მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
02-12-2013
მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
ევროპული "შალახო"

ევროპული ოჯახისკენ სვლა შალახოთი დავიწყეთ. რომელი უფრო დიდი მოვლენა იყო? ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება თუ "შალახოს" ბეთჰოვენის გვერდით დაკვრა? მოკლედ, ველოდით, რომ ისტორიული მოვლენა პარაფირება იქნებოდა, არადა, "შალახო" გახდა.  მართალია, რაც ვილნიუსში მოხდა, ჯერ ხელშეკრულების გაფორმება არაა, საამისოდ კიდევ ერთი წელი უნდა დაგვაკვირდნენ და მერე თუ გაგვიფორმებენ, არც ეს იქნება ევროკავშირში გაწევრების გარანტია, რამეთუ ასეთი ხელშეკრულებები ევროკავშირს ჩრდილოეთ აფრიკის ლამის ყველა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთვის
მაინც მნიშვნელოვანი იყო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს ევროპელებმა შემხვედრი ნაბიჯი შეაგებეს. საბოლოოდ მიგვიღებენ თუ არა და მერამდენე "კაცად", ეს არავინ იცის, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა და თუნდაც ვიზალიბერალიზაციის დაპირება მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ვცდილობთ, გავარკვიოთ, საიდან მოხვდა სამიტზე ეს მუსიკა. რატომ დაუკრა პიანისტმა ხელმოწერის დროს ბეთჰოვენთან
ერთად "სულიკო" და "შალახო", ქართულმა მხარემ ხომ არ შეუკვეთა მასპინძლებს ეს მუსიკაო? შეუკვეთა რა, რესტორანი იყო? მასპინძელი მხარე ლიტვა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გვიცნობს. საბჭოთა კავშირში კიდევ ჩვენ ან "სულიკოთი" გვიცნობდნენ, ან "შალახოთი", ან კიდევ "თბილისოთი". ჰოდა, მათაც იფიქრეს, ქართველებს ვასიამოვნებთო და "შალახო" დაუკრეს. ესაა ჩემი აზრით , მთელი ალია-ბალია. აქ კი ლამის თეორიები შეთხზეს: ეცოდინებოდა მაინც წინასწარ ქართულ მხარეს, სხვანაირად არ იქნებოდაო. ახალი ხელისუფლება გემოვნებაში იჭრება, "შალახო" რა მუსიკააო. ჰო, მარგველაშვილს ჰკითხეს და იმანაც უთხრა, კი, "შალახო" მაგარი პონტია, ეგ შეუბერეთო. მოკლედ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ვეთანხმები სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს, რომ სოციალურ ქსელებში ზოგჯერ მახათისტური ტენდენციები ჭარბობს.

"მე თბილისელი ბიჭი ვარ"

ერთი ძველი სიმღერის ეს სიტყვები  კარგად ასახავს იმ განწყობას, რომელიც დედაქალაქის მკვიდრთა ნაწილს აქვს და რომელიც ფიქრობს, რომ თბილისელობა განსაკუთრებული მოვლენაა, რაღაც სტატუსია და თბილისის მერიც ამ სტატუსის მატარებელი უნდა იყოს. მე ამას პირობითად "თბილისური სეპარატიზმი" დავარქვი და ვიხუმრე, სოხუმისა და ცხინვალის შემდეგ, თბილისი ყველაზე სეპარატისტული ქალაქია, სადაც ადამიანები საკუთარ თავს რაღაც განცალკევებულ კასტად წარმოიდგენენ და განცალკევებით აყენებენ-მეთქი. ანუ არიან ე.წ. "კარენოი" თბილისელები და თბილისის იქით საქართველო სოფელია. სწორედ ასეთი სნობიზმის გამოვლინება მგონია ის აჟიოტაჟი, რომელიც დავით ნარმანიას მერობის კანდიდატად დასახელებას მოჰყვა: თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, თბილისს იცნობდეს და სტკიოდესო. ადამიანი, რომელიც წლებია თბილისში ცხოვრობს, შეიძლება ბევრ თბილისელზე უკეთ იცნობს ქალაქს. ბოლოს და ბოლოს, თუ ნახევრად ხუმრობით ვიტყვით, ამერიკამ  გადალახა კომპლექსი და შავკანიანი აირჩია პრეზიდენტად და ამ თბილისელებმა რით ვერ გადალახეს ეს კომპლექსი და ვერ წარმოუდგენიათ მერად ზუგდიდელი ან ოზურგეთელი? რატომღაც ავიწყდებათ, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველასია. თუ კაცი აქ ცხოვრობს, აქ მუშაობს, აქ არის მისი სახლი, რა მნიშვნელობა აქვს, სად დაიბადა? ან მერამდენე თაობის თბილისელი უნდა იყო, "კარენოიდ" რომ ჩაითვალო? ეს გამოთვლილია? მაშინ ჩაწერონ კანონში, რომ თბილისის მერი მეშვიდე თაობის თბილისელი უნდა იყოს.
giorgi
08 დეკემბერი 2013 09:52
მერაბ მეტრეველის მსგავსი კომპეტენტური ჯურნალისტი თუ სულ არა თითზე ჩამოსათვლელედ გვყავს ქართველებს
garibi
06 დეკემბერი 2013 03:27
ვისაც არ აქვს გადახდის საშუალება იმას არ უნდა ეღირსოს მეტრეველის მარგალიტების წაკიტხვა?
,,,
03 დეკემბერი 2013 23:47
ყოჩაღად იყავი მერაბ!სიმართლის მთქმელის ამბავი გაგონილი გექნებოდა და ეხლა საკუთარ თავზეც გამოსცდი...

რედაქტორის რჩევით