"ის, რაც უკრაინაში მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო(?!)" - კვირის პალიტრა

"ის, რაც უკრაინაში მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო(?!)"

"უკრაინელი ხალხი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს, განსხვავებით ბურჯანაძისგან"

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამ თემით დავიწყეთ საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, ნუგზარ წიკლაურთან:

- ის, რაც უკრაინაში ხდება, არის არჩევანი ევროპულ განვითარებასა და ევრაზიულ კავშირს შორის. ეს უკანასკნელი კი საბჭოთა კავშირის რეანიმაციის მცდელობაა. ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ეკუთვნის უკრაინელ ხალხს.

- უკრაინაში აქციის დარბევამ თქვენი მხარდამჭერები აღაშფოთა მაშინ, როცა 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევაზე პრეტენზია არ ჰქონიათ...

- პოლიტიკაში ანალოგების მომხრე არა ვარ. რაც შეეხება აქციების დაშლას, უნდა გამოიძიონ ყველა კონკრეტული შემთხვევა. გამოიძიონ ისიც, რატომ მივიდა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე, რა იყო წინა პირობა... 26 მაისს მომიტინგეები რამდენჯერმე გააფრთხილეს.

იმ ძალამ კი, რომელიც მიტინგს ლიდერობდა, განაცხადა, რომ არ მისცემდა სახელმწიფოს აღლუმის ჩატარების საშუალებას. ეს გამოწვევა იყო...

რაც შეეხება დაშლას, ვიდეოფირში ვნახეთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში იყო ძალის გადამეტება. ზოგი მომიტინგე არ უწევდა წინააღმდეგობას სამართალდამცველებს, მაგრამ მათ მაინც გაუსწორდნენ ფიზიკურად. ასეთ სამართალდამცველებს მაშინვე აგებინეს პასუხი, მეტიც, ზოგი დაითხოვეს უწყებიდან.

თუმცა ის, რაც უკრაინაში მოხდა, როცა ერთ კაცს, თანაც ჟურნალისტს, 4-5 სპეცრაზმელი სცემდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო...

- მსგავსი ვიდეოფირის ნახვა 7 ნოემბრის მოვლენებზეც შეიძლება, მეტიც, მაშინ სპეცრაზმელებმა ომბუდსმენიც კი არ დაინდეს.

- სწორედ ამას ვამბობ, რომ კონკრეტულმა პირებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას. ამაზე რეაგირება მოვახდინეთ, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ რეაგირება არ იყო საკმარისი, შეუძლიათ უკეთესად გამოიძიონ...

- უკრაინის ხელისუფლებაც ამბობს, რომ მომიტინგეები გააფრთხილეს, ანუ მათაც კანონიერად დაშალეს მიტინგი და მხოლოდ ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას.

- ალბათ, უკრაინაშიც გამოიძიებენ ამ საქმეს... უკრაინელი ხალხი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს, განსხვავებით ბურჯანაძისგან, რომელიც რუსეთის დაკვეთას ასრულებდა. თუმცა რა მიზანიც უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, უფლება აქვთ, გამოხატონ აზრი და მათ ხელი არ უნდა შეუშალონ.

ლადო გოგოლაძე