"მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები უკან მოვიტოვეთ" - კვირის პალიტრა

"მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები უკან მოვიტოვეთ"

საქართველოს პრეზიდენტის  საინაუგურაციო სიტყვა

მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მივესალმები უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მივესალმები მეგობარი ქვეყნების დელეგაციებს, მივესალმები ძვირფას სტუმრებს, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, აფხაზებს, ოსებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს.

დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ აღჭურვილი უდიდესი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული საკუთარ ძალებში, თანამებრძოლებსა და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხში.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს თანამოაზრეებს, მათ, ვის თანადგომასაც განუწყვეტლივ ვგრძნობდი წინასაარჩევნო პერიოდში. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციის თითოეულ წევრს. მადლობას ვუხდი მთელ საზოგადოებას, ყველას, ვინც პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, გულწრფელად ცდილობს ემსახუროს სამშობლოს.

დღეს ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება გამოიხატება დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციაში.

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების პრეცედენტის შექმნით ჩვენ შევძელით სახელმწიფოებრივი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლა. დასრულდა პოსტსაბჭოთა პერიოდი და დაიწყო თანამედროვე ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, რითიც ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკურ კულტურას დავუდეთ სათავე.

ქართველი თავისი ინდივიდუალური შეგნებით ევროპელია, თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია. მაგრამ ჩვენ აქამდე ვერ ვახერხებდით, რომ ჩვენი ევროპელობა - სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ განზომილებაში გადაგვეტანა.

შარშანდელი პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შევძელით ჭეშმარიტად ევროპული პოლიტიკური პროცესებისთვის დაგვედო სათავე. ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა. ერთიანობით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა - მშვიდობიანად, არჩევნებით საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს.

ამის შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ სტაბილურობა ქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოციალური პროექტები, არამედ მოვახერხეთ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების ჩატარება. ამ არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბუნებრივია, ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებში არის მხოლოდ ერთი გამარჯვებული, მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: როგორც პრეზიდენტი, მე ვემსახურები თითოეულ თქვენგანს. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად ვიქნები უფლებათა დაცვის გარანტი.

რა პოზიციებიც არ უნდა ჰქონოდათ მოქალაქეებს არჩევნების დროს, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საერთო მიზანი - მშვიდობიანი, გაერთიანებული, დემოკრატიული, განვითარებული და ლაღი საქართველო.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ხელისუფლება: განუხრელად იზრუნებს დემოკრატიული მმართველობის ტრადიციის დამკვიდრებისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ წინსვლაზე. ხელისუფლების უმთავრეს მიზნად ჩვენ ვისახავთ თითოეული ადამიანის კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.

საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს გაგვიმარტივებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და განაპირობებს ქვეყნის სანდო საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას.

აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.

ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში. მანამდე კი - მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა.

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას.

როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით გარეშე საფრთხეების მოსაგერიებლად. ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია.

როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად ვიმუშავებ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად; ხელს შევუწყობ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სანდო პარტნიორად დამკვიდრებას.

ასევე ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი.

ჩემი საგანგებო ზრუნვის საგანი იქნება იმ მოქალაქეთა ინტერესები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც პრეზიდენტი, ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი. ამავდროულად განუხრელად დავიცავ საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს.

სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში ჩვენ მარტო არა ვართ. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ყოველთვის ვგრძნობდით მეგობარი ქვეყნების თანადგომას. ოკუპირებულ ტერიტორიათა არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკა, საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, ეკონომიკური განვითარების რეგიონულ პროექტებში მონაწილეობა სწორედ ამ ურთიერთობებს ეფუძნება.

საქართველოს მოქალაქეთა სახელით დიდ მადლობას ვუხდი მეგობარი ქვეყნების ხალხებს და მთავრობებს ამ თანადგომისთვის.

ჩვენი საერთაშორისო კავშირები განმტკიცდება და უფრო ქმედით სახეს მიიღებს.

ევროკავშირთან დაახლოებას და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს პერიოდში ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.

ჩვენი პრიორიტეტია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ხელმოწერა, რაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შეუქცევადობის ინსტიტუციური დადასტურება იქნება.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს. ეს კი საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა.

საქართველო კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის, ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობით.

მე, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

ჩვენი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, და ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში.

ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას.

საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად.

ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ შავი და კასპიის ზღვების რეგიონების, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათთან ტრანსნაციონალური პროექტების ხელშეწყობასა და რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.

დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან.

მიუხედავად დღეისათვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით, და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება ასევე ურთიერთობების გაღრმავება ახლო აღმოსავლეთის, არაბული სამყაროს, აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიის და ოკეანეთის რეგიონებთან და ამ კონტექსტში გლობალური პარტნიორობის განვითარება.

მეგობრებო, ურთულესი წლების შემდეგ, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ, დადგა დრო, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი იდენტობა, როდესაც, დიდი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი". დღეს ეს სიტყვები გაისმის მოწოდებად თითოეული ჩვენგანისადმი.

ჩვენ გვაქვს უმთავრესი კაპიტალი, რომელსაც ახალი საქართველოს შენება დაეფუძნება - ჩვენი ხალხის ნიჭიერება და სამშობლოს სიყვარული.

მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები უკან მოვიტოვეთ; რომ ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა ეკუთვნის არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც. ეს ხედვა რეალობად ერთ დღეში ვერ იქცევა, მაგრამ:

მე ვხედავ საქართველოს, რომელიც მისი შვილებისათვის არა გადარჩენისთვის ბრძოლის, არამედ ღირსეული ყოფის, სიცოცხლით ტკბობის, ნიჭიერების გაფურჩქნისა და თვითრეალიზაციის სივრცეა.

მე ვხედავ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო იცნობს არა პოლიტიკური კრიზისებით თუ ჰუმანიტარული პრობლემებით, არამედ მისი განსაცვიფრებელი სილამაზით, ცხოვრების სილაღით და, რაც მთავარია, მშრომელი, შემოქმედი, კეთილშობილი, სტუმართმოყვარე ხალხით.

მე ვხედავ ენერგიას, რომელმაც რუსთაველს ,,ვეფხისტყაოსანი" შეაქმნევინა, და რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს თავგანწირვის ფასად წინაპართა საუნჯის დაცვის ძალა მისცა; ენერგიას, რომელმაც ფიროსმანს შავი ლომი დაახატვინა და ექიმ იოსებ ჟორდანიას პატარა გოგონას გადასარჩენად სიცოცხლე დაათმობინა; ენერგიას, რომელმაც საოცარი ხელოვნებით გამოჭედა ხახულის კარედი და მტრის წინაშე ქედი არ მოახრევინა გიორგი ანწუხელიძეს.

მე ვხედავ იმ აღტაცების გამეორებას, რომელიც მოჰგვარა მსოფლიოს მცხეთის ჯვრის სიდიადემ, ქართული ანბანის უნიკალურობამ, ვაჟას პოეზიის სიღრმემ, ჩაკრულოსა და კრიმანჭულის საოცარმა ჰარმონიამ, ქართული მეცნიერული აზრის მასშტაბურობამ და აღფრთოვანების ღირსმა სპორტულმა სასწაულებმა.

ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება. ასეთ საქართველოს ქმნიდნენ ამ ქვეყნის შვილები.

უდიდესი პატივი და ტვირთია იყო საქართველოს პრეზიდენტი. და დღეს მე

ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, ღირსეულად ვზიდო პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი დიდებული ქვეყნისა და ხალხის მსახურება მაკისრებს.