ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - წინ პარაფირებიდან ხელმოწერისკენ - კვირის პალიტრა

ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი - წინ პარაფირებიდან ხელმოწერისკენ

წინ პარაფირებიდან ხელმოწერისკენ

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საყოველთაო აღტყინების შემდეგ დასაგეგმი გვაქვს ის გზა, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა გავიაროთ.

საქართველოს წარმომადგენელთა ოპტიმისტური განცხადებები, რომ რუსეთს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტები არ დარჩა, რადგან რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ ვართ და წასართმევიც უკვე წაგვართვა, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია. რუსეთს საქართველოს იძულებისთვის ფანტაზია ყოველთვის ეყოფა.

დავიწყოთ ჩამოთვლა იმ ბერკეტების თუ იმ სივრცეების, სადაც რუსეთს პროვოკაციებისთვის ნიადაგის მომზადება არ გაუჭირდება: საქართველოს ეთნიკური რეგიონები ირანის მომძლავრებული გავლენით; რელიგიათაშორისი დაპირისპირების ინსპირირება; აჭარა  მზარდი თურქი მოსახლეობით და სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ არსებული ვითარება რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქეობამინიჭებული თურქი მოქალაქით; სამეგრელოში ამ ბოლო დროს გაჟღერებული ძალზე საეჭვო „ინიციატივები და არაერთი სხვა. ამავე რიგში უნდა განვიხილოთ წელიწად-ნახევრის მანძილზე მიმდინარე, კვალიფიციურად დაგეგმილი და განხორციელებული საინფორმაციო კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ევროატლანტიკური სტრუქტურების და საერთოდ, ყოველგვარი დასავლურის მიმართ ნიჰილიზმის დამკვიდრებას ემსახურება.

პარალელურად იზრდება რუსული ბაზრის გახსნის შედეგად ეკონომიკური სასწაულის მოლოდინი: ის, რაც წელს კახელმა გლეხებმა იხილეს, მათთვის ცის გახსნას  ჰგავდა. დაახლოებით იგივე ხდება  გურია-აჭარაში, სადაც ყველგან ციტრუსების მიმღები პუნქტებია გახსნილი მათი რუსულ ბაზარზე გატანის მიზნით. როგორ შეხვდება 20-წლიანი შიმშილის შემდეგ იმედმიცემული მოსახლეობა მომავალი წლის შემოდგომაზე, როცა ივარაუდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რუსული ბაზრის კვლავ ჩაკეტვას და რას შესთავაზებს მას საკომპენსაციოდ ევროკავშირი? ხომ არ გამოიყენებს რუსეთი საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილს საკუთარ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსზე უარის სათქმელად?! და რას იზამს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ერთდროულად ორი ვალდებულება აქვს აღებული საზოგადოების წინაშე: რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსის ერთგულება? როგორ მოახერხებს იმას, რაც მანამდე ვერც სომხეთმა, ვერც აზერბაიჯანმა და ვერც უკრაინამ ვერ მოახერხეს? როგორ უნდა აუხსნას რუსული ბაზრის გახსნაზე ორიენტირებულმა საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას, რომ აგერ ჩვენი მეზობელი და უკვე დიდი ხანია რუსეთის მოკავშირე სომხეთი უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაშია, მათ შორის რუსეთის დამსახურებითაც, რომელმაც ისევ აუწია გაზზე ფასი სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის ერთადერთ დასაყრდენს სომხეთს, როგორც თავის დროზე საქართველოს?! და რომ რუსული საბაჟო კავშირისგან ეკონომიკური სასწაულის მოლოდინი მირაჟია, მით უფრო ისეთ ფასდაუდებელ ღირებულებასთან შედარებით, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობა.

იმისათვის, რომ უკრაინის ბედი არ გავიზიაროთ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მოქმედების გეგმა:

1. ჩვენ დრო კიდევ გვაქვს სოჭის ოლიმპიადის დამთავრებამდე, ანუ მანამ, სანამ რუსეთი აქტიურ მოქმედებებზე გადავა;

2. ხელისუფლებამ მთელ პოლიტიკურ სპექტრთან და შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებსა და ინსტიტუტებთან ერთად უნდა შექმნას ამ ერთწლიან პერიოდში მოსალოდნელი რისკების, საფრთხეებისა და გამოწვევების კატალოგი და დასახოს მათი პრევენციის გზები;

3. ამ რისკებისა და საფრთხეების გაანალიზების შემდეგ, თავად უნდა განვსაზღვროთ, რაში, რა მიმართულებით და რა დოზით დაგვჭირდება სწორედ იმ ევროკავშირის, აშშ-ისა თუ თუნდაც მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება, რათა უდანაკარგოდ გავიაროთ ხელმოწერამდე დარჩენილი პერიოდი;

4. ჩვენვე უნდა მივმართოთ ევროპასა და ამერიკას საჭირო დახმარების მოთხოვნით, რათა დავინახოთ, რა სახის და რამდენად ქმედითი დახმარება შეუძლიათ ჩვენთვის, რათა განვსაზღვროთ ის რესურსები, რითიც მივდივართ ამ რთულად გასავლელ გზაზე;

5. უნდა მოახდინოს მოსახლეობის კონსოლიდაცია დასახული მიზნის გარშემო და აწარმოოს საინფორმაციო კამპანია სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით.

უკრაინის მაგალითი ჩვენთვის ბევრის მასწავლებელია: ევროკავშირიც და აშშ-იც მხოლოდ მას მერე შეფუცხუნდნენ და დააპირეს ფინანსური თუ ენერგეტიკული რესურსების შეთავაზება რუსული ზეწოლის საკომპენსაციოდ, როცა უკრაინამ უკვე უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. უფრო მეტიც, სწორედ ამის შემდეგ ამოიღო ევროკავშირმა ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის ტექსტიდან  ის 49-ე მუხლი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერთათვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებზე მიუთითებდა. ასე რომ, სწორედ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მოგვეცემა. თუ არ მოგვეცემა, ის მაინც გვეცოდინება, რა გზას ვადგავართ და რის იმედად.