ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
09-12-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
წინ, საყოველთაო თანხმობისკენ?!

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ის იშვიათი ინიციატივაა, რომლისგანაც თითქმის ყველა მოგებული დარჩა: ხელისუფლებამ უჩვეულოდ თამამი ნაბიჯი გადადგა გამგებლებისა და მერების პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩევნების ინიცირებით. რა ნაკლიც უნდა ვეძებოთ წარმოდგენილ კანონპროექტში, ფაქტია, ვიწყებთ მოძრაობას რეალური თვითმმართველობისკენ, რაც არ თუ ვერ გაბედა ვერც ერთმა წინამორბედმა ხელისუფალმა. მოგებულია საზოგადოებაც, რადგან საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და ხელისუფლებამ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები -  ჩაასწორა ის მუხლები, რომლებიც ამდენ
ვნებათაღელვას იწვევდა.

ის კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ეთერში მთელი საათი მუხლობრივად უხსნიდა მოსახლეობას რეფორმის არსს. ნაწყენი არ უნდა დარჩენილიყო არც პოლიტიკური სპექტრი: არასაპარლამენტო ოპოზიციას მიეცა მშვენიერი მიზეზი გააქტიურებისა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენების. ახალგაზრდა პრემიერმა კი თავისი წინამორბედისა და გამზრდელის კლასი აჩვენა: სხვების ხმაურისა და
აქტიურობის ფონზე პოლიტიკური ნაღები თავად მოხადა - უხმაუროდ აკრიფა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქულები, როგორც კოალიციაში მიმდინარე ძალების მოსინჯვის თუ ძალთა დათვალიერების პროცესში, ასევე, საზოგადოებაში. დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ დავინახოთ: ამ პროცესში პოლიტიკურად ყველაზე მეტად ვინ მოიგო და ვინ წააგო.

თვითმმართველობა თვითმმართველობად, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ კარგა ხანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების ასეთი ნაყოფი არ გვინახავს, თუმცა პატრიარქის ჩაურევლად იქნებოდა თუ არა ხელისუფლება ასეთი გულისხმიერი საზოგადოებრივი აზრის მიმართ, კიდევ საკითხავია. და თუ ასე გავაგრძელეთ - საზოგადოებამ აქტიურობა და ხელისუფლებამ საზოგადოების აზრის შესმენა - იმედია, გზაც გამოჩნდება.

რა „ღირს“ უკრაინა და შემდეგ - საქართველო?!


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსად დავდე: უკრაინის პროცესების კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა არ ეგების - აშშ-სა და ევროკავშირს სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა სირიისა და ირანის საკითხში. ამიტომაც წაუყრუეს რუსეთის ამბიციებს უკრაინის საკითხში. თუმცა, დროებით: ახლა თავად უკრაინა აბუნტდა და დასავლეთიც ხელს უკრაინისკენ გაიშვერს რუსეთთან პირის მოსაწმენდად: ჩვენ რა ვქნათ, უკრაინის სურვილია ასეთი პროდასავლურიო. აი, ასე, ესაა დიდი პოლიტიკა! ზოგიერთმა ეს შეფასება პესიმიზმის გაღვივების მცდელობად მიიღო. თუმცა, რამდენიმე დღეში დასავლური პრესაც აივსო, მე ვიტყოდი, რეალისტური შეფასებებით. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:
„"ბრიუსელში მიხვდნენ, თუ რამდენად ღრმად შეიძლება წაიწიოს ევროპამ აღმოსავლეთით, კრემლის კედლებში წყდება", - წერს გერმანული გაზეთი„"დოიჩე ცაიტუნგი".

"უთანხმოებაა ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დღის წესრიგში აფრიკა და ახლო აღმოსავლეთია პრიორიტეტული და მათ შორის, ვისთვისაც ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ასეთ პრიორიტეტად კვლავ რჩება პოსტსაბჭოთა სივრცე", - წერს ფრანგული "ატლანტიკო".

ფრანგულ "ფიგაროს" მოჰყავს გარდამავალი დემოკრატიების ინსტიტუტის დირექტორის, ბრიუს ჯექსონის ციტატა, რომ "აშშ-ის პრეზიდენტმა გამოამჟღავნა სრული გულგრილობა უკრაინის მიმართ". თავად "ფიგაროც" ფიქრობს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უკრაინაში მიმდინარე გადამწყვეტ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში შეერთებული შტატები არ მონაწილეობს. აზიაში ღერძის შექმნით დაკავებული ამერიკა აშკარად არ არის მზად ამისთვის. "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ს არასდროს გამოუმჟღავნებია ასეთი დაბალი ინტერესი ევროპის აღმოსავლეთის მიმართ", - წერს "ფიგარო".

"ვაშინგტონ პოსტი"“კი უფრო შორს მიდის და სტატიაში სათაურით "უბედურება ამერიკის მოკავშირეთა თავს" ვკითხულობთ: "რატომ არ შევთავაზეთ უკრაინას უფრო მაღალი ფასი, ვიდრე პუტინმა: საქმე სულ რაღაც 10-15 მილიარდს ეხებოდა. განა დასავლეთის ქვეყნებს, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი 30 ტრილიონს აღემატება, არ შეეძლო ამ თანხის გაღება, რომ შეეცვალა სტრატეგიული ბალანსი თავისუფალ ევროპასა და აგრესიულ, ავტორიტარულ რუსეთს შორის?!"

ვფიქრობ, ის, რაც ახლა წავიკითხეთ, და ევროპა ამაში გულწრფელია, ეს პესიმიზმის საფუძველი კი არა, რეალიზმია, რომლის გათვალისწინებითაც უნდა ავაგოთ ჩვენი პოლიტიკა: არამც და არამც უკან დახევა დასავლური კურსისგან, მაგრამ ამ გზაზე უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ჩვენ გვკლავს მწვავე სურვილი დასავლური ინტეგრაციისა თუ დასავლეთიც ასეთივე მზაობით გვპასუხობს. ევროპელობა ყველა სიკეთესთან ერთად, რეალიზმს და რაციონალურ აზროვნებასაც ნიშნავს. ჰოდა, სჭირდება ევროპას ხიბლში მყოფი საქართველო?! გამოსავალი ისევ ევროპული რეალიზმია - ვიაროთ წინ, დასავლეთისკენ რაციონალური გზით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით