2009 - კვირის პალიტრა

2009

წლის მოულოდნელი საკადრო ცვლილებები

2009 წლის დასაწყისში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა კახა ბენდუქიძის მთავრობის კანცელარიიდან გასტუმრება. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ მძიმეწონიანი ჩინოვნიკი სავარძელზე მყარად იჯდა, მაგრამ მაინც მოუწია მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობის დატოვებამ. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კახა ბენდუქიძე საქართველოში დარჩა (თუმც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი არ თქვა) და საქმიანობა თავისივე დაარსებულ "ცოდნის ფონდში" გააგრძელა. "სააკაშვილს საკუთარ არაპოპულარულ რეჟიმთან ერთად ისეთი არაპოპულარული ფიგურის ზიდვა, როგორიც ბენდუქიძე იყო, აღარ შეეძლო", - ასე შეაფასა ოპოზიციამ ბენდუქიძის თანამდებობიდან დათხოვნა.

"ალოგიკური საკადრო ცვლილება", - ასე უწოდეს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნასა და დავით სიხარულიძის საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად გადაყვანას.

"ურევერანსო დათხოვნა", - ასე მოინათლა ეკონომიკური განვითარების მინისტრობიდან ლაშა ჟვანიას გათავისუფლება. ნიკა გილაურმა დამკვიდრებული წესი დაარღვია და ლაშა ჟვანიას მადლობის უთქმელად მიუთითა კარისკენ.

KvirisPalitra.Geწლის ტრაგედია

ნაქერალის უღელტეხილზე "ბოგდანის" ტიპის ავტობუსი, რომელსაც შაორის პატრიოტთა ბანაკში 26 ახალგაზრდა გადაჰყავდა, 40 მ სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევას ემსხვერპლა სამი ახალგაზრდა: დავით პირველი, ნათია ჩხეიძე და ხატია კავთიშვილი.

26 აპრილს სანდრო ეულის ქუჩაზე "რუსთავი 2"-ის კუთვნილი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც ტელეკომპანიის თანამშრომლები და პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა "რუსთავი 2"-ის ორი თანამშრომელი: ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია.

ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების გამო ახლომდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა. ბეტონის ნამსხვრევები დაახლოებით 300 მეტრზე გაიტყორცნა და რამდენიმე კაცი დააშავა. ბეტონის ნამსხვრევის თავში მოხვედრის გამო გარდაიცვალა დედა-შვილი: 11 წლის ნინო ჯინჭარაძე ადგილზევე დაიღუპა, ბავშვის დედა, ეკა ჯინჭარაძე კი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

KvirisPalitra.Geწლის მშენებლობა

წლის ერთ-ერთ გრანდიოზულ მშენებლობად შეიძლება ჩაითვალოს  ვარაზისხევი-თამარაშვილის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყება, რომელიც ვაკესა და საბურთალოს ერთმანეთს უმოკლესი გზით დააკავშირებს.

ბათუმის ბულვარზე სასტუმრო "შერატონის" ულამაზესი შენობა გაიხსნა. "შერატონი" თურქულმა კომპანიამ ააშენა, რაც 2 მლნ დოლარი დაუჯდა.

ბათუმში ახალი სასტუმრო-კომპლექსი "ბათუმის კარიბჭე" აშენდება. 40-სართულიანი კომპლექსი ყველაზე მაღალი შენობა იქნება როგორც საქართველოში, ასევე მთელ შავი ზღვის სანაპიროზე. კომპლექსი გააერთიანებს როგორც სასტუმროს, ასევე საცხოვრებელ ბინებს, სავაჭრო კომპლექსებს, საკონფერენციო დარბაზებს, სპორტულ მოედნებს და კაზინოებს. ობიექტის მშენებლობა 2011 წელს დასრულდება.

2009 წელს დასრულდა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა, რაც ხელისუფლების თქმით, 60 მილიონი დაჯდა. არაოფიციალური მონაცემებით კი პრეზიდენტის სასახლეზე 800 მილიონამდე დაიხარჯა.

KvirisPalitra.Geწლის პროტესტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი  თქვა და პასპორტი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს გაუგზავნა.

"დაიცავი საქართველოს" წევრმა კახა მიქაიამ 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია მხოლოდ ორიოდე კვირის წინ შეწყვიტა. კახა მიქაია ზუგდიდის ცენტრში "საკნების აქციის" ორგანიზატორი იყო და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდა.

მომღერალი გია გაჩეჩილაძე 20 იანვრიდან 7 დეკემბრამდე თავის საპროტესტო განწყობილებას ტელეპროექტში "საკანი #5" გამოხატავდა.