს, კი ბატონო, გააკეთოს ჩვენზე მეტი.

- ახალ წელს როგორ ხვდებით?

- ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ბოლო დროს ახალ წელს ხალისიანად ვეღარ ვხვდები. მძიმე წელი იყო. გიას, ჩემთვის ტყვიების მოხვედრისა და  ჩემი შვილის დაჭრის გამო დედაჩემმა ძალიან ინერვიულა და ცუდად იყო. გული მწყდება, რომ ამ ახალ წელს ლევან მიქელაძე არ არის ჩვენთან. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ოპოზიციის ბრძოლა უფრო შედეგიანი იქნებოდა. მინდა, ლევან მიქელაძე 2009 წლის ადამიანად ვაღიარო.

- ვის როლში წარმოიდგენთ ახალ წელს თავს?

- მინდა, კომბლე ვიყო და უსამართლოდ წართმეული ძროხა დავიბრუნო. მინდა, ყველას ბედნიერი წელი ვუსურვო, მინდა, ერთ დღესაც რომ გავიღვიძებთ, აღარ გვყავდეს კრიმინალური ხელისუფლება. გვყავდეს დიდი ნდობით არჩეული ქართულად მოაზროვნე და ქვეყნის აღმშენებლობაზე ორიენტირებული ხელისუფალი. იმედი მაქვს, ამდენი ტკივილის მერე დიდი სიხარული მოვა.