"ბედნიერი ვარ, რომ ახლა საქართველოში არ ვცხოვრობ" - კვირის პალიტრა

"ბედნიერი ვარ, რომ ახლა საქართველოში არ ვცხოვრობ"

"შესაძლოა, უფრო უარესი და მძიმე შედეგების მომსწრენი კვლავაც გავხდეთ"

რატომ დაიჭირა კახა თარგამაძე მოსკოვში მილიციამ?..

შეიძლება ითქვას, წლის ყველაზე დიდ სკანდალად ე.წ. "ბერლინალე" იქცა. საინფორმაციო საშუალებების გადაჭარბებული ყურადღება კახა თარგამაძისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრას დაეთმო. YouTube.com-ზე განთავსდა ვიდეომასალა იმის შესახებ, თუ როგორ აჩვენა ოპოზიციის ლიდერმა ერთ დროს რკინის კაცად წოდებულ ექსმინისტრს "გატეხილი თავი"... ამის შემდეგ "ნაციონალური არხები" თარგამაძის მიერ ოპოზიციის დაფინანსებაზე ალაპარაკდნენ. როგორ აფასებს დღევანდელი გადმოსახედიდან ამ ე.წ. "ბერლინალეს" ყოფილი შს მინისტრი, რას საყვედურობს შევარდნაძეს, რატომ აღარ უნდა საქართველოსკენ გამოხედვა,  "კვირის პალიტრა" ამის შესახებ კახა თარგამაძეს ესაუბრა.

- YouTube.com-ზე ჩემ შესახებ ვიდეოჩანაწერის განთავსებისას გამოაცხადეს, - ფარულად არის გადაღებულიო. გამეცინა. მაგ ჭკუაზე ვარ,  რომ აღარ ვიცი, სად მიღებენ და სად არა?! ცნობისთვის, დროებით ახლაც გერმანიაში ვიმყოფები, სულ არაფრის გამო ატეხეს ვიშვიში. ნეტავ, საქართველოში ვინ ან სად ნახა ჩემი გამოგზავნილი ფული, რაზეც კარგა ხანს ისტერიკულად გაჰკიოდნენ?! ერთხელ ვთქვი და ახლაც იმავეს ვიმეორებ, - თავის დროზე ქვეყნის ხელისუფლება გამყრელიძისა და გაჩეჩილაძის გუნდს რომ ჩაებარებინა, ასეთ შავ დღეში არ აღმოჩნდებოდით. ახლა არ მითხრათ, - ქართველებს ჩვენი ყოფა ძალიანაც მოგვწონსო.…თუ მოგწონთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!

- ჩანს, საქართველოდან გადახვეწილ ქართველებს რუსეთში ცხოვრება მოგწონთ...

- ბედნიერი ვარ, რომ ახლა საქართველოში არ ვცხოვრობ და თავისუფალი ადამიანი მქვია.

ჩემი ბიზნესი ტერორსა და წნეხს არ განიცდის.…მოსკოვში ნაკლებად არიან პოლიტიზებულები და  ურთიერთობებში პრობლემებს არ მიქმნიან. რუსეთში ყოფილი თანამდებობის პირებზე ბინძური, გამოგონილი ამბებით არავინ ერთობა,  საერთოდ, ზიზღით არ ექცევიან ერთმანეთს ისე, როგორც ეს საქართველოში სჩვევიათ.

- ინფორმაცია გავრცელდა ჯემალ გოგიტიძის მოწამვლის შესახებ. თქვენთვის ხომ არაფერია ცნობილი?

- არაფერი. გოგიტიძესთან ურთიერთობა არც მოსკოვში მქონდა და არც თბილისში. მისი გარდაცვალების ამბავი მეწყინა. ისე,…თქვენთან რომ გაიძახიან, ახლა კახა თარგამაძე და ასლან აბაშიძე ძმაკაცები არიანო, არ არის მართალი. როგორ ვიქნებით ძმაკაცები, როცა არჩევნებზე სულ იმ გუნდს ვამარჯვებინებდი, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია მოკალათებული...

- ე.ი. აღიარებთ, რომ არჩევნები ყალბდებოდა?

- არა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, - საპრეზიდენტო არჩევნები არ გაყალბებულა, საპარლამენტო ყალბდებოდა. თვითონ  "მოქალაქეთა კავშირის" ე.წ. რეფორმატორული ფრთა აყალბებდა მაშინ არჩევნებს.

- და თქვენ ხმას არ იღებდით?

- ჩემი ხმის ამოღება  რა შუაშია?!!…

- ბოლო დროს ზურაბ ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრებს როგორ შეაფასებთ?

- სად იყო მაშინ ნოღაიდელი, როცა მე პუტინს ვხვდებოდი და ქართველ ხალხს ვაფრთხილებდი, - უგუნური პოლიტიკით საქართველო ტერიტორიებს დაკარგავს-მეთქი? პუტინი მაშინ პრეზიდენტი იყო. ახლა ნოღაიდელმა მოუხშირა მოსკოვში ვიზიტებს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, გამოგიტყდებით და ეჭვი მეპარება, რომ ამ შეხვედრებით რაიმე ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ შეიცვლება.

თავის დროზე კი, როცა  რუსებთან კონტაქტების დამყარებას ვცდილობდი, ჩემთვის რომ ეცლიათ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენდი. 90 პროცენტით გადაწყვეტილი იყო ეს საკითხი უკვე, როცა ჟვანიამ, სააკაშვილმა, ბარამიძემ ერთი ამბავი ატეხეს, - კახა თარგამაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდაო. ამოიღეთ მათი გამოსვლებიდან ეს ჩანაწერები და ერთხელ კიდევ ნახეთ. მათ  ეგონათ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუ დადებითად გადაწყდებოდა, სკამებს ვეღარ მოიპოვებდნენ მომავალ ხელისუფლებაში...…

ასეა, ქართველები ყოველთვის სკამებისთვის ჭამდნენ ერთმანეთს. იმხანად თქვენც მაკრიტიკებდით და ახლა მაინც აღიარეთ, - ჩემი ნებით დავთმე სკამი და თანამდებობა.…

- შევარდნაძემ არ გიბიძგათ ასე მოქცეულიყავით?

- სინდისს და კაცობას გეფიცებით, - შევარდნაძეს ჩემთვის გადადგომის ნებართვა არ მოუცია. პირიქით, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მიბრძანა, - განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ გამეკეთებინა. მე ვუთხარი, არ დაგემორჩილებით და მაინც გადავდგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლი დაიღვრება-მეთქი.

შევარდნაძეც უნდა გადამდგარიყო მაშინ და ამ გუნდის (დღევანდელ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი. - ე.ა.) მოსვლისათვის ხელი შეეშალა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის გვიან გადადგა, თანაც სწორედ იმ დროს, როცა უკვე აღარ  უნდა გადამდგარიყო!…

- განაცხადეთ, - წინასწარ ვიცოდი, ჟვანიას და პატარკაციშვილს მოკლავდნენო... საზოგადოების ნაწილი ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა გამომააშკარავებელ ჩანაწერს ელოდება. თქვენთვის ასეთი აუდიომასალის არსებობის შესახებ ხომ არაფერია ცნობილი?

- აუდიომასალასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ისე კი ბოლო წლებში  ბადრის 4-ჯერ შევხვდი ისრაელში  და იქაურ სპეცსამსახურებს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ. პირველი შეხვედრისას  ვუთხარი, - ბადრი, ან შენ მოგკლავენ, ან ჟვანიას, ორივენი ერთად ხელისუფლებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენთ-მეთქი. არ ვიცი, მაშინ დამიჯერა თუ არა. ბოლო შეხვედრისას კი პატარკაციშვილს ვთხოვე, - არ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება-მეთქი.…

- რა გაძლევდათ ასეთი მოსაზრების საფუძველს?

- თავის დროზეც პანკისში დაძაბულობა იმისთვის შეიქმნა, რომ კავკასიური ომი დაწყებულიყო, რაც რუსეთს დაშლამდე მიიყვანდა, იმავდროულად კი საქართველოც განადგურდებოდა. მაშინ ჩავედი მოსკოვში და რუსები დავარწმუნე, რომ ეს ომი არც ჩვენთვის და არც მათთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა. შემდეგ ისევ განმეორდა საფრთხე და საქართველომ დამატებით ტერიტორიები დაკარგა... შესაძლოა, უფრო უარესი და მძიმე შედეგების მომსწრენი კვლავაც გავხდეთ და ვითარება ისევ პანკისიდან დაიძაბოს. ამიტომაც არის საჭირო გონივრული პოლიტიკის გატარება და საფრთხეების წინასწარ განსაზღვრა.

- ბატონო კახა, ახალი წელი გვიახლოვდება, მსუბუქ თემებზეც გადავინაცვლოთ... სად და როგორ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს?

- 31-ში შევიკრიბებით მეგობრები, შემდეგ დროებით დავშორდებით ერთმანეთს  და საკუთარ ოჯახებში შევეგებებით ახალ წელს. ამის შემდეგ კი რესტორანში წავალთ და მეგობრებთან ერთად ვიმხიარულებთ. წინასწარ უკვე დაგეგმილია ყველაფერი. ამ რესტორანში ჩემ გარდა მხოლოდ ორი ქართველი იქნება, რომლებიც მოსკოვში არიან დაბადებულები და გაზრდილები, თქვენთვის ცნობილი სახეები არ არიან...

საქართველოში კი ახალ წელს თითქმის ყოველთვის კაბინეტში ვხვდებოდი, ამიტომაც  დამიფასეს!..  2010 წლის დადგომას მივულოცავ ყველას, ვისაც სულითა და გულით გაუხარდება ჩემთან ურთიერთობა და დაგემშვიდობებით.…საჭესთან ვზივარ, თქვენთან ინტერვიუ გამიგრძელდა. ახლა კი პოლიციელი მაჩერებს, რადგან მოძრაობისას ტელეფონით საუბარი აკრძალულია. მორჩა,…ჩამავლეს!…ასეა, ბატონო, შინაგან საქმეთა ექსმინისტრებსაც იჭერენ...