კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

კვირის ფიქრები...

რუსული თაფლაკვერი

მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის შესახებ, ბუნებრივია, გსმენიათ. ეს ის პოლიტიკაა, როდესაც ხან ძალით და ხან დაყვავებით ცდილობ მიზნის მიღწევას. ძალასა და მოსყიდვას ერთმანეთს უნაცვლებ. ჯერ ძალას აჩვენებ, კარგა გვარიანად გაამათრახებ, შემდეგ კი თაფლაკვერს შესთავაზებ. ის თაფლაკვერი, რომელიც შენს მოწინააღმდეგეს ადრე უგემური ეჩვენებოდა, გამათრახების შემდეგ საუკეთესო ნუგბარი ჰგონია. როდესაც შენს თაფლაკვერს გემო ისევ დაეკარგება, კვლავ მათრახს აამუშავებ და ა. შ., ვიდრე შენი მოწინააღმდეგე არ მიხვდება, რომ თუნდაც ყველაზე უგემური თაფლაკვერი სჯობია მათრახს. დაახლოებით ის პრინციპია, რომელსაც ცირკში ცხოველების მწვრთნელები იყენებენ. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა განსაკუთრებით რუსეთში უყვართ. ჰოდა, რა გასაკვირია, ამ პოლიტიკასაც ყველაზე ხშირად სწორედ ისინი რომ მიმართავენ. მკითხავთ, ეს ამბავი ახლა რამ გაგახსენაო? - რამ და მედვედევის განცხადებებმა: მზად ვართ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ და ქართული პროდუქციაც რუსულ ბაზარზე დავაბრუნოთო. მოკლედ, ჩანს, გამათრახების შემდეგ ჩვენთვის თაფლაკვერის გადმოგდების დრო დადგა. საქართველოში დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ახლა კუდი უნდა გავაქიცინოთ, უკანა ფეხებზე შევდგეთ და ვეცადოთ, გადმოგდებული თაფლაკვერი ჰაერში დავიჭიროთ.

დიდოსტატის პასუხი

რუსეთის ახალი სტრატეგია ქართველი ხალხის გულის მოგებასაც გულისხმობს. იმ ხალხის გულის მოგებას, რომელსაც წელიწად-ნახევრის წინ ბომბებს უშენდა. სხვა ღონისძიებებთან ერთად სწორედ ამ ახალი სტრატეგიის ნაწილია ქუთაისში აფეთქებული მემორიალის მოსკოვში "აღდგენის" ინიციატივა. ეს პუტინის პიარკამპანიის ნაწილია, რომელიც შემდეგს გულისხმობს: - მე საქართველოს და ქართველ ხალხს კი არ ვებრძვი, არამედ მხოლოდ სააკაშვილს. შემომხედეთ, სააკაშვილზე მეტად ვცემ პატივს თქვენს კულტურულ მემკვიდრეობას! გაუვა თუ არა ეს ფანდი პუტინს, იმაზე იქნება დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა მის წინადადებას მემორიალის ავტორი. ვისურვებდი, პუტინის შემოთავაზებაზე დიდოსტატის პასუხი ასეთი ყოფილიყო: - მე მეზიზღება მიხეილ სააკაშვილი, რადგან მან ჩემი ქანდაკებები ააფეთქა და დაშალა, მაგრამ მე უფრო მეტად მეზიზღებით თქვენ, ბატონო პუტინ, რადგან თქვენ ჩემი ქვეყანა დაშალეთ და ააფეთქეთ!

წლის ფიქრები...

წლის პასუხგაუცემელი კითხვა

წლის ბოლოს ჩემთვის ისევ ამოუხსნელი რჩება ამოცანა: რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას 2009 წლის 9 აპრილს? ხომ შეუძლებელია, ჭკუათამყოფელს ეფიქრა, რომ ქუჩაში დგომით სააკაშვილს შინ გაუშვებდა? ნუთუ თვითონ სჯეროდათ ამის? არა მჯერა, რომ სჯეროდათ! მაშინ რისთვის გამოიყვანეს ამდენი ხალხი ქუჩაში, რა იყო მათი მიზანი? ეს კითხვა ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია. რა თქმა უნდა, შემიძლია ვარაუდიც გამოვთქვა, მაგრამ ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. ამ კითხვაზე პასუხი თავად აქციის ორგანიზატორებმა უნდა გასცენ.

ახალი ალიანსი

2009 წელმა ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი ახალი პარტია, "თავისუფალი დემოკრატები" და ახალი ალიანსი, "ალიანსი საქართველოსთვის" მოუტანა. რას მოუტანს ქართულ პოლიტიკას ახალი ალიანსი, ეს მომავალში გამოჩნდება. ახალ პოლიტიკურ ძალას, ბუნებრივია, ახალი იმედებიც უკავშირდება. გაერთიანება ჯერ ერთი წლისაც არ არის და მკაცრად ნუ შევაფასებთ. პირველი შეფასებები ალიანსთან დაკავშირებით თამამად შეგვეძლება 2010 წლის ზაფხულში გავაკეთოთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი პირველ სერიოზულ გამოცდას ჩააბარებენ. ჩააბარებენ კი?

მაპ-ის ნაცლად ბაიდენი

ნატომ წელსაც არ დაგვანახა... გაწევრების პერსპექტივა. მაპ-ი ისევ არ მოგვცეს, სამაგიეროდ, ბაიდენი გამოგვიგზავნეს. ბაიდენმა ოპოზიციას მოუკლა იმედი, რომ აშშ-ის ახალი მთავრობა მიშას თან წაიყვანდა. ქართველ ხალხს კი დაგვიტოვა იმედი, რომ აუცილებლად გავერთიანდებით, აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები და აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრები. ამისთვის კი სულაც არ არის საჭირო, ნატომ წინასწარ რამე დაგვანახოს. სიურპრიზს გვიმზადებენ ვერ გაიგეთ?! რა სჯობია სიურპრიზებს!

კინემატოგრაფიული წელი

2009 წელი საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული მაინც კინემატოგრაფიული თვალსაზრისით აღმოჩნდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ წელს უჩვეულოდ ბევრი ქართული ფილმი გადაიღეს (ძირითადად მდარე ხარისხის), არამედ უფრო იმიტომ, რომ საქართველოზე გადაიღეს უჩვეულოდ ბევრი ფილმი. მათ შორის ერთი - ქართველმა რეჟისორმა ნინო კირთაძემ, მეორე - რუსმა რეჟისორმა ანდრეი ნეკრასოვმა და მესამე - ამერიკელმა რენი ჰარლენმა. ჰოლივუდი საქართველოთი პირველად დაინტერესდა და ეს უდავოდ არის ღირსშესანიშნავი მოვლენა. ცუდი ამ ამბავში მხოლოდ ის არის, რომ ჰოლივუდი ჩვენით ომისა და უბედურების გამო დაინტერესდა. თუმცა ამას ქართველებისთვის ხელი არ შეუშლია, ეს ამბავი ძალიან გახარებოდათ. ისე გაუხარდათ, რომ მიშას როლში შეჭრილი ენდი გარსიას სანახავად და მასობრივ სცენებში მონაწილეობის მისაღებად ათიათასობით ქართველი რუსთაველზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სცენის სათამაშოდ შეიკრიბა. ქართველებმა ისე ითამაშეს, ენდი გარსიას ცრემლი გადმოუგორდა...