ხელისუფლების, როგორც ორგანიზმის, დიაგნოზი
18-11-2013
ხელისუფლების, როგორც ორგანიზმის, დიაგნოზი
"ამ ეტაპზე ვცდილობთ ჯანდაცვის სისტემა უფსკრულში გადაჩეხას გადავარჩინოთ"

"სხვისი მოიმედე საზოგადოება ხელისუფლებას იმუნოდეფიციტისგან ვერ იხსნის"

"არ შეიძლება, ჯანდაცვა დაუქვემდებარო თავისუფალი ბაზრის კანონებს"


ინაუგურაციის შემდეგ, წესისამებრ, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი მოვალეობის დროებით შემსრულებლად ითვლება. არსებობს ვარაუდი, რომ რამდენიმე პორტფელს ახალი მფლობელი გამოუჩნდება და შესაძლოა, ყოფილთა შორის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც აღმოჩნდეს. თუმცა, ვფიქრობ, ივანიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრის ჩანაცვლების ვერსიაც ისეთივე ჭორი იქნება, როგორიც მისი პრემიერმინისტრობა იყო. "კვირის პალიტრა"
დავით სერგეენკოს ესაუბრა.


- სანამ ივანიშვილი მემკვიდრეს დაასახელებდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე თქვენი კანდიდატურაც განიხილებოდა. ახლა ამბობენ, რომ შესაძლოა, მინისტრთა ახალ გუნდში ვერ გიხილოთ...
- ამ ეტაპზეც და მომავლისთვისაც სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა ამ თანამდებობაზე. ვიქნები თუ არა ახალ მთავრობაში? არ ვიცი. ეს საკითხი შესაბამისი
გეგმის, პროცედურისა და კონსულტაციების შედეგად წყდება. მთავარია, საქმე გაკეთდეს კარგად და გარწმუნებთ, მინისტრის ვინაობას მნიშვნელობა არა აქვს. თუ ჩათვლიან, რომ უახლოეს პერიოდში ამ თანამდებობაზე ჩემი მუშაობა ეფექტური იქნება, რა თქმა უნდა, ვიმუშავებ.

- ბევრმა არ იცის, რომ მორაგბე ხართ. სპორტის ამ სახეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ თამაშს. ჰგავს თუ არა პოლიტიკური და სპორტული გუნდური თამაში ერთმანეთს და როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის გარეშე გუნდი დიდხანს იარსებებს?
- გუნდურობას სამი მთავარი პრინციპი განსაზღვრავს. პირველი პრინციპია, რომ გუნდმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. მეორე - შენიანს ყოველთვის უნდა დაეხმარო, მიუხედავად იმისა, დაღლილი ხარ თუ არა. მესამე პრინციპის თანახმად, უკადრებელი არ უნდა იკადრო და წესები არ დაარღვიო.
თუ გუნდში მესამე პრინციპს გამორიცხავ, ხდები მაფიოზი, ნეპოტიზმის მიმდევარი ან გარემოცვასთან ერთად აყალიბებ კლანს.

რაც შეეხება ჩვენს სახელისუფლებო გუნდს, ვფიქრობ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტმა ეფექტურად იმუშავა. სამწუხაროდ, ეფექტურობა სახეცვლილ ტერმინად იქცა, ამიტომ განვმარტავ, რომ ვგულისხმობ შედეგისთვის შრომას და არა - კამერების წინ თავის წარმოჩენას. რა იქნება ივანიშვილის გარეშე? ვიმეორებ, სახელები და გვარები არაფერს ცვლის. მთავარია, რომ ჩვენ მიზანს მივაღწევთ. 

-  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რატომღაც ყველას ავიწყდება მოვალეობა, მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ და სახელმწიფოს მძიმე ტვირთად აწვება მათი უპასუხისმგებლობის შედეგი. თქვენ ექიმი ხართ... შეგიძლიათ, დიაგნოზი დაუსვათ ხელისუფლებას, როგორც ორგანიზმს - რა ემართება მას?
-  თანამდებობით ან ფინანსური მდგომარეობით მოპოვებული უპირატესობისთვის ყველა არ არის მზად, ადამიანებს ჰგონიათ, ყოველთვის ხელისუფლებაში იქნებიან და სიფრთხილის გრძნობას კარგავენ. ფიზიოლოგიის ენაზე ეს პროცესი უფრო იმუნოდეფიციტია - ადამიანს იმუნიტეტი უქრება, ვეღარ უმკლავდება საფრთხეს და მისი სისტემა იშლება. ეს უფრო შიდსის ანალოგი უნდა იყოს. ხელისუფლებას იმუნიტეტი უქვეითდება და მძიმე მდგომარეობაში ვარდება.

- იმუნოდეფიციტის თავიდან ასაცილებლად არსებობს პრევენციული ზომები. ხელისუფლების დამცავი ფაქტორი რა შეიძლება იყოს?

- საზოგადოება, რომელმაც უნდა აკონტროლოს მთავრობა. თუმცა საზოგადოება სახელმწიფოს ხელის შემყურე არ უნდა იყოს.  სხვისი მოიმედე საზოგადოება ხელისუფლებას იმუნოდეფიციტისგან ვერ იხსნის.

- რა მიგაჩნიათ ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მთავარ პრობლემად?

- ის, რომ ჯანდაცვის სისტემისადმი მიდგომა იყო არასწორი. ჯანდაცვა, როგორც კომუნიკაციების და რეგულაციების შედეგად წარმოქმნილი კავშირი, აღარ არსებობს. ის არის დიფუზიური სტრუქტურა, რომლის ნაწილები ცალ-ცალკე იმუხტება და ერთმანეთს კოორდინირებულად ვეღარ უკავშირდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პაციენტს საფრთხეს უქმნის. უდიდეს პრობლემად იქცა ისიც, რომ ჯანდაცვაში გამოიყენეს თავისუფალი ბაზრის პრინციპები, რაც ჩვენს სისტემაში ვერ იმუშავებს. ოპონენტები ამბობენ, თითქოს სამედიცინო მომსახურების ხარისხს სახელმწიფოს კონტროლი არ სჭირდება და ეს არის რესურსების  ფლანგვა - შეიძლება პაციენტმა თვითონ გადაწყვიტოს, რომელ კლინიკაში, რომელ ექიმთან მივიდეს და პროცესი ბაზარმა დაარეგულიროსო. ასეთი მიდგომა დიდი შეცდომაა.

- პაციენტს რატომ არ უნდა მივცეთ უფლება, თვითონ აირჩიოს ექიმიც და კლინიკაც?
- როდესაც გნებავთ ნივთის, მაგალითად, ტელევიზორის ყიდვა, თქვენს არჩევანს განსაზღვრავს ოჯახის ბიუჯეტი, ახლობლების რჩევა, რასაკვირველია, დაათვალიერებთ მაღაზიებსაც და შემდეგ იყიდით შერჩეულ ნივთს. რა ხდება სამედიცინო სერვისის შემთხვევაში? პაციენტს აქვს ბუნდოვანი სურათი: სტკივა, ახველებს, სიცხე აქვს... იგი მიდის სერვისის გამყიდველთან - ექიმთან და მან უნდა განსაზღვროს, ამბულატორიული მკურნალობა სჭირდება, სტაციონარული თუ სხვა რამ. შესაძლოა, დასჭირდეს ერთჯერადი კონსულტაცია, მაგალითად, გასინჯა ექიმმა, უთხრა, რომ გაცივებულია, ურჩია ბევრი სითხის დალევა, დასვენება, მაგრამ იმავე ჩივილებით სხვა შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ უფრო რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე და ავადმყოფს სინამდვილეში ძვირი და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ამასაც სერვისის მიმწოდებელი განსაზღვრავს. ჩემს კოლეგებს სოლიდარობას ვუცხადებ, მაგრამ მხოლოდ სერვისის მიმწოდებლის ანუ ექიმის კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით. სამწუხაროდ, ვერ ვენდობით, რომ პაციენტს, მომხმარებელს არ მიჰყიდის იმაზე მეტ სერვისს, რაც ნამდვილად სჭირდება. ეს არის პრინციპული, სტრატეგიული განსხვავება თავისუფალ ბაზარსა და სამედიცინო სერვისის მიწოდებას შორის, ამიტომ არ შეიძლება, ჯანდაცვა დაუქვემდებარო თავისუფალი ბაზრის კანონებს და სახელმწიფომ რეგულირების არც ერთი ბერკეტი არ დაიტოვოს.

- როდის ეშველება ჯანდაცვის სისტემას?
- ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ იმას ვცდილობთ, როგორმე უფსკრულში გადაჩეხას გადავარჩინოთ და ფეხზე წამოვაყენოთ.  რამდენ ხანში გვექნება შედეგები? ცალკეულ მიმართულებებზე შემიძლია გაგცეთ პასუხი. ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში პირველი შედეგი გვექნება 2015 წლის დასაწყისში. შეიქმნება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც პაციენტის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, გვეყოლება ისეთი კადრები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით ხელს შეუწყობენ პრობლემების გადაჭრას.

- აღარ იქნება აუცილებელი, რომ ბავშვები უცხოეთში წაიყვანონ სამკურნალოდ?
-  გამონაკლისების გარდა, ეს საჭირო აღარ იქნება. მაგალითად, ღეროვანი უჯრედების გადასანერგად დღეს ბავშვები უცხოეთში მიჰყავთ - ამას ჩვენ აქ გავაკეთებთ. რაც შეეხება, ზოგადად ონკოლოგიას, ამას დიდი დრო დასჭირდება, ვფიქრობ, 3 წელი მაინც. გვექნება შედეგები სასწრაფო დახმარებაშიც.

- როგორი იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

- სასწრაფო დახმარების ექიმმა სათანადო დახმარება უნდა აღმოუჩინოს პაციენტს. ჯერჯერობით კი კვლავ ვზრუნავთ იმაზე, რომ ექიმი დროულად მივიდეს გამოძახების ადგილზე. მნიშვნელოვანია, ექიმებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ექიმს არა მხოლოდ დახმარების აღმოჩენა უნდა შეეძლოს, არამედ ადგილზე სპეციალური სკალით შეაფასოს და იქვე მიიღოს გადაწყვეტილება, სად, რა ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანოს პაციენტი. ახლა ნებისმიერი დაშავებული მიჰყავთ უახლოეს რაიონულ საავადმყოფოში, იქ კი აყოვნებენ საათების, დღეების განმავლობაში, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდება და მერე გადაჰყავთ სხვაგან. ეს არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ მალე მოგვარდება.

- პაციენტებს პრობლემებს უქმნის ერთ ხელში მოქცეული სადაზღვევო კომპანია, კლინიკა და ფარმაკომპანიები...
- დიახ, ეს პრობლემაა. თუ სადაზღვევო კომპანია თვითონვეა მმართველი კლინიკის, ფარმაკომპანიის და სასწრაფო დახმარების, იოლი მისახვედრია, რომელ კლინიკას მიანიჭებს უპირატესობას. ჩვენი მეთოდოლოგიის წყალობით ასეთი მიკერძოების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდება - პაციენტს გადაიყვანენ იმ კლინიკაში, რომელიც უკეთესი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. თუ სადაზღვევო კომპანიას ფარმაკომპანიაც აქვს და კლინიკაც, ცხადია, შეეცდება, თავისი წარმოებული მედიკამენტები თავისივე კლინიკაში გაასაღოს. წამლების ხარისხის კონტროლი ამასაც შეამცირებს.

-  თქვენი ჰალსტუხის ამბავმა ლამის მსოფლიო მოიარა... ინახულეთ თქვენი გადარჩენილი პაციენტი?
- "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული "ჰალსტუხის ამბავი" რამდენიმე უცხოურ საიტზეც გამოჩნდა. ამერიკელმა კოლეგამაც კი იცოდა ეს ამბავი და ღიმილით გაიხსენა. ამ ამბის შემდეგ ძალიან ბევრი ჰალსტუხი მივიღე საჩუქრად. პაციენტი, რომელსაც  პირველი დახმარება გავუწიე, საავადმყოფოდან გამოწერეს. უკვე კარგად არის. საავადმყოფოში აღარ მინახავს - ეს ამბავი რომ გახმაურდა, ზედმეტად ჩავთვალე მისვლა. მერე მადლობის წერილი გამომიგზავნა. სოციალურ დახმარებას ვერ იღებდა, რადგან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. ამ პრობლემის მოგვარებაშიც დავეხმარეთ. ისე, მხოლოდ ჰალსტუხის ამბავი გახმაურდა, თორემ ბევრი კაშნეც უნდა მიმეღო საჩუქრად, რომელთაც კისრის დასაფიქსირებლად ვიყენებდი ხოლმე. როდესაც საავტომობილო ავარიას შეესწრები, სხვანაირად ვერ მოიქცევი, მით უფრო, რომ კრიტიკული მედიცინა ჩემი სპეციალობაა. ამ დროს ინსტინქტით მოქმედებ და არ ფიქრობ იმაზე, ვინ ხარ და როგორი პიარის ტალღა შეიძლება აგორდეს შენდა უნებურად.

- პიარზე გამახსენდა... თქვენ ჟანგბადით ინტოქსიკაცია და დიდი დოზით პიარისგან მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეთ...
- როდესაც საჭიროზე მეტ ჟანგბადს ვაწვდით საზოგადოებას, ეწყება აღგზნება, ჰიპერაქტიურობა, ეიფორიაშია, ფიქრობს, რა კარგად არის ყველაფერი, სამყარო მშვენიერია... თუ ჟანგბადის ზედმეტი დოზის მიღების პროცესი არ შეჩერდა, იწყება დაზიანებები. ამის პირველი ნიშანია გვირაბისებრი მხედველობა, რომელიც აგონიის დროს აქვთ ხოლმე ადამიანებს. ამას გვირაბული ჰალუცინაცია ჰქვია და საიქიოდან მობრუნებულები ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ გვირაბში მიქროდნენ. ეს არის გვირაბისებური იშემია, ანუ საითაც გაიხედავ, ხედავ მხოლოდ შემოსაზღვრულ არეალს, იმას, რაც გინდა, რომ დაინახო. ასპროცენტიანი ჟანგბადით სუნთქვის დროს სუნთქვის ცენტრს აღარ მიეწოდება ინფორმაცია. ზიანდება ყველაფერი: თავის ტვინი, მხედველობა, ფილტვები და ამას მოჰყვება სისტემის გარდაცვალება. ზუსტად ასე ემართება გადამეტებული პიარით რეალობას მოწყვეტილ საზოგადოებას, რომელიც წლების განმავლობაში შეჩვეული იყო ჭარბ ჟანგბადს ანუ პიარს. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, ჭარბი ჟანგბადი და პიარი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის (ეღიმება).
nino
22 ნოემბერი 2013 00:26
ძალიან კარგი ადამიანი მგონია ეს კაცი, ჯერ-ჯერობით მხოლოდ დადებითი გამიგია, ღმერთო უშველოს ცოტა და გამოასწოროს ეს ჩვენი საცოდავი ჯანდაცვის სისტემა, ყველაზე მთავარი მაინც ექიმების მომზადებაა, კარგი განათლება უნდა მიიღონ სტუდენტებმა და იმ სულელური პროგრამით არ უნდა ჩარიცხონ, 10 სპეციალობას რომ შეავსებ და შემთხვევით სამედიცინოზე რომ მოხვდები, აქედან უნდა დაიწყონ გამოსწორება.
ika
20 ნოემბერი 2013 20:10
მიკვირს რომ ეს ადამიანი არ დანიშნეს პრემიერად. პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანი ჩანს, დინჯი. ახლა გული მწყდება, უცხოურ საიტებზე ლამის დაგვცინიან 31 წლის პრემიერი რომ გვყავს... მართლა რა უბედურებაა 31 წლის ქვეყნის პირცველი პირი (((( იმედი მქონდა უკეთესობის ოცნება რომ მოვიდა და ახლა აღარაფრის იმედი არ მაქვს, განსაკუთრებნით 26 მაისის ერთ-ერთ ზონდერს რომ გვინიშნავენ შსს მინისტრად (((((
bachanaaaaaaaaaa
20 ნოემბერი 2013 16:07
აუუუ რა კარგი კაცია.აი ადამიანი მისი უბრალოებითა და ყველა სიკეთით,რაც ასე მოგვანატრეს ნაცებმა.გაიხარეეეთ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები