"ჩვენი სამშობლო - მხეცური სისასტიკის არენა!"
25-11-2013
"ჩვენი სამშობლო - მხეცური სისასტიკის არენა!"
თემის გაგრძელება

"საქართველოს ხალხი ვს  "ნაციონალური მოძრაობა"


"უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა",“- ასე მიმართა გასულ კვირას პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა მოსახლეობას გამოსამშვიდობებელ წერილში. რა როლი შეასრულა მან თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ამას ისტორია შეაფასებს... თუმცა, ის ცხადია, რომ ქართველმა ერმა ამ ბრძოლისთვის ეკლიანი გზა განვლო, რასაც მწერალი
კოტე ჯანდიერი დეტალურად აღწერს. მან რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებათა ნუსხას პირობითად უკვე უწოდა: "საქმე #: "საქართველოს ხალხი VS "ნაციონალური მოძრაობა", რომლის I ნაწილიც "კვირის პალიტრის" წინა ნომერში უკვე წარმოგიდგინეთ.



წინასწარ წაგებული ომის თეორია…


ყოფილი მმართველი ძალის კიდევ ერთ-ერთი საჯაროდ დეკლარირებული  იდეოლოგიური დოქტრინა იყო "რუსეთთან პერმანენტული,
ორასწლიანი ომის" თეორია. მათ ეს ოპონენტებთან ბრძოლის საბაბად და ეფექტიან იდეოლოგიურ იარაღად აქციეს. ცხადია, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, დამპყრობლური პოლიტიკისგან საფრთხე მუდმივად მომდინარეობს, მაგრამ ამის ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება არნახულ ბოროტებადაც კი შეიძლLება მივიჩნიოთ. რეჟიმი დაუყოვნებლივ რუსეთის აგენტებად აცხადებდა მოწინააღმდეგეებს.

მათი ნეიტრალიზაციისთვის მედიის, სახელმწიფო უშიშროებისა და პოლიციის სპეციალური სამსახურების მეშვეობით შეთქმულების არარსებული სცენარები იქმნებოდა, ქვეყნდებოდა ფარული მოსმენების ყალბი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერები, იდგმებოდა და ვრცელდებოდა ძალოვანი უწყებების მიერ ვითომდა დროულად ჩატარებული სპეცოპერაციების სცენები: "ენვერი", "ენვერი-1", მუხროვანის "აჯანყება", ყინწვისის სპეცოპერაცია და სხვ. გამოგონილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან საერთო არაფერი ჰქონდათ.

მათ მუქარით, წამებითა და არაადამიანური მოპყრობით აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ აღიარებით ჩვენებებზე როგორც საკუთარი თავის, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერთა წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციიდან მართული შეთქმულებების სიმულაციას შეეწირა ბევრი უდანაშაულო მოქალაქის თავისუფლება, ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი.

ეს სიმულირებული სპეცოპერაციები ტარდებოდა სრულიად არაპროპორციული ძალის გამოყენებით, განსაკუთრებული, საჩვენებელი დაუნდობლობითა და მხეცური სისასტიკით, რისი ნათელი მაგალითიცაა 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია რუსთაველის პროსპექტზე. თვალთვალი, შპიონომანია, "რუსეთის აგენტებზე" ნადირობა ცხოვრების ნორმად იქცა. აგენტებად ცხადდებოდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტებიც, რომლებიც სისტემის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ. შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტორეპორტიორების სამარცხვინო "საქმემ" ნათლად წარმოაჩინა რეჟიმის ანტირუსული იდეოლოგიისა და პოლიტიკის ჭეშმარიტი არსი და დანიშნულება, რომელიც საკუთარ ხალხზე შეუზღუდავ ბატონობას ისახავდა მიზნად.

ამავე დროს "ნაციონალური მოძრაობა" ამკვიდრებდა აზრს, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი პატრიოტული ძალა ქვეყანაში, ვისაც ჰქონდა პოლიტიკური ნება, ძალა და რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად საერთაშორისო გარანტიები. ამ აზრის დასამკვიდრებლად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელიტა რუსეთის ფედერაციასთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის მაქსიმალური ესკალაციის გზას დაადგა. ისინი ანგარიშს არ უწევდნენ იმ გარემოებას, რომ ასეთი პოლიტიკა აშკარად ხელს აძლევდა კრემლის ისტებლიშმენტს, რომელიც ფართომასშტაბიანი აგრესიისთვის ისედაც ემზადებოდა და საქართველოში შემოჭრისთვის საბაბს ეძებდა. ხელისუფლებას ყველა ღონე უნდა ეხმარა და ქვეყნისთვის ეს ომი თავიდან აეცილებინა, მან კი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება საკუთარი თავის (როგორც მსოფლიოში ყველაზე ანტირუსული ძალის) წარმოჩენას ანაცვალა. მათ ეს მოახერხეს კიდეც, მაგრამ რის სანაცვლოდ?! ეს ხომ  რუსი აგრესორების მიერ ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, ასზე მეტი ქართული სოფლის მიწასთან გასწორების, ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის, ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, უამრავი დაკარგული სიცოცხლისა და უსახლკაროდ დარჩენილთა მრავალათასიანი ახალი ტალღის ხარჯზე მოხდა! ეს იყო წინასწარ წაგებული ომი, რომლის ქარცეცხლში ერმა გამოიარა.

"არ აგიკანკალდეთ ხელი, ესროლეთ პირდაპირ!"

ყოფილი ხელისუფლების მთელი ეს ძალადობა და ტერორი დემოკრატიული იდეალებისა და ფასეულობების სახელით ხდებოდა. მათ დაუშვეს დემოკრატიის, დასავლური ფასეულობებისა და თვით ლიბერალური იდეალების წინააღმდეგ უპრეცედენტო იდეოლოგიური დივერსია და დანაშაული! რეპრესიული აპარატის გასაძლიერებლად შს სამინისტროში ახალი სტრუქტურები - სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ-ი) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი) შეიქმნა, რომელთა ფუნქციები ერთმანეთისგან მკაფიოდ არ იყო გამიჯნული, ვინაიდან ორივე ეს შენაერთი საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის ფუნქციებს ითავსებდა და ხელისუფლების ყველაზე ბინძურ, დანაშაულებრივ ბრძანებებს აღასრულებდა. შს სამინისტროს სისტემაში კორუფციასა და არაპროფესიონალიზმთან ბრძოლის ლოზუნგით რამდენიმე საკადრო წმენდა ჩატარდა. განახლებული პირადი შემადგენლობის მომზადება ოპოზიციურად განწყობილი თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყეს, მათთვის საკუთარი ხალხის სიძულვილის ჩანერგვა იდეოლოგიური დამუშავების შედეგად ხდებოდა.

ძალიან ცოტა არადემოკრატიული ქვეყნის დასახელება შეიძლება, სადაც წესრიგის დამცველები ისეთი ველური სისასტიკითა თუ სადისტური აღტყინებით უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, როგორც ეს საქართველოში ხდებოდა.

განუზომელია თანამემამულეთა მიმართ გამოხატული ზიზღი და შეურაცხყოფა, მათთვის ქვების და ფეკალური მასების სროლა და თან პრეზიდენტის სახელის სკანდირება. 2005 წელს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა მხოლოდ კრიმინალების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შსს-ს პირად შემადგენლობას პოტენციური დამნაშავეების ფიზიკური ლიკვიდაციისკენ თავად მოუწოდა: "არ აგიკანკალდეთ ხელი, ესროლეთ პირდაპირ, თუ თვლით, რომ დამნაშავე საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ან პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". –ეს უთხრა მან პარლამენტის ტრიბუნიდან ხელქვეითებს და ამით, ფაქტობრივად, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა ისინი. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგია აფრასიძეების, ბუტა რობაქიძის, ვაზაგაშვილისა და მრავალი მოქალაქის ტელეკამერებისა და მოწმეების თვალწინ დახვრეტა, დამნაშავე პოლიციელთათვის ხელის დასაფარებლად მტკიცებულებათა გაყალბება, სისხლიან სპეცოპერაციებში მონაწილე პირთა წახალისება და სხვ. დაპატიმრებებმა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უკანონო იყო, მთელი ქვეყანა მოიცვა და პრაქტიკულად, ყოველ მეათე მოქალაქეს შეეხო. ეს დაპატიმრებები ხშირად ცივილიზებულ ქვეყნებში არსებული ელემენტარული სამართლებრივი გარანტიების უგულებელყოფით, ცრუ მოწმეების დახმარებით, ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებით ხდებოდა. სისტემის თავგასულობის მწვერვალი იყო სანდრო გირგვლიანის გატაცება, სადისტური წამება და მხეცური მკვლელობა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის გარემოება, რომელსაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა: "ხელისუფლების ყველა შტო - აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო, პრეზიდენტის ჩათვლით, მოქმედებდა შეთანხმებულად, რათა არ დადგენილიყო ამ საქმის რეალური გარემოებები და არ დამდგარიყო სამართლიანი განაჩენი."

ეკლიანი გზა…

"ნაციონალური მოძრაობის" სახელისუფლებო გუნდი ქმნიდა, წვრთნიდა და აფინანსებდა არაფორმალურ ნახევრად გასამხედროებულ დაჯგუფებებს, ე.წ. ზონდერბრიგადებს, რომლებიც საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების ან ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების, საპროტესტო აქციების დარბევისა და მოსახლეობის ტერორის მიზნით გამოიყენებოდა. ეს დაჯგუფებები ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი, ფანატიკურად განწყობილი მამაკაცებისგან კომპლექტდებოდა. ისინი არასატაბელო იარაღით, რკინის ჯოხებითა და არმატურის ნაჭრებით იყვნენ აღჭურვილი და სამოქალაქო ტანსაცმელს ატარებდნენ. ზონდერები, როგორც ოფიციალურ დანაყოფებსა და სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად, ისე დამოუკიდებლადაც მოქმედებდნენ. ამ უკანონო ფორმირებებიდან ზოგიერთს თავად აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდა. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრები დაუფარავად ტრაბახობდნენ, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მათ "ქუჩა" მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუქვემდებარეს. მათ სასიკვდილოდ სცემეს და დაასახიჩრეს ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, ოპოზიციონერი და რეჟიმის მოწინააღმდეგე. ამ კანონსაწინააღმდეგო ბარბაროსული ქმედებების სანაცვლოდ, "ნაციონალური მოძრაობა" ზონდერებს დაუსჯელობის გარანტიებსა და მატერიალურ კეთილდღეობას სთავაზობდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სასამართლო სისტემას მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით "სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, იდეოლოგიური და ასაკობრივი ნიშნით ჩატარებული საკადრო წმენდით, მოსამართლეებზე ზეწოლის, შანტაჟის გზით (ცალკეულ შემთხვევებში კი პირდაპირი ფიზიკური ზემოქმედებით) ყველა დონის სასამართლოებზე სრული პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლი დამყარდა. ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცელმა დააფიქსირა კურიოზული შემთხვევა, როდესაც ადამიანს მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯა მოქალაქის მკვლელობისთვის, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი და საღ-სალამათი აღმოჩნდა, თურმე დაკარგული იყო და იპოვეს(?!). ამ ფაქტის გახმაურების შემდეგაც ყოფილ ხელისუფლებას გაუჭირდა სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანის შეწყალება. სამაგიეროდ, უშუალოდ პრეზიდენტმა უყოყმანოდ შეიწყალა სანდრო გირგვლიანის მკვლელები. საქართველოს ციხეებში (უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში) სხვადასხვა ვადით აღმოჩნდა 330 000 კაცი (პრაქტიკულად ყოველი მეათე მოქალაქე), ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ მხოლოდ 0,2% შეადგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ-სახელისუფლებო ელიტამ შექმნა ველურ სისასტიკესა და ადამიანის ღირსების გამუდმებულ შეურაცხყოფაზე დამყარებული პენიტენციარული სისტემა.
ციხეებში პატიმრების ცემა, წამება, გაუპატიურება ან გაუპატიურების მუქარა  ყოველდღიურ მოვლენად იქცა. აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო რეკორდულ რიცხვს მიაღწია საპატიმრო დაწესებულებაში დასნეულებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ, განსაკუთრებით ბაჩო ახალაიასა და ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის პერიოდში (2004 წელს პენიტენციარულ სისტემაში გარდაიცვალა 43 პატიმარი, 2005-ში - 47, 2006 წელს (ახალაიას დანიშვნისთანავე) ამ მაჩვენებელმა 92 კაცს, 2007-ში - 100-ს, ხოლო 2010 წელს 144-ს მიაღწია.) გარდაცვლილთა მნიშვნელოვან რაოდენობას სხეულზე აღენიშნებოდა სასტიკი მოპყრობის, ცემისა და წამების კვალი.

ეს იყო 9-წლიანი ეკლიანი გზა, რომელიც ქართველმა ერმა სისხლის, ცრემლების, ტანჯვის ფასად გამოიარა და არნახული შინაგანი და სულიერი ძალა გამოავლინა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. საბედნიეროდ, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ქართველი ხალხი არა სიტყვით, არამედ საქმით აღმოჩნდა დემოკრატიული პრინციპების ერთგული და არაძალადობრივი, კონსტიტუციური გზით, უდიდესი რისკისა და თავგანწირვის ფასად ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ხელისუფლებას ჩამოაშორა. ამგვარად, ამ ხალხს არათუ აქვს უფლება, არამედ ვალდებულიცაა, მოითხოვოს რეჟიმის გასამართლება. ამ საქმეს შეიძლება პირობითად ასეც ვუწოდოთ: "საქართველოს ხალხი ვს  "ნაციონალური მოძრაობა".
finikis palma
02 დეკემბერი 2013 22:07
ნაციონალებმა ბევრი ავკაცობა ჩაიდინეს და ამისათვის იმედია, მოეთხოვება პასუხი ყველას, თუნდაც დროში გაიწელოს..
მაგრამ რუსეთთან ომის ფოტოები რა შუაშია ამასთან?
kaxa
30 ნოემბერი 2013 23:01
ძალიან კარგი წერილია.
მოკლედ, მაგრამ ზუსტად არის აღწერილი მთავარი დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამ წერილზე ხელმოწერას გამოვაცხადებდი და გავუგზავნიდი ევროპელ თუ ამერიკელ მიშასმამილოებს.
ათიდან ცხრა ადამიანი უყოყმანოდ მოაწერდა ხელს.
mamia
25 ნოემბერი 2013 14:41
იქით ფელენგეუერს მიშას რაზები დავუდე,-ეტყობა, არაფერი სმენია ამ ფრაზებზე და ამიტომ დავუდე მიშას ფრაზები(იმედია კითხულობს ვინმეს დახმარებით), ეს ფრაზა კი არ გამახსენდა: "ესროლეთ ხელის აუკანკალებლად!"

კარგია, რომ გაიხსენეთ!

დაუდეთ ფელენგაუერს წინ, როგორც მისი ფავორიტის კიდევ ერთი ფაშისტური მარგალიტი, იქნებ თავი დაანებოს ნეონაცისტების დაცვას!

რედაქტორის რჩევით