ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი

დიდი სიახლეების კვირა

რუსეთმა ბოლო 6 თვის განმავლობაში მეორე, ლამის გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა დასავლეთზე: ჯერ სირიის კრიზისში თავისი ნება მოახვია მსოფლიოს, ახლა კი უკრაინა აიძულა, უარი ეთქვა ევროინტეგრაციაზე, რაც ერთდროულად არის ევროკავშირის, აშშ-ისა და მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტების მარცხიც და პუტინის ნეოიმპერიული ამბიციების გაღვივების საფუძველიც. საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მორიგი ახალგაზრდა ხელისუფლება გვყავს, რაც ერთგვარი გამოწვევაა როგორც თავად ხელისუფლების, ისე საზოგადოებისთვისაც.

წლების გადმოსახედიდან ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში არა ლოკალური მიზანი - სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან გასტუმრება ჩაითვლება, არამედ მასშტაბური ცვლილებები: ერთპარტიული სისტემის ნგრევა და მრავალპარტიული მმართველობისთვის საფუძვლის ჩაყრა, პოლიტიკური სივრცის გახსნა და ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის განვითარების თანაბარი პირობების შექმნა. თუმცა, იმისათვის, რომ ამგვარი პოლიტიკური პლურალიზმი ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დავიწყებას არ მიეცეს, საჭიროა: 1. სათანადო საკანონმდებლო გარანტიების შექმნა; 2. რადიკალური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რათა დაზუსტდეს გაბერილ-გაყალბებული საარჩევნო სიები. უნდა შეიცვალოს საარჩევნო კომისიების შექმნის წესიც, რათა არ იყვნენ დაკომპლექტებული მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის"“ წევრებით, რაც მათ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაუმსახურებელ უპირატესობას ანიჭებს; 3. ქართულ ბიზნესს გაუჩნდეს სურვილი ქართული პოლიტიკის დაფინანსების; 4. საზოგადოების მოუდუნებელი სიფხიზლე, რათა ახალგაზრდა ხელისუფლება ძალაუფლებით ტკბობის ხიბლში არ ჩავარდეს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების იმგვარი საპირწონე იქნებოდა, რომ კანონით შებოჭავდა მას და დააზღვევდა შეცდომებისგან.

"ნაციონალთა" მიმართ საზოგადოების აგრესია, მას, მიუხედავად სოლიდური წარმომადგენლობისა პარლამენტში, ხელისუფლების რეალური საპირწონის ფუნქციას ართმევს, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიცია, თავისი სისუსტიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს ხელისუფლების დაბალანსებას. ამ თვალსაზრისით არსებობს წარსულის გამეორების შანსი, როცა ძლიერი ოპოზიციის გარეშე დარჩენილმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფრთებიც გაშალა და აფრებიც აუშვა. მით უფრო იმ ფონზე, როცა მმართველი კოალიციის ღერძი "ქართული ოცნება" კვლავ თავის წვენში იხარშება და დახურულია ახალი სახეებისა და ახალი იდეებისთვის. სწორედ ძლიერი და ჯანსაღი ოპოზიციის არსებობაა წარმატებული ხელისუფლების ხერხემალი, ისეთი ოპოზიციის, რომელიც ფეხდაფეხ ეწევა და რომლის მაღალრეიტინგული პოპულარობა აიძულებს ხელისუფლებას, იაროს წინ ახალი წარმატებებისკენ.

ბურთი საზოგადოების მოედანზეა

და როცა ჯერ ასეთი ოპოზიცია არ არსებობს, სწორედ ივანიშვილის მაღალი, აწ უკვე საზოგადოებრივი ავტორიტეტი უნდა იყოს ახალგაზრდა ხელისუფლების მიერ დემოკრატიული კურსის ერთგულების უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა ის უდიდესი მონაპოვარი, რომელზეც თავად ივანიშვილი საუბრობს პოლიტიკოსის რანგში თავის ბოლო წერილში - „თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა“ - საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებად დარჩეს და არა რჩეულთა პრივილეგიად. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაპოვრის: თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შენარჩუნება ყველა ჩვენგანის ვალია და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის. სწორედ ამას გულისხმობდა ის, როცა საზოგადოების გააქტიურებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაზე ლაპარაკობდა. გვახსოვდეს, ხელისუფლება ყოველთვის იმ ტონით დაგველაპარაკება, რის უფლებასაც ჩვენ მივცემთ. ახლა ბურთი ჩვენი, საზოგადოების მოედანზეა! თუ კვლავ სირაქლემის პოზას დავჯერდებით, წარსულის ლანდები თავს შეგვახსენებენ.