ლექსო ჭიკაიძე: "წესიერი ადამიანები მიყვარს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი კი მაღიზიანებენ" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ლექსო ჭიკაიძე: "წესიერი ადამიანები მიყვარს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი კი მაღიზიანებენ" (ექსკლუზივი)

სად იყო 26 მაისს ლექსო ჭიკაიძე?!

ბევრი პოლიციელი პოლიტიკურ წნეხში იყო, თანაც იმდენად, რომ მწვავე ნევროზულ მდგომარეობამდე იყო მისული…

"არავითარი საფუძველი არა მაქვს ვთქვა, რომ კრიმინალური სიტუაცია მძიმეა და

ამ მხრივ საშიშროება არსებობს"

"მე თამაზ თამაზაშვილის ვაჟთან, ლექსოსთან ვმეგობრობდი, ირაკლი კი სულ ორჯერ მყავდა ნანახი"

"არც რუსთაველის პროსპექტზე ვმდგარვარ და არც ხელკეტი მჭერია"

სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს რესპონდენტს საზოგადოების მცირე ნაწილი თუ იცნობდა, ახლა კი ბავშვმაც იცის, რომ შს მინისტრის პორტფელი 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძემ ჩაიბარა.

რით დაიმსახურა მან პრემიერ-მინისტრის ნდობა? რა გეგმები აქვს და როგორ პასუხობს ყველაზე მწვავე შეკითხვებს, რაც 2008-დან 2012 წლამდე შსს-ში მის საქმიანობას უკავშირდება? - შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" მისცა.

- მე თვითონ არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკოსი და სიმართლე გითხრათ, კარგად არც ვარ გარკვეული პოლიტიკაში. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში პოლიცია პოლიტიზებული არ იქნება. მე ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებულ საქმეს გავაგრძელებ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველამ დაინახა, რომ პოლიცია მოქმედებდა ისე, როგორც უნდა ემოქმედა. ის უზრუნველყოფდა წესრიგს საზოგადოებაში, სხვა ფუნქცია არ ჰქონია. მერწმუნეთ, მომავალშიც ასე იქნება.

პოლიცია ნელ-ნელა გადადის იმ ფაზაზე, როცა მოქალაქეებს ისე ემსახურება, რომ მათში არა შიშის დანერგვას, არამედ დაცულობის განცდას აჩენს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ უფლებებსა და უსაფრთხოებას ვიცავთ.

- და მაინც, ხომ არ იგეგმება რეფორმები პოლიციის დეპოლიტიზაციისთვის, რათა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი მთლად თქვენს კეთილ ნებაზე  არ იყოს დამოკიდებული?

- შსს-ს თანამშრომლებს პოლიტიკური საქმიანობა კანონით ისედაც აკრძალული აქვთ. მთავარია, იყოს მზაობა კანონის დაცვისა.

- უშიშროების და შსს-ს ერთმანეთისგან განცალკევება არ იგეგმება? ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თავის დროზე ასეთი მონსტრის შექმნამ პოლიციის პოლიტიზაციას ხელი შეუწყო.

- უშიშროების და შსს-ს ერთმანეთისგან გამოყოფის საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ.… პირადად მე არ ვთვლი, რომ ამ ორი უწყების გაერთიანება პოლიციის პოლიტიზაციასთან კავშირშია. ევროპის წამყვან ქვეყნებშიც (მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ.) ანალოგიური სისტემა მოქმედებს, მაგრამ პოლიცია პოლიტიზებული არ არის.

- იმიტომ, რომ ეს ისედაც დემოკრატიული ქვეყნებია, ჩვენ კი ახლა ვიბრძვით დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად.

- ვიმეორებ, 2013 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და პოლიციამ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა. ვფიქრობ, ეს მრავლისმთქმელია. რასაკვირველია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიცია ხელისუფლების პოლიტიკური ნების უპირობო შემსრულებელი იყო. მე მაშინაც ვმუშაობდი ამ სისტემაში და ვიცი, რომ ბევრი პოლიციელი პოლიტიკურ წნეხში იყო, თანაც იმდენად, რომ მწვავე ნევროზულ მდგომარეობამდე იყო მისული.…

- საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა გკითხათ, თქვენ პირადად ხომ არ მიგიღიათ ან შეგისრულებიათ უკანონო ბრძანება 2008-დან 2012 წლამდეო. მან ისიც გაიხსენა, რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით და დაინტერესდა, თავად გასცემდით თუ არა უკანონო ბრძანებებს? რატომ უპასუხეთ ამ კითხვას დუმილით?

- კუბლაშვილს მაშინ მოკლედ გავეცი პასუხი, ახლა კი კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ის, ვინც უკანონო ბრძანებას გასცემდა და ასრულებდა, ან უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ან საქართველოდან გაქცეულია. მე რომ უკანონობა ჩამედინა, დღეს არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ.

- ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს საიდუმლო  საცავებში  აღმოჩენილი ვიდეოფირები საზოგადოების ნაწილს წარუდგინა. იცოდით, რომ ასეთი ფაქტები ხდებოდა?

- ერთია, როცა ჭორად იცი რაღაც და მეორე, როცა ფაქტის შესახებ გაქვს ინფორმაცია. რასაკვირველია, როცა ერთი რიგითი, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი თანამშრომელი (თუნდაც თანამზრახველებთან ერთად) სჩადის დანაშაულს, მხოლოდ ის აგებს ამ ქმედებაზე პასუხს, მაგრამ სულ სხვაა, როცა ადამიანის ღირსების შემლახველ დანაშაულს მასობრივი ხასიათი აქვს. ამას ვიდეოფირების რაოდენობაც მოწმობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დანაშაულებრივ საქმიანობაში შსს-ს ხელმძღვანელობაც იყო გარეული, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, ჭეშმარიტებაც დადგინდება და ყველა, ვინც ამ სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, დაისჯება.

- "ჭიკაიძე 26 მაისს თავის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ ის არ იყო დამარბეველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში. იქნებ დააზუსტოთ, სად იმყოფებოდით 26 მაისს და რა მოვალეობას ასრულებდით?

- მაშინ პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. ქალაქის მთავარი სამმართველო მთლიანად იყო მობილიზებული. მე ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ასე რომ, არც რუსთაველის პროსპექტზე ვმდგარვარ და არც ხელკეტი მჭერია.

- მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების დეტექტივი იყავით და ზემდგომისგან ბრძანება არ მიგიღიათ?

- მე არ ვსარგებლობდი ხელმძღვანელობის ისეთი დიდი ნდობით, რომ ჩემთვის დანაშაულებრივი ქმედება დაევალებინათ.

- სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ცხედრები რომ "აღმოაჩინეს" მაღაზიის თავზე, ზემდგომთან შეკითხვები გაგიჩნდათ, თუ მართლა დაიჯერეთ, რომ ისინი ელექტროსადენების შეხებით გარდაიცვალნენ?

- ცხადია, ეს დაუჯერებელი იყო, მაგრამ ერთია, როცა ასე ფიქრობ და მეორე, როცა დანაშაულს შეესწრები. მე საკუთარი თვალით არ მინახავს, რა მოხდა.

- თქვენი აზრით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა ვანო მერაბიშვილს იმის გამო, რაც 26 მაისს მოხდა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გაირკვეს, ვინ გასცა ბრძანება, რატომ გასცა და დაავალეს თუ არა მას ეს ზემოდან, შემდეგ კი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. …

- გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს, როცა მსგავსი ამბები ხდებოდა, სოციალურ ქსელში ("ფეისბუკში") მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს დებდით.

- სიცრუეა, იმიტომ, რომ "ფეისბუკზე" გვერდი ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, არც მქონია, სხვები ჩემი სახელით რეგისტრირდებოდნენ, ექვსი ყალბი გვერდი აღმოვაჩინე.

- ბარბარე რაფალიანცის საქმე თუ მოიკითხეთ?

- ეს შემთხვევა არჩევნების წინაღამეს მოხდა, მაშინ არ გატარებულა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, რის გამოც  ეს საქმე დღეს გაუხსნელია. შემთხვევის ადგილი დაცული არ ყოფილა, ამის გამო მტკიცებულებები არ შეგროვდა. წავიდა ის დრო, როცა მტკიცებულებების გარეშე იჭერდნენ ადამიანებს. დღეს შსს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ გამოძიების დასრულებამდე ვერაფერს გეტყვით.

- მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობას შსს იძიებს. დაიბარებთ თუ არა დაკითხვაზე ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე?

- კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც.

- ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ გაუჩინარებული ადამიანების საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს ხანში გავიგებთ, თუ როგორ იკარგებოდა ხალხი უგზო-უკვლოდ.  ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 კაცია დაკარგული და მათ საქმეებს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

- უახლოეს ხანში მართლაც საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ამ საქმეებზე, დეტალებს ჯერჯერობით ვერ გავახმაურებთ. გპირდებით, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას თქვენს გაზეთს მივაწვდი.

- და მაინც, რომელ მაღალჩინოსანთა დანაშაული იკვეთება ორი ქართველი მზვერავის - პაატა ქარდავასა და როინ შავაძის გაუჩინარებისა და ლიკვიდაციის  საქმეებში?

- ამ შეკითხვაზე პასუხისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- სტატისტიკური მონაცემებით, დანაშაულმა იკლო, თუმცა არის მოსაზრება, რომ იგი რეალურ სურათს არ ასახავს. პოლიციის განყოფილებებში მისულ მოქალაქეებს მართლაც ურჩევენ, არ დაწერონ საჩივარი, როცა საქმე მსუბუქ დანაშაულებს ეხება?

- ნებისმიერ შემთხვევაში ეს დანაშაულის დაფარვაა და თუკი მსგავს ფაქტს შეესწრებით, აუცილებლად გვაცნობეთ. გპირდებით, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ჩემი ინფორმაციით, დანაშაული სრულად აღირიცხება.

- მაგრამ თვალში საცემად გახშირდა სისხლიანი გარჩევები. სულ ბოლოს სადახლოში მოხდა.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ გახშირდა. უბრალოდ, ასეთ ფაქტებს ადრე ნაკლებად ახმაურებდნენ. დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ყოველთვის მოხდება.

- გინდათ თქვათ, რომ ამნისტიების შედეგად ათასობით პატიმრის ციხიდან გამოსვლას კრიმინოგენული მდგომარეობის გართულება არ მოჰყოლია?

- მოჰყვა, მაგრამ პოლიციამ დროულად მიიღო ზომები. როგორც მინისტრს, არავითარი საფუძველი არა მაქვს ვთქვა, რომ კრიმინალური სიტუაცია მძიმეა და ამ მხრივ საშიშროება არსებობს. ყველა შესაბამისი სამსახური ეფექტურად მუშაობს და ამისთვის მინდა თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო.

- რა მოხდა ამ რამდენიმე დღის წინ სადახლოსთან? რატომ გასაიდუმლოვდა ამ საქმის დეტალები?

- ვერ ვიტყვი, რომ რამე გასაიდუმლოებულია. ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის მოხდა ჩხუბი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი. დავაკავეთ 6 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალი უკვე წაუყენეს და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, უფრო ვრცელ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დაკავებულთაგან რამდენიმე ადრეც არაერთგზის იყო ნასამართლევი.

- სამართალდამცავების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა (400-დან 2000-მდე). მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება კი 15-დღიანი პატიმრობით ისჯება. რითია ასეთი სიმკაცრე განპირობებული?

- ეს პრევენციული ღონისძიებაა. მოქალაქეს სამართალდამცავების პატივისცემა და რიდი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ იმატა და ამას უკავშირდება სასჯელის გამკაცრება. ეს ჩვენთან არის ასე - ძარცვის ან სხვა სახის დანაშაულისთვის სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისთვის. ევროპის ქვეყნებში პირიქითაა, მაგალითად, საფრანგეთში ან თუნდაც ბრიტანეთში ძალიან მძიმეა მუხლი, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება.

- საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ზოგ შემთხვევაში სასჯელი გამკაცრდა, ზოგ შემთხვევაში კი, პირიქით, შემსუბუქდა. ასეთი გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღეს?

- ყველა გადაწყვეტილება საზოგადოებაზე ზრუნვის, მისი უსაფრთხოების გამო არის მიღებული. მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებმა იკლო, ე. ი. მძღოლები წესრიგის დაცვას მიეჩვივნენ, ამიტომაც გავანახევრეთ სასჯელი. ახლა ვაპირებთ უფრო მეტი რადარის დამონტაჟებას, რაც ისევ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კეთდება. რადარებს იმ ადგილებში ვამონტაჟებთ, სადაც სტატისტიკურად ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება. ძალიან გამკაცრებულია სასჯელის ზომა იმ შემთხვევებშიც, როცა მძღოლი ნასვამია. ხშირია შემთხვევები, როცა ფეხით მოსიარულეები არღვევენ საგზაო წესებს, რაც სავალალო შედეგით სრულდება. ამიტომ ასეთი დარღვევებისთვისაც გამკაცრდა სასჯელის ზომა და გაიზარდა ჯარიმის ოდენობა. ეს ცვლილებები 2014 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

- მძღოლების აზრით, თბილისში არის ადგილები, სადაც 60 კმ სიჩქარით მოძრაობა პრობლემას არ ქმნის, მაგრამ მაინც აკრძალულია. ასეთი შეზღუდვის მიზანშეწონილობის გადახედვა ხომ არ იგეგმება?

- ამ ეტაპზე ამ საკითხს არ განვიხილავთ. შსს-მ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, იმ ადგილებში, სადაც რადარები დამონტაჟდა და სიჩქარის შეზღუდვებია, დაახლოებით 80%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 85%-ით.

- პროფესიით ისტორიკოსი ყოფილხართ. ეს ხომ არ შეგიშლით ხელს ამ პოსტზე მუშაობაში?

- თავის დროზე, გავიარე პოლიციის აკადემიის ყველა კურსი და ვთვლი, რომ ამ საქმეში პროფესიონალი ვარ. პოლიციაში მუშაობა ყოველთვის მომწონდა. ბუნებითაც ასეთი ვარ, წესიერი ადამიანები მიყვარს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონენი კი მაღიზიანებენ. შესაძლოა, ჩემს არჩევანზე მამამაც იქონია გავლენა, რომელიც ამ სტრუქტურაში დიდხანს მუშაობდა. დღეს ჩემ გვერდით არიან ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც სისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით ყველა პრობლემას დავძლევთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, მამათქვენი, გივი ჭიკაიძე, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მეგობარი იყო. ამის დამსახურება ხომ არ არის თქვენი ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა?

- არა, ეს არ არის მართალი. მე თამაზ თამაზაშვილის ვაჟთან, ლექსოსთან ვმეგობრობდი, ირაკლი კი სულ ორჯერ მყავდა ნანახი. როცა ის შს მინისტრად დაინიშნა, მომიკითხა, დაინტერესდა, სად ვიყავი და როგორ ვმუშაობდი. ჯერ კახეთის პოლიციის უფროსად დამნიშნა, მერე კი, როგორც ჩანს, მოეწონა ჩემი მუშაობის სტილი…და ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსად გადმომიყვანა.

- ოდესმე წარმოიდგენდით, რომ შს მინისტრი გახდებოდით?

- არა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ წინაღამით გავიგე, რომ ჩემი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე უნდა წარედგინათ.

- რუსმა მესაზღვრეებმა დვანის მთელ პერიმეტრზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. მოსახლეობა ჩივის, რომ ისინი ვეღარ გადავლენ იმ ტერიტორიაზე. როგორ მოქმედებს ასეთ დროს საქართველოს პოლიცია?

- რამდენიმე შემთხვევა მართლაც იყო, როცა ჩვენი მოქალაქეები გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ისინი დააკავეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ჩაერთო მოლაპარაკებაში და ერთიანი ძალისხმევით ყველანი გაათავისუფლეს. სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.…ჩემი მითითებით რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გაძლიერდა ჩვენი ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობა.

- როგორც ვიცი, სასაზღვრო პოლიციაზე თქვენი კონცეფცია გაქვთ.

- ჩვენი საზღვრები სავალალო მდგომარეობაშია, წლებია არაფერი გაკეთებულა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ თურქეთთან არის გავლებული სადემარკაციო ზოლი. ჩვენი მესაზღვრეები საზღვრებთან, პატარა ჯიხურებში ცხოვრობენ. ჩემი, როგორც შს მინისტრის, ერთ-ერთი პირველი მიზანი იქნება საქართველოს სასაზღვრო პოლიციით საზღვრების გამაგრება. მოკლედ, სასაზღვრო პოლიციის რებრენდინგს ვგეგმავთ. უკვე შევისყიდეთ სხვადასხვა ინვენტარით აღჭურვილი ვაგონები, რომლებსაც სასაზღვრო პოლიციის ზოლებში დავდგამთ. პარალელურად, ჩვენს მეზობლებთან უნდა განისაზღვროს სადემარკაციო ზოლი, რათა იქ სასაზღვრო პოლიციის ნაწილების განლაგება დავიწყოთ.

- თქვენს წინამორბედს საყვედურობდნენ, რომ შსს-ში ნათესავები დაასაქმა. თუ ვინმეს დასაქმებას აპირებთ, ახლავე გვითხარით.

- არ დაგიმალავთ, ჩემი მეუღლის ძმა მუშაობს შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში უბნის უმცროს ინსპექტორად. თუ საზოგადოება მოითხოვს, მასაც დავითხოვ, მაგრამ წესიერი კაცია (იცინის). იმასაც გეტყვით, რომ ჩემი მეუღლეც, ნათია ოკრიბელაშვილი, მუშაობდა ამ სტრუქტურაში, მაგრამ დავქორწინდით თუ არა, სამსახურს თავი დაანება.

- ე..ი. ერთმანეთი ძალოვან უწყებაში გაიცანით?

- არა, სამეგობრო წრეში. ახლა ორი შვილი გვყავს, ერთი წლის გივი და 4 წლის ნატალი, რომლებიც ძალიან ცელქები არიან.

- რა ქონების პატრონია შს მინისტრი?

- გვაზაურის ქუჩაზე მამისეული ბინა მაქვს, ასევე, ბახტრიონზე, სადაც მე გავიზარდე. ორივე ბინა ჩემი ოჯახის მფლობელობაშია. ავტომობილი "ოპელ ვექტრა" მყავდა და წლების წინ გავასხვისე.

- თქვენ შესახებ საზოგადოებამ კიდევ ერთი დეტალი არ იცის.  გავიგეთ, რომ ძიუდოისტი ყოფილხართ.

- დიახ, სპორტის ამ სახეობას სტუდენტობაში მივდევდი. საქართველოს ჩემპიონიც კი გავხდი.… საზოგადოდ, სპორტის დიდი ქომაგი ვარ.

- დასასრულ, საუბრის თემად იქცა ისიც, რომ საკმაოდ ახალგაზრდა კაცი ხართ. როგორ გაართმევთ თავს ამ რთულ მოვალეობას?

- ხალხი დაინახავს, როგორი მინისტრიც ვიქნები. მირჩევნია, გაკეთებულმა საქმემ გამომაჩინოს, ვიდრე წინასწარ საუბარმა.