"რაღაცების შეცვლას პარტიაში ნამდვილად ვგეგმავთ" - კვირის პალიტრა

"რაღაცების შეცვლას პარტიაში ნამდვილად ვგეგმავთ"

"საქართველოში ორპარტიული სისტემის შექმნის მცდელობა კრახს განიცდის"

აპირებს თუ არა პოლიტიკიდან წასვლას გიორგი თარგამაძე?

"იმედია,  შეიქმნება ძლიერი ოპოზიციური ფლანგი"

"მათ, ვინც ახლა სავარძლებში მოკალათდნენ, უნდა ახსოვდეთ, რომ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვე ისხდნენ ამ თანამდებობებზე"

პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. ადასტურებენ თუ არა ამ ინფორმაციას მის პარტიაში? სამწუხაროდ, გიორგი თარგამაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი გვესაუბრა.

- ვერ გეტყვით, რომ ამ გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდზე ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი მაქვს. საზოგადოება ახალი მთავრობისგან ბევრს ელოდა, ქვეყანაში კი ვითარება მაინცდამაინც  არ შეცვლილა.… იმედია, სამართლიანობის აღდგენის სლოგანი, რომლითაც  "ქართული ოცნება" ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მხოლოდ ტრაფარეტულ ფრაზად არ დარჩება. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივი 9-წლიანი ეპოპეა დასრულდა, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. შედეგით კმაყოფილი ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როცა დავინახავთ, რომ ახალი ხელისუფლება მოქალაქეთა მდგომარეობას  როგორც სამართლიანობის, ასევე   კეთილდღეობის  განცდის თვალსაზრისით გააუმჯობესებს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურადაც ბევრი არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდნენ, როგორმე გაენადგურებინათ მთელი ოპოზიციური სპექტრი, დაესუსტებინათ და დაეუძლურებინათ, ახალი ხელისუფლებაც იმავეს აკეთებს. მას აქვს  მხოლოდ ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც მხოლოდ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის იქნება გადანაწილებული მთელი პოლიტიკური არეალი.

მათ, ვინც ახლა სავარძლებში მოკალათდნენ, უნდა ახსოვდეთ, რომ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვე ისხდნენ ამ თანამდებობებზე. მე მაინც ვთვლი, რომ საქართველოში ორპარტიული სისტემის შექმნის მცდელობა კრახს განიცდის.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს თქვენ გითმობთ და პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

- არა, ეს დეზინფორმაციაა. შესაძლოა, ვინმე ასე ფიქრობს ან ამის სურვილი აქვს, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება.

- ე.ი. გამორიცხავთ მსგავს ცვლილებას თქვენს პარტიაში?

- ამ საკითხს პარტიაში ნამდვილად  არ განვიხილავთ, თუმცა ცვლილების გამორიცხვაც არ შეიძლება - რაღაცების შეცვლას და რეფორმირებას ვგეგმავთ.…

- მაინც რის შეცვლას გეგმავთ?

- ამჟამად არასაპარლამენტო  ოპოზიციურ ფლანგზე  თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ეს თანამშრომლობა შეეხება ერთიანი ფრონტით ბრძოლას, რაც შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებებთან, საარჩევნო კოდექსთან, რეგიონული თვითმმართველობის საკითხებთან იყოს დაკავშირებული. უკვე კარგა ხანია ეს პროცესი მიმდინარეობს და მასში მონაწილეობს როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ასევე ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი" და ა.შ.

იმედია,  შეიქმნება ძლიერი ოპოზიციური ფლანგი, რომელიც ქვეყანაში მრავალპარტიული  და პოლიტიკური ბალანსის ჩამოყალიბების პერსპექტივას გააჩენს. ამაზე მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს.