მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ხალხის გარეშე

ინაუგურაციას ყველაზე მეტად ხალხი დააკლდა. ხალხის გარეშე გამოვიდა ის ღარიბული და არა - ცოტა ფულის დახარჯვის გამო. ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც მოკრძალებული ღონისძიების გამართვა ისეთ ადგილას, სადაც ხალხიც შეძლებდა მისვლას? მართალია, ბატონი მარგველაშვილი ამ თანამდებობაზე ივანიშვილის წყალობით მოხვდა, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც ხალხმა აირჩია და ყველაზე საპატიო სტუმარი ინაუგურაციაზე სწორედ ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა რამდენიმე ასეული ადამიანი მაინც შეიკრიბა პარლამენტთან, მაგრამ მათთვის მონიტორებიც კი არ აღმოჩნდა დამონტაჟებული. ასევე დააკლდა ინაუგურაციას საპატიო სტუმრები. ლიტვის პრეზიდენტმა მაგრად გვიჯიგრა, თორემ დავრჩებოდით მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ამარა.

სამაგიეროდ, ინაუგურაციას სიმდიდრე შესძინა "მრავალჟამიერმა" და კაბებმა. მერე მთელი კვირა განიხილავდნენ, რამდენი ათასი ღირდა ივანიშვილის ცოლის პალტო თუ ღარიბაშვილის ცოლის კაბა. ივანიშვილის ცოლის ამბავი გასაგებია, მაგრამ ღარიბაშვილის ცოლის კაბამ ბევრი აალაპარაკა. მერე მორალისტებიც გამოჩნდნენ: როგორ ბედავთ და ქალს კაბის ღირებულებას უთვლითო. არადა, აქ საქმე კაბა კი არა, პრემიერ-მინისტრის ფინანსური შესაძლებლობაა. ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რა ქონების პატრონია ადამიანი, რომელიც ქვეყნის პრემიერი ხდება, მანამდე კი ერთი წელი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამის გასარკვევად, ჩემი აზრით, ქონებრივ დეკლარაციაში ჩახედვა სულაც არ არის საკმარისი.

საერთოდ, ცოლები, მათი ჩაცმულობა და მათი ქცევა აღმოჩნდა ამ ინაუგურაციაზე ყველაზე საინტერესო, ყველაზე ემოციური კი მარგველაშვილის დედის პირჯვარი იყო, რომელიც შვილს მაშინ გადასახა, როდესაც იგი ფიცის დასადებად შებრუნდა, თორემ თავად ცერემონიაც და პრეზიდენტის სიტყვაც საკმაოდ სტანდარტული გამოვიდა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტსაბჭოთა ეპოქის დასრულებაზე გაკეთებული მისი განცხადება იყო. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა ვერ დაასრულეს. მარგველაშვილმა კი თქვა, უკვე დასრულდაო, მაგრამ ეს უფრო დაპირება იყო. შესრულდება თუ არა ეს დაპირება, მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს გამოჩნდება.

უკვე გაჩენილი კითხვები

ღარიბაშვილის სუსტი მხარეა ის, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ძლიერი მხარე კი ის, რომ... - მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ნუ შეშფოთდებით, შეცდომით არაფერი დამიწერია. დიახ, ამ გამოცდილების არქონა სისუსტეც არის და ძლიერებაც, რამეთუ ქართულ პოლიტიკურ გამოცდილებაში სახეირო არა ყრია რა, თუმცა არც ის ვარგა, როდესაც 31 წლის გამოუცდელი ადამიანი ქვეყანაში პირველი პირი ხდება. გამოუცდელობა მას პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროსაც შეეტყო, როდესაც რამდენჯერმე "ნაციონალებმა" მისი "აგდება" და გაცხარება შეძლეს. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენთვის პრობლემა სხვა რამ უნდა იყოს. ივანიშვილის შვიდი მილიარდი იყო გარანტია, რომ მას კორუფციაში ჩაბმა არ დასჭირდებოდა და არც სხვებისგან შეიწყნარებდა ამას, ივანიშვილის პიროვნული ავტორიტეტი იყო გარანტია, რომ მას ძალაუფლების განმტკიცება მხოლოდ ერთგულთა დაწინაურებით არ დასჭირდებოდა, ღარიბაშვილის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად გვაქვს. კორუფციაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია (ვნახოთ, იქნებ არც მომავალში მოგვიწიოს?), მაგრამ ერთგულთა დაწინაურებას უკვე ვხედავთ. მთავარი პროკურორიც და შინაგან საქმეთა მინისტრიც, ჩემი აზრით, სწორედ ასე შეირჩნენ. არადა, კანონში წერია, რომ მთავარ პროკურორს პრემიერ-მინისტრს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს, ესე იგი, პროკურორის კანდიდატურა სწორედ მინისტრმა უნდა შეარჩიოს. ახლა კი რა მოხდა?

წულუკიანმა მომავალი პროკურორი მხოლოდ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი დანიშვნა გადაწყდა და პოსტფაქტუმ არკვევდა, ემთხვეოდა თუ არა მისი და ფარცხალაძის შეხედულებები ერთმანეთს. მერე განაცხადა, ემთხვევაო. კანონი არა მარტო არ უნდა დაარღვიო, ფორმალობადაც არ უნდა აქციო.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს შინაგან საქმეთა მინისტრის შემთხვევაში. საპარლამენტო განხილვების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ 28 წლის ჭიკაიძე მხოლოდ ერთგულების გამო შეარჩიეს. არ მეგონა, თუ ოდესმე პალიკო კუბლაშვილს დავეთანხმებოდი - ჭიკაიძე შეიძლება კარგი პოლიციელია, მაგრამ მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და მას არ შეეფერება. პოლიტიკურ ფიგურას ლაპარაკი და კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდა უჭირდეს. ვიღაცებმა თქვეს, ლაპარაკი არც ვანო მერაბიშვილმა იცოდაო. მერაბიშვილს მეტყველება უჭირდა, პასუხის გაცემა კი არა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გაირკვა, თურმე ბატონი მინისტრი 2011 წლის 26 მაისის ღამეს, როგორც პოლიციის თანამშრომელი, რუსთაველის გამზირზე ყოფილა. იქ იყო, მაგრამ დარბევაში არ მონაწილეობდაო, განაცხადა ღარიბაშვილმა. ამან სოციალურ ქსელებში დიდი მხიარულება გამოიწვია. რას ნიშნავს, იქ იყო და დარბევაში არ მონაწილეობდა? მხოლოდ მაისის წვიმით ტკბებოდა იმ ღამეს?

როგორც კურდღელი

სააკაშვილი ფაქტობრივად, გაიპარა. ოფიციალური ვიზიტით წავიდა, როგორც პრეზიდენტი და აღარ დაბრუნდა.  გასაგებად რომ ვთქვათ, "პაბეგშია", მიუხედავად იმისა, რომ აქ ჯერ არავინ დევნის. საინტერესოა, რომ ჩამოსულიყო, ინაუგურაციას დასწრებოდა ან არ დასწრებოდა, მაგრამ მერე წასულიყო, სადაც უნდოდა, როგორც რიგითი მოქალაქე, არ გაუშვებდნენ? ეჭვი მაქვს, მას სწორედ ამის შეეშინდა. არადა, რაღაცას ხომ უნდა ემყარებოდეს ეს შიში? ჯერ მის წინააღმდეგ საქმეც კი არ არის აღძრული და ინაუგურაციის დღეს ან მეორე დღესვე ეცემოდნენ და ციხეში უკრავდნენ თავს? ან ვინ გააკეთებდა ამას ვილნიუსის სამიტის წინ? ვინ გახდიდა სალა=პარაკოს? მაგრამ შიში ოხერი ყოფილა, ჩვენი პრეზიდენტი კი - იმაზე მშიშარაა, ვიდრე მეგონა. დამფრთხალი კურდღელივით გაიცურცლა ქვეყნიდან.

კი განაცხადა, ''განვიხილავ წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების რამდენიმე წინადადებას ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე და ამ ეტაპზე  საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევიო, მაგრამ მართალია ახლა ვითომ ეს? და თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, მოტყდა მიშა?