ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

საქართველო მთავარი ფარის გარეშე რჩება?!

ვილნიუსის სამიტამდე  რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უკრაინამ თავად თქვას უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაღა თქმა უნდა, რუსეთის ზეწოლის გამო. უცნაურ მოვლენათა ჯაჭვი დაიწყო უკრაინის პრეზიდენტის მოულოდნელი შეხვედრით რუსეთის პრეზიდენტთან. შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა: შეიკრიბა უკრაინის ბიზნესელიტა და პრეზიდენტს მოსთხოვა, მინიმუმ ერთი წლით გადაიდოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა დაკარგავს რუსეთის ბაზარს, რაც უკრაინაში ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევსო - ასეთია უკრაინელ ბიზნესმენთა პოზიცია.

ამასთან, უკრაინის პარლამენტმა გადადო იმ სამი კანონპროექტის განხილვა, რომელთაც ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინა პირობად მიიჩნევს: საუბარია ტიმოშენკოს სამკურნალოდ გერმანიაში გამგზავრებაზე, პროკურატურისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე, ხოლო უკრაინის პრემიერი საჯაროდ აცხადებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა უკრაინისთვის შეუძლებელია, რადგან დაკარგავს იმას, რის კომპენსაციასაც ვერავინ სთავაზობს: უკრაინული პროდუქციის 25% რუსულ ბაზარზე გადის. პარალელურად, მანვე უკრაინის მთავრობას დაავალა, დააჩქაროს რუსეთის „საბაჟო კავშირთან“ ტექნიკური საკითხების მოგვარება. თუ ეს ტექტონიკური ძვრები საბოლოოდ ევროკავშირთან ასოცირებაზე უკრაინის უარით დამთავრდა, ეს იქნება ევროკავშირის უდიდესი მარცხი და რუსეთის გამარჯვება. თუკი რუსული ზეწოლის გამო უკრაინამ უარი თქვა ევროპის ასოცირების ხელშეკრულებაზე, გამოდის, რუსეთს მთავარი ბარიერი„საბაჟო კავშირის გაფართოების გზაზე უკრაინის სახით დაძლეული ექნება. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შეფერხებით გულმოცემული რუსეთი გაცილებით მკაცრი და ხისტი გახდება საქართველოსა და მოლდავეთის მიმართ.

ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე უკრაინა საქართველოსთვის, ფაქტობრივად, რუსეთისგან დამცავი ბოლო წინაღობაა. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის გაცილებით გართულდება ევროკავშირთან ასოცირების პარაფირებიდან ხელშეკრულების ხელმოწერამდე გასავლელი გზა... და ძნელი სათქმელია, გაუძლებს თუ არა საქართველო რუსეთის ზეწოლას და დაეხმარება თუ არა მას დასავლეთი ზეწოლის გამკლავებაში.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოდ არსებობის გზაა, არამედ პერსპექტივაში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი მეტ-ნაკლებად რეალისტური საშუალებაც: რადგან ევროსტანდარტების გამზიარებელი და ევროპული კანონმდებლობით შებოჭილი საქართველო აფხაზი ერის გადარჩენის გარანტიად შეიძლება იქცეს, მაშინ როცა რუსეთი აფხაზი ერის გადაშენების მთავარი საფრთხეა. ეს უნდა გავიგოთ ჩვენც და გავაგებინოთ აფხაზებსაც.

სეგრეგაცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია არ მიიწვიეს. მიწვეულმა - ერთადერთმა საპარლამენტო ოპოზიციამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი თავად განაცხადა უარი დასწრებაზე. შედეგად, პრეზიდენტი ინაუგურაციაზე პოლიტიკური ძალებიდან მხოლოდ მისივე მმართველი კოალიციის, "ქართული ოცნების"“ ამარა დარჩა. ეს იყო არა ლაფსუსი, როგორც თავად შეცბუნებული "მეოცნებეები" ცდილობდნენ წარმოეჩინათ, არამედ მძიმე პოლიტიკური შეცდომა როგორც საქართველოს საზოგადოების, ასევე დასავლეთის თვალში. "ქართულ ოცნებას" უნდა გაეთვალა - არასაპარლამენტო ოპოზიციის იგნორირებას ის მოჰყვებოდა, რომ "ნაციონალები" ხელიდან არ გაუშვებდნენ შანსს, მარგველაშვილი მხოლოდ მმართველი ძალის პრეზიდენტად წარმოეჩინათ.

სამწუხაროდ, საქართველოს ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის გამაერთიანებლად გადაქცევა. მარგველაშვილს ჰქონდა და აქვს ამის პოტენციალი - ის პირველი პრეზიდენტია, ვისაც გამარჯვება ყველა კონკურენტმა მიულოცა, აღიარეს რა ჩატარებული არჩევნების სამართლიანობა. ის ვალდებულია გამოიყენოს ეს უნიკალური რესურსი და არ გაფლანგოს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მთავარი წვლილი ქართულ პოლიტიკაში არის თავისუფალი პოლიტიკური სივრცისა და თანაბარი, კონკურენტული გარემოს შექმნა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის - იმედია, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი გუნდი არ დაუბრუნდება ჩვეულ ქართულ ხელწერას: პოლიტიკური სივრცის სეგრეგაციას და მისგან კომფორტული და არასასურველი ოპოზიციის გამოყოფას. მე და ბევრი ჩემნაირი იყო ინაუგურაციაზე, რადგან არ მინდა, მარგველაშვილმა ხელიდან გაუშვას უნიკალური შანსი - იყოს მთელი საქართველოს და არა მხოლოდ საკუთარი, ამორფული კონგლომერატის - კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტი.