"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ" - კვირის პალიტრა

"ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ"

ერთხელ მიშა ისე გაცხარდა, საჯაროდ თქვა, - ეს ჟურნალისტები დიდ ორმოში ერთად

უნდა ჩამარხოო

"კონფლიქტი მომივიდა უგულავასთან და ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი"

რა ბედი ეწევა პრეზიდენტის რეზიდენციას? - ეს კითხვა იმ დღიდან გახდა აქტუალური, რაც სააკაშვილმა ჯერ ავლაბრის რეზიდენცია დატოვა, მოგვიანებით კი საქართველო.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ეს შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად დარჩეს,  მოქმედ ხელისუფლებას კი ძვირად ღირებული რეზიდენცია პრეზიდენტისთვის ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნია. ამასთან, ის ადგილია, სადაც ერთ დროს, მათივე თქმით,  "გრაფი დრაკულა" ცხოვრობდა. ამ შენობაზე პრეტენზია გამოთქვა ბიზნესმენმა ვალერი გელაშვილმა, რადგან აქ მას ერთი სახლი ედგა, ცოტა მოშორებით კი - მეორე. "კვირის პალიტრა" ვალერი გელაშვილს ესაუბრა:

- ითქვა, რეზიდენცია უნდა გასხვისდესო. ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ქონება. გასხვისების შემთხვევაში ის ადგილი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველი მე ვარ.

- სახლი წაგართვეს, ფიზიკურადაც გაგისწორდნენ... ბოლოს, ხელისუფლება იძულებული გახდა, ქონების საფასური გადაეხადა. ფული აიღეთ, ახლა რა არგუმენტით მოითხოვთ ქონების უკან დაბრუნებას?

- თანხას, რომელიც მაშინ იძულებით მომცეს იძულებით დათმობილ ქონებაში, სახელმწიფოს უკან დავუბრუნებ. ჯერ ერთი, ღირებულებაზე ბევრად ნაკლები გადამიხადეს. გარდა ამისა, სხვა მხრივაც ხომ დავზარალდი? ლამის მომკლეს. ეს ცალკე უნდა შეფასდეს და გათვალისწინებულიც იქნეს.

- პირველად ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უნდა აღდგეს სამართლიანობა? ეს უხერხულობის განცდას არ გიქმნით?

- ჩამორთმეულ ქონებას წინა ხელისუფლება ყიდდა, ჩემი კი სახელმწიფოს დარჩა. უხერხულად მაშინ ვიგრძნობდი თავს, თუ სხვისთვის მიყიდულ ქონებას ახლანდელ მფლობელს წაართმევდნენ და მე დამიბრუნებდნენ. ლამის შევეწირე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლას. ერთადერთი ვარ, ვინც მაგათ გაუძალიანდა და დღესაც ცოცხალია. ერთადერთი ბიზნესმენი ვარ, რომელსაც თავს ესხმოდნენ, მაგრამ უკან არ დამიხევია და არსად გავქცეულვარ. არა ვარ ღირსი, დავიბრუნო ის, რაც მეკუთვნოდა და ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია? კარგად ვიცი, რომ ძალიან ძნელია წართმეული ქონების ყველასთვის დაბრუნება, მილიარდებზეა საუბარი. ამ ხალხის წინაშე რაღაც ვალდებულება უნდა აიღოს ქვეყანამ, მაგრამ დღეს ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, შეიძლება გადაეცეს ძველ მფლობელს, მაგრამ გაყიდულის გასტუმრებას რომ ვითხოვთ, ხომ უნდა ვიფიქროთ, შეძლებს სახელმწიფო ამხელა თანხის გადახდას?

- თქვენს შემთხვევაში როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ხელისუფლებაში მოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზიდენციის მშენებლობა ჩემს კომპანიას დაავალა. თანხის ნაწილი რომ დავხარჯე, შევატყვე, ფულის გადახდას არ აპირებდნენ და ამაზე კონფლიქტიც მომივიდა უგულავასთან. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი - ჩემი ქონების ხელში ჩაგდებაც მოინდომეს და კუთვნილი ფულიც აღარ მომცეს. სახლი დავლუქე და ვილნიუსში იმ იმედით გავემგზავრე, რომ შეუთანხმებლად შიგ ვერავინ შევიდოდა. ერთ დღეს ვიღაცამ დამირეკა და დამემუქრა, თუ დაბრუნდები, ტერორისტულ აქტს მოგიწყობთო.  მესმოდა, როგორ კარნახობდა უგულავა იმ კაცს, რა უნდა ეთქვა ჩემთვის. ჩამოვედი და მუქარა აასრულეს. სასიკვდილოდ მცემეს, სპეცრაზმელებში განსაკუთრებული სისასტიკით ოთხი კაცი გამოირჩეოდა. ერთი მათგანი ის იყო, ვინც ტელეფონზე მესაუბრა. ცემის შემდეგ, გონება რომ დამეკარგა, საავადმყოფოში წამიყვანდნენ, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მაგიდაზე დამტოვებდნენ. ამიტომ თვითმფრინავი გამოვიძახე და საზღვარგარეთ გავფრინდი.

ჩემზე თავდასხმის დამგეგმავი ვახტანგ ზუხბაია დღეს სპეცრაზმს ხელმძღვანელობს. თავის დროზე, "ნაციონალებმა" გაათავისუფლეს, ახალმა ხელისუფლებამ კი ისევ სპეცრაზმის უფროსად დანიშნა.

- ამის თაობაზე ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან არ გისაუბრიათ?

- ივანიშვილმა მითხრა, ამ საქმეს გამოვიძიებთ და ყველაფერი გაირკვევაო. ღარიბაშვილს, ალბათ, შევხვდები. ვიცი, რომ კვალი მიშამდე მივა.

- ყოველივეს შემდეგ, შურისძიების სურვილი არ გაგჩენიათ?

- მიშა და გიგი ბანდიტები რომ არიან და ყველაფერს იმსახურებენ, ეს ცხადია, თუმცა მათ ქუჩურ გარჩევებს არ დავუწყებ. ყველას თავისი ისედაც მოეკითხება.

ერთ ამბავს მოგიყვებით: მოგეხსენებათ, რეზიდენციის მშენებლობის დაწყებას საზოგადოების დიდი მღელვარება მოჰყვა, სჭირდება თუ არა საქართველოს ამხელა რეზიდენციაო. ყოველდღე მოდიოდნენ ჟურნალისტებიც. ერთხელ მიშა ისე გაცხარდა, საჯაროდ თქვა, ეს ჟურნალისტები დიდ ორმოში ერთად უნდა ჩამარხოო. კეზერაშვილმა კი გასაოცარი რამ გვკითხა: 10 ტონა ტროტილით დატვირთული კამაზი რომ შეასკდეს ავლაბრის რეზიდენციის კედელს, შიგ მყოფს რამე დაემართებაო?! ეს კაცი თავდაცვის მინისტრად გვყავდა და არ იცოდა, რომ 10 ტონა ტროტილი რეზიდენციას კი არა, მთელ ქალაქს ასწევდა ჰაერში. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რა უმეცარ და სასტიკ ადამიანებთან გვქონდა საქმე.

უტა ბიწაძე