"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი წინა ხელისუფლების მავნებლობაზე ალაპარაკდა - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი წინა ხელისუფლების მავნებლობაზე ალაპარაკდა

"სანამ "ნაციონალურ მოძრაობაში" მივიდოდი, ბევრგან განვაცხადე, რომ ეს მიდგომა მავნებლობა იყო"(?!)

"ბიზნესმენებს აკავებდნენ და ხელს აწერინებდნენ ქონების დათმობაზე..."

"სააკაშვილი არ გამქრალა, ის რჩება პოლიტიკაში..."

"პრეზიდენტის სასახლის თავზე მხოლოდ სახელმწიფო დროშა უნდა ფრიალებდეს... არ ვიცი, რას იღებდნენ, მაგრამ ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფო სიმბოლოებს..."

რატომ არ დაესწრო პრეზიდენტის ინაუგურაციას უმცირესობის არც ერთი წევრი? ამ საკითხზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ვთხოვეთ:

- ჩვენ მზად ვიყავით, მონაწილეობა მიგვეღო ინაუგურაციაში. მიგვაჩნდა, რომ ეს იქნებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, მაგრამ საბოლოოდ უარი ვთქვით, რადგან ბოლო დღეებშიც კი სახელისუფლებო გუნდისგან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენდით...

- პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა ახსენეთ, რატომ არ დააყენეთ ეს ინსტიტუტი პირად ინტერესებზე მაღლა?

- პრეზიდენტს პატივისცემა დავუდასტურეთ მაშინ, როდესაც ბატონ მარგველაშვილს გამარჯვება  მივულოცეთ. სხვათა შორის, ჩვენ მას თანამშრომლობაც შევთავაზეთ, მაგრამ უარი მივიღეთ...

- სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უამრავ ადამიანს დაჩქარებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა... როგორ ფიქრობთ, სწორი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება?

- სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია, ვის მიენიჭა მოქალაქეობა, მაგრამ ვიცი, რომ უმეტესობა ეთნიკურად ქართველი იყო. მათ დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო, რომ მიიღეს სხვა ქვეყნების, მათ შორის - რუსეთის მოქალაქეობა.

- შავკანიანებიც ეთნიკურად ქართველები არიან?

- თუ დეტალები გაინტერესებთ, აჯობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს დაუკავშირდეთ.

- სააკაშვილის წასვლის შემდეგ უმცირესობა დატოვა დავით ბეჟუაშვილმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენს რიგებს გამოაკლდება კობა ნაყოფიაც... ყოფილი პრეზიდენტი განსაზღვრავდა უმცირესობის ერთიანობას?

- ცხადია, სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ხომ არ გამქრალა - რჩება პოლიტიკაში, უბრალოდ, ცოტა ხნით აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდება...

- გულებიან დროშაზე მინდა გკითხოთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავზე აღმართეს...

- მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სასახლის თავზე მხოლოდ სახელმწიფო დროშა უნდა ფრიალებდეს, ჩემთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ იქ კლიპს იღებდნენ და ამიტომ აღმართეს სხვა დროშა. არ ვიცი, რას იღებდნენ, მაგრამ ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფო სიმბოლოებს.

- ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადეთ, ვიცოდი, რომ წინა ხელისუფლება ბიზნესმენებს ფულს სძალავდაო. თუ ეს მართლაც იცოდით, რატომ ხმა არ ამოიღეთ?

- მე ვთქვი, რომ ბიზნესმენებისადმი  პროკურატურისა და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულება იყო არასწორი. მათ აკავებდნენ და  წინასწარ პატიმრობაში მყოფთ ხელს აწერინებდნენ ქონების დათმობაზე, ჯარიმის გადახდაზე...

- ანუ იძულებით თმობდნენ ქონებას?

- დიახ. სანამ "ნაციონალურ მოძრაობაში" მივიდოდი, ბევრგან განვაცხადე, რომ ეს მავნებლობა იყო(?!).

- "ნაციონალურ მოძრაობას" სხვა ბევრ მავნებლობასაც აბრალებენ...

- ბუნებრივია, ცხრაწლიანი მმართველობის დროს იყო შეცდომები. საბიუჯეტო ხარჯები ძალიან დიდი იყო - სახელმწიფოს წილი ქვეყნის ეკონომიკაში  დაახლოებით 35% გახლდათ, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პრობლემები იყო საკუთრების უფლების დაცვის საქმეშიც. მესაკუთრეებს კანონის სახელით ართმევდნენ ქონებას, მაგრამ ეს არასწორი იყო... შესაძლოა, კომპენსაციას უხდიდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო...

შეცდომა იყო პენიტენციარულ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენება (არ ვგულისხმობ ვიდეოკადრებს, რადგან მათი უმეტესობა დადგმულია. ერთადერთი ე.წ. კარანტინის დაშლის სცენაა ნამდვილი), პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გაკეთება, სატელეფონო საუბრების მოსმენა და სხვ. ეს მიანიშნებს, რომ იყო სერიოზული ჩავარდნა როგორც პენიტენციარულ, ისე შს სისტემაში.

ლადო გოგოლაძე