"ემა გოგოხია მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად იყო იმ ადგილზე მიყვანილი"
18-11-2013
"ემა გოგოხია მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად იყო იმ ადგილზე მიყვანილი"
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ისევ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად მათ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია უპირისპირდება. გოგოხიამ 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, - ირაკლი ალასანია და ლაშა ნაცვლიშვილი ხურჩაში მომხდარზე გამოძიებისთვის მცდარი აღიარებითი ჩვენების მიცემას მაიძულებდნენო: "მთხოვდნენ, საჯაროდ მეცრუა - ხურჩის ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმაო". სანაცვლოდ თავდაცვისა და პროკურატურის ხელმძღვანელები რუსეთში ბიზნესს და საქართველოში თანამდებობას დამპირდნენ"(?!). "კვირის პალიტრა" დაუკავშირდა
ლაშა ნაცვლიშვილს. მან გოგოხიას ბრალდებას ნაბოდვარი უწოდა და დასძინა, - ამის კომენტირებას არ ვაპირებო. ამგვარადვე გვიპასუხა თავდაცვის სამინისტრომაც. საკითხის შეფასება უფლებადამცველს, ჟურნალისტ ია ანთაძეს ვთხოვეთ.


ია ანთაძე: - ხურჩის ინციდენტზე ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენმა ზუგდიდელმა კოლეგამ, "ლაივ პრესის" რედაქტორმა გერონტი ყალიჩავამ. ის ერთ-ერთი პირველი ელაპარაკა ხურჩის
ინციდენტში მოყოლილთ. ჟურნალისტის აზრით, ამ ინციდენტის ოფიციალური ვერსია (თითქოს ეს ე.წ. ტერაქტი აფხაზებმა მოახდინეს) ძალიან განსხვავდებოდა რეალურისგან. ყალიჩავას მოწოდებული ინფორმაცია განთავსდა "სოციალური მეცნიერებების ცენტრის" ვებგვერდზე, მოგვიანებით კი გაქრა.

- დარწმუნებული იყავით, რომ ხურჩის მოვლენები ხელისუფლების ინსპირირებული იყო?
- იქაურებს არ ეეჭვებოდათ, რომ რეალობა და ოფიციალური ვერსია განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჩვენ დავიჯერეთ მათი, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ.

- როგორც ცნობილია, ამ თემით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც დაინტერესდა.
- რამდენადაც ვიცი, ინციდენტს ნორვეგიელები შეესწრნენ და ამასთან დაკავშირებით ვახტანგ კომახიძის ფილმში კომენტარიც გააკეთეს. გაერო, რა თქმა უნდა, ენდობოდა უცხოელების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს. ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით ყველა დარწმუნებული იყო, რომ ოფიციალურად შემოთავაზებული ცნობა არ იყო სანდო.

- როგორ აღმოჩნდნენ ხურჩის მოვლენის დროს იქ ქართველი ჟურნალისტები?
- სწორედ ამ მთავარ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, განსაკუთრებით ოფიციალური ვერსიის ფარგლებში ვერ ვხსნი ამ მოვლენას. სხვა ვერსიით, ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო და ის ჟურნალიტები შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ მიიყვანეს. მათ უნდა გადაეღოთ ეს ინციდენტი და ეთქვათ, თუ როგორ უშლიდნენ აფხაზეთიდან გადმოსულებს ხელს სეპარატისტები ხმის მიცემისას.

- "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი და ირაკლი ალასანია აიძულებდნენ, მცდარი ჩვენება მიეცა გამოძიებისთვის.
- თუ ოფიციალური ვერსია არასწორია, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ემა გოგოხიაც იმ ადგილზე იყო მიყვანილი მცდარი ინფორმაციის გასავრცელებლად.

ხურჩის ინციდენტი


2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოსახლეობა ხმის მისაცემად სოფელ ხურჩის საარჩევნო უბანზე წამოიყვანეს. გზაში ავტობუსებმა საარჩევნო უბნების ნაცვლად გეზი აიღეს სოფლის სპორტული მოედნისკენ, სადაც ნაციონალური არხების კორესპონდენტები დახვდათ. მოედანი ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოსაა. ამომრჩევლების მისვლიდან რამდენიმე წუთში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით ნასროლი ტყვიების ზუზუნმა და გალელების წივილ-კივილმა იქაურობა მოიცვა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მოედანზე შეკრებილი ხალხის დასაშინებლად სხვადასხვა სახის იარაღი გამოიყენეს... მათ შორის ყუმბარმტყორცნიც.

ტერაქტმა დააეჭვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველას უკვირდა, როგორ აღმოჩნდნენ სოფელ ხურჩის სპორტულ მოედანზე ქართული ნაციონალური არხები. კორესპონდენტები, როგორც კადრებიდან ჩანს, მზად იყვნენ საინციდენტო შემთხვევისთვის... მათ დაწვრილებით აღნუსხეს ყველა ფაქტი, მათ შორის ის, თუ როგორ ესვრიან ყუმბარმტყორცნიდან ამომრჩევლების უბნებზე გადასაყვანად გამზადებულ ავტობუსს და აფეთქებენ. განსაკუთრებით ეს სტატიკური კადრი იწვევს ეჭვს, რადგან სროლის მიუხედავად, კამერა არც კი ირხევა, რაც ნიშნავს, რომ ოპერატორი გასროლის მოლოდინში, შტატივზე დამაგრებული კამერით იღებს. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვითმხილველებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, ჟურნალისტების ნაწილმა იცოდა, რა სცენარი უნდა განვითარებულიყო შემთხვევის ადგილზე და წინასწარ მომზადებული მივიდა(!).

ტერაქტით გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნიც დაინტერესდა და მისი მოკვლევა შესაბამის უწყებებს დაევალათ. ადგილზე ფაქტს "ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებიც შეესწრნენ.

მოკვლევის შემდეგ გაჩნდა კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი უშიშროების თანამშრომლები. უახლოესი სამხედრო ბაზა 15 წუთის სავალზეა და როგორ მოახერხეს შს სამინისტროს დამატებითმა ჯგუფებმა ხურჩაში მისვლა და საპასუხო ცეცხლის გახსნა, როცა ოპერაცია 15 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.

ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკითხის შესწავლის დროს, ექსპერტებმა გამოარკვიეს, რომ ყუმბარმტყორცნი ისროლეს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სადაც მოგვიანებით აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი სპეცრაზმელის მობილური ტელეფონი.

უტა ბიწაძე
ararai ars dafaruli, romeli ara gacxaddes
22 ნოემბერი 2013 20:57
ესეც ერთი ბომბი მიშუტკას

ყველაფერი ბუმერანგად დაუბრუნდა უკან, როგორც მოსალოდნელი იყო

გოგოხიას, ან რ-2-ის სხვა ჟურნალისტს რამე დაეჯერება?!
ყველა მიშას სიგიჟეების პროპაგანდისტი იყო(არა უანგაროდ, ცხადია)
zugdideli
18 ნოემბერი 2013 10:53
უტიფარ გოგოხიას როგორ დაეჯერება. ვინც ბრმები არ ვიყავით, ყველანი ვხედავდით ზუგდიდში რას კადრულობდა და ვის დავალებებს ასრულებდა წლების განმავლობაში.

რედაქტორის რჩევით